მომღერალი ირმა სოხაძე ცოტა ხნის წინ კოტე მათითაშვილის პოდკასტის, კოტCast-ის სტუმარი იყო. მან ასაკის მატებისა და თავის მოვლის შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როცა გოგონები ერთმანეთს ემსგავსებიან და საჭიროა, რომ ასაკის მატება ბუნებრივად მივიღოთ:
„არ ვამბობ, რომ ჩემი თავი მომწონს და უკეთესი არ შეიძლება ვიყო, მაგრამ ადამიანი რომ ბერდება, ამას უნდა შეეგუოს, შეყვეს. არ უნდა გააპროტესტოს და იფიქროს, რომ დაჩამიჩდა, ყველაფერი ჩამოეკიდა.
ამის ნაცვლად უნდა ივარჯიშოს, ცოტა ფეხით იაროს, იკვებოს სასარგებლო პროდუქტებით და უარი თქვას გოჭებსა და მწვადებზე, ტკბილეული რაციონიდან უნდა ამოიღოს. მავნე ჩვევებზეც უარი უნდა თქვას - მე 30 წლის მანძილზე ვეწეოდი.
ადამიანი კი არ ბერდება, დრო მიდის და ჩვენც მივყვებით, ვცხოვრობთ. არ მიწყინონ ქალბატონებმა, მაგრამ არ მომწონს, როცა გოგონები ერთმანეთს ემსგავსებიან“, - თქვა ირმა სოხაძემ.

ირმა სოხაძის თავის მოვლის ჩვევები და რჩევები
მომღერალი ირმა სოხაძე წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს.
"რომ მეკითხებიან, რა მოგწონს შენს თავშიო, ვპასუხობ: ჩემი ხასიათი. ვარ ძალიან დამთმობი და მიმტევებელი. ჩემთვის დასკვნები, რა თქმა უნდა, გამომაქვს ადამიანებზე – ახლობლებზეც და შორებლებზეც, მაგრამ ვცდილობ, კონფლიქტში არ შევიდე, საქმეები არ ვარჩიო, არ გავართულო. ვამარტივებ ყველაფერს, მთელი ცხოვრება.
სახლის პირობებში ჩემით გადასარევად ვიწესრიგებ ფრჩხილს, ვიკეთებ მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც ჩემი ხელით ვიღებავ. მაგალითად, თუ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, შეიძლება წავიდე სალონში და პედიკიური პროფესიონალს გავაკეთებინო. თუ არა და, მეც საკმაოდ ოსტატურად ვაგვარებ ამ საქმეს. არ მცალია არასოდეს თმის შესაღებად და ფრჩხილების დაგრძელების გამო სალონში საათობით ვიჯდე. ასე რომ, მთელი ცხოვრებაა, თმას თავად ვიღებავ, სალონში არასდროს შემიღებავს. ბევრი მეუბნება, თმა რა კარგ ფერზე გაქვსო. ვიცი, როგორ შევიღებო ძირები სხვა საღებავით და დანარჩენი თმა – სხვა ფერით. ამ საქმეს სკრუპულოზურად არ ვუდგები, თმას მარტივად და ადვილად, თვე-ნახევარში ან ორ თვეში ერთხელ ჩემით ვუვლი და ვიღებავ. ბევრი ჭაღარაც არ მაქვს და ამისთვის მადლობა გენეტიკას. არადა, ყველას ჰგონია, ათასგვარ პროცედურას ვიტარებ კანზე, თმასა და ტანზე, მაგრამ ასე არაა", - ამბობდა ირმა სოხაძე.