დღეს, 4 ივლისს, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. მსახიობისა და ტელეწამყვანის მეუღლე, ნათია ბანძელაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ეს დღე ყველასია, მაგრამ ჩვენი არა... ცაში კი არა, გულში ფრიალებ... რამდენი რამე მოხდა უშენოდ... მაგრამ ყველაფერი შენით იწყება... მიყვარხარ, გვიყვარხარ ჩვენო ზღაპრის გმირო, გოგიჩა ბაბუ.“
ნათიას ეს სიტყვები ერთდროულად ტკივილით, სიყვარულითა და ღრმა მადლიერებით არის სავსე.




გიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა "ვიცე-მის საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
„სხვა განზომილებაში, სხვა ათვლაში, სხვა სიშორით და უფრო მეტი ერთად ყოფნით, უკვე 5 წელი ვართ. აქაც მასწავლი, როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო, როცა მჭირდები და მენატრები, როცა ძალიან მტკივა და ვიკარგები! საოცარი ბიჭი ხარ, იქიდანაც კი საოცარი … მაგრამ არ მომწონს ეს ჩვენი ახალი თამაში, უფერო, უხმო, ცივი… მადლობა იმ სიფერადისთვის, რაც მაჩუქე და ერთად მარადისობად ვაქციეთ…
უკვე ბევრი ვართ მე, ნანუკა, ნინი, აივი, ავა. და შენც სხვა ხარ უკვე, გოგიჩა ბაბუ, რომელიც სხვაგან, მაგრამ ჩვენთან ხარ... მიყვარხარ… მენატრება ჩვენი ამბები…“, – წერდა ნათია ბანძელაძე.