იქ, ტორონტოში… - თავი 3 - Marao

იქ, ტორონტოში… - თავი 3

2025-07-09 11:15:30+04:00

წინა თავი

შევპირდი, რომ აუცილებლად მივიდოდი. არადა, სულ გადამავიწყდა, რომ მეორე დღეს კიდევ ერთ ბიუროში ვაპირებდი შევლას სამსახურის თაობაზე. ქუჩაში რომ გამოვედი, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, მაგრამ აღარ დავეძებდი, იმდენად მხიბლავდა ჰარის შემოთავაზება.

საღამომდე თავში ათასნაირი აზრი მიტრიალებდა. დილანდელმა შეხვედრამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვცდილობდი, ჩამეგონებინა ჩემი თავისთვის, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვეულებრივი სტატისტის ადგილს თუ გამოვკრავდი ხელს ჰოლივუდის რომელიღაც მეორეხარისხოვან სტუდიაში. ჯობდა, ნაკლებად მეფიქრა ამაზე.

საღამოხანს მაღაზიაში ჩავედი, რომ ვახშმისთვის რამე მეყიდა. ერთი რიგიდან მეორეზე გადავდიოდი და თაროებზე შემოდებულ პროდუქტებს უგულისყუროდ ვათვალიერებდი, ფიქრებით კვლავ იქ ვიყავი, ჰოლივუდში.

_ ღამის შოპინგზე ხართ გამოსული? _ მომესმა უეცრად უკნიდან.

მოვტრიალდი და ჰარი შემრჩა ხელთ. რატომღაც, შემეშინდა კიდევაც ასეთი მოულოდნელი შეხვედრის. მას კვლავ პიჯაკი ეცვა, ოღონდ არა ის, რომელიც დილით… სულ სხვა. როგორც ჩანს, მოუსწრია გამოცვლა.

_ ჰო. მაცივარი გამომიცარიელდა და…

ჰარიმ ირგვლივ მიმოიხედა.

_ ჩემი აზრით, ეს არც თუ იაფიანი მაღაზიაა. არადა, თუ არ ვცდები, თქვენ ახლახან ჩამოხვედით რუსეთიდან.

_ მერე რა, თქვენც ხომ შემოხვედით აქ საყიდლებზე?

_ ჩემი მდგომარეობა სულ სხვაა. მე არც მაქვს უფლება, იაფფასიანში შევიდე. ამან შეიძლება სამსახური დამაკარგვინოს, რადგან კომპანიის დისკრედიტაციაში ჩამეთვლება. რომ არა ასე, ფარმსის მარკეტში შევიდოდი და იქ ვივაჭრებდი.

უნდობლად შევხედე.

_ რატომ მიყურებთ ასე? როცა ეკონომიის გაკეთება შეიძლება, რატომ უნდა დახარჯო ზედმეტი? საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ფულით შეიძინო, თვითონ ფულია. მამაჩემი ასე მეტყოდა ხოლმე.

_ მამათქვენი ებრაელია?

ჰარი დაიძაბა.

_ რას გულისხმობთ?

_ მამათქვენი ჭკვიანი კაცი ყოფილა.

_ სულაც არა. იგი გაკოტრდა და მერე მალევე გარდაიცვალა. ჩვენი მთელი ქონება კი აუქციონზე გაიყიდა. ყველაფრის ნულიდან დაწყებამ მომიწია.

მან ეს სიტყვები მშვიდად თქვა, თითქოს სიამაყითაც კი.      ცელოფანში გახვეული ძეხვის ნაჭრები ავიღე და ურიკაში ჩავაგდე.

_ ამის ყიდვა არ ღირს, _ მირჩია ჰარიმ, _ ამასწინათ გაზეთში წავიკითხე, რომ ისინი ძეხვს ხორცის ნარჩენებისგან ამზადებენ.

პაკეტი ამოვიღე და თავის ადგილზე დავაბრუნე.

_ აბა რას მირჩევთ?

მორიდებით გამიღიმა.

_ რესტორანს, რომელიც აქედან ორიოდე ნაბიჯზეა.

რა თქმა უნდა, დაახლოებით ასეთ პასუხს ველოდი, მაგრამ მაშინვე დათანხმება არ გამოდიოდა.

_ მე კი მარტო ვაპირებდი ვახშმობას.

_ ახლა? _ იმედის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში.

_ არ ვიცი…

_ გადაწყვიტეთ, მე დავიცდი.

8 8 8

_ გამოტყდით, რომ მითვალთვალებდით.

_ ვაღიარებ.

ოფიციანტმა ორი ბლუდა მოიტანა _ ღორის ნეკნები ვერმიშელით და შემწვარი კრევეტები ბოსტნეულის გარნირით. ცოტა დავლიეთ კიდეც, რადგან გული მიგრძნობდა, რითაც დამთავრდებოდა ეს საღამო.

როცა გარეთ გამოვედით, მაისის თბილი ნიავი ქროდა. იმწუთას გულით მინდოდა დამეჯერებინა, რომ მაისი არამარტო ტორონტოში, არამედ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა.

8 8 8

მეორე დღეს მეტროსთან შევხვდი. ჰარი დროზე მოვიდა. ცოტათი შეცბუნებული მეჩვენა, ცოტათი დაბნეულიც, თითქოს რაღაც ვერ გადაეწყვიტა. როცა ამის შესახებ ვკითხე, მხრები აიჩეჩა, უფროსობასთან პრობლემები მაქვსო. მეც დავიჯერე.

დიდხანს მივდიოდით. ის მთელი გზა ბოდიშს მიხდიდა, ცენტრალური ტრასა გადაკეტილია და შემოვლით მიწევს შენი წაყვანაო. ბოლოს, როგორც იქნა, მივედით ადგილზე _ სადღაც, ქალაქგარეთ. ბრემტონის გარეუბანი აღმოჩნდა. ერთ პატარა, არაფრით გამორჩეულ სახლთან შეაჩერა მანქანა. ირგვლივ სიჩუმეს და სიცარიელეს დაესადგურებინა. გამიკვირდა, ფილმის გადასაღებად ერთობ უცნაური გარემო იყო, მაგრამ არაფერი მითქვამს.

საკანივით პატარა ოთახში შევედით, სადაც კიდევ ორი გოგონა დაგვხვდა. მივხვდი, რომ ისინიც იმავე მიზეზით იყვნენ აქ მოსული, რისთვისაც მე. ერთი ზანგი იყო, მეორე, სავარაუდოდ, ლათინოამერიკელი ან სულაც არაბი. ჰარიმ მათთან დამტოვა, დაიცადეთო და გავიდა. ჩემს კონკურენტებს ყურადღებაც არ მოუქცევიათ ჩემთვის, ერთი ეწეოდა, მეორე კედელს შეჰყურებდა ჩაფიქრებული. ირგვლივ მიმოვიხედე. ჩამოხეულშპალერიანი კედლები, დალაქული ჭერი ცუდ ხასიათზე დააყენებდა ადამიანს. ცუდი წინათგრძნობა ამეკვიატა. ვინანე, რომ წამოვედი. სიამოვნებით დავტოვებდი იქაურობას, რომ შემძლებოდა.

უცებ ოთახში კიდევ ერთი გოგონა შემოვიდა, შავგვრემანი, აპრეხილი ცხვირით. მაშინვე მივხვდი, რომ რუსი იყო. იმანაც მომაქცია ყურადღება, ალბათ იმავე მიზეზით. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მას ვერა ერქვა, კალინინგრადელი აღმოჩნდა. ექვსი თვის წინ ჩამოსულა ტორონტოში. ერთხელაც, რესტორანში ერთი ინტელიგენტი მამაკაცი გაუცნია, რომელმაც კინოში ეპიზოდური როლის თამაში შესთავაზა. მას აქ დიდი წონა აქვს, მეტსახელად «პროფესორს» ეძახიანო, მიყვებოდა ვერა. კარგი გოგო იყო, მომეწონა. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ იმ პირობით, რომ დროდადრო ერთმანეთს შევეხმიანებოდით.

და აი, როგორც იქნა, კარი გაიღო და სტუდიაში შეგვიპატიჟეს. იქაც სიბინძურე და ქაოსი დაგვხვდა. კამერები ჩართეს. პროჟექტორების შუქმა თვალები მომჭრა. უეცრად სიბნელიდან შავნიღბიანი მამაკაცი გამოვიდა. იგი ლათინოამერიკელ გოგონას მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს შევამჩნიე, როგორ გაიელვა მის ხელში ლაპლაპა დანამ. ნიღბიანმა დარტყმის იმიტაცია გააკეთა და… სისხლის შხეფები ტანსაცმელზე შემომეწუწა. უნებლიეთ უკან დავიხიე, შეძრწუნებულს სუნთქვა შემეკრა. ეს თამაშს არ ჰგავდა! ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა.

ზანგმა დაიკივლა და კარისკენ გავარდა. შავნიღბიანმა დაჭრილთან ჩაიმუხლა და მისი თავის მოჭრას შეუდგა. მკვლელი არ ჩქარობდა. შევნიშნე, რომ კამერა მისკენ იყო მიმართული _ ამ ყველაფერს იღებდნენ. აი თურმე, როგორ ფილმში უნდა მეთამაშა! მოვიხედე და ვერა დავინახე. ერთ ადგილზე გაქვავებული, უაზრო თვალებით მისჩერებოდა ნიღბიანს. ზანგი კივილით დარბოდა ოთახში და გასასვლელს ამაოდ ეძებდა. ყველა კარი დაკეტილი იყო.

მსხვერპლს მოშორდა თუ არა, მკვლელმა დანა გაწმინდა და ვერასკენ დაიძრა. გოგონა უცებ გამოერკვა და გაიქცა. მაგრამ გასაქცევი არსად იყო. შავნიღბიანი ორი ნახტომით მასთან გაჩნდა და დანა მოუქნია. ვერამ საწყალობლად დაიხრიალა და იქვე უსულოდ დავარდა.

ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ირგვლივ ყველაფერი ატრიალდა. ვიღაცამ ხელისგული ამაფარა პირზე. თვალთ დამიბნელდა. დაყვირება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.

_ ჩუმად! _ ყურში ჩამჩურჩულა ხმამ, _ თუ გინდა, ცოცხალი გადარჩე, გააკეთე, რასაც გეტყვი.

ეს ჰარი იყო.

ნიღბიანი ამჯერად ზანგს გაეკიდა. სწორედ იმწუთას მიუსწრო, როცა ეს უკანასკნელი კარს ხელებს და ფეხებს ერთდროულად უბრახუნებდა. მან სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ უშედეგოდ. დანის ორი მოქნევა და ყველაფერი დამთავრდა.

მე და ჰარი სიბნელეში ვიდექით. კინოკამერა და პროჟექტორები მკვლელისკენ იყო მიმართული, რომელიც მკვდარ ზანგს თავს ჭრიდა.

_ მხოლოდ ერთი წუთი გვაქვს გასაქცევად, _ ჩამჩურჩულა ჰარიმ, _ შენს უკან კარი არ არის დაკეტილი, ღიაა.

…არ მახსოვს, ქუჩაში როგორ აღმოვჩნდი. ირგვლივ საშინელი უკუნეთი იდგა. ჰარი საჭეს მიუჯდა და როგორც კი მანქანაში აღმოვჩნდი, მაშინვე დაქოქა.

_ შენ ახლა მოწმე ხარ, ისინი ეცდებიან, თავიდან მოგიშორონ, _ მითხრა ჰარიმ.

გაოგნებული შევყურებდი მას, რათა გამეგო, რა ხდებოდა. ტორონტოში შევედით თუ არა, ჩემმა მხსნელმა მანქანა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გააჩერა.

_ ვინ ხარ სინამდვილეში და რა გინდა ჩემგან? _ სასოწარკვეთამ შემიპყრო.

ჩაფიქრებულმა მოატრიალა თავი.

_ მე ხელისუფლებაზე ვმუშაობ, სწორედ იმ ორგანიზაციებს ვიკვლევთ, ვინც ასეთ ფილმებს იღებს. შესაძლებელია, შენი დახმარება დაგვჭირდეს.

_ ჩემი?! _ შიშმა ამიტანა.

გაგრძელება იქნება