იქ, ტორონტოში… - თავი 1 - Marao

იქ, ტორონტოში… - თავი 1

2025-07-07 10:10:36+04:00

ყველა ნოველა

ინგლისური სიტყვა downtovn ქართულად «ქვემო ქალაქს», ასევე «ქალაქის ცენტრს» ნიშნავს. ასეთი downtovn -ები დედამიწის ზურგზე ყველგანაა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მოხვდეთ. ტორონტოში იგი შედარებით პატარაა, მაგრამ თავისი მონუმენტურობით არაფრით ჩამოუვარდება ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, რომის, ვაშინგტონისა თუ სანკტ-პეტერბურგის დაუნტაუნებს. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ცათამბჯენებს, თუმცა არა ისეთ გიგანტურებს, როგორებიც ნიუ-იორკშია. აქაც არის დიდი ქუჩები პატარა რესტორნებით და პატარა ქუჩები გაჩახჩახებული კაფე-ბარებით თუ სალონ-ბუტიკებით. მათხოვრებიც ჩვეულებრივი მოვლენაა მსგავს ქალაქებში, მძარცველებიც და პანელზე მდგომი ქალებიც. არც მარიხუანაა უცხო ხილი დაუნტაუნისთვის, იქაც, როგორც ყველა პატარა ქალაქში, ყვავილების ქოთნებსა თუ ბაღ-ბოსტნებში მოჰყავთ მარიხუანა.

და კიდევ პუბლიკაა აღსანიშნავი, დაუნტაუნისთვის დამახასიათებელი პუბლიკა. საქმიანი ადამიანები. ქათქათა, გახამებულ პერანგებში გამოწკეპილი ჩვეულებრივი ფულიანი მოკვდავები. ისინი ყოველთვის თან ატარებენ შავ კეისს და მუდამ სადღაც მიიჩქარიან. ისე გარბიან, ვერც კი გამჩნევენ. და საერთოდაც, ვერავის ამჩნევენ გარშემო. ხალხი ბიზნესს ატრიალებს, ამიტომაც დრო მათთვის ფულია.

ღამით დაუნტაუნი საოცრად გარდაიქმნება ხოლმე. რესპექტაბელური ბატონები, ანუ კეისიანი ბიზნესმენები სადღაც ქრებიან და ქუჩები მხიარული ახალგაზრდებით ივსება, ძირითადად, მუშებითა და გართობის მოყვარული თინეიჯერებით. სწორედ მათთვის იწყებენ დღესასწაულს ღამის კლუბები, რესტორნები და კაფე-ბარები. ისმის ხმაურიანი მუსიკის ხმა, ფერადი ნათურებითაა გაჩირაღდნებული მოედნები და ქუჩები. გზაჯვარედინებზე მდგომი ქუჩის ქალები მოუთმენლად ელიან ღამის კლიენტებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ღამის ორ საათამდე. ორის მერე სმა-ჭამა და ცეკვა-სიმღერა წყდება, შესაბამისად, გასართობი დაწესებულებებიც იკეტება. ნელ-ნელა იწყება ქუჩების დაცარიელება. ქალაქი დასაძინებლად ემზადება. თანდათან კლებულობს მანქანების ხმაური, ფანჯრებში შუქი ქრება. მხოლოდ ნეონის ცეცხლოვანი ნათურებით აციმციმებული სარეკლამო ბილბორდები თუ გაუნათებენ დაგვიანებულ გამვლელებს გზას და კიდევ ერთხელ შეახსენებენ, შეიძინონ ესა თუ ის სრულიად არასაჭირო პროდუქცია.

8 8 8

როცა მე მივემგზავრებოდი, გადაუღებლად წვიმდა. ბრესტამდე მატარებლის მინას წკაპაწკუპით ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები. ფანჯრიდან მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე სურათი მოჩანდა _ გაშიშვლებული ხეების უსასრულო კოლონა, რომელთა შორის სილუეტებად მოჩანდა უბადრუკი ხუთსართულიანი კორპუსები.

ზაფხულობით სულ სხვანაირია აქაურობა, ყველაფერი სიმწვანეშია ჩაფლული. ზამთარში კი პირიქით, თეთრადაა ხოლმე გადაპენტილი გარემო. მაგრამ ახლა, როცა ზამთარი მიილია და გაზაფხული ეს-ესაა, დადგა, არაფერს შეუძლია ირგვლივ გამეფებული სიღატაკისა და სიმახინჯის დაფარვა.

შუქი ჯერ კიდევ არ აენთოთ მატარებელში, ამიტომ ჩემს კუპეში ისევ ბნელოდა. კითხვას ვერ შევძლებდი, ისღა მრჩებოდა, ფანჯარაში გამეხედა ან ჩემს თანამგზავრთან მეჭორავა _ ხანშიშესულ უკრაინელ ქალთან, რომელიც ნონა მორდიუკოვას მაგონებდა. ის მთელი გზა ემოციურად მიყვებოდა, თუ რა კარგი იყო კომუნისტების დროს და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კრავჩუკი, კუჩმა და გორბაჩოვი ერთ ბოძზე იყვნენ ჩამოსახრჩობი.

მახსენდება ასევე, უკრაინელი მებაჟეები, ორი ზორბა ახალგაზრდა მამაკაცი სპეციალური სამკლავურებით, საქმიანი იერით რომ დადიოდნენ ვაგონიდან ვაგონში და მგზავრებს ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამდნენ _ გადაჰქონდა თუ არა ვინმეს დოლარები.

დოლარის კუპიურები არავის აღმოაჩნდა. მებაჟეები უბოდიშოდ ჩხრეკდნენ ჩემოდნებს, ჩანთებს, თან ჩქარობდნენ, რათა მატარებლის დაძვრამდე მოესწროთ ჩვენი ბარგის დათვალიერება.

მატარებელი სწორედ ამ დროს დაიძრა. ერთ-ერთმა მათგანმა ბილწი სიტყვებით შეიგინა, მეორეს მაჯაში წვდა და სირბილით გავარდნენ კუპედან, რათა იქამდე გადამხტარიყვნენ ბაქანზე, სანამ მატარებელი სიჩქარეს აკრეფდა.

კიდევ ბრესტის ვაგზალი მახსოვს. ბლომად ხალხი ირეოდა. ვიღაც ჩია ბებია კუთხეში მზესუმზირას ყიდდა. იქვე ორი სამხედრო პირი იდგა, მატარებლის მოლოდინში სიგარეტს ეწეოდნენ. მომშივდა, მაგრამ ვაგზლის ბუფეტში ჩემთვის სასურველი ვერაფერი აღმოვაჩინე. ფუნთუშა კი გულს მირევდა.

დაბოლოს, რაც დამასახსოვრდა, მთვრალი მებაჟე იყო, ჩემს ბარგს რომ ამოწმებდა. ზერელედ გადაათვალიერა ჩემოდანი და როცა საქმეს მორჩა, გულგრილად აღნიშნა, რომ აკრძალული არაფერი მიმქონდა.

შემდეგ იყო პოლონეთი. ვარშავის ვაგზალზე ჩამოსვლა არ ვისურვე. ჯერ კიდევ ბრესტში მითხრეს, იქაურობა ბანდიტებით არის სავსე _ რუსები, უკრაინელები,       ბელორუსები, ჩეჩნები განუკითხავად ყაჩაღობენო. პოლონელებს არ ერჩიან, მხოლოდ თანამემამულეებზე ნადირობენო.

ვარშავა ნახევრადრუსული ქალაქია. მშობლიური ენა ყოველი ფეხის ნაბიჯზე გესმის და თითქმის ყველა პოლონელი ლაპარაკობს რუსულად. აქ მეტი სისუფთავეა, ვიდრე რუსეთში, მოვლილი ქალაქია. ქუჩები და სახლები ევროპულ ყაიდაზე გამოიყურება. მაღაზიებში კი, ისევე, როგორც რუსეთში, თბილად გესალმებიან და გეკითხებიან, «რას ინებებთ?» როცა ამ კოხტა სახლებს ვუყურებდი, მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში _ ნეტავ რატომ გარბიან ეს პოლონელები საზღვარგარეთ საცხოვრებლად?

8 8 8

ავიალაინერმა ოკეანე გადასერა და რვა საათის შემდეგ ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზე დამსვა _ ქვეყანაში, სადაც ადრე არასდროს ვყოფილვარ და რომელიც ამიერიდან ჩემი ახალი სამშობლო უნდა გამხდარიყო.

პირსონის აეროპორტში ორი თავაზიანი ზანგი მებაჟე დამხვდა. ერთი დიდხანს და ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა ჩემს landed immigrant-ს, თითქოს ყოყმანობდა, მოესინჯა თუ არა მისთვის კბილი, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, ყალბი საბუთი ხომ არ შეაჩეჩეს.

გარეთ გამოვედი თუ არა, სევდა შემომაწვა _ აქაც წვიმდა. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერ ბურუსში იყო გახვეული.

_ ლენა! _ მომესმა ამ დროს ნაცნობი ხმა.

შემოვტრიალდი. ჩემგან ოთხიოდე ნაბიჯის მოშორებით დიმა იდგა _ ჩემი ბიძაშვილი. მაშინვე ვიცანი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთხელ მყავდა ნანახი _ თერთმეტი წლის წინ. წლებს საშინლად შეუცვლია იგი _ ძალზე მობერებული და გამხდარი მეჩვენა. ისეთი ადამიანის იერი ჰქონდა, რომელმაც უკვე ყველაფერი მოასწრო ამქვეყნად, ყველაფრის გამოცდილება მიიღო და ცხოვრებისგან კარგს აღარაფერს ელის. ჯერ ოცდაათისაც არ იყო, მაგრამ რომ შეხედავდი, ორმოცისას ჰგავდა.

ერთმანეთს გადავეხვიეთ. წამოსვლის წინ მოვწერე დიმას, ჩამოვდივარ-მეთქი, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, აეროპორტში თუ დამხვდებოდა.

დიმამ ჩემს ჩემოდნებს ხელი დაავლო და სადღაც გააქცუნა, მანქანით ვარ და მე წაგიყვანო. მის სიტყვებში ვერც სიამაყე ვიგრძენი და ვერც თვითკმაყოფილება. როცა მის ავტოს მივუახლოვდით, მივხვდი, რატომაც. გზის გადაღმა, ბორდიურთან, ძველი «შევროლე» იდგა, გაბზარული საქარე მინითა და საღებავაცვენილი უკანა ფრთით.

დიმა სხვანაირი დამამახსოვრდა. თერთმეტი წლის წინ იგი პეწიანი ლამაზი ბიჭი იყო, ნაცრისფერ პიჯაკში გამოწკეპილი. მაშინ ნათესავებმა მითხრეს, დიმამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ახლა ფიქრობს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლაო.

მაგრამ, როგორც შევატყვე, ყველაფერი შეიცვალა.

დიმა ხან გზას გაჰყურებდა, ხან ცალი თვალით მე შემომხედავდა და თავის ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა გაუთავებლად. ძალიან მშვიდი იყო, თან ისე ყვებოდა ყველაფერს, თითქოს ეს ამბავი მას კი არა, ვიღაც სხვას ეხებოდა.

იგი ემიგრაციაში ექვსი წლის წინ წავიდა. და მალევე მიხვდა, რომ კანადა არ აღმოჩნდა ისეთი ქვეყანა, როგორიც შორიდან ეჩვენებოდა. აქ მას არავინ ელოდა და არც არავის სჭირდებოდა. ვერც თავისი სპეციალობა _ იურისპრუდენცია გამოიყენა ვერაფერში. ოთხი წელი უაზროდ დაჰყო ტორონტოში. გამუდმებულმა უფულობამ საგონებელში ჩააგდო. არც იმის საშუალება ჰქონდა, სხვა სპეციალობას დაუფლებოდა. როცა არაფერი გამოუვიდა, მტვირთავად დაიწყო მუშაობა. და აი, ახლა _ ყოფილი წარჩინებული მოსწავლე, უამრავი ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროსმედალოსანი ბიჭი მთელი დღე ფქვილით სავსე ტომრებს დაათრევს საწყობიდან საწყობში მარიხუანით დაბოლილ ზანგებთან ერთად.

დიმას ბინამ ისეთივე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორიც მისმა მანქანამ. არაფერი მითქვამს, რადგან არ მინდოდა მისი წყენინება. აბა, რა ეგონა, სამშობლოდან თუ გამოიქცეოდა, უცხო ქვეყანაში ოვაციებით მიიღებდნენ?

გაგრძელება იქნება