"სამი წლის ვიყავი, როცა სიმღერა დავიწყე. ჩემი და დადიოდა ჩვენი სოფლის გუნდში, დედამ წამიყვანა უბრალოდ დასასწრებად. დედას კალთაში ვეჯექი, როცა მეც ავყევი და დავიწყე სიმღერა, მასწავლებელმა მაშინვე შეამჩნია და მეც ამიყვანეს გუნდში.
9 წლის ვიყავი, როცა "ნიჭიერში" გამოვედი, ნახევარფინალში გადავედი. ეს იყო ჩემი პირველი მასშტაბური გამოჩენა. შემდეგ "რანინაშიც" მივიღე მონაწილეობა, აქაც ნახევარფინალამდე მივედი. მანამდე ბულგარეთშიც ვიყავი კონკურსზე, იქ შემამჩნია პროდიუსერმა და ამიტომ წავედი შემდეგ უკრაინაში. კონკურსების დიდი ტრავმა მაქვს გამოვლილი, სხვა თემაა რა დამიტოვა ამ კონკურსებმა.
როცა ამერიკაში ვარ, ყველაზე ძალიან ოჯახის წევრები მენატრება. როცა ამერიკაში ჩემი ქართველი ნაცნობობები ამბობდნენ, ბოლოს მაინც საქართველოში წავალთო, არ მესმოდა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ პირველად რომ დავბრუნდი, მეც მივხვდი და ვიგრძენი, რასაც გულისხმობდნენ.
მომწონს ამერიკის ტემპი, ერთ წამში გადის ერთი საათი. თუ ორი წუთით გავჩერდი, მგონია, რომ ცხოვრება გადის და მე ერთ ადგილას ვარ. საქართველოშიც დავგეგმე კონცერტი, აქაც ვცდილობ რაღაცების გაკეთებას, მაგრამ დრო აქ ძალიან ნელა გადის. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, აქ თავს სტუმრად ვგრძნობ. ძალიან მიყვარს აქაურობა, მგონია, რომ ყველა კუთხე რაღაც საიდუმლოს ინახავს, ემოციებით ვივსები", - ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი თათია სულუაშვილის გადაცემაში "თათიას გმირები".

ალექსანდრე ზაზარაშვილის ბიოგრაფია
ალექსანდრე ზაზარაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით "ნიჭიერი" გაიცნო. პატარა ბიჭის საოცარი ხმა მალევე შეიყვარა მსმენელმა და მის გულშემატკივრად იქცა. ალექსანდრე ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა დიდ თუ მცირე კონკურსა და პროექტში, მოგვიანებით კი ბედი საზღვარგარეთ, უკრაინაში სცადა. იქ მოპოვებულმა გამარჯვების სიხარულმა კი მთელი საქართველო მოიცვა.
მოგვიანებით, 2020 წელს ალექსანდრე აშშ-ში წავიდა, სადაც არაერთ ცხოვრებისეულ თუ კარიერულ პრობლემასთან მოუწია გამკლავება. ამას თან დაერთო გარდატეხის ასაკი და ხმის ცვლილება. მაშინ ალექსანდრეს ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან ცნობილი პროდიუსერი დეივ შონვეტერი, რომელიც ახალგაზრდა მომღერალს სირთულეების დაძლევასა და წინსვლაში დაეხმარა.
ახლა ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოში იმყოფება, მშობლიურ მხარეში, გორში სოლო კონცერტისთვის ემზადება და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს.