"როცა სოფიკო გიორგისთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იყო, ვერიკოსთან ვიყავი მისული..." - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი სოფიკო ჭიაურელზე - Marao

"როცა სოფიკო გიორგისთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იყო, ვერიკოსთან ვიყავი მისული..." - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი სოფიკო ჭიაურელზე

2025-06-30 14:10:06+04:00

"სოფიკო ჭიაურელი იყო არამხოლოდ განსაკუთრებული პროფესიონალი, განსაკუთრებული ადამიანი. ისეთი ოჯახი ჰყავდა, გასაკვირი არ იყო, რომ ასეთი ნიჭი დაჰყვა, მაგრამ იყო არაჩვეულებრივი დედა, შვილი, მეგობარი. 

როცა სოფიკო გიორგისთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იყო, ვერიკოსთან ვიყავი მისული. ვერიკომ მეორე სართულზე ამიყვანა და მაშინ პირველად ვნახე მოჩითული კედლები - სოფიკოს და გიორგის გავუმზადე ოთახიო. 

  • მამის თხოვნით არჩეული კარიერა, ბრძოლა ცენზურასთან და მნიშვნელოვანი სიტყვა კინოში - ნანა ჯანელიძის პორტრეტი

ვუყურებდი, როგორ შრომობდა ვერიკო, ყველაფერს აკეთებდა. არ მიკვირდა, იმიტომ, რომ მამიდაჩემიც ასეთი იყო, არ იბრალებდნენ ვარსკვლავობას. 

chaiureli

როცა ჩამოვიდა სოფიკო, თავის მეგობრებთან ერთად მეც მპატიჟებდა ხოლმე, როგორც დიდს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი  განსხვავება მაშინ საგრძნობი იყო. 

  • რატომ არ ჩნდება "ჩიორას" ვარსკვლავი ეკრანებზე: მშვენიერი ხათუნა ჩაგელიშვილის ცნობილი მეუღლე, ბედნიერი ოჯახი და 40 წლის შემდეგ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ერთ დღეს გამოიღო წითელი კაბა, რომელიც პოლონეთიდან ჩამოიტანა.  ამას საყელო და მანჟეტები მოუხდებაო, მითხრა, და შემიკერა კიდეც. მერე ნაწნავები გამიკეთა და წადი ახლა რუსთაველზე ისეირნეო", - ასე იხსენებდა მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ლეგენდარულ სოფიკო ჭიაურელს. 

sofiko

მოგონებები სოფიკო ჭიაურელზე

ნიკუშა შენგელაია: "ახლა დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩავეხუტებოდი, ხელს აღარ გავუშვებდი, ბევრ იასამანს მივუტანდი, ვეტყოდი – ყველაფერს გადავდებ, ოღონდ აქ დარჩი, ოღონდ ერთად ვიყოთ-მეთქი! სულ მახსოვს და სანამ ჩემი გული ფეთქავს, სულ მემახსოვრება. ყოველი მისი გახსენება ჩემთვის ცრემლია. მისი არავითარი ნივთი თან არ დამაქვს, დედა გულში მყავს!”

  • რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ცნობილი ფილ­მე­ბი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ?

ნანი ბრეგვაძე: "სოფიკო ყოველთვის მომწონდა, სკოლის პერიოდიდან მახსოვს ის. იცით, მაშინ ის არც მსახიობი იყო ჯერ არავინ არ იყო, მაგრამ თავისი თვისებებით უკვე გამორჩეული იყო, არავის არ ჰგავდა. ლიდერი იყო თავის თანატოლებში, ჯერ მოდიოდა სოფიკო და მერე მოდიოდა ყველა მისი კლასელი თუ მეგობარი. მახსოვს, რომ ვხვდებოდით სადმე გასართობ ადგილებში კინოში და ა.შ მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ სულ ვუყურებდი შორიდან და ძალიან მომწონდა, მინდოდა მასთან მეგობრობა და მართლაც ისე მოხდა რომ დავმეგობრდით.. სოფიკო არ იყო ლამაზი, მაგრამ ისეთი ცოცხალი იყო, რომ მის ფონზე ყველანი მკვდრებივით ვიყავით, ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე იყო.." 

გიორგი დანელია: "სოფიკო ჩემზე რვა წლით უმცროსია, რაც უზარმაზარი სხვაობაა. როცა ის სამი წლის იყო, მე თერთმეტის ვიყავი. მე რომ ოცი წელი შემისრულდა, ის მხოლოდ თორმეტის გახდა. მერე სოფიკომ მსახიობობა მოინდომა და აისრულა კიდეც სურვილი. მე, ცხადია, მესმოდა, რომ კარგი მსახიობი დადგა, ნიჭიერი, მაგრამ ჩემთვის დიდი მსახიობი ვერიკო იყო… როგორი არტისტია სოფიკო, მაშინ მივხვდი, როცა ხელოვნების მუშაკთა სახლში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იქ უამრავი ფრაგმენტი აჩვენეს მისი ფილმებიდან, თვითონ კი სპექტაკლებიდან წარმოადგინა ნაწყვეტები…. და თვალწინ ისეთი ფართო დიაპაზონის მსახიობი წარმომიდგა, იმდენად მდიდარი პალიტრით, რომ მივხვდი – ვერიკოს სახლში ერთი კი არა, ორი დიდი არტისტი იყო…“