მსოფლიოს წამყვანი, ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში რამდენიმე თვეა ოპერირებს. მისი ადგილობრივი პარტნიორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. სასერტიფიკატო კურსების განხორციელებაში ჩართული არიან ESMOD-ის ლექტორები, ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები და ESMOD-ის კურსდამთავრებულები.
BTU x ESMOD-ის მიერ უკვე განხორციელდა კურსი The Fashion Market, რომელმაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. კურსის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ ანუკა გვენცაძე, რომელიც ბევრისთვის საყვარელი ქართული ბრენდის Meraki-ს დამფუძნებელია. Meraki-ს ისტორია 7 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ანუკასთან ერთად განვითარების დიდი და საინტერესო გზა გაიარა. ამ გზის მნიშვნელოვანი ეტაპი კი სწორედ BTU x ESMOD-ის კურსი აღმოჩნდა. ანუკა ბრენდის ისტორიის, სირთულეების და ESMOD-ის კურსის შესახებ გვესაუბრება.
ანუკა, მოგვიყევით MERAKI-ს შექმნის ისტორია:
Meraki-ს ისტორია 7 წლის წინ, სახლში დაიწყო. პირველი პროდუქტები მე და ბებიაჩემმა მის საკერავ მანქანაზე შევქმენით.
ბრენდის შექმნიდან დღემდე ძალიან ბევრი გამოწვევის გადალახვა მომიწია, მაგრამ ყველაზე რთული, ალბათ, საწყისი ნაბიჯების გადადგმა, ხალხის ნდობის მოპოვება და სწრაფი ზრდის პარალელურად ხარისხიანი წარმოების შენარჩუნება იყო. მაშინ ბაზარზე ძალიან ცოტა მსგავსი კომპანია ოპერირებდა. ამის გამო სერვისებზე, რომელიც გვჭირდებოდა, მოთხოვნა დაბალი იყო. მაგალითად, საკურიერო, სარეკლამო, საბუღალტრო, მარკეტინგულ კომპანიებში მაშინ ძალიან შეზღუდული იყო არჩევანი. გვიჭირდა ისეთი კომპანიების და სერვისების მოძიება, რომელიც სტარტაპს სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარებოდა. ამ და სხვა სირთულეების გადალახვა საკუთარ შეცდომებზე სწავლით შევძელით.
- ბრენდი სწრაფად ვითარდება. თავად თქვენ რამდენად მიჰყვებით განვითარების ამ ტემპს? სტრესული ხომ არ არის ეს პროცესი?
ბოლო რამდენიმე თვეა MERAKI მართლაც განსაკუთრებით დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ცვლილებაა, მაგრამ, ამავდროულად, ბევრ სტრესთანაა დაკავშირებული. ამ პერიოდში გამიჩნდა განცდა, რომ ჩემი კომპეტენცია განვითარების ტემპის შესაბამისი აღარ იყო. საჭირო მომენტში კი გამოჩნდა ESMOD x BTU-ს კურსი, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა არამარტო ცოდნის მიღების თვალსაზრისით, არამედ ნეთვორქინგის კუთხითაც. ლექციებზე გატარებული საათები და საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ინფორმაციის გაზიარება ჩემთვის ახალი ენერგიისა და ენთუზიაზმის მომცემი იყო.
- კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული საქმეების კეთება და სხვადასხვა როლის მორგება გიწევდათ. თქვენ იყავით ფოტოგრაფიც და წარმოების მენეჯერიც. რაში გეხმარებათ ეს ყველაფერი?
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა, რომელიც კომპანიის სათავეში დგას, თეორიულ ცოდნასთან ერთად რაც შეიძლება ბევრი პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს. არის რიგი საკითხები და პრობლემები, რომლებიც უბრალოდ წიგნში არ წერია და თუ თავად არ გამოცადე, ვერ ისწავლი. ბრენდის დაარსების დღიდან თითქმის ყველა პოზიციაზე მიმუშავია, შედეგად კი დღეს ზუსტად ვიცი, რას გზას გადიან ჩემი თანამშრომლები, რა საჭიროებები და წინაღობები აქვთ მოვალეობის შესრულებისას. თეორიული განათლება კი დამეხმარა იმაში, რომ გამეგო, რამდენად სწორად ვუდგებოდი ამა თუ იმ საკითხს.
- რატომ გადაწყვიტეთ ESMOD x BTU კურსზე სწავლა? თვლით, რომ განვითარების ამ ეტაპზე ის საჭირო იყო?
MERAKI-ს დაარსების შემდეგ, სულ ვცდილობ, რომ საკუთარი თავი განვავითარო და ისეთი უნარები შევძინო, რაც ჩემი ბრენდის წინსვლას შეუწყობს ხელს. მუდმივად ვესწრებოდი სხვადასხვა ონლაინ კურსსა და ტრენინგს, თუმცა ვერ ვპოულობდი იმ კონკრეტულს, რაც ჩემს საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგებოდა. როგორც კი ESMOD x BTU პროექტის შესახებ გავიგე, ძალიან მომინდა მისი ნაწილი გავმხდარიყავი. ვფიქრობ, ეს კურსი მათთვისაა, ვისაც საკუთარი ბრენდი აქვს ან მის შექმნას გეგმავს.
- კურსზე მიღებული ცოდნა დაგეხმარათ, როგორც ბრენდის დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს?
კურსის განმავლობაში ზოგიერთი თემა ჩემთვის ახალი იყო. მათ ნაწილთან კი პრაქტიკაში გამოცდილება მქონია, მაგრამ ეს საკითხები თეორიულად ნასწავლი არ მქონდა. ორივე მიმართულებით მიღებული ცოდნა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შედეგად შევძელი, რომ ჩემი ბრენდის განვითარების ამ ეტაპზე მის საჭიროებებს ზუსტად მოვრგებოდი და დამენახა, რისი გაკეთებაა ჩემი მხრიდან საჭირო.
- თქვენი აზრით, მოდის სტანდარტულ პროგრამებთან შედარებით, რა არის ამ კურსის მთავარი უპირატესობები?
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ქართველი ლექტორების ლექციები მასტერკლასები აღმოჩნდა. საქართველოს ბაზარი ჯერ-ჯერობით ძალიან განსხვავდება ევროპული და ამერიკული ბაზრებისგან. ჩვენ ვხვდებით ისეთ გამოწვევებს, რაც საერთაშორისო ბაზრებისთვის შეიძლება უცხო იყოს. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მქონოდა საშუალება, რომ კონკრეტულად ჩვენს ბაზარსა და საჭიროებებზე მორგებულ საკითხებზე ღიად გვესაუბრა.
- არის თუ არა ისეთი საკითხები, რომლებიც ESMOD-ის კურსის გავლის შემდეგ თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა?
ალბათ, გამოვყოფდი AI-ს როლს მოდაში, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება.
- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ESMOD-ის კურსის გავლას აპირებენ?
ადამიანებს, ვისაც მოდის სფერო აინტერესებს, ეს კურსი საინტერესო გამოცდილებას შესთავაზებს, გააცნობს საჭირო ადამიანებს და მისცემს ენთუზიაზმს, რომ საკუთარი საქმე კიდევ უფრო დიდი მონდომებით აკეთონ.
R