"რისგან დავიღალე, იცი? როცა ძალადობის ისტორიას ვისმენ და ვამბობ, „მესმის შენი“, ყველას რომ ჰგონია, რომ ეს სტანდარტული ფრაზაა და ვერ უშვებენ, რომ მართლა მესმის,..." - ამონარიდი თინათინ ბერიძის წიგნიდან „მსხვერპლნი" - Marao

"რისგან დავიღალე, იცი? როცა ძალადობის ისტორიას ვისმენ და ვამბობ, „მესმის შენი“, ყველას რომ ჰგონია, რომ ეს სტანდარტული ფრაზაა და ვერ უშვებენ, რომ მართლა მესმის,..." - ამონარიდი თინათინ ბერიძის წიგნიდან „მსხვერპლნი"

2025-07-08 14:24:15+04:00

„ვერ მიმხვდარიყო, როდის გაუუცხოვდა იმ ადამიანებს, რომელთა გარეშე ნაბიჯსაც არ დგამდა და მათ ყველა ტკივილსა თუ სიხარულს იზიარებდა. რა იყო ამ გაუცხოების მიზეზი? იქნებ ის, რომ ყველა მათგანს საკუთარი სადარდებელი ჰქონდა, ერთმანეთისთვის აღარ ეცალათ, თუ გაიზარდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც-რაღაცები უბრალოდ, შენთვის უნდა დაიტოვო, არავის გაუზიარო...“

„დათო ერთადერთი იყო ჩემს ცხოვრებაში, ვისთვისაც არ მიბრძოლია. შენ იცი, ყველაფრისთვის ბრძოლა მიწევდა. ყველასთან, საკუთარ თავთანაც კი. ის კი მოვიდა და დარჩა. დანახვისთანავე ვირწმუნე, რომ არ წავიდოდა, მაგრამ წავიდა...“

tinatin_beridze

„დედაჩემი ძალადობის მსხვერპლი იყო. ვხედავდი მის იარებს, მესმოდა მისი ტირილი და ყოველ ჯერზე, როცა უარს მეუბნებოდა შეთავაზებაზე,რომ ეჩივლა მოძალადისთვის, უსამართლობის შეგრძნების გამო, სიკვდილი მინდოდა.“

„თურმე ადამიანს იმის ცოდნა ამშვიდებს, რომ არაფერი ჩაუდენია, რომ დამნაშავე არ არის. საკუთარ თავთან როცა მართალი აღმოჩნდები, ეს ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისი ყოფილა.“

„უცნაურად იგრძნო თავი, როცა გააცნობიერა, რომ ციხეში დაბრუნება შვებას მოჰგვრიდა. ნუთუ

ასე გადაეჩვია ადამიანებთან ურთიერთობას? იქნებ მარტოობა, ურთიერთობებს გადაჩვევა, უადამიანებოდ ყოფნა არის რეალურად სასჯელი? არა ციხე, არამედ ის, რაც იქიდან გამოსულებს ელოდათ. საკუთარ ნაჭუჭში ცხოვრება და იმედი, რომ ვინმე ამ ნაჭუჭში შემოღწევას შეძლებს, რადგან შენ იქიდან ვერ გამოდიხარ. იქნებ ესაა ციხის კვალი. რეალური სასჯელი?“

„შეცდომას ყველა ვუშვებთ. ის, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს, ეროვნების, სქესისა და ასაკის მიუხედავად, დაშვებული შეცდომებია. ცხოვრება ალბათ იმის მცდელობაა, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვა. მეც დამიშვია შეცდომა, მინანია, გამოსწორების გზები მიძებნია... და ყველა ადამიანი მენანება, ვინც გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს, ვინც რაღაც ზღვარს კვეთს, შედეგად კი შეცდომა დანაშაულად იქცევა.“

„ხო, გაბრაზებული ვარ. ათასი მოძალადე რომ დაიარება თავისუფლად, ყოველდღე რომ კლავენ დედას, ცოლს, მეზობელს ან შეყვარებულს, ეგ მაბრაზებს. არაკაცებით რომ არის სავსე ეს ქვეყანა, ეს ქალაქი და შეიძლება ეს უბანიც, ეს მაბრაზებს. ადამიანებისადმი ნდობა რომ დამეკარგა, ეგ მაბრაზებს“.

„იქნებ უბრალოდ, მისი მოლოდინი გიყვარდა? იქნებ ელოდი, რომ რაღაც ისეთს გეტყოდა, ამ წლებს რომ დაგავიწყებდა? მაგრამ ჩამოვიდა და მიხვდი, რომ ეს ჩამოსვლა ვერაფერს ცვლის…“

„შიშის ყველაზე ძლიერი და ბუნებრივი განცდაა. როგორც საზოგადოდ ყველა შიში, შეცდომის შიშიც აბრკოლებს ადამიანს და ხშირად სწორედ ამ შიშის გამო უშვებს კიდეც ყველაზე დიდ შეცდომას. იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვას, არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.“

„აქ ძნელია იოცნებო. გაიხსენო, ადრე რაზე ოცნებობდი ან საერთოდ თუ აქვს ოცნებას აზრი. იქნებ თავისუფლებასთან ერთად ოცნების უნარიც დავიბრუნო. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება ეს კედლები გავანგრიო და გავიქცე, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, წარსულისგან, აწმყოსგან და მომავლისგანაც კი.  ასე მგონია, წარსულს თავს ვერასოდეს დავაღწევ...“

„თურმე ადამიანი ყველაზე საცოდავი მაშინაა, როცა სრულ სიმართლეს იგებს, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. როცა გატყუებენ, ამ ტყუილით შენს ქმედებას გამართლებას უძებნი. მაგრამ როცა სრულ სიმართლეს გეუბნებიან, როცა ეს სიმართლე პირდაპირ სახეში გირტყამს, ვეღარაფერს აკეთებ. სიმართლე გკლავს. და ეს რაღაცნაირად მტკივნეულია. მტკივნეული და სევდიანი.“

„იცი, რას მივხვდი? ადამიანს ელაპარაკო, მასთან იმეგობრო, სულაც არ ნიშნავს, რომ მის ქმედებას ამართლებ. პირიქით, შეიძლება მასთან ურთიერთობით, იმის მინიშნებით, რომ არასწორად მოიქცა, სწორ გზაზე დააყენო, შემდგომი დანაშაულის ჩადენის გზა მოუჭრა.“

„და ახლა მთხოვთ სიმართლის თქმას? ახლა, როცა ხმა აღარ მაქვს? რწმენა აღარ მაქვს?  როცა წლობით უნახავი დედა მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ჩემი სიმართლისთვის ებრძოლა, მაგრამ საბრძოლველი არაფერი იყო _ აქ უკვე ელოდებოდა სხვისი დაწერილი „სიმართლე“. აღარ მინდა ლაპარაკი! ახლა აღარ! როცა ვყვიროდი, ჩემი არავის ესმოდა და ახლა რამის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მაგალითი მივცე, არ მინდა. ჩემთვის მაგალითის მიმცემი არავინ აღმოჩნდა. ახლა დუმილის დრო დამიდგა! ვისაც გაგება უნდა, ამ დუმილით უფრო მეტს გაიგებს. მე არც ლაპარაკს და მითუმეტეს ყვირილს, არ ვაპირებ. მორჩა!“

„გოგოებო, ქალებო, არ დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ ლამაზები არ ხართ, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ნუ მოექცევით ჩარჩოებში, გაარღვიეთ სხვისი დაწესებული საზღვარი. გაიღიმეთ და იცოდეთ, რომ ასე უფრო თავდაჯერებულები და ლამაზები იქნებით. დაისახეთ მიზანი და დარწმუნდებით, რომ ზოგჯერ შეიძლება იმაზე მაღლა ახტეთ, ვიდრე გგონიათ, რომ შეგიძლიათ.

დაიწყეთ დღეიდან. სარკის წინ დადექით, საკუთარ ანარეკლს თვალი გაუსწორეთ და ხმამაღლა თქვით: მე უკეთესს ვიმსახურებ!“

„რისგან დავიღალე, იცი? როცა ძალადობის ისტორიას ვისმენ და ვამბობ, „მესმის შენი“, ყველას რომ ჰგონია, რომ ეს სტანდარტული ფრაზაა და ვერ უშვებენ, რომ მართლა მესმის, ამით დავიღალე. გგონია, ამ ისტორიების მოსმენა ადვილია? ძალადობა ყველგან _ სახლში, სამსახურში, ტრანსპორტში, სასწავლებელში. ამდენი მოძალადეა ირგვლივ. ყოველდღე ვიღაცას კლავენ. მე დაღლილობასთან ერთად შიში მიპყრობს, რომ ადამიანების ნდობას დავკარგავ. გესმის? ვეღარ შევხედავ ნდობით ადამიანებს და ეს უნდობლობა გამაგიჟებს.“