ძლიერი სუსტი ქალი - თავი 21 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 21

2025-06-27 10:41:31+04:00

წინა თავი

_ ვიცი, ვიცი, მაგრამ როგორ გგონია, იმდენი არ მესმის, რომ ჩემი ოფისის ნახვა და თანამშრომლების გაცნობა შენთვის უინტერესო იქნება? თანაც, როდის ყოფილა, რომ ჩვენი შეხვედრა რესტორნით არ დაგვირგვინებულა?

_ ყოფილა! _ ჯიბრიანად უპასუხა.

_ მაგრამ ეს მაშინ, როცა ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.

_ და ახლა რა, არ არის დამთავრებული? _ ნიშნის მოგებით გახედა.

_ ახლაც არის, თუმცა არც არის… მამიდაშენის გულის გასახარად, ვიფიქრე, რესტორანში წავიყვან-მეთქი, თან ტყუილის თქმაც არ მოგიწევდა. ხომ ხედავ, ყველანაირად გიწყობ ხელს, რომ მის წინაშე მართალი გამოჩნდე.

_ გმადლობ, არ მჭირდება. რაც შეეხება ჩემს ბოღმით გასიებას, შეგიძლია მშვიდად იყო. აი, დავბრუნდები მოსკოვში და ხასიათიც გამომიკეთდება.

_ აი, ეს კი მართლაც შეაშფოთებს შენს მამიდას! _ შესძახა ვაკომ და, რადგან შუქნიშანზე მწვანე აინთო, მანქანა დაძრა, _ არადა, როგორი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ერთმანეთს ბედნიერად შევეწყვეეეეთ.

_ შეიძლება ასეც მომხდარიყო, შენ რომ არ გეჩქარა და არ მისულიყავი არასწორ დასკვნამდე, _ შენიშნა სალიმ, რომელიც ცდილობდა, არ მიექცია ყურადღება იმ სურნელებისთვის, რომელიც მამაკაცისგან მოდიოდა და რომელსაც ლამის ჭკუაზე გადაჰყავდა.

_ ნუთუ მართლა ასეთი არასწორი იყო ჩემი დასკვნები? _ ცივად იკითხა ვაკომ, _ რაღაც არა მგონია. მაგრამ ჯობია, დღეს არ გავიხსენოთ ეს ყველაფერი. უაზრობაა ერთი და იგივეს თუთიყუშივით გამეორება.

«ის მართალია, ეს კინკლაობა კარგს არაფერს მოგვიტანს», _ გაიფიქრა გოგონამ.

8 8 8

ვაკოს ოფისი არც ისეთი მდიდრული გამოდგა, როგორც სალომე მოელოდა. ყოველ შემთხვევაში, მილიონერის სამუშაო გარემოს ნამდვილად არ შეესაბამებოდა. «ხომ ვამბობდი, არც ისე მდიდარია-მეთქი», _ ნიშნის მოგებით გაიფიქრა და, ცოტა არ იყოს, გაუხარდა კიდეც, მთლად სქელი «ფულის ტომარა» რომ არ აღმოჩნდა მისი გულის «დამკოდი».

თვალებგაფაციცებული გოგონა დაძაბული მზერით აქეთ-იქით იყურებოდა, აინტერესებდა, თანამშრომელ ქალებს შორის რომელი შეიძლებოდა თათა ყოფილიყო. ასეთი განსაკუთრებული გარეგნობის ჯერჯერობით ვერავინ შენიშნა.

_ ვაკო, ასე ადრე ჩამოხვედი? ჯერ არ გელოდით! _ ახალგაზრდა, ქერა მამაკაცი ჩქარი ნაბიჯებით მათკენ გამოეშურა.

_ ჰო, ჩამოვედი, მიშა. რა ხდება აქ, მშვიდობაა? გაიცანი, სალომე… ჩემი მეგობარი ქალი… სალი, ეს მიშაა, მიხეილი, ჩემი მარჯვენა ხელი და ამ ოფისის მთავარი საყრდენი ბოძი, ასე ვთქვათ, _ ვაკომ ისინი ერთმანეთს წარუდგინა.

«ჩემი მეგობარი ქალი! ერთი ამას დამიხედეთ!» გოგონას გაოცებისგან სახე შეეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია და ნაზად გაუღიმა «მთავარ საყრდენ ბოძს».

_ გამარჯობა, მიშა… სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

_ ჩემთვისაც, ქალბატონო სალომე, ჩემთვისაც… რაო, როგორ თქვი? _ ამ სიტყვებით და ეშმაკური ღიმილით მიშა უფროსს მიუბრუნდა, _ მეგობარი ქალიო? როგრ მოხდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მიხვდი, რომ დროა? ლამისაა, სიმარტოვეში ამოგხდეს სული!

_ ნუ ჩქარობთ, მიშა, _ საუბარში სალი ჩაერია, _ არ გირჩევთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას.

_ არ გამიკვირდა, ამ ბოლო დროს ასეთი მოუცლელი რატომ გახდა-მეთქი? იმიტომაც გადაეცი მთელი საქმეები სამართავად თათას? აი, შე ეშმაკო, შენა! ახლა ყველაფერი გასაგებია. მაგის სუსტი მხრები აიტანს კი ამდენს, ამაზე გიფიქრია? მართალია, თათა უნიკალური ადამიანია, მისი საქმიანი თვისებები სწორედ რომ შექების ღირსია და ისედაც არაჩვეულებრივი ქალია, შეხედავ, გაგიხარდება, მაგრამ მაინც ქალია, სუსტი, ნაზი… იყო დრო, როცა…

_ გეყოფა, მიშა, _ გამაფრთხილებელი ტონით შეაწყვეტინა ვაკომ, _ სალის ეგ ამბები სულაც არ აინტერესებს. იქნებ ირას უთხრა, ყავა შემოგვიტანოს კაბინეტში? დაა შენც შემოდი, კარგი?

სალომე მოიღუშა. როგორც ჩანს, მისი ეჭვი გამართლდა. თუმცა, ახლა ამაზე დაფიქრების დრო არ იყო. გზადაგზა ვაკო მას თანამშრომლებს აცნობდა.

როცა კაბნეტში შევიდნენ, გოგონამ ვერ მოითმინა და ცივად იკითხა.

_ რატომ მიწოდე შენი მეგობარი ქალი? ცოტა არ იყოს, შენი ნათქვამი უადგილოდ მომეჩვენა.

მამაკაცის დანისლული თვალები აშკარად დასცინოდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ, გეგონა, მართლა გასართობად მოგიყვანეს ამ ოფისშიო?

_ მერე რა მოხდა? განა რამე დაშავდა ამით?

_ ის მოხდა, რომ მოვა დრო და მოგიწევს იმის ახსნა, რატომ გავქრი შენი ცხოვრებიდან.

_ ეს ჩემი პრობლემაა და არა შენი, მაგაზე ნუ იდარდებ, _ ხაზგასმით უპასუხა ვაკომ, _ მოდი, ერთმანეთს ხასიათს ნუ გავუფუჭებთ, მშვენიერი საღამოა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.

_ მოდი, ირა! _ გასძახა უფროსმა.

კარი გაიღო და კაბინეტში გამხდარი, სახეშეპუდრული ვიწროთვალება მდივანი გამოჩნდა ყავის ფინჯნებით ხელში.

_ გმადლობ. მიშა სად არის?

_ ახლავე მოვა, კლიენტს ისტუმრებს, _ მდივანს უკიდურესად ბოხი ხმა ჰქონდა, ეტყობოდა, სიგარეტის უდიდესი «თაყვანისმცემელი» იყო.

_ მოგწონს აქაურობა? _ ჰკითხა ვაკომ, როცა ირა გავიდა.

_ არა უშავს, კარგი ოფისია.

_ მიხარია, რომ მოგწონს.

_ და რას საქმიანობთ ძირითადად?

_ ბევრ რამეს. ფართებს ვაქირავებთ, იჯარით გავცემთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვამარაგებთ მაღაზიებს… მე ხომ ჩემი ფერმა მაქვს… რა ვიცი, კიდევ რაღაც-რაღაცებს.

ამ დროს მიშამ შემოაღო კარი.

_ ვაკო, წამო, ბუფეტში გადავინაცვლოთ.

_ რა ხდება?

_ არაფერი, ქალებმა პატარა სუფრა გაშალეს სალომეს პატივსაცემად და ხომ არ ვაწყენინებთ?

_ ქალებმა? ეს შენი მოწყობილი ოინი იქნება, ოხერო!

_ კარგი ერთი! დიდი ამბავი! რა, ყოველდღე მოგყავს ქალები ჩვენს გასაცნობად, თუ რა?

_ ო-ოხ, მიშა, მიშა! დიდი ცელქი ვინმე ხარ შენ! წავიდეთ, სალი, უარის თქმა არ გამოვა.

_ თან საქმეზეც დავილაპარაკოთ. ორი ტრაქტორი გამოვიწერე უკრაინიდან. ის ოფისიც აიღეს ორწლიანი იჯარით… _ ასე, ლაპარაკ-ლაპარაკით გავიდნენ კაბინეტიდან და დერეფანს დაუყვნენ.

მოულოდნელად სალომემ ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. მოიხედა… ერთ-ერთი ოთახის გამოღებულ კართან ულამაზესი ქერათმიანი გოგონა იდგა და დოინჯშემოყრილი მისჩერებოდა.

 

 

«რა ლამაზია! ნეტავ, ეს არის თათა? როგორ მიყურებდა?!» _ გაიფიქრა აჭარხლებულმა სალომემ და უცნობი ქალის ცნობისმოყვარეობით დაძაბულმა გზა ფეხარეულმა გააგრძელა.

ბუფეტში სუფრა მართლა გაეშალათ. ქალებმა ინტერესით და შურით სავსე მზერა მიაპყრეს სალის. მათ არც მამაკაცები ჩამორჩნენ, ხარბად ათვალიერებდნენ გოგონას თავით ფეხამდე და ვინ იცის, გულში როგორ შეჰნატროდნენ თავიანთ უფროსს, ეს რა ქალი «დაუთრევიაო».

მაგიდა სავსე იყო ნუგბარ-ნუგბარით. სხვადასხვა სახეობის ნამცხვარი, შოკოლადი, ხილი და წვენები გამომწვევად უღიმოდნენ სალის. ყველანი ისე თბილად შეხვდნენ, დაძაბულობა ცოტათი მოეხსნა.

ის იყო, დასხნენ, რომ კარი გაიღო და ის ლამაზი გოგო შემოვიდა, წეღან დაჟინებით რომ მისჩერებოდა დერეფანში. სალიმ იგრძნო, როგორ აეწვა სახე, სიწითლისგან ღაწვები უარესად გაუხურდა.

_ აი, ანიც მოვიდააა! _ შესძახა მიშამ და მოსულს ხელებგაშლილი მიეგება, _ მოდი, სტუმარი გაგაცნო! ეს სალომეა, ვაკოს მეგობარი… ეს კი ანია, ჩემი სიცოცხლე და სიხარული! _ მამაკაცმა ქალები ერთმანეთს წარუდგინა, _ ამ შემოდგომას არ გადავაცილებთ, _ ვითომ დიდი საიდუმლო გაანდო მამაკაცმა სალის, _ აქედანვე იცოდეთ, რომ დაპატიჟებული ხართ ჩვენს ქორწილში.

სალომემ შვებით ამოისუნთქა. ის არ ყოფილა, ვინც ეგონა. რა ბედნიერებაა! რადგან ასეა, ჯობია, თვითონაც მოვიდეს ხასიათზე და საერთო მხიარულებას შეუერთდეს.

გოგონამ კმაყოფილი ღიმილით გადახედა სუფრის წევრებს და… იცოცხლე, მოულხინა და რა მოულხინა! წრუპა და წრუპა შამპანური.

მშვენიერი საღამო გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ რესტორანში არ წასულან. რა კარგი კოლექტივი ყოფილა! ისე გაიშინაურეს სალი, თითქოს წლების განმავლობაში მათ გვერდით ემუშაოს. ყველა მასთან გადადიოდა ალავერდს, ვინც სადღეგრძელოს იტყოდა… ისიც სვამდა და სვამდა, წვეთს არ ტოვებდა ჭიქაში…

როცა ვაკოს შინ მოჰყავდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ზედმეტი მოუვიდა და კარგა გვარიანად იყო შეზარხოშებული.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია იმის შიშით, ენის ბორძიკი არ დამეწყოს და საუბრისას სიმთვრალე არ შემეტყოსო. არც მამაკაცს მოუკლავს თავი ლაპარაკით. მთელი გზა მდუმარედ გაიარეს, ორივე თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.

შინ მისულს მარინა სახლში დახვდა. ძმისშვილს ისე გაბრწყინებოდა თვალები, მამიდა ადვილად მიხვდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. მაშინვე გამოკითხვა დაუწყო _ დრო როგორ გაატარე, რა გითხრეს, როგორ შეგხვდნენ, ვაკომ რა თქვა, იმან რა უპასუხა და ასე შემდეგ…

სალომემ მამიდის ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მერე კი დაღლილობა მოიმიზეზა და დასაძინებლად დაწვა.

მეორე დილით თავის ტკივილმა გამოაღვიძა. წყალი გადაივლო, იქნებ შხაპმა ტკივილი მომიხსნასო, მაგრამ არ უშველა. საუზმეზე გულის რევის შეგრძნება არ მოშორებია. ძლივს გადაყლაპა ორიოდე ლუკმა.

_ იმდენ შამპანურს რომ ყლურწავდი, აბა, რა გეგონა? მაგ მდგომარეობას კაცების ენაზე «პახმელია» ჰქვია, _ გაეხუმრა მარინა.

სალი ლამის აკვნესდა, ისე ცუდად გრძნობდა თავს.

_ არა უშავს, სიხარულო, ხანდახან განტვირთვისთვის აუცილებელიც არის ზედმეტის დალევა, _ დაამშვიდა მამიდამ, _ წადი, წაუძინე და შუადღემდე გაგივლის, ეგ არაფერია.

მთელი დღე არ ამდგარა საწოლიდან, შიგადაშიგ წათვლიმა კიდეც, მაგრამ ღებინების შეგრძნებამ მაინც არ გადაურა. არც მეორე დღეს გამოუკეთდა გუნება-განწყობილება. ის კი არა, რაც დრო გადიოდა, მით უარესად ხდებოდა. თავბრუ ეხვეოდა, სისუსტე მოეძალა, ჭამის მადა დაკარგა… იფიქრა, ალბათ შამპანურმა მომწამლაო.

მესამე დღეს ვაკომ დარეკა და ქალები მოიკითხა. სალიმ დაუმალა, ცუდად რომ იყო, არ უნდოდა, მამაკაცი მის სანახავად მოსულიყო და ამ დღეში ენახა.

_ მე ქალაქიდან რამდენიმე დღით გავდივარ, _ აუწყა ვაკომ, _ არ ვიცი, როდის დავბრუნდები. რაღაც-რაღაცები უნდა მოვაგვარო. თქვენ კი არ მოიწყინოთ უჩემოდ.

«რამდენ ხანსაც გაგიხარდება, იმდენ ხანს დარჩი იქ, სადაც მიდიხარ», _ გაიფიქრა გოგონამ, თუმცა კი ცნობისმოყვარეობა კლავდა, გაეგო, საით მიემგზავრებოდა მისი მტანჯველი და ვისთან ერთად. თუმცა, ამ ეტაპზე მისთვის უკეთესიც იყო, ვაკო არ გამოჩენილიყო. ერთგვარი შვებაც კი იგრძნო. მაგრამ რატომ აქამდე არ ახსენა, გამგზავრებას თუ აპირებდა? ნუთუ გუშინწინ არ იცოდა, წასვლა რომ მოუწევდა? სალის კი არა, მარინასაც გაუკვირდა, როცა ეს ამბავი გაიგო. «ალბათ ამ გზით უნდა, რომ უხერხული სიტუაციები ამარიდოს, რათა მამიდა არაფერს მიხვდეს», _ დაასკვნა გოგონამ.

სალომე იმედოვნებდა, რომ უგუნებობა მალე გაუვლიდა, მაგრამ მწარედ შეცდა…

მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მიხვდა, რა იყო მისი ცუდად ყოფნის მიზეზი…

8 8 8

ნუთუ ორსულად არის? არა, ოღონდ ეგ არა! ღმერთო, უშველე! ან კი როდის მოასწრო? შეიძლება, ერთხელ დაწვე მამაკაცთან და მაშინვე დაორსულდე? ნუთუ ასეც ხდება? არადა, ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი… ჯერ ხომ ერთი თვეც არ გასულა იმ დღიდან? არა, როგორ არა, თვეზე მეტიც გავიდა… ამის გაფიქრებაზე ოფლმა დაასხა. რა ეშველება ახლა? იქნებ ცდება? მერე რა, რომ ციკლი დაერღვა, იქნებ ჯერ ტესტი ჩაიტაროს? წინასწარ რატომ ნერვიულობს?

სწრაფად გადაიცვა კაბა და აფთიაქში გავარდა ტესტის საყიდლად. სანამ პროცედურას ჩაიტარებდა, თავისი დაემართა…

ახლა კი იდგა ხაზგაწითლებული ჩხირით ხელში და თავბედს იწყევლიდა. მორჩა! ყველაფერი დამთავრებულია! სალომე ორსულადაა და ამის შესახებ ჯერჯერობით არავინ იცის. არც უნდა გაიგოს ვინმემ, განსაკუთრებით ვაკომ. არც მამიდამ! რა ქნას? მოიცილოს ეს ბავშვი? რა საშინელებაა! ამის გაფიქრებაც კი ზარავს! საკუთარი შვილი როგორ უნდა მოკლას? მან რა დააშავა, თუ თვითონ არის უთავბოლო და დაუფიქრებელი? სად იყო მაშინ, როცა მამაკაცს ყელზე ეკიდებოდა? უკვე გვიანაა თითზე კბენანი.

არა უშავს, ახლა უკვე დააჩქარებს მოსკოვში გამგზავრებას და მერე იქ იფიქრებს, როგორ მოიქცეს. არც არაფერია მოსაფიქრებელი. ბავშვს გააჩენს და მარტოხელა დედა გახდება. მარინა, რა თქმა უნდა, გაიგებს, ოღონდ მერე, მოგვიანებით და აუცილებლად დაეხმარება. ყველანაირად დაუდგება გვერდით. ახლავე რომ უთხრას? არა, ახლა არ ივარგებს. ის ვერ მოითმენს და ვაკოს «ახარებს» ამ ამბავს. ის კი… ის კი იფიქრებს, რომ მის ჯინაზე აჩენს იგი ბავშვს, მის გასამწარებლად. იფიქრებს, რომ სპეციალურად მოუწყო ასეთი სიურპრიზი, რათა სალიმ მის ცოლობას გამოჰკრას ხელი. და რა იქნება შედეგი? ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა. არ უნდა! აჯობებს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა _ არავინ არაფერი უნდა გაიგოს!

სალის განსაკუთრებით დილაობით უჭირდა. უზმოზე საშინლად ერეოდა გული, ხანდახან აბაზანის კარამდე მისვლასაც ვერ ასწრებდა. მერე რა, რომ კუჭი ცარიელი ჰქონდა? მაინც აზიდებდა. «ბორჯომი» მოიმარაგა გოგონამ, თავთან დაიდგა და დილით, გაღვიძებისთანავე, გაზგასულ სასმელს მოწყურებული მიეძალებოდა ხოლმე. მერე უფრო უადვილდებოდა ღებინება, მწარე გემო არ რჩებოდა პირში.

ნეტავ მალე გაიაროს ამ პერიოდმა. მთელი ორსულობა ხომ არ ექნება ტოქსიკოზი? ჯერჯერობით ახერხებდა იმას, რომ მარინას არ შეემჩნია მისი «მიზეზიანობა». მხოლოდ ერთხელ შემოუსწრო ქალმა, როცა ნიჟარაზე თავით იყო ჩაყუდებული, მაგრამ ადვილად შეძლო მისი დარწმუნება იმაში, რომ საჭმელმა მოწამლა.

ვაკო ხშირად რეკავდა, რათა მარინას არ ეფიქრა, რომ წყვილის სიყვარულმა «ჩაილურის წყალი» დალია. ჯერ მარინას დაელაპარაკებოდა, მერე სალის და ათასგვარ უინტერესო თემებზე ესაუბრებოდა, რათა დამაჯერებელი ყოფილიყო მათი სასიყვარულო ურთიერთობის ისტორია. საუბრის ბოლოს კი დაჟინებით თხოვდა გოგონას, ეთქვა მისთვის, მიყვარხარო.

_ ხმამაღლა თქვი, რომ მამიდაშენმა გაიგონოს, გესმის? _ მოითხოვდა მამაკაცი, _ მიანიჭე მას ეს ბედნიერება.

სალომეს სულაც არ ჰქონდა სიყვარულის ახსნის თავი. იმდენად ცუდად იყო, ასეთ წუთებში მისთვის სულერთი იყო, ვის რა ესიამოვნებოდა და ვისთვის რისი მოსმენა იქნებოდა სასიხარულო, მაგრამ თავს მაინც ატანდა ძალას. ვაკოს აშკარად სიამოვნებას ანიჭებდა მისი ეს ტანჯვა. საუბრის კილოზე ეტყობოდა, რომ ფრიად კმაყოფილი რჩებოდა სალის «ძალად აღიარებითი» სიყვარულით. ერთი პერიოდი, სალიმ მტკიცედ გადაწყვიტა, მამიდასთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერ გაბედა. მაინც შეეშინდა. ახლა რომ ცუდად გამხდარიყო გამზრელი, გოგონა ნამდვილად ვერ მოუვლიდა მას, ამის ძალა აღარ შესწევდა. ამიტომ გაჩუმება ამჯობინა.

გაგრძელება იქნება