დედობა 39 წლის ასაკში და ოჯახური კადრები: ნინო მუმლაძე დედის ამპლუაში და ახალი ფოტოები პატარა რონისთან ერთად - Marao

დედობა 39 წლის ასაკში და ოჯახური კადრები: ნინო მუმლაძე დედის ამპლუაში და ახალი ფოტოები პატარა რონისთან ერთად

2025-07-07 12:19:45+04:00

ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობი ნინო მუმლაძე 39 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა. ამ საკითხზე მსახიობი თავადაც არაერთ ინტერვიუში საუბრობდა:

"სიყვარულს ასაკი არ გააჩნია. ზუსტად იმ ემოციით გავთხოვდი, რა ემოციაც 16 წლისას მექნებოდა და ზუსტად ისე დაფრინავდნენ პეპლები... ყველაფერს აქვს თავისი დრო ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ინდივიდუალურად. 20 წლისას მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ყველაფერი სრულდება, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ამ ასაკში ახალი სიცოცხლე დავიწყე", - ამბობდა ნინო. 

  • "დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა..." - ნინო მუმლაძე მშობიარობისა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის შესახებ 

პირველი შვილის, რონის დაბადება მართლაც აღმოჩნდა მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. ახლა ნინო საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ჟურნალისტებთან დედობის გამოცდილებაზეც საუბრობს. პატარა რონის ახალი ფოტოების ქვეშ წერენ, რომ ის ძალიან ჰგავს დედას. 

nino_mumladze

nino_mumladze

ნინო მუმლაძის ოჯახი, შვილი და კარიერა

ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია. 

  • "მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა!" - ნინო მუმლაძის ოჯახური იდილია

ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები". 

2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილს ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია.

მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობდა მსახიობი.