კახი კავსაძის სახელი და გვარი ნაცნობი და ახლობელია ყველა ქართველისთვის, განურჩევლად ასაკისა. გენიალური ქართველი მსახიობის შესახებ დღესაც, მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგაც ბევრს საუბრობენ და ისაუბრებენ მანამ, სანამ იარსებებს თეატრი და ხელოვნება.
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის კახი კავსაძის ძმის, არანაკლებ ნიჭიერი და საინტერესო ადამიანის, იმერი კავსაძის შესახებ. ის ცოტა ხნის წინ ძმისშვილთან, ირაკლი კავსაძესთან ერთად ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში გამოჩნდა.
იმერ კავსაძის სცენაზე დაბრუნება მსმენელისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა - მას საოპერო კარიერა 2013 წელს დაასრულა.
იმერ კავსაძემ საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა ძმის, კახი კავსაძის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა:
„ისეთი ძმობა გვქონდა, მე და კახი ფიქრშიც ვერ გავივლებდით კამათსაც კი. ჩვენ შორის სერიოზული წალაპარაკებაც არ მახსოვს. ბევრი საერთო გვქონდა, მაგრამ იცით, რით განვსხვავდებოდით? კახი ჩემზე 15 სანტიმეტრით მაღალი და ფიზიკურად ყოველთვის ჩემზე ძლიერი იყო. სხვა მხრივ კი, ერთნაირები ვიყავით.
კახი დღემდე სულ ჩემთან არის. მგონია, რომ დროებით წავიდა სადღაც. მე კი 4 წელია, ველოდები და აღარ გამოჩნდა. სულ ჩემთან არის, ოღონდ ფიზიკურად ვერ ვგრძნობ მის არსებობას, ისე კი - არც მომშორებია.
სულ ველაპარაკები და ხანდახან, როცა მომაწვება კაეშანი, ვსაყვედურობ, რა ქენი ეს, კახი, სად ხარ-მეთქი. მერე კი ვეუბნები, არა, აქ ხარ, არსადაც არ წასულხარ-მეთქი. ასე რომ, ვერ ვგრძნობ, რომ აღარ არის. ერთი ეგ არის, რომ ვესაუბრები, მისი ხმა არ მესმის და აღარც მისი ზარი შემოდის ყოველდღიურად ჩემს ტელეფონში“, – ამბობს იმერ კავსაძე ძმის შესახებ.
ძმები, კახი და იმერი მუსიკალურ სასწავლებელში ერთად დადიოდნენ, თუმცა მოგვიანებით მიზეზით, რომ ისინი "ხალხის მტრის" შვილები იყვნენ, სასწავლებელი დაატოვებინეს.
მიუხედავად ამისა, იმერ კავსაძემ მაინც გააგრძელა მუსიკალური გზა - მან დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური ათწლედი 1955 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია -1961 წელს. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, სადაც შეასრულა ალფრედის პარტია ჯ. ვერდის "ტრავიატაში".
1960-1962 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1962 წელს შეასრულა მალხაზის პარტია ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისში". იმერ კავსაძე წლების მანძილზე პოლონეთში, კრაკოვის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო.
აი, რას იხსენებდა იმერ კავსაძე საკუთარი ბავშვობის შესახებ:
"ბავშვობაში ხშირად ერთად ვიყავით, ზღვაზე ზაფხულობით ერთად დავდიოდით. ჩვენთვის უცხო იყო ფუფუნება, ღამით თავის დასადები ადგილის მეტი, არაფერი გვინდოდა. კარგ დროს ვატარებდით. კახის ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფროსად გამოიყურებოდა. სკოლაში რომ სწავლობდა, ამბობდა, სტუდენტი ვარო და მის ნათქვამში ეჭვი არავის შეჰქონდა...
კახი ჩემთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, მეგობარიც ყველა ასეთივე ჰყავდა. ამიტომ, მათთან შედარებით თავს პატარად ვგრძნობდი. კახი თითქოს ყოველთვის ჩემი მფარველი იყო. ერთხელ სკოლაში მომივიდა უსიამოვნება კლასის ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. კახისთან მივედი და შევჩივლე. სამი ბიჭი მოვიდა და კლასში რომ შემოვიდნენ, გადაირივნენ ამოდენები ვინ არიანო და ხელად ჩაწყნარდნენ. იმის შემდეგ, იმ დაჯგუფებას ჩემთვის უბატონოდ ხმა არ გაუცია".