_ ჰო, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა კი ხვალ საღამომდე უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. ხვალ, რვა საათზე, ეგლინტონ ავენიუზე, რესტორან «მანდარინში» მოხვალ. იქ უამრავი ხალხია, ამიტომ უსაფრთხოდ იქნები. მე თავად დაგიკავშირდები, იქამდე კი პოლიციისგან თავი შორს დაიჭირე. ნებისმიერი მენტი შეიძლება მათი კაცი აღმოჩნდეს.
_ ვისი, მათი? ვინ არიან ისინი? ეს რა ფილმებია, რისთვის იღებენ?
_ ეს არის სურათი, სადაც მკვლელობები სინამდვილეში ხდება. შეკვეთით იღებენ ძალზე მდიდარი კლიენტებისთვის. ამით ფირმების მთელი ქსელია დაკავებული. აქვთ ფილიალები ევროპაში, ამერიკასა და მთელ აზიაში. ონტარიოში ფირმის წარმომადგენელი არის ვიღაც…
_ «პროფესორი», _ ჩემდა უნებურად წამომცდა, არ ვიცი, რატომ, ვერას სიტყვები გამახსენდა.
_ შენ საიდან იცი?
_ იქ ერთმა გოგომ მითხრა… _ და მოვუყევი, რაც ვერასგან მოვისმინე.
_ ჰო, ეგ არის, _ შენიშნა ჰარიმ, _ ძალიან საშიში ადამიანია.
_ ის სათვალეს ატარებს.
_ სათვალეს? ეგ არ ვიცოდი. საინტერესო დეტალია.
_ ჰოდა, შენ გამხვიე ამ შარში. რატომ უნდა გენდო?
_ არჩევანი გაქვს? _ მან მხრები აიჩეჩა, _ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. თავს ვაჩვენებ, თითქოს მათი კაცი ვარ. ბოლოს და ბოლოს, გადაგარჩინე, შემეძლო, თითი არ გამენძრია.
_ რომ არა შენ, მე იქ საერთოდ არ მოვხვდებოდი.
_ მაპატიე, მაგრამ ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია. გასაკვირი არაფერია. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის პრინციპია. იხდი ფულს, ყიდულობ კონცენტრატებისგან დამზადებულ წვენს. მეტს გადაიხდი, ახალგამოწურულს მოგყიდიან. გაინტერესებს ფილმი მანიაკებზე? ათ დოლარად კასეტას შეიძენ და იაფფასიან სანახაობას უყურებ, ხელოვნურად შეთითხნილს. თუ ბევრს გადაიხდი, ნამდვილ მკვლელობას იხილავ.
_ მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა, როგორ შეიძლება…
_ საერთოდ, ადამიანი პირუტყვია, ასეთია მისი ბუნება. ჩვენ ყველას გვჭირდება დიქტატორი, ტირანი. ადამიანური დამოკიდებულება არ დაგვიმსახურებია. ჯერ ამ დონემდე არ მიგვიღწევია. სიმართლე გითხრა, მეცოდება კიდეც ის ნიღბიანი ბიჭი, რთული სამუშაო აქვს, ნერვული. მის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი…
მაოცებდა მისი შეხედულებები. შეძრწუნებული ვუსმენდი.
_ მე თუ მკითხავ, _ გააგრძელა მან, _ ყველაფერს უემოციოდ აღვიქვამ. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი სამუშაოა. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, მე _ ჩემსას. ისინი ფულს გამოიმუშავებენ, მე კი მათ ვიჭერ. არა იმიტომ, რომ არ მომწონს ისინი, უბრალოდ, კანონი კრძალავს მათ საქმიანობას. ჩემი მოვალეობა კანონის დაცვაა. სულ ეს არის.
ვცდილობდი, გამეგო მისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. ვგრძნობდი, ვერც ვერასდროს შევძლებდი. სხვანაირად ვიყავი აღზრდილი, სრულიად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. ჰარიც მიხვდა ამას.
_ გახსოვს, წუხელ რა მითხარი? _ მკითხა, _ მინდა, ერთი რამ იცოდე. დღეს არჩევანის წინაშე ვიდექი _ გადამერჩინე თუ არა. მე შენი გადარჩენა ვამჯობინე და ამას არ ვნანობ.
… ის წავიდა. მე დავრჩი _ მარტოდმარტო სიცოცხლით სავსე ქალაქში…
8 8 8
ჰარისთან შეხვედრამდე მთელი ოცდაოთხი საათი რჩებოდა. როგორმე უნდა გამეყვანა დრო. გადავწყვიტე, სადმე კაფეში შევსულიყავი და ყავა დამელია. საფულე ამოვიღე და ფული გადავთვალე. უცებ ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა ხელთ, ზედ ვერას ტელეფონის ნომერი ეწერა. მინდოდა, გადამეგდო, რომ მოულოდნელად რაღაც აზრმა გამიელვა. «ვერა პეტროვსკაია, ტელ….» რატომ დამიწერა თავისი გვარი? მე ხომ ამით შემეძლო მისი მისამართის დადგენა? განა რამდენი ვერა პეტროვსკაია უნდა იყოს ამ ქალაქში? მახსოვს, მითხრა, ქმარს გავშორდი და მარტო ვცხოვრობო. რამე სხვა ხომ არ ხდება?
ვერას მისამართი უპრობლემოდ გავიგე ცნობარიდან და უკვე ბნელდებოდა, როცა მის სახლს მივადექი. ჯიბეში გაზის პატარა ბალონი ჩავიდე ყოველი შემთხვევისთვის.
ზარი დავრეკე. კარი ჭაღარა ქალმა გამიღო და მითხრა, რომ ვერა ნამდვილად აქ ცხოვრობდა, მაგრამ იყო თუ არა შინ, წარმოდგენა არ ჰქონდა. მეორე სართულზე ამიყვანა. დიასახლისმა ბოლო კარზე მიმითითა. დავაკაკუნე. არავინ გამომეხმაურა.
_ შინ არ არის, _ თქვა ქალმა.
ჯიბეები მოვიჩხრიკე, ვითომ რაღაცას ვეძებდი.
_ წერილს დავწერ და კარის ქვეშ შევუცურებ, _ ვთქვი.
_ როგორც გნებავთ, _ დიასახლისმა მხრები აიჩეჩა.
როცა ქალი გამერიდა და მისი ნაბიჯების ხმა მიწყდა, გადავწყვიტე, როგორმე ვერას ოთახში შემეღწია. მაგრამ როგორ? დანა დამჭირდებოდა ან ნაჯახი. ვინ მომცემდა? მექანიკურად ჩამოვწიე კარის სახელური. აი, საოცრება… კარი გაიღო. ოთახიდან ძალიან უცნაური შრიალის ხმა გამოდიოდა. დაძაბულმა მივაყურადე. ნუთუ ვინმეა სახლში? მუხლები ამიკანკალდა. სწრაფად გავიწიე კედლისკენ, რომ სადმე დავმალულიყავი. სამზარეულოში შევვარდი და მაცივრის გვერდით ჩავიცუცქე.
უცებ ოთახიდან ორი კაცი გამოვიდა _ პატარა, ულვაშიანი ჩინელი და ჩაფსკვნილი საშუალო სიმაღლის კიკინიანი ტიპი. ისინი ვერ მხედავდნენ.
გარედან დიასახლისის ნაბიჯების ხმა გაისმა. ორივე იქითკენ გაემართა. როცა თვალს მიეფარნენ, სამალავიდან გამოვედი და ოთახს მივაშურე. იქ საშინელი უწესრიგობა დამხვდა. მთელ იატაკზე იყო ნივთები მიმოფანტული _ ტანსაცმელი, თეთრეული, წამლის აბები, ჩასახვის საწინააღმდეგო კაფსულები, აუდიო-ვიდეო კასეტები, რაღაც ცნობები, დოკუმენტები…
ფრთხილად დავბორიალებდი აქეთ-იქით, თან ვჩქარობდი, მეშინოდა, არ მომისწრონ-მეთქი, ამავდროოულად, გულისყური კარისკენ მქონდა. აი, წიგნი რუსულ ენაზე. რაღაც ჩანაწერები სუკ-ის დანაშაულებრივ მოქმედებებზე. სწრაფად გადავშალე. იქიდან ასოებით აჭრელებული
რაღაც ნივთი გადმოვარდა. იქნებ შიგნით მისამართებია? დავიხარე და ავიღე. მართალი აღმოვჩნდი. ტელეფონების მინიატურული ბლოკნოტი იყო. თვალი გადავავლე გვარებს. «პროფესორი», ეწერა ერთ-ერთი ნომრის გასწვრივ. სწორედ ის არის, რაც მჭირდება, გავიფიქრე. გული გამალებით მიცემდა.
…კართან მდგარი სილუეტი მაშინვე შევნიშნე. შიშისგან დამბურძგლა. ჩინელი გაუნძრევლად იდგა და დაჟინებით მომჩერებოდა.
წამები წყვეტდა ყველაფერს. ელვის უსწრაფესად დავაძრე ჯიბიდან გაზის ბალონი და ჩინელს პირდაპირ სახეში მივუშვირე. ის ამას არ ელოდა. ერთი დაიყვირა და სახეზე აიფარა ხელები. ამით ვისარგებლე, ხელი ვკარი, დერეფანში გამოვვარდი და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. გასასვლელთან მისული, სიბნელეში რაღაც რბილს წამოვედე. კარი რომ გამოვაღე, გარედან შემოსულმა მთვარის შუქმა იქაურობა გაანათა. იატაკზე სისხლის გუბეში მცურავი დიასახლისი ეგდო. დანა ყელში ჰქონდა გარჭობილი.
ქუჩაში კიკინიანი ტიპი დავლანდე. ის მშვიდად სცემდა ბოლთას ტროტუარზე. შორიახლო მუქი წითელი ფერის «ვოლვო» იდგა. მომხდარით შეძრული ადგილზე შევდექი და მერე ნელ-ნელა უკან დავიხიე, სიბნელისკენ. კიკინიანმა ვერ დამინახა. მეორე კარს მივადექი. ჩემდა საბედნიეროდ, ღია დამხვდა. უხმაუროდ შევედი შიგნით. აშკარად, დიასახლისის საცხოვრებელი იყო. ირგვლივ სისუფთავე სუფევდა. ოთახიდან ოთახში გადავდიოდი, სანამ ბოლო კარმა ბაღში არ გამიყვანა. გარშემო უამრავი ვარდი ყვაოდა, სასიამოვნო სურნელი ცხვირში მომელამუნა. წითელი ქვებით მოკირწყლულ ვიწრო ბილიკს გავუყევი, რომელმაც ქუჩაზე სხვა მხრიდან გამიყვანა. კიკინიანი ტიპი იმავე ადგილას იდგა, მანქანასთან ახლოს. გამოსვლისას ის ყურადღებით მომაჩერდა, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია. მოულოდნელად სახლიდან ყვირილის ხმა მოისმა. ჩინელი იყო. ქუჩაში მდგარი კიკინიანი მისკენ გაიქცა. როგორც კი იგი სახლში შევარდა, მე მისი მანქანისკენ გავიქეცი. იმედი არ მქონდა, რომ გასაღები შიგ ჩატოვებული დამხვდებოდა, მაგრამ მაინც უნდა მეცადა. ჩემი ერთადერთი ხსნა ახლა ეს იყო.
გაგრძელება იქნება