ძლიერი სუსტი ქალი - თავი 28 - დასასრული - Marao

ძლიერი სუსტი ქალი - თავი 28 - დასასრული

2025-07-05 11:35:14+04:00

წინა თავი

ვაკო თავისი «მერსედესით» უკან მიჰყვებოდა სასწრაფოს მანქანას. უკიდურესობამდე ღელავდა. ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვერასდროს აპატიებდა თავის თავს. რატომ განერვიულდა სალი ასე? ქმრის ზარმა შეაშფოთა? ღმერთო, რა ემოციურია! რა უნდოდა, რას ურეკავდა? ხომ უკვე გაშორდნენ ერთმანეთს, რატომ უშლის ნერვებს? არადა… თვითონ უარესად არ ექცეოდა ბოლო ხანებში? რითია ავთოზე უკეთესი? თავისი სიჯიუტით და უხეშობით განა ნაკლები ტკივილი მიაყენა საყვარელ ქალს? მორჩა, ეს მეტად აღარ განმეორდება! არასდროს, არასდროს აწყენინებს სალის, სიცოცხლის ბოლომდე!

სანამ სალომეს გამოკვლევებს უტარებდნენ, ვაკო დერეფანში ბოლთას სცემდა. დრო გაიწელა. ასე ეგონა, ათი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც გოგონა გინეკოლოგის კაბინეტში შეიყვანეს.

როგორც იქნა, ექიმიც გამოვიდა.

_ ცუდად არის საქმე? _ შეშფოთებული მიეჭრა ვაკო, რადგან ექიმს კარგი ამბისთვის ზედმეტად სერიოზული სახე ჰქონდა.

_ სამწუხაროდ, ძალიან დიდია იმის შანსი, ქალბატონს მუცელი მოეშალოს. საავადმყოფოში უნდა დავტოვოთ, მას სრული სიმშვიდე სჭირდება.

ვაკოს შეამცივნა… ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სხეული ეყინებოდა.

_ თვითონ… თვითონ როგორ არის?

_ თვითონ არა უშავს.

_ ბავშვი?

_ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მის შენარჩუნებას შევძლებთ. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს დავამატებ.

_ შეიძლება, ვნახო? _ ძლივს ამოღერღა, რადგან ყელთან მობჯენილმა ცრემლებმა თავისუფლად ლაპარაკის საშუალება არ მისცა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ღრიალი მოუნდა.

«ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვარ დამნაშავე», _ ერთსა და იმავეს იმეორებდა გონებაში.

_ მხოლოდ რამდენიმე წუთით, _ ნება დართო ექიმმა.

სალომე გაუნძრევლად იწვა პალატაში. უსუსური და დაუცველი ჩანდა. ცარცივით გათეთრებოდა პირისახე. ამის დანახვაზე მამაკაცს გული მოეწურა.

_ სალი… მაპატიე… _ ჩაიმუხლა და მის ხელს ხელი შეახო.

სალომემ სუსტად გაიღიმა.

_ რისთვის? შენ რა შუაში ხარ, მე თუ დავეცი.

_ ექიმმა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩესო.

_ კარგი… _ გოგონამ თვალები მილულა.

_ სალი…

_ ბატონო…

_ მიყვარხარ… _ ზედ ყურთან უჩურჩულა ვაკომ, მაგრამ მისი სიტყვები სალის არ გაუგონია… მას უკვე ეძინა.

საავადმყოფოს ეზოში მარინას შეეჩეხა. ქალს სახე შეშლოდა.

_ დავიღუპეთ? _ განწირული ხმით წამოიძახა.

_ გადავრჩით, მაგრამ მაინც დატოვეს. ასე ჯობია, მარი. ახლა ძინავს, არ ღირს მისი შეწუხება.

8 8 8

ორი კვირა იწვა სავადმყოფოში. ექიმებმა ბავშვის შენარჩუნება შეძლეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკო გვერდიდან არ მოცილებია, დილა-საღამოს დადიოდა მის სანახავად. როგორ უნდოდა სალის, ეკითხა მისთვის, იმ დღეს მართლა უთხრა, მიყვარხარო, თუ დამამშვიდებლით გაბრუებულს მხოლოდ ჩაესმა? მაგრამ ვერა, ამის კითხვა ვერ გაბედა. თან რცხვენოდა, თან ეშინოდა, ვაითუ, მხოლოდ ჩაესმა და მსგავსიც არაფერი წამოცდენიაო.

მეთხუთმეტე დღეს გამოწერეს. შინ მისულს სიურპრიზი ელოდა _ მედეა დახვდა სახლში. დედინაცვალი დიდხანს ეფერებოდა გერს და ხელებს უკოცნიდა. სალომეს გული აუჩუყდა. როცა ერთმანეთის მოსიყვარულებით გული იჯერეს, სალომემ ვაკოს გახედა.

_ მოდი, დედა გაგაცნო… მედი, ეს ვაკოა, ჩემი შვილის მამა…

ქალს ნიკაპი აუცახცახდა გერის სიტყვებზე. ცრემლებმა თვალები დაუბინდა… დედა… ეს სიტყვა სალიმ პირველად წარმოთქვა, რაც თავი ახსოვს…

ემოციებით აღვსილი მედეა მამაკაცს გადაეხვია.

_ სწორედ ასეთი წარმომედგინეთ, შვილო, ლამაზი და საყვარელი… ძალიან გაუმართლა ჩემს გოგოს.

_ ოოო! უდიდესი შრომა დაგჭირდებათ, ქალბატონო, თქვენი ქალიშვილი ამაში დაარწმუნოთ, _ გაიხუმრა სასიძომ.

ცოტა ხნის შემდეგ მარინა და მედეა ოთახიდან გავიდნენ და წყვილი მარტო დატოვეს. ვაკომ უხერხულად ჩაახველა და სალაპარაკოდ მოემზადა.

_ სალი… შეიძლება ახლა არც დროა შესაფერისი და არც ადგილი, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა გითხრა. მეტის დალოდება არ შემიძლია.

სალომე მოიღრუბლა. შესავალი სიტყვები თითქოს საგანგაშოდ ჟღერდა. ალბათ კვლავ ბავშვზე დაუწყებს ლაპარაკს. ალბათ ისევ დააძალებს, შვილი მას დაუთმოს. მართალია ვაკო, ახლა არც დროა შესაფერისი და არც გარემო, რომ იკამათონ. ჯერ არც კი გამოკეთებულა ბოლომდე. ეს-ესაა, საავადმყოფოდან მოვიდა. ოდნავ წამოჯდა საწოლში და საშინელების მოლოდინში გაისუსა.

_ ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოგექეცი… და არც არასდროს დაგადანაშაულებ, თუ ამას ვერ მაპატიებ… მაგრამ როცა ყველაფერი გავიგე, იმდენს ვეცადე, იმდენს… მინდა, დამიჯერო… ასეთი გულწრფელი დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. მიყვარხარ… მთელი გულით… მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ.

სალის თვალები გაუფართოვდა. ესე იგი, მაშინ კი არ მოესმა, ვაკომ მართლა უჩურჩულა ეს სიტყვები საავადმყოფოში. ძლივს გადააგორა ნერწყვი სასულეში. ღმერთო, ამდენი თვეა, ამ სიტყვების გაგონებაზე ოცნებობს! თან უხაროდა, თან სიხარულის გამოხატვის ეშინოდა, ვაითუ, მესიზმრება და უეცრად ყველაფერი გაქრესო.

_ მითხარი რამე, სალი, გთხოვ… მითხარი.

მას არასდროს უნახავს ვაკო ასეთი შეცბუნებული, თავის თავში ასეთი დაურწმუნებელი. ის ყოველთვის ძლიერი ჩანდა, ქედმოუხრელი, მოუდრეკელი… რა დაემართა?

_ რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა, ვაკო, მაგრამ…

_ მაგრამ პატიება არ შეგიძლია, არა?

_ მე ეს არ მითქვამს…

_ მაგრამ ასე ფიქრობ.

_ სიმართლე გითხრა… _ სალის, მისდა უნებურად, ღიმილი გადაეფინა სახეზე, რადგან მიხვდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე უეცრად მივიდა, სიცოცხლე ხომ ასე ხანმოკლეა, _ მეც მიყვარხარ…

მამაკაცი გამოცოცხლდა.

_ სერიოზულად?

_ ჰო!

_ რით შეგიძლია დამიმტკიცო? რაღაც არ მჯერა შენი, _ ეშმაკურად შეხედა.

_ კოცნა საკმარისი იქნება? _ ბავშვურად შეჰღიმა გოგონამ.

_ არ ვიცი, ვნახოთ… ჯერ გავსინჯოთ, მერე განვსაჯოთ! _ გაიხუმრა ვაკომ, მისკენ გადაიხარა, ხელები თავქვეშ ამოსდო და ტუჩებზე დაეკონა…

დრო თითქოს გაჩერდა…

8 8 8

ჯვრისწერა სამების ეკლესიაში შედგა, ქორწილი _ რესტორანში. ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებულ სალომეს თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა. მოულოდნელად ვიღაც სანდომიანი, ორმოცდაათიოდე წლის ქალბატონი მიუახლოვდა და გადაკოცნა.

_ გილოცავთ, სალომე, ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. ჭკვიანი გოგო ყოფილხართ, ამ ჭირვეულის მორჯულება რომ შეძელით, _ ღიმილით დააყოლა ქალმა.

_ უკაცრავად? _ გოგონას გაკვირვება გამოეხატა სახეზე, რადგან მისთვის ეს ქალბატონი სრულიად უცხო იყო.

_ მე თათა ვარ, ვაკო ღუდუშაურის მენეჯერი.

_ თქვე-ენ? ეს თქვენ ხართ? _ სალომეს თვალები შუბლზე აუვიდა, ახალგაზრდა, მომხიბვლელი მენეჯერის ნაცვლად, ხელში სულ სხვა ადამიანი შერჩა, _ მე კი როგორ ვეჭვიანობდი თქვენზე! _ გულწრფელად აღიარა გოგონამ, რადგან ახლა ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა.

_ რას ამბობთ! ეგ რამ გაფიქრებინათ! _ შეიცხადა თათამ და სასიამოვნოდ გაიცინა, _ თქვენამდე ბევრმა სცადა მისი, ასე ვთქვათ, მახეში გაბმა, მაგრამ სრული მარცხი განიცადა სუყველამ. თქვენ, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ხართ.

ამ დროს სალომეს ზურგიდან ვაკო მოეპარა და ხელები მოხვია.

_ რაზე ჭორაობთ, მანდილოსნებო?

_ განსაკუთრებულ ქალებზე, _ ორაზროვნად უპასუხა თათამ, სალომეს თვალი ჩაუკრა და სტუმრებს შეერია.

_ ვა! ეგეთებიც არსებობენ? _ ვაკომ თავისკენ შემოატრიალა პატარძალი და თვალები ეშმაკურად მოჭუტა, _ რომელიმე მათგანს ხომ არ გამაცნობდი, სალი?

_ აუცილებლად! ეგ ბედნიერება ამაღამ არ აგცდება, _ უპასუხა გოგონამ, სიყვარულით სავსე მზერა მიანათა ოცნების მამაკაცს და მკერდზე მიეხუტა…

დასასრული