დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძე, გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. უწყების ცნობით, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, დაზიანებული ჰქონდა ფილტვი, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით დაკავებულია ალექსი ახვლედიანი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე გადმოიყვანეს. შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან სახეზე აღენიშნებოდა ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამჟამად, შოკის ხარისხი შემცირებულია და ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. მას უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება პროტოკოლის შესაბამისად.
თორნიკე რიჟვაძის მეუღლეა მაგდა მამულაძე. წყვილს ორი შვილი ჰყავს: ელიზაბეტი და დავითი. მაგდა მუმლაძე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია და ასწავლის იმ სკოლაში, სადაც მათი უფროსი შვილი სწავლობს.2022 წელს, ერთ-ერთი ფოტოსესიის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ რიჟვაძემ უფროსი შვილი საჯარო სკოლაში შეიყვანა, რასაც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ელიზაბეტის პირველი დღე სკოლაში. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებებს გისურვებთ!“
თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, წლები სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და აჭარაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. ის სხვადასხვა დროს ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოებში წამყვან თანამდებობებს იკავებდა.
დავით რიჟვაძის სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება. მაგალითად, როგორც გამოცემა „ბათუმელები“ წერს, 2014 წელს ის, კოლეგა არჩილ ანთაძესთან ერთად, თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით იყო ბრალდებული. საქმე ეხებოდა ველოსიპედის მოპარვის შეტყობინებას, რომელიც პოლიციელებმა დანაშაულად არ ასახეს სტატისტიკაში და ნივთის დაკარგვად გააფორმეს. ორივე პოლიციელმა აღიარა დანაშაული და მათთან განრიდება გაფორმდა. ამის მიუხედავად, ისინი სხვა თანამდებობებზე დაინიშნენ.
თორნიკე რიჟვაძის გადადგომიდან ერთ თვეში, დავით რიჟვაძემაც დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე.