სავსე დარბაზი, ემოციური შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან — დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ქუთაისში ანშლაგით ჩაიარა - Marao

სავსე დარბაზი, ემოციური შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან — დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ქუთაისში ანშლაგით ჩაიარა

2025-06-27 13:28:13+04:00

23 ივნისს, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

ფოლკლორისა და ქართული მუსიკის მოყვარულებმა კიდევ ერთხელ იხილეს ის მაგიური ენერგია, რომელსაც “საქართველოს ბულბული“ თავის მსმენელს  სცენიდან უზიარებს.   

ქუთაისი მეორე გაჩერებაა იმ ტურნეს ფარგლებში, რომელიც მომღერალმა თბილისისა და ბათუმის დაუვიწყარი კონცერტების შემდეგ წამოიწყო. ისევ  სავსე დარბაზი, ფეხზე წამომდგარი მაყურებელი და ოვაციები დახვდა მუსიკოსს.

ორ საათიანი პროგრამა ბენდის ცოცხალი შესრულების თანხლებით მიმდინარეობდა, ხოლო სცენაზე თბილი განწყობა შექმნეს სტუდია „თაობის“ ბავშვებმა — მომღერლის მუსიკალური ოჯახის ყველაზე პატარა წევრებმა. დათო და თათია კენჭიაშვილებმა ტრადიციულად შეასრულეს დუეტი. კონცერტის ფინალი კი განსაკუთრებით ემოციური იყო:  მომღერალმა პატივი მიაგო ქალაქს, რომელმაც კონცერტს გულით უმასპინძლა და შეასრულა კომპოზიტორი ზურა მანაგაძის სიმღერა „ქუთაისო ჩემო“.

კონცერტის დასასრულს, დათოსთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების სურვილით, მსმენელი თავად ავიდა სცენაზე. მათ შორის იყვნენ ქართველი ემიგრანტი დები, რომლებიც სპეციალურად კონცერტისთვის ჩამოვიდნენ თურქეთიდან. დათოსთან პირისპირ შეხვედრისას, ემოციები ვერ შეიკავეს. 

მომღერალი არ ჩერდება — ტურნე გრძელდება!

დათო კენჭიაშვილი აგრძელებს თავის მსმენელთან შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და უკვე ემზადება ახალი კონცერტისთვის ინგუშეთში.

 5 ივლისს, ინგუშეთში მცხოვრები ქართველებისთვის ის შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს — იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია უცხო მიწაზე ინახავს ქართულ სიტყვასა და ტრადიციას.

„ქართველებს და ინგუშებს ძმობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. ჩემი ინგუში ძმებისთვის და დებისთვის ვიმღერებ და იქ მცხოვრები ქართველებისთვის — ვინც სულიერად საქართველოში რჩება, ვინც ჩვენს ტრადიციებს და ფესვებს მთელი გულით ატარებს. მათთან შეხვედრა ჩემთვის დიდი პატივი და ემოციური პასუხისმგებლობაა,“ — ამბობს დათო.

ეს იქნება მუსიკალური გზავნილი სიყვარულით, პატივისცემითა და ეროვნული გრძნობით —   გულისამაჩუყებელი და ემოციებით დატვირთული შეხვედრა, სადაც დათო  მის საყვარელ მისიას შეასრულებს: ხალხს ეროვნული მუსიკით და სიყვარულით დაასაჩუქრებს.