მეუღლე, განათლება, ოჯახი და ცხოვრება საჯარო სამსახურს მიღმა: მარიამ ლაშხი - Marao

მეუღლე, განათლება, ოჯახი და ცხოვრება საჯარო სამსახურს მიღმა: მარიამ ლაშხი

2025-07-02 15:07:38+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს. ამ ფაქტს საზოგადოება განსხვავებულად შეხვდა - არიან ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იწონებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც - იწუნებენ. ამის ფონზე, საინტერესოა, როგორია მარიამ ლაშხის განათლება, კარიერა და როგორია მისი პერსონა საჯარო ცხოვრების მიღმა. 

lashxi

მარიამ ლაშხის განათლება და გამოცდილება 

დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს ინჟინერინგის სპეციალობით.

მარიამ ლაშხმა განათლება გერმანიაში მიიღო, ეს პერიოდი კი 2008 წლის ომს დაემთხვა. სამშობლოში დაბრუნებულმა ლაშხმა საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა გადაწყვიტა და სწავლა ამ მიმართულებით მაგისტრატურის საფეხურზე გააგრძელა. 

  • TOP 5 - ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსი ქალები და მათი ისტორიები

2006-2012 წლებში იყო შპს „იეს-ან“-ის დირექტორის მოადგილე.

2007-2009 წლებში იყო „საქ. ეკონ. პროგნოზი“-ის უმცროსი მკვლევარი.

2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტი.

2011 წელს სტაჟირებას გადიოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

2012-2014 წლებში იყო ახალგაზრდული ასოციაცია „უკეთესი მომავლისთვის“ დამფუძნებელი. ამავე წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკში.

„ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებს ეხმარებოდა: ტრენინგებს უტარებდა და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა. ამის შემდეგ მსოფლიო ბანკში გადავედი, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და სერიოზული გამოცდილება მივიღე. იქიდან კი - "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში" მიმიწვიეს. ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო, რადგან მსოფლიო ბანკში ძალიან კარგი პირობები დავტოვე”, - ამბობდა ლაშხი. 

2014-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

2018-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მარიამ ლაშხი ფლობს 4 ენას - ინგლისურს, გერმანულს თურქულსა და რუსულს.  

lashxi

მარიამ ლაშხის ოჯახი და ცხოვრება საჯარო სამსახურს მიღმა

მარიამ ლაშხი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პარლამენტარია. მისი მეუღლე ალექსანდრე ნეფარიძეა, რომელიც პროფესიით იურისტია. ისინი ერთ უბანში გაიზარდნენ და ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ:

„საერთო სამეგობრო გვყავდა, პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ვიღაცებს ვურიგებდი კიდეც. ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა და სერიოზული ურთიერთობის დაწყებიდან 8 თვეში ჯვარი დავიწერეთ. მე 29 წლის ვიყავი, ხოლო სანდრო - 33-ის, ასე რომ, ოჯახი გააზრებულად, უკვე ზრდასრულ ასაკში შევქმენით”, - ამბობდა მარიამ ლაშხი.

  • დაფარული პირადი ცხოვრება, ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია და ბიზნესმენი ქმარი: ვინ არის 35 წლის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი

წყვილის ქორწილი 2018 წლის შემოდგომაზე შედგა. მარიამის გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ მეუღლე სკეპტიკურად შეხვდა: 

„ორსულად ვიყავი, თანაც, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსების შევიწროება ჩვეულებრივი ამბავია. ამას უფრთხოდა და ამბობდა: არ მინდა ვიღაცების ბულინგის მსხვერპლი გახდეო, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ასეთ სერიოზულ ნაბიჯს თვითნებურად ვერ გადავდგამდი და ეს გადაწყვეტილება მშობლებთან ერთად, ოჯახის თანხმობით მივიღე. იმ დღეებში ყველანი რაჭაში ვიყავით, იქ საუკუნე-ნახევრის სახლი გვაქვს - ეს არის ჩვენი ფუძე, რომელიც ძალიან გვიყვარს და ყველანაირად ვცდილობთ შევინარჩუნოთ. ჩემი საკითხიც იქ, ოჯახური "საბჭოს" ნებართვით გადაწყდა”, - ამბობდა ლაშხი.

როგორც ის განმარტავს, ახლა მეუღლე მისი მთავარი მხარდამჭერია და ყველა გადაწყვეტილების დროს გვერდით უდგას. 

„ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოჯახში ყველაზე მთავარი სიყვარული და ურთიერთგაგებაა”.

mariam_lashxi

ოჯახი და სტერეოტიპები

მარიამ ლაშხი რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში ამბობდა, რომ სტერეოტიპებთან ბრძოლა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, როცა გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრებისგან განსხვავებული პროფესია აერჩია: 

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სტერეოტიპებთან ბრძოლაა და მათთან ჭიდილი თავიდანვე დავიწყე. როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. ამიტომ, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სულ სხვა პროფესია ავირჩიე - საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე. ამ მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. მთელ ჯგუფში მარტო მე ვიყავი გოგო და ყველას უკვირდა, ამ ქერა ცისფერთვალებამ ამ საქმის შესწავლა რატომ გადაწყვიტაო. კარგად ვსწავლობდი და პირველი კურსი რომ დავხურე, მუშაობა დავიწყე. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ეს ამბავი რომ გაიგო, მამაჩემს ძალიან გაუკვირდა.

  • ვინ არის და რას საქმიანობს ზურა ჯაფარიძის მეუღლე: "ეს წლები განცდებით იყო სავსე, მაგრამ მაინც არაფერში გავცვლიდი..."

უბრალოდ, ოჯახში არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ მუშაობა დამეწყო, შემეძლო მშვიდად მესწავლა და მხოლოდ ამაზე მეფიქრა. მამაჩემი, კონსტანტინე ლაშხი, მთელი ცხოვრება ბანკირი იყო, ამავე დროს, სპორტსაც მისდევდა და ტანმოვარჯიშე იყო. დღეს იგი ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ასწავლის. დედა, ნანა ერგემლიძე არაბული ენის სპეციალისტია, თსუ-ის პროფესორი. მყავს და - ნინო, რომელიც ჩემზე ორი წლით უმცროსია. ის პროფესიით ჟურნალისტია, სამი გოგონას დედა და ყველანაირად მხარს მიჭერს. ასევე, მყავს ჩემზე 11 წლით უმცროსი ძმა, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა. სულ ვამბობდი: ჩემმა მშობლებმა ოცნება ამისრულეს, ყოველთვის მინდოდა პატარა ძმა მყოლოდა და ეს ოცნება ამიხდა-მეთქი. ჩემი ძმა პროფესიით არქიტექტორია”, - ამბობდა მარიამ ლაშხი. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის ხელმომწერი მარიამ ლაშხიცაა, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყო. მასობრივი დაკავებების ფონზე, მარიამ ლაშხის ძმამ, კოტე ლაშხმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ომი გინდათზე" ააწყვეს მთელი საარჩევნო კამპანია.0 სოციალური დაპირება, ქვეყანაში სადაც ბანკები, აფთიაქები და ლომბარდები ახრჩობენ მოსახლეობის 60%-ზე მეტს. ერთადერთი დაპირება იყო მშვიდობა, რომელსაც ახლა ვერშემდგარი კრიმინალების დახმარებით "აღასრულებენ". სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მიზნით იგეგმებოდა ფეიერვერკი. ხელისუფლება დღეს შუა ქუჩაში პოლიციის თვალწინ ამოქმედებს ხალხს, რომელიც ცხოვრებაში ვერაფრად ჩამოყალიბდა. პოლიციის რეაგირება 0. აქ უკვე არანაირ იდეოლოგიურ საკითხზე დავა აღარ არის. ეს არის ძლიერი ავტორიტარიზმის საგანგაშო სიმპტომები. ერთხელ უკვე მოვიშორეთ ნაცების სისხლიანი რეჟიმი, ახლაც იგივე ელის რეჟიმს და მის დავალებაზე დაგეშილ 3-ლარიან ბანდებს" -  წერდა 2024 წლის 9 დეკემბერს კოტე ლაშხი.