იქ, ტორონტოში… - თავი 2 - Marao

იქ, ტორონტოში… - თავი 2

2025-07-08 10:39:01+04:00

წინა თავი

შემდეგ ვივახშმეთ და დიმამ ლოგინი თავის ოთახში გამიშალა, თვითონ კი ჰოლში დაწვა ტახტზე.

ასე დამთავრდა ის დღე _ ჩემი პირველი დღე ჩემთვის ახალ ქვეყანაში. დიმას ბუნაგი მეორე დილითვე დავტოვე, რათა დროზე მომეძებნა საცხოვრებელი. იმის გაფიქრებაც კი, რომ კიდევ ერთი ღამე მომიწევდა მასთან დარჩენა, მზარავდა.

როცა ბინის პრობლემა მოვაგვარე, სამუშაოს ძებნას შევუდექი. ვყიდულობდი გაზეთებს, ვკითხულობდი განცხადებებს და ვრეკავდი. ხშირ შემთხვევაში ყურმილს არ იღებდნენ. ავტომოპასუხე მადლობას მიხდიდა ზარისთვის და შეტყობინების დატოვებას მთხოვდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ არავინ მიკავშირდებოდა. ხოლო ვისაც ვუკავშირდებოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ ვაკანსია უკვე შეივსო.

ერთხელაც, საღამო ხანს, უშედეგო ხეტიალის შემდეგ, დაღლილ-დაქანცული შინ რომ დავბრუნდი, ავტომოპასუხეზე შეტყობინება დამხვდა. როგორც იქნა, ვიღაც სამსახურს მთავაზობდა. უნდა დამერეკა და ფირმის მდივანს შევთანხმებოდი შეხვედრაზე.

ისე ავღელდი, სუნთქვა შემეკრა. აკანკალებული ხელით ყურმილს დავწვდი და ნომერი ავკრიფე. მდივანმა მითხრა, ხვალ დილით, ათ საათზე ხართ ჩაწერილი მიღებაზეო.

…დიდხანს ვერ დავიძინე. არ მჯეროდა, რომ ნორმალური ცხოვრების დაწყებას შევძლებდი.

8 8 8

«კარგად უნდა ისწავლო», _ მეუბნებოდნენ ბავშვობაში, მაგრამ რატომ, არავინ მიხსნიდა. თუმცა მე მაინც დამჯერი ბავშვი ვიყავი და მშობლებს თვალებში შევყურებდი. სკოლა წარჩინებით დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე და კვლავ დიდი მონდომებით გავაგრძელე სწავლა. მესამე კურსზე ანდრეი გავიცანი. ერთმანეთი შეგვიყვარდა. დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი ამბავი ყველამ იცოდა და ველოდით, როდის ალაპარაკდებოდა იგი ქორწილზე, მაგრამ მოულოდნელმა შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ჰორიზონტზე მიშა გამოჩნდა. მეზღვაური, არაჩვეულებრივი გარეგნობის, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. დავლიეთ, დავთვერი. მერე მოფერება დამიწყო. შემდეგ რა მოხდა, ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს კიდევ არაფერი… გინეკოლოგთან რომ მივედი, გამომიცხადა, თუ აბორტს გაიკეთებ, შეიძლება შვილი არასდროს გეყოლოსო. გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ანდრეიმ ეს რომ გაიგო, მიმატოვა. სამაგიეროდ, ამ ამბავმა მიშა გაახარა ძალიან, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი.

მეექვსე თვეში ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთ. მიშა ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქმარი გამოდგა, მაგრამ… მხოლოდ პირველი ორი კვირა. მერე კი… ყოველდღე ღორივით გალეშილი მთვრალი მოდიოდა შინ. გვიან გავიგე, თურმე პათოლოგიური ლოთი ყოფილა. მთვრალი საშინლად აგრესიული ხდებოდა, ყველაფერს ამტვრევდა, რაც ხელში მოხვდებოდა. ერთხელაც ისე მცემა, ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოში მოვხვდი. მუცელიც მომეშალა. ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, ვეღარ მცნობდნენ. ასე მეგონა, ჩემთვის ცხოვრება დამთავრდა… მაგრამ არა, არაფერიც არ დამთავრებულა, უბრალოდ, ჩემთვის სამყარო გახდა სხვანაირი _ უფრო მოსაწყენი, უფრო ბნელი.

მიშასთან განქორწინება გადავწყვიტე. გადაირია. დანა ყელზე მომაბჯინა და დამემუქრა, თუ დავშორდებოდი, მომკლავდა. რას ვიზამდი, ბედს შევეგუე. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. გამუდმებით დალურჯებული დავდიოდი. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ჩემი ასეთი ყოფა, ერთ ღამეს პოლიცია რომ არ დაგვდგომოდა თავს. მიშა საწოლიდან ააყენეს და მეზობლების თანდასწრებით სახლის გაჩხრეკას შეუდგნენ. პისტოლეტი აღმოუჩინეს, რომლითაც პოლიციელი დაუჭრია თურმე, როცა შემნახველ სალაროს ძარცვავდა ძმაკაცთან ერთად. დაიჭირეს, ვინ აპატიებდა… რამდენიმე თვის შემდეგ დახვრეტა მიუსაჯეს. რა თქმა უნდა, შემეცოდა, მაგრამ მისი დაკარგვა დიდად არ მინაღვლია.

კვლავ მარტო დავრჩი. მერე ჩემი მოსკოველი დეიდა დამეხმარა, კანადაში წამოვსულიყავი სამუშაოდ. სერიოზულად დავიწყე ინგლისურში მომზადება და ორი თვის შემდეგ landed immigrant-იც გავაკეთე. ცოტათი კი მეშინოდა, რადგან ოცდასამი წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება ადვილი არ იყო.

8 8 8

მეორე დილით, გასაუბრებაზე ნახევარი საათით ადრე გამოვცხადდი. ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, რა კითხვებს დამისვამდნენ და არც ის, რა უნდა მეპასუხა.

ოცი წუთის შემდეგ მდივანმა გამომიძახა, თქვენი რიგიაო. კაბინეტში სათვალიანი ჭაღარა მამაკაცი დამხვდა, რომელმაც თავაზიანად ჩამომართვა ხელი და სკამზე მიმითითა.

ინტერვიუ დიდხანს არ გაგრძელებულა. ჭაღარა მამაკაცს აინტერესებდა, მიმუშავია თუ არა ოდესმე მდივნად, რამდენი ხანია, კანადაში ვცხოვრობ და ა.შ. ბოლოს მითხრა, თუ თქვენს სამსახურში მიღებას გადავწყვეტთ, სამ დღეში შეგატყობინებთო და დამემშვიდობა.

მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე. ის სავარძელში იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული და უინტერესოდ ათვალიერებდა ჟურნალს. თავი რომ ასწია და შემომხედა, მომეჩვენა, თითქოს სახე გაუქვავდა. მან მოულოდნელად დაკეცა ჟურნალი, წამოდგა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. შავთმიანი იყო, ელეგანტურ, ძვირად ღირებულ პიჯაკში გამოწყობილი.

_ დილა მშვიდობისა, მის, _ წარმოთქვა წმინდა კანადური აქცენტით, _ მე ჰარი მქვია, ჰოლივუდის ერთ-ერთი კინოკომპანიის წარმომადგენელი ვარ. ახალ ფილმს ვიღებთ და ეპიზოდური როლებისთვის მსახიობებს ვეძებთ. რა თქმა უნდა, თქვენი გარეგნობის პატრონმა შეიძლება მეტსაც მიაღწიოს, თუკი მოისურვებს…

უცნობმა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და ორი თითით გამომიწოდა. სურვილი მქონდა, აბა რა!

ალბათ ზედმეტად ეჭვნარევი სახით დავჩერებოდი სავიზიტო ბარათს, რადგან ჰარის გაეღიმა. მისმა თბილმა ღიმილმა ისეთი გრძნობა გამიჩინა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა მასთან.

_ თანახმა ხართ?

ჰოლივუდი… ეს სიტყვა ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის ძვირფას ავტომობილებთან, იახტებთან, მდიდრულ სასახლეებთან და ბრილიანტასხმულ ლამაზმანებთან ასოცირდებოდა. ანუ იმ ცხოვრებასთან, რომელსაც მხოლოდ ფილმებში თუ ვნახავდი. დაბნეულმა ჰარის თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და სავიზიტო ბარათი ჩანთისკენ გავაქანე. მან კვლავ გაიღიმა. ამჯერად ისე, როგორც უფროსები უღიმიან პატარა, მიამიტ ბავშვებს.

_ მანქანით ხართ?.. არა?.. მაშინ ხვალ, ორ საათზე, მეტრო «კიპლინგის» შესასვლელთან დაგელოდებით. მე წაგიყვანთ, ო კეი?

გაგრძელება იქნება