"ეს მოხდა საკეისრო კვეთის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილი გააჩინა და მე დამაწვინეს გულზე..." - თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას ოჯახური ბედნიერება - Marao

"ეს მოხდა საკეისრო კვეთის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილი გააჩინა და მე დამაწვინეს გულზე..." - თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას ოჯახური ბედნიერება

2025-06-27 12:06:49+04:00

მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.

წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.

  • "ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში" - თემო საჯაიასა და მარიტა ჯანაშიას ოჯახური იდილია

ამჯერად ოჯახისა და მეუღლის შესახებ თემო საჯაია ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს და ამბობს, რომ წლების მანძილზე მათი ურთიერთობა მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალა.

temo_sajaia

თემო საჯაიას ინტერვიუ 

"ადამიანები იცვლებიან. არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის. ამიტომაც ვამბობ, ადამიანის ცხოვრება თარიღიდან თარიღამდეა. მე, მაგალითად, აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც დედაჩემის გარდაცვალებამდე ვიყავი. იმდენად დიდი რამ გავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რომ ეს ვერაფრით ჩაივლიდა უკვალოდ. ძალიან დიდი ბედნიერება წავიდა ჩემგან. საბედნიეროდ, ცხოვრებაში არის დიდი ბედნიერების თარიღებიც, როცა გაიცნობ გოგოს და მიხვდები, რომ „ის ის არის“ და ის შენი მეორე ნახევარი გახდება. არსებობს ისეთი თარიღები, როცა ყველაზე დიდი, რაც კი შეიძლება, დედამიწაზე გენახა, ნახავ და შეიგრძნობ. ეს მოხდა საკეისრო კვეთის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილი გააჩინა და პატარა კრუასანი მე დამაწვინეს გულზე. ასეთი თარიღების შემდეგ არასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე.

  • განსხვავებული სილამაზე, ბედნიერი ოჯახი და ცნობილი წინაპრები: მარიტა ჯანაშიას პორტრეტი

ცხოვრება ასეთია, ადამიანები იცვლებიან უკეთესობისკენაც, უარესობისკენაც, გააჩნია, როგორი თარიღები ჩაიწერება მათ ცხოვრებაში. თუ ცვლილებები ბედნიერებითაა გამოწვეული, ამას არაფერი სჯობს. ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დაშენებულია ჩემი არსება, არ შეცვლილა, ზეგ ყაჩაღი და მამაძაღლი არ გავხდები, რომელიც სხვისი უბედურებით ფულს იშოვის, მაგრამ ხასიათი ასაკთან და ცხოვრებისეულ მოვლენებთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება და ეს აუცილებელიცაა ცხოვრებაში. ასაკთან ერთად, ძალიან ბევრ რამეზე აზრიც შემიცვლია. როცა მოზარდი ხარ, ბევრ საკითხს რადიკალურად უყურებ, კომპრომისსა და დიალოგს გამორიცხავ, „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ – მსგავსი აზრებით ხარ მოსული. დღეს 37 წლის ვარ და ბევრ რამეს გაცილებით მშვიდად ვუყურებ, ვიდრე წლების წინ. ადრე მოსიარულე სამართებელივით ვიყავი. ძალიან კარგია, რომ ეს შეიცვალა, ეს აუცილებელიც იყო.

ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება ყველასთვის, ჩემთვის – განსაკუთრებით და ყველა მისი საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანია. ცოლზე ახლობელი ხომ არავინ ჰყავს ადამიანს, მაგრამ ჩემი ცოლიც რომ მჩუქნის საჩუქარს, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, პატარა ბავშვივით ვხდები",  - ამბობს ინტერვიუში თემო საჯაია. 

marita

თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია 

წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა. 

marita_temo

"ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია და არც არაფერი მსგავსი, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. ადამიანები ვერ ვირჩევთ მშობლებს და დაბადების ადგილს, აქედან გამომდინარე, ის, რაც შენგან დამოუკიდებელია, ნამდვილად გამართლებაა. მე ძალიან გამიმართლა, იმათ გავუმართლე თუ არა იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ მე უფრო გამიმართლა მათში, ვიდრე მათ ჩემში. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას – მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ." - ამბობდა თემო საჯაია.