ეკა კვალიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ გადაცემაში "აკუსტიკა" თემურ ცაგურიას ტექსტზე მის მიერ შექმნილი სიმღერა "დამივიწყე" შეასრულა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
"საქართველოში ბადალი არ გყავს! შენი ტოლი და სწორი არავინ არის! შენ ხარ ოლიმპოზე მჯდომი სცენის დედოფალი!", "უნიჭიერესი ეკა კვალიაშვილი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ქართულ ესტრადაში", "ეკა, სასწაული ნამღერი, საოცარი ვოკალი", "საოცარი ნამღერია, უბადლო, შეუდარებელი ქალი", - მსგავსი შინაარსის არაერთ შეფასებას ნახავთ ვიდეოს ქვეშ.
ეკა კვალიაშვილის განვლილი გზა
ქერათმიანი, მომხიბვლელი ეკა კვალიაშვილი ქართულ სცენაზე წლების წინ გამოჩნდა. 1990-იანების თაობამ მისი სიმღერები ლამის ზეპირად იცოდა: "ვედრება", "სიყვარულის სანთლები", "დაასხი", "ერთადერთო" - ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოუსმენია და ხალხში დღესაც პოპულარულია. ეკა კვალიაშვილი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მას არაერთი პრესტიჟული პრემია და ტიტული აქვს მინიჭებული, მათ შორისაა: "მის-როკ ევროპა-92", "2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი", "2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი" და ა.შ.
- როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და რა როლი შეასრულა ამაში ოჯახმა - დედამ, მამამ და მამიდამ - ცნობილმა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა?
- მუსიკისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული ბავშვობის წლებიდან მოდის. ჩემს ახლობლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თავიდანვე მომღერლად დავიბადე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს "ხელოვნების სავანე" და ამ სავანეში ჩემზე ყველა ზრუნავდა. მშობლების თქმით, 1 წლის და 3 თვის ასაკში უკვე სრულფასოვნად ვლაპარაკობდი და ვმღეროდი. უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი, რჩეული სიმღერები მქონდა, რომელსაც სულ ვმღეროდი და ეს სიმღერები საკმაოდ სერიოზული, არაბავშვური იყო. ოჯახმა მუსიკისადმი ჩემი მიდრეკილება შენიშნა და საქმეში მამიდა - მარიკა კვალიაშვილი ჩაერთო, მას დედაჩემმაც მხარი აუბა და ტელევიზიაში მიმიყვანეს.
- სცენაზე პირველი გამოსვლა როგორ გახსენდებათ?
- ის დღე ძალიან ტკბილად მახსენდება: საბავშვო გადაცემაში გამოვედი და მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შევასრულე. მახსოვს, იმ გადაცემას გენიალური ტელეწამყვანი - ჯულიეტა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ასე შედგა ჩემი მუსიკალური დებიუტი. 3 წლის შემდეგ ისევ მივედი სატელევიზიო გადაცემაში და ისევ მამიდას სიმღერა შევასრულე. ამის შემდეგ, ჩემმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ სრულყოფილი მუსიკალური განათლება მიმეღო: ჯერ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს ფორტეპიანოს განხრით, ამის შემდეგ პირველ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, სიმღერა არასდროს შემიწყვეტია. ამ პროცესში ჩემი ოჯახის წევრებიც მუდმივად იყვნენ ჩართული.
წაიკითხეთ სრულად