ძლიერი სუსტი ქალი - თავი 26 - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 26

2025-07-03 11:13:04+04:00

წინა თავი

_ არაფერი მჭირდება, გმადლობ.

_ მადლობა მერე მითხარი, ჯერ იმაში გამარკვიე, რით გიშველო. იქნებ ჯობია, საავადმყოფოში წავიდეთ? დაწვები და გამოკვლევებს ჩაიტარებ.

_ არ ჯობია! ეს, უბრალოდ, ბანალური გულის წასვლა იყო და მეტი არაფერი, _ მას უკვე აღიზიანებდა მამაკაცის მზრუნველობა, _ თავბრუ დამეხვა და იატაკზე ჩავჯექი. ალბათ ცუდად მეძინა ღამე და იმის ბრალია.

_ რას ნიშნავს ბანალური გულის წასვლა? რა მხატვრული ენით მელაპარაკები!

სალიმ არ უპასუხა.

_ შენ დასვენება გჭირდება, თანაც ცოტა კი არა, ბევრი.

_ შეიძლება, _ ექიდნურად დაუდასტურა, _ დიდი მადლობა, რომ მოხვედი, მაგრამ ახლა უმჯობესია, წახვიდე. მე ხომ დასვენება მჭირდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ მამიდა რეგულარულად მოგაწოდებს ინფორმაციას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, _ მორიელივით იკბინებოდა გოგონა.

მაგრამ ვაკო წასვლას სულაც არ ჩქარობდა. იგი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, მის ფეხებთან.

_ ჩემ გამო მოხდა ასე? _ ხმა დაურბილდა მამაკაცს და მოიღუშა, _ ვიცი, რომ არცთუ თავაზიანად მოგექეცი საღამოს.

სალომემ უარის ნიშნად თავი გააქნია და მაშინვე ინანა, რადგან ეგრევე თავბრუსხვევა დაეწყო.

_ შენთან ამას არავითარი შეხება არა აქვს. რაღაც კოშმარები მესიზმრა, რომ გამომეღვიძა, ოფლისგან მთლად სველი ვიყავი. ვიფიქრე, წყალს გადავივლებ-მეთქი… ვფიქრობ, მომიხდება.

_ მოდი, დაგეხმარები, კარგი?

ამის გაგონებაზე გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა, თუმცა ეს ხმა სიცილს არ ჰგავდა… უფრო ხაოდა, ვიდრე იცინოდა.

_ ალბათ ხუმრობ…

ვაკომ ხელზე წაავლო ხელი.

_ გამომყევი ცოლად, სალი… მომეცი უფლება, ვიზრუნო შენზე.

_ თავი დამანებე! _ შეუღრინა მამაკაცს, თუმც კი მშვენივრად ხედავდა, როგორ გულწრფელად განიცდიდა «საქმრო» მის ცუდად გახდომას.

მერე რა, მას ხომ ეხერხება თამაში! ესეც მისი თამაშის ნაწილია! მას მხოლოდ ბავშვი აინტერესებს და ეს მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი შემოვიდა,

_ სალომე! _ გაისმა ამ დროს ოთახში შემოსული მარინას საყვედურნარევი ხმა, _ როგორ ელაპარაკები ადამიანს, არ გრცხვენია?!

_ მგონი, ჩემი წასვლის დროა, _ ვაკო გოგონას შემდეგ სიტყვებს აღარ დაელოდა და წამოდგა, _ ხვალ დავრეკავ.

_ ნუ შეწუხდები, ჩემ გამო არ ღირს, _ დაუდევრად უპასუხა სალიმ.

მარინამ ერთი ამოიოხრა და თვალები ჭერზე აღაპყრო. მამაკაცმა კი მხოლოდ თავი გადააქნია. მერე ორივემ უთქმელად დატოვეს საძინებელი და კარი გაიხურეს.

სალომე საწოლიდან გადმოძვრა და სააბაზანოს მიაშურა, რათა ებანავა და ვაკოსთან დაკავშირებული უსიამოვნო მოგონებები წყლისთვის გაეტანებინა.

ონკანი მოუშვა და თბილ ჭავლს შიშველი მხრები შეუშვირა… როგორც ჩანს, მისმა ოცნების მამაკაცმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება, მეტად მოაბეზროს თავი, _ ფიქრობდა გოგონა, თან გამალებით ისაპნებოდა. სანამდე ითმინოს ეს ყველაფერი? თუკი იგი ყოველ მოსვლაზე აპირებს ხელის თხოვნას, აჯობებს, ხვალვე გაეცალოს აქაურობას. ბოლოს და ბოლოს, დროებით დედინაცვალთან გადასახლდება. საწყალ ქალს გაუხარდება კიდეც, ისედაც გამოყრუებულია მარტოობით, მაგრამ ეს ხომ დროებითი თავშესაფარი იქნება? განა ეს გამოსავალია? არადა, არც ის იცის, სად არის გამოსავალი! არც ძალა გააჩნია საიმისოდ და აღარც ენერგია შემორჩა, ცხოვრება თავიდან დაიწყოს, დამოუკიდებლდ, ამასაც არ არის მიჩვეული. მით უმეტეს ახლა, ამ მდგომარეობაში. როგორ უნდა იცხოვროს მარტო? ისიც _ სადღაც სხვაგან, მისთვის უცხო ადგილას! რითი იარსებოს? დავუშვათ, სამსახურშიც მოეწყო, მერე? როცა მუცელი ცხვირამდე წამოეზრდება და მუშაობას ვერ შეძლებს, რა მოელის? მიუხედავად იმისა, რომ მამიდასთან თავს დაცულად გრძნობდა, თან ფულიც ნაკლები ეხარჯებოდა, თავისი დანაზოგი თითქმის «ფსკერამდე» დაიყვანა. ადვილი წარმოსადგენია, რა მოელის, როცა ცალკე გადავა. მართალია, მამიდა არაფერს დააკლებს, მაგრამ მთელი სიცოცხლე მის ხარჯზე ხომ არ იქნება? იქნებ მუცელი მოიშალოს? ეს შურისძიების საუკეთესო საშუალება იქნება. თვითონაც დაიტანჯება, მაგრამ იმასაც მოუკლავს გულს. ცოტა ხნის წინ ამაზე ფიქრიც კი ზარავდა, მაგრამ ახლა…

8 8 8

როცა ვაკომ გაიგო, სალომე ორსულად არისო, საშინელი სტრესი განიცადა. მისთვის ეს იმდენად თავზარდამცემი ამბავი იყო, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო? ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ერთხელ იწვნენ ერთად. რა უაზრობაა, რა სისულელე! რაც თავი ახსოვს, ქალთან ურთიერთობაში ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს, განსაკუთრებით _ ლოგინში. ისიც უაზრობა იყო, ხელმეორედ რომ სთხოვა ცოლობა. არადა, რის ფასად დაუჯდა ამ გადაწყვეტილების მიღება?! ყველაფერს ერთად გადააბიჯა _ თავმოყვარეობას, სიამაყეს, პრინციპს, პატივმოყვარეობას…

ამ მომენტში სხვანაირად არ შეეძლო… მოიქცა ისე, როგორც კეთილსინდისიერ ადამიანს ეკადრებოდა. მან კი კვლავ ხელი ჰკრა!

რა მტრულად არის სალი მის მიმართ განწყობილი! წამითაც არ დაუხრია თავი! მიუხედავად იმისა, რომ მისგან შვილს ელოდება, მაინც არ ისურვა მასთან თანაცხოვრება! ამას ჰქვია ამპარტავნება! მართალია, ვაკო უხეშად მოექცა, მაგრამ ბავშვის დაბადება ხომ ყველაფერს ცვლის! ხომ უნდა შეეგნო ეს, პატარა გოგო აღარ არის უკვე, ზრდასრული ქალია!

მისგან საბოლოო პასუხი მაინც ვერ გაიგო… ვერ მიხვდა, თანახმა იყო თუ არა იგი, ბავშვი მისთვის დაეთმო. ბოლოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. რას ნიშნავდა ეს _ ჰოს თუ არას? ახლაღა ახსენდება, რომ გამოკვეთილი თანხმობა არ მოუცია. ის კი არა, ხმაც არ გაუღია, დუმილით შეხვდა მის «ულტიმატუმს». უცნაურია… აჯობებს, უფრო ყურადღებით მიადევნოს თვალი, უფრო ხშირად მივიდეს მის სანახავად, თორემ თუ მოსკოვში გაქცევა მოახერხა, მერე მშვიდობით _ ღვიძლ შვილს ვეღარასდროს ნახავს.

რატომ უთხრა უარი? დამცირებულად გრძნობს თავს? იქნებ ქონებით დააინტერესოს? მდიდრული ცხოვრება რომ შესთავაზოს? სალომესთვის ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი მდგომარეობა? ვაკოს შეუძლია ხელისგულზე ატაროს იგი… რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვის გამო, თორემ… არა, ტყუილად იმართლებს თავს. გარდა შვილისა, სალიც აინტერესებს. ის ლამაზია, ჭკვიანი და სექსუალურიც… როგორ გაანერვიულა, კინაღამ მოეშალა მუცელი. კარგია, რომ გადარჩა… შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო, თუმცა ვაკოს უკეთესის მოლოდინი ჰქონდა. რაც მთავარია, მას სჭირდება ეს ბავშვი, ის მისი შვილია!

არაფრით არ დაანებებს თავს. ხვდება, რომ სალისთან მუშაობა მოუწევს, რთული და დაძაბული მუშაობა… ძლიერი ქალია, ადვილად ვერ მოახრევინებს ქედს. როგორმე უნდა მიუდგეს, რაც შეიძლება, რბილად შეეცადოს, დაარწმუნოს, რომ ვაკო შეიცვალა და «კეთილი ზრახვებით» სურს მასთან დაქორწინება. მამაკაცი თავის თავს არ უტყდებოდა, თუმცა გულის სიღრმეში თავადაც გრძნობდა, რომ მართლაც ასე იყო, მართლაც კეთილი სურვილები ამოძრავებდა გოგონას მიმართ. გაცნობის დღიდან ასე იყო და ასე იქნება! თუმცა, ამაზე ფიქრსაც გაურბის და ლაპარაკსაც. რა ქნას, ისე შეტრიალდა სიტუაცია, უჭირს სიმართლის აღიარება, არ შეუძლია, საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯოს, თორემ პატიებას წინ რა უდგას?

საღამოს, როცა საქმეებს მორჩა და სამსახურიდან წამოვიდა, პირდაპირ მარინას სახლისკენ გაეშურა სალომეს მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ რთული დღე ჰქონდა _ დატვირთული საქმიანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით. სალი კვლავ მტრულად შეხვდა. თავი ძველებურად ამაყად ეჭირა. მიხვდა ვაკო, რომ უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებოდა მის დასათანხმებლად. მაინც დაითანხმებს, ღრმად სწამს ამის. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქალია, მაინც ქალია… აქედან გამომდინარე, როცა საქმე გრძნობას ეხება, ყველა ქალი სუსტია… სალის კი უყვარს ვაკო. ამას შინაგანად გრძნობს… და, ცოტა არ იყოს, ამაყობს კიდეც ამით. მართალია, გოგონა ყველანაირად ცდილობს ამ სიყვარულის დამალვას, თუმცა ერთობ უნიჭოდ… სწორედ ამიტომაც არის სუსტი…

მამიდა და ძმისშვილი ვერანდაზე ისხდნენ და ჩაის და ბლითებს შეექცეოდნენ. მარინას მისი დანახვა ძალიან გაუხარდა, სწრაფად წამოდგა და თავისი ადგილი მამაკაცს დაუთმო, თავად კი სამზარეულოში გავარდა, რათა ახალგაზრდები მარტო დაეტოვებინა. როცა სალის გვერდით მოკალათდა, გოგონა აიმრიზა და ტუჩაბზუებულმა გვერდზე გაიწია. ვაკომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისი ჟესტი ვერ შეამჩნია.

_ როგორ ხარ?

_ გმადლობ, ბევრად უკეთ.

_ თავბრუ აღარ გეხვევა?

_ არა.

_ კარგია… დღეს გაისეირნე, თუ მთელი დღე შინ იყავი გამოკეტილი?

_ არ გავსულვარ სახლიდან, _ მოკლედ და გულგრილად პასუხობდა გოგონა.

ვაკო თავს ძლივს იკავებდა, კვლავ არ გამოეჩინა უხეშობა. უკვე აღიზიანებდა სალის საქციელი.

_ ამის მეტი არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი? _ მაინც ვერ მოითმინა ბოლოს.

სალომე მისკენ შეტრიალდა და თვალები დააკვესა.

_ სულაც არ მსიამოვნებს შენ გვერდით ყოფნა. რას მოითხოვ ჩემგან, რა გინდა, რომ გითხრა?! რისთვის მოდიხარ აქ, დაგპატიჟე?_ ხაზგასმულად უკმეხობდა.

_ სამწუხაროა, _ შეძლებისდაგვარად მშვიდად წარმოთქვა მამაკაცმა, რადგან იმავე ტონით რომ ალაპარაკებულიყო, კვლავ ჩხუბში გადაიზრდებოდა მათი საუბარი, _ აქ კი იმიტომ მოვდივარ, რომ მსიამოვნებს ამ სახლში ყოფნა. შენ მუცლით ჩემს შვილს ატარებ, ჰოდა, მეც მინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.

_ ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, მეორე შანს მე შენ არასდროს მოგცემ!

აბა, ერთი შეხედეთ, როგორი განაწყენებულია… მერედა, ვინ არის დამნაშავე, თუ არა თვითონ? კიდევ კარგი, დროზე გაიგო ყველაფერი. კიდევ კარგი, იმ პატარა გოგომ ადრევე ახადა ფარდა სიმართლეს, თორემ ვინ იცის, რა მოელოდა… ღალატი და იმედგაცრუება. მთელი სიცოცხლე ტყუილში ცხოვრება… მაგრამ ახლა? რა შეიცვალა? რატომ სურს, კვლავ დაიბრუნოს იგი? მატყუარა და ფარისეველი ქალი, რომელიც ნაცადი მზაკვრული ხერხებით ცდილობდა, მისთვის თავი შეეყვარებინა?

ბევრი რამ შეიცვალა… პირველ რიგში ის, რომ მალე მამა გახდება და რადაც უნდა დაუჯდეს, ბავშვი მის ხელში უნდა გაიზარდოს. ამისთვის მზადაა, დათმობაზე წავიდეს და სალომე ცოლად შეირთოს. ვაკოს ყოველთვის უნდოდა, შვილები ჰყოლოდა. ახლა კი, როცა იცის, რომ მალე პირმშო ეყოლება და მასზე ზრუნვა მოუწევს, ამ სიამოვნებას ვერაფრით მოიკლებს.

_ მაგრამ პატიება რომ გთხოვო, ეს რამეს შეცვლის? _ ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ თავისი გაეტანა.

_ პატიება? რისთვის? _ მრისხანე მზერით გაზომა ქალმა, _ რისთვის უნდა მთხოვო პატიება? იმისთვის, რომ მე არ დამიჯერე და იმ ქარაფშუტა ნინის სიტყვებს ენდე? იმისთვის, რომ დამაორსულე? იმისთვის, რომ მეძავი მიწოდე? ბავშვის წართმევით რომ დამემუქრე? თუ ყველაფრისთვის ერთად? დაიღლები ამდენი პატიების თხოვნით… წადი, ვაკო, წადი და აქ აღარ მოხვიდე. მე არ მაქვს შენი ნახვის სურვილი.

სალომე შეუვალი იყო, როცა ბრაზობდა. მამაკაცმა ხელები მომუშტა და კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა. საკმარისია, ვერ გამოზომოს და სამუდამოდ დაკარგავს მასთან ურთიერთობის გაგრძელების შანსს.

_ მომისმინე, სალი, _ კვლავ წამოიწყო, _ ვიცი, რომ ტკივილი მოგაყენე, მაგრამ არც შენ დაგიკლია ჩემთვის. ამიტომ არ ჯობია, შევრიგდეთ?

_ ჩვენ ერთხელ უკვე ვცადეთ ეგ, მამიდას ხათრით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. არც ახლა გამოვა. სიმართლე გითხრა, ორივემ ძალიან შორს შევტოპეთ, რის გამოც გამრიცხულია იმის დაბრუნება, რაც ადრე იყო.

_ არ გეთანხმები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იპოვოს ადამიანმა, თუ საღი გონებით მიუდგება საქმეს. ყოველი შემთხვევისთვის, ოქროს შუალედის პოვნა მაინც შეიძლება.

_ შეიძლება შენ გგონია ასე, მაგრამ მე არ მგონია. უკვე მივიღე გადაწყვეტილება და მას ვერავინ შემაცვლევინებს. ამჯერად მართლა დიდ ტკივილს მოგაყენებ, თუმცა შენზე მეტად შეიძლება ჩემს თავს ვატკინო.

_ რას გულისხმობ? _ ვაკო დაიძაბა, გულმა უგრძნო, რომ სალომე რაღაც საშინელებას უმზადებდა.

_ ხვალ აბორტი უნდა გავიკეთო!

 

 

ვაკომ, მისდა უნებურად, დაუსტვინა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, მაგრამ როგორმე უნდა შეენერჩუნებინა წონასწორობა. ერთი გადაბრუნებული სიტყვა და საბოლოოდ გაინადგურებდა ცხოვრებას. განა არ ესმოდა, რომ ცუდად მოექცა საყვარელ ადამიანს, როცა მისი ორსულობის შესახებ შეიტყო. ძალიან უხეშად გამოუვიდა… იმდენად უხეშად, რომ კიდევ ერთი შანსი დაკარგა, მასზე დაქორინებულიყო და ბავშვის კანონიერი მამა გამხდარიყო. და რისთვის ეს ყველაფერი? ერთი უგუნური გოგოს ნიშნის მოგებით ნათქვამი სიტყვებისთვის?! როგორ წამოეგო პროვოკაციას! არადა, უყვარს! განა არ იცის, რომ უყვარს, უბრალოდ, ჯიუტად არ უტყდება თავის თავს ამაში. ახლა, ამწუთას კიდევ ერთხელ მიხვდა ამას. გრძნობა, რომელიც უკვე დასამარებული ეგონა, თურმე ცოცხალი ყოფილა. ეს რა ჩაიდინა? სადამდე მიიყვანა მისი მომავალი შვილის დედა?

_ შენი ნერვიულობა არ შეიძლება, სალი, _ შერბილებულად დაიწყო, _ და ეგეთი აზრი მეორედ არ გაივლო გულში, კარგი?

_ მემუქრები?

_ არა, მხოლოდ ის მინდა, გონს მოგიყვანო. ჩემზე გამწარებულმა უკვე აღარ იცი, რა მოიმოქმედო. ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ დაფიქრდი და…

_ უკვე დავფიქრდი, შენი შეგონებები არ მჭირდება.

_ გჭირდება. შეგონებებიც გჭირდება და ისეთი ადამიანიც, რომელიც გვერდით დაგიდგება. მე ვიზრუნებ შენზე, გპირდები. შეიძლება ვიჩქარე და ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე, მაგრამ…

_ დაგაგვიანდა, ვაკო. ნუ ცდილობ, გადამათქმევინო. დროს ტყუილად ნუ კარგავ.

მამაკაცს გული დაუმძიმდა. ამჯერად გაჩუმება ამჯობინა, მაგრამ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს დუმილი. ან კი რა უნდა ეთქვა კიდევ? გოგონა მის ყველა მცდელობას სასტიკი უარით პასუხობდა.

ამ დროს მარინა გამოჩნდა, რომელსაც ატმის კომპოტი და ჭიქები მოჰქონდა.

_ გაგრილება არ გინდათ? ნახეთ, რა კომპოტი მოვადუღე! _ ნაძალადევი მხიარულებით შესძახა ქალმა.

_ დიდი მადლობა, მაგრამ მე მივდივარ, _ მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და წამოდგა.

_ უკვე?

_ ჰო, სალი გადაღლილია და… შეხვედრამდე, მარი…

თავჩაღუნულმა ვაკომ სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. სალომემ თვალი გააყოლა მიმავალს… თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში… თითქოს ირგვლივ ყველაფერი დაცარიელდა… რატომ იქცევა ასე? იქნებ მართლა სურს ვაკოს შერიგება? ხომ შეიძლება, ნანობდეს თავის საქციელს? ან საიდან მოუვიდა თავში აზრად ბავშვის მოცილება? თავადაც ხომ კარგად იცის, რომ ამის გამკეთებელი არ არის? შურისძიება? რა დროს შურისძიებაა, როცა მის სხეულში ახალი სიცოცხლეა ჩასახული?

გოგონა ღრმა ფიქრებში ჩაიძირა. მამიდა შორიახლოს იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა, წარამარა როგორ ეცვლებოდა სახე ძმისშვილს, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მერე გატრიალდა და ოთახიდან გავიდა. ასე ჯობდა. სალომე თავად უნდა მისულიყო საბოლოო გადაწყვეტილებამდე…

მეორე დილით მარინამ კარი ხმაურით შემოაღო.

_ ნახე, რა თაიგული მოგიტანეს? _ შესძახა სახეგაბრწყინებულმა და წითელი ვარდების უზარმაზარი ბუკეტი ოთახში შეიტანა.

გოგონამ კოპები შეკრა.

_ ვისგანაა?

_ აი, ბარათი, თავად წაიკითხე _ მართკუთხა ფორმის ვარდისფერი კონვერტი მიაწოდა მამიდამ.

«ყველაზე ლამაზ მომავალ დედას. სიყვარულით, ვაკო» _ გამოყვანილი ასოებით ეწერა ფურცელზე.

«ჰმ! სიყვარულით! რა ხუმარაა!» სალომემ ბარათი იატაკზე მოისროლა.

_ გადააგდე, თუ ღმერთი გწამს! მისი მოტანილი არაფერში მჭირდება!

_ რას ამბობ, შვილო… შეხედე, რა სილამაზეა, ამის გადაგდება იქნება?

_ მაშინ შენს ოთახში წაიღე. მაგის დანახვაც არ მინდა!

მაგრამ მეორე დღეს იგივე განმეორდა. ახლა უფრო ლამაზი თაიგული გამოუგზავნა მამაკაცმა…

და ასე გაგრძელდა მთელი კვირა. სახლი ყვავილების მაღაზიას დაემსგავსა.

მეშვიდე დღეს ვაკო კვლავ გამოჩნდა, ამჯერად თავად მოიტანა ვარდების თაიგული, თანაც იმსიგრძეები, სალომემ ვარდებს მიღმა მისი სახე ძლივს გაარჩია. გოგონამ თვალები დააკვესა.

_ ტყუილად ხარჯავ ფულს ამ ყვავილებში.

_ მე საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ლამაზად ვცდილობ, _ თქვა ვაკომ.

მარინამ თაიგული ჩამოართვა სტუმარს და გაუჩინარდა.

_ როგორ ხარ? უკეთ გრძნობ თავს?

_ ბავშვი კარგად არის.

_ შენ? შენ როგორ ხარ?

_ ვისი ამბავიც გაინტერესებს, ის კარგად არის, ჩემი მდგომარეობა კი, არა მგონია, გაღელვებდეს.

_ ასე ნუ მელაპარაკები, არ გინდა.

გოგონა გაჩუმდა.

_ კიდევ ხომ არ წაგსვლია გული?

_ არა.

_ არ გინდა, გავისეირნოთ? ცოტა გავიაროთ ფეხით, მოგიხდება, თორემ მთელი კვირაა, შინიდან არ გასულხარ.

_ არ გავსულვარ? შენ საიდან იცი?

_ ვიცი.

_ მამიდამ გითხრა?

_ არა.

აჰა! ესე იგი, დადარაჯებული იყო… რატომ? ეშინოდა, მართლა არ გაეკეთებინა აბორტი? გოგონამ ღიმილი ძლივს შეიკავა. როგორ შეშინებულა?! ძალიანაც კარგი, მოუხდება!

_ შენ რა, მაკონტროლებდი? _ ირიბად გახედა.

ვაკომ მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

_ წამოხვალ?

_ სად?

_ ვისადილოთ სადმე.

_ რისთვის? ჩვენ ხომ გავწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობა!

_ მე შევცდი.

ოღონდ კი ბავშვი არ დაკარგოს და ყველაფრისთვის მზადაა. ამით უნდა მისი გული მოიგოს! არავითარ შემთხვევაში! ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია! რადაც უნდა დაუჯდეს, მაინც დააჯერებს, რომ სალომეს მისი სიმდიდრე არაფერში აინტერესებდა!

_ რას აპირებ, მოდიხარ? თუ არ გშია, ისე მაინც გავიაროთ, _ გაუმეორა მამაკაცმა.

გოგონას ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ უარი ეთქვა. გასეირნება მართლა არ აწყენდა, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ფეხი არ გაუდგამს სახლიდან, მაგრამ ღირს კი? ისევ თავიდან დაიწყება შეგონებები. ის კი დაიღალა ამდენი «არას» თქმით, და-ი-ღა-ლა!

მაინც დათანხმდა.

_ კარგი, წამოვალ.

გასეირნება «წარმატებული» აღმოჩნდა. მამაკაცი ყველანაირად ცდილობდა, მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა. სალომეს მათი პირველი შეხვედრები გაახსენდა. ვაკო ისევ ისეთი თავაზიანი გამხდარიყო, თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი და… მომხიბვლელი… ეს ის მამაკაცი იყო, რომელსაც გოგონამ თავისი გული მიუძღვნა… მაგრამ მას არ შეეძლო იმ შეურაცხმყოფელი სიტყვების დავიწყება, რომლითაც იმ საღამოს «შეამკო» ვაკომ. ის სიტყვები არ ავიწყდებოდა… და არც არასდროს დაავიწყდებოდა… ახლა ძალიან კეთილი და თბილი ჩანდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა…

გაგრძელება იქნება