ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო შესამჩნევი ხდება ახალგაზრდა ქალების როლი. ისინი ერთდროულად წარმოადგენენ ახალი თაობის ხედვას, დასავლური განათლების გამოცდილებასა და ძლიერი სამოქალაქო პოზიციის მქონე ფიგურებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ქალ პოლიტიკოსს.
ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა 1983 წლის 29 მაისს დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმითის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2012 წლიდან დაიწყო მისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. 2012-2016 წლებშ ის გახდა მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“ სიით. ამის შემდეგ ის ყველა მოწვევის პარლამენტის სიაში მოხვდა. დღეს თინა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეა.
თინა ბოკუჩავა დაოჯახებულია, მისი მეუღლე კონსტანტინე იოსელიანია. წყვილს სამი ვაჟი ლუკა, ნიკო და სანდრო ჰყავს.
პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე 1977 წლის 20 იანვარს დაიბადა. ხატიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს დაამთავრა. 1999 წლიდან კი იგი საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მუშაობდა. 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას მონაწილეობდა პოლიციის რეფორმაში. 2012 წელს ის დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. 2014 წელს უკრაინის მთავრობამ ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად მიიწვია. 2015-2016 წლებში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.
ხატიას ერთი შვილი, თორნიკე ჰყავს. თორნეიკე მარკეტინგის სპეციალისტია.
მარიამ ქვრივიშვილი 1990 წლის 11 ივნისს დაიბადა. დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. 2010-2012 წლებში იყო შპს „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე. 2012-2014 წლებში იყო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 25 მაისამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2025 წლის 24 ივნის დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ.
მარიამი დაოჯახებულია ოთარ ბერიშვილზე. ოთარი მეუღლისგან განსხვავებით კერძო სექტორში საქმიანობს.
მარიამ საჯაია 1991 წლის 15 მარტს დაიბადა. ის 21 წლის ასაკში უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს დაიწყო მუშაობა ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა დაცვა და 21-ე საუკუნე“. 2012 წელს მუშაობდა სპეციალისტად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მარიამი პოლიტიკაში აღარ დარჩენილა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს საცხოვრებლად თბილისთან ახლოს, მუხრანში გადავიდა. ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი ხელით დაიწყო სახლის რემონტი, რომელიც სოფელში შეიძინა. "არემარე", როგორც მას მარიამი უწოდებს, ახლა უკვე ტურისტებსაც მასპინძლობს. სოფელში გადაბარგებული ექსდეპუტატი მისი ცხოვრების შეცვლილ სტილზე სოციალურ ქსელში ხშირად წერს.
ვერა ქობალია 1981 წელს დაიბადა სოხუმში. 1999 წელს დაამთავრა მეფე გეორგის სახელობის საშუალო სკოლა, ხოლო 2004 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბიზნესის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით დაასრულა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 1996 წელს ოჯახთან ერთად ემიგრირებული იყო კანადაში.
2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას – „კოალიცია სამართლიანობისათვის“, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.„მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა.
ვერა ქობალიამ რჩეულზე, არქიტექტორ დავით კურცხალიაზე იქორწინა და წყვილს 2013 წელს გოგონა, ანასტასია შეეძინა. როგორც ვერა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მისი ქმარი სახელმწიფო სამსახურში არ არის დასაქმებული, ის კერძო ბიზნესშია ჩართული.