"მის საქართველო“ ნია წივწივაძე ტყუპების დედაა. მას უსაყვარლესი ანო და ალექსანდრე ჰყავს. როგორი იყო მისთვის ორსულობა და როგორ უმკლავდება ორი შვილის დედობას, ამაზე ვრცლად საკუთარ გვერდზე დაწერა:
"2 წლის წინ, ზუსტად ამ დროს 24 კვირის ორსული ვიყავი. ზოგადად, როდესაც ტყუპებზე ორსულობა გავიგე, თავიდანვე შიში მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი პროცესი იყო და როგორც ხდება, ბუნებრივი ბევრად უფრო უსაფრთხოა ხოლმე, მე მაინც განსაკუთრებულად მეშინოდა ორ პატარა ადამიანზე ორსულობის. რადიოლოგთან მისვლისას, როდესაც ერთის გულისცემას ვისმენდი, მეორეს გულამოვარდნილი ველოდებოდი ხოლმე.
ამ 9 თვის მანძილზე არაერთი შეცდომა დაუშვეს რადიოლოგებმა ექოსკოპიებზე, (ამ ყველაფერს მერე მოგიყვებით დაწვრილებით, თუ რა შეცდომები გამოვიარე) კიდევ კარგი, რომ პანიკიორი არ ვარ, არც გენეტიკურ ტესტებზე გავვარდნილვარ და ყველაფერს მშვიდად ვხვდებოდი და გადამოწმებასაც ასევე სიმშვიდით ველოდი სხვა ექიმთან…
მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში, 2 წლის წინ, მომთხოვეს, რომ უმეტესი დრო სახლში გამეტარებინა... და მეც, როგორც ათოსანი და ყველანაირი წესის დამცველი, თითქმის ყოველ დღეს ოთხ კედელში ვატარებდი, კიბეზეც კი იშვიათად ჩავდიოდი სახლში, თან ზაფხულში... ზაფხული კი როგორ მიყვარს, ვინც მიცნობს, კი იცის... ისიც გეცოდინებათ, ყველა მოგზაურობას ყველანაირი დეტალით როგორ ვგეგმავ ხოლმე…
ასე გაგრძელდა 3 თვეს (ან ოდნავ მეტს). ამ პერიოდში ყველანაირ ფილმს, ვიდეოსა და წიგნს გავეცანი. იყო დღეები, როდესაც ვეღარც ისეთი ენთუზიაზმით ხარ, ვეღარც მოტივირებული და ხანდახან შიშიც აგიტანს ხოლმე (მადლობა ჭანტურას და დედაჩემს, ამ მომენტებში შემოფხიზლება კარგად ეხერხებოდათ). ჩემი პირადი ექიმი- ჩემი მეუღლე, რომელიც ორ დღეში ერთხელ ნემსებს მიკეთებდა და ჩემი პირადი მზარეული დედა, რომელიც ბოლოს კალათით მიგზავნიდა პირველი სართულიდან სამჯერად კვებას) და ერთხელაც ამ პერიოდში, ერთი ქართველი გოგოს ვლოგებს გადავაწყდი იუთუბზე, რომელიც ძალიან სასიამოვნოდ ყვებოდა ამბებს რიომაჯიორედან, მაგ დროს მიზნად დავისახე, რომ ძალიან მალე დადგებოდა დღე, როდესაც აი ამ ფოტოებს გადავიღებდი, რომლებსაც ახლა თქვენ უყურებთ პოსტში.
ამიტომ ვინც ახლა ჩემნაირ მდგომარეობაშია, როგორც მე ვიყავი 2 წლის წინ, ვეტყვი, რომ ყველა სურვილის და ოცნების ასრულება ჯერ კიდევ წინ არის და იმდენი რამ არის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელი გაქვთ, ვერც კი წარმოიდგენთ…
პ.ს ჩემი შვილები 38-ე კვირაზე დაიბადნენ და რომ არა საკეისრო, კიდევ დიდხანს იქნებოდნენ წამოწოლილები ჩემს მუცელში არხეინად", - წერს ნია წივწივაძე.
ნია წივწივაძე 1993 წელს დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი გახლდათ, რა დროსაც ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა და ცურვა. 24 წლის ასაკში ნია „მის საქართველო 2017“ გახდა. ღონისძიება თბილისში გაიმართა. მომდევნო წელს ნიამ საქართველო "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური არ არის, ნია სპორტის დიდი გულშემატკივარია.
ნიას მეუღლე ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან.