"მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა - Marao

"მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა

2025-07-23 12:26:13+04:00

"სუხიშვილების" ლეგენდარული ანსამბლი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ქართულ ქორეოგრაფიაში ლიდერის პოზიციას. "სუხიშვილების" წყალობით გაიგო მსოფლიომ ქართული ცეკვის  არსებობა. თუმცა დიდი წარმატება ყოველთვის ინდივიდუალური ისტორიებით იქმნება. ერთ-ერთი ასეთი ისტორიის მთავარი გმირი ნინუკა შარაშიძეა - "სუხიშვილების" სოლისტი, პედაგოგი და აკადემიის დირექტორი.

  • 1 თაობა - 5 ულამაზესი ქალი:სუხიშვილების ყველაზე გამორჩეული სოლისტები და ამბები კულისებიდან 

ნინუკა გადაცემაში "შაქრით თუ უშაქროდ" ქართველ მაყურებელზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე კრიტიკული სწორედ ისინი არიას.

„განსაკუთრებით ემოციურია საქართველოში კონცერტის გამართვა. ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულად მომთხოვნია, შესაბამისად, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არაფერი შეგვეშალოს - პატარა შეცდომასაც კი არ გვპატიობენ. ჩვენი პროგრამები სწორედ ამიტომ ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში - იყო კითხვები, რაღაცას ხომ არ გვართმევენ, ხომ არ გადავუხვიეთ ტრადიციულ გზას... ამ ყველაფრის გაგებას და მიღებას დრო სჭირდებოდა,“ — ამბობს ნინუკა შარაშიძე.

ninuka_sharashidze

მისი თქმით, ინოვაციური ნაბიჯები ყოველთვის დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა საბოლოოდ საზოგადოება იღებდა მათ.

„არასოდეს დამავიწყდება, პირველად რომ ჯუთას ცეკვა დავიწყეთ და ნინო სუხიშვილმა დაგვახურა ჯინჯილა თუშური ქუდები - მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა: ქალი და ჯინჯილა ქუდი რა შუაშია ერთმანეთთან? რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი? ხევსურულში კოჭი გვიჩანდა, მაგრამ თითქოს იქ ნორმად იყო ქცეული... შემდეგ კი უკვე სხვა ანსამბლებმაც დაიწყეს მსგავსი კოსტიუმების გამოყენება. ეს ყოველთვის ასე იყო - "სუხიშვილები" იყვნენ ნოვატორები, შემდეგ კი სხვებიც იყენებდნენ ამ სიახლეებს,“ — აღნიშნავს შარაშიძე.

  • გამორჩეული გარეგნობა, "სუხიშვილები" და სამსახიობო კარიერა - თამარ ხურცილავას პორტრეტი 

ninuka_sharashidze

ანსამბლი "სუხიშვილები"

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ არამარტო ქართული ქორეოგრაფიის ვარსკვლავია, არამედ ქვეყნის კულტურული იდენტობის სიმბოლოა. 1945 წელს დაარსებული ანსამბლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით თავიდანვე მიზნად ისახავდა ქართული ფოლკლორული ცეკვის სცენურ განვითარებას - ისე, რომ შენარჩუნებულიყო ტრადიციული სული, მაგრამ გაძლიერებულიყო პროფესიული სცენური ეფექტიც.

  • ლეგენდარული ნინო რამიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა: "ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო" 

„სუხიშვილებმა“ შეცვალეს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ხალხური ცეკვა. მათ ქორეოგრაფიას სიმკაცრე, დინამიკა და თეატრალურობა შესძინეს. დღეს სუხიშვილები საერთაშორისო ბრენდია. ანსამბლმა კონცერტები გამართა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ისეთი სცენებიც დაიპყრო, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი  და პარიზი.

სუხიშვილების ცეკვებში ერთდროულად იგრძნობა საქართველოს მთისა და ბარის რიტმი, ტრადიცია და სიახლე, ძალა და სინაზე.

დღეს ანსამბლს ხელმძღვანელობს მისი დამფუძნებლების შვილიშვილი ნინო სუხიშვილი, რომელიც წარმატებით აგრძელებს ოჯახის საქმეს.