ზუკა ხუციშვილის ინტერვიუ: "ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები...' - Marao

ზუკა ხუციშვილის ინტერვიუ: "ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები...'

2025-06-30 13:17:17+04:00

ყველასთვის საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის ვაჟი, ზუკა ხუციშვილი მამის გზას აგრძელებს - ის თავადაც მომღერალია. ზუკამ რჩეულზე, ქეთუშა მანიჟაშვილზე 2017 წელს იქორწინა. წყვილმა ქორწილი საქართველოში, მეგობრების, ახლობლებისა და ცნობილი სახეების თანხლებით გადაიხადა. საღამო ზუკას მშობლების, გიო ხუციშვილისა და მაია ჯორჯაძის სიმღერით დაიწყო, მოგვიანებით კი სცენა არაერთმა ვარსკვლავმა დაიკავა.

  • პატარა გიო ხუციშვილი 1 წლის გახდა - რა ვიდეოს აქვეყნებს მაია ჯორჯაძე 

გიო და ქეთუშა პირველი შვილის მშობლები ერთი წლის წინ გახდნენ. მათი ვაჟი შეეძინათ და არავისთვის ყოფილა გასაკვირი, რომ პატარას ბაბუის, გიოს სახელი დაარქვეს. ცოტა ხნის წინ წყვილმა შვილის პირველი დაბადების დღე აღნიშნა, მეგობრებისა თუ უცნობი ადამიანებისგან უამრავი კეთილი სურვილი მიიღო. 

ამჯერად პატარა გიოსა და მამობის გამოცდილებაზე ზუკა ხუციშვილი "რადიო ფორტუნასთან" საუბრობს.

xucishvili

ზუკა ხუციშვილის ინტერვიუ 

"ვერც ახსნი სიტყვებით, ზუსტად რა გრძნობაა. ძალიან რთულია, სანერვიულოა, მთელ ცხოვრებაზე ფიქრობ, გინდა, სულ კარგად იყოს, ცივი ნიავი არ მიაკარო… გააკეთო ყველაფერი მისი ბედნიერებისთვის, მუდამ ამ ფიქრებით ვარ. მომავალზე ვნერვიულობ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთად ვართ და ყველაფერს ვუმკლავდებით. ერთი დიდი სიყვარული დაიბადა და ეს სიყვარული თანდათან იზრდება…

  • "გაოგნებული ვარ, ეს სახელი და გვარი... ხუციშვილებს ჰგავს, ძალიან ბედნიერი ვარ" - გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე ბებიობის პირველ ემოციებზე 

ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა, ვაჩვენებ ყველაფერს. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიცნოს ისეთი, როგორიც იყო გიო. 

ადამიანი რისთვის ცხოვრობ? იმისთვის, რომ ოჯახს მიხედო და შვილები გაზარდო. ის პასუხისმგებლობა, რაც მამაჩემს ჰქონდა, როგორც გვივლიდა და როგორც ნერვიულობდა, მივხვდი, რა რთული ყოფილა. მამა რომ ხდები, პასუხისმგებლობა გაქვს სხვაზე და ახალ სიცოცხლეზე. ეგუები იმას, რომ უკვე სხვა არის მთავარი ზრუნვის ობიექტი და არა შენ.

ძალიან რთულია, იყო გიოსნაირი გინდ მამობაში და გინდ – სხვა რამეში. იმედი მაქვს, იამაყებს ჩემით, იმის ნახევრის ნახევარს მაინც გავაკეთებ, რაც თავისი ოჯახისთვის და ყველასთვის გააკეთა…" - ამბობს ზუკა ხუციშვილი ინტერვიუში.

პატარა გიო ხუციშვილი ძალიან ჰგავს ბაბუას, უკვე სწავლობს სიარულს, საუბარს, აინტერესებს მუსიკალური ინსტრუმენტები და ცდილობს სიმღერას.