იღბალი მქონია! გასაღები თავის ადგილზე დამხვდა. მართალია, ავტომობილი არ მქონდა, მაგრამ ტარება ვიცოდი, ექვსი თვე დავდიოდი კურსებზე და მართვის მოწმობაც ავიღე. ნახევარი წუთიც არ დამჭირვებია, რომ «ვოლვო» დამექოქა. ადგილიდან დავიძარი თუ არა, სიჩქარეს მოვუმატე. უეცრად ორი გასროლის ხმა გავიგონე და… საქარე მინაზე ორი ნახვრეტიც გაჩნდა. მკვეთრად მოვატრიალე საჭე და პირველსავე ქუჩაზე გადავუხვიე.
მთელი სისწრაფით მივქროდი. საჭის გვერდით მოციმციმე საათის ციფერბლატი ათის ნახევარს უჩვენებდა. პირველ რიგში, იმაზე უნდა მეზრუნა, სად გამეთია ღამე. ერთადერთ იმედად დიმა მრჩებოდა. მანქანა განათებისგან მოფარებულ ადგილას გავაჩერე და სირბილით გადავჭერი ქუჩა, რომ ტელეფონის ავტომატიდან დამერეკა, თან შეშლილივით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით. მონეტა ჩავაგდე და ის იყო, დიმას ნომერი უნდა ამეკრიფა, რომ თავში გიჟურმა აზრმა გამიელვა… ავდექი და სუნთქვაშეკრულმა ის საშინელი ნომერი ავკრიფე, «პროფესორს» რომ ეკუთვნოდა.
ყურმილში თავიდან სიჩუმემ დაისადგურა, მერე შრიალი გაისმა, მერე _ ზუმერის ხმა, ბოლოს კი ვიღაცამ მიპასუხა.
_ ააალო, _ გაისმა მამაკაცის ხმა… თავს დავდებდი, რომ ეს ხმა სადღაც უკვე მქონდა მოსმენილი.
ამისთვის არ ვიყავი მზად. პირი უნდა გამეღო, რაღაც უნდა მეთქვა. ყურმილიდან ხომ ვერაფერს დამიშავებდა, მაგრამ ვერ შევძელი. სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი, კრინტიც ვერ დავძარი. უცნობმა ყურმილი მაშინვე დაკიდა.
რა ნაცნობი ხმა იყო! იქნებ მომეჩვენა? ჭკუიდან ხომ არ ვიშლები? ზედმეტად ბევრი თავგადასავალი ხომ არ არის ასე მოკლე ხანში? იქნებ დღეისთვის საკმარისია?
ცოტა ხნით გამოვედი ჯიხურიდან და იქვე, ხის მერხზე ჩამოვჯექი. ფეხები რომ დავასვენე, ახლაღა მივხვდი, როგორი დაღლილი და ერთიანად დაძაბული ვიყავი. ერთხანს თვალდახუჭული ვიჯექი და ღამის ქალაქის ხმაურს ვუგდებდი ყურს. მრბოლავი მანქანების და მუსიკის ხმები ერთმანეთში ირეოდა. კვლავ ჯიხურში შევბრუნდი და დიმას ნომერი ავკრიფე. გაუხარდა, რომ დავურეკე და მითხრა, რამდენ ხანშიც გინდა მოდი, დაგელოდებიო.
ცოტათი დავმშვიდდი, მაგრამ როცა მანქანისკენ გავეშურე, იქვე მდგარი პოლიციელი შევნიშნე. ეგღა მაკლდა. დუბინკიანი შავკანიანი ყურადღებით დასჩერებოდა ტყვიით გახვრეტილ მინას. მივუახლოვდი თუ არა, ეჭვმიტანილივით ამათვალიერა და საბუთები მომთხოვა. «ვოლვოში» ჩავჯექი და გამოსაწევ უჯრაში ქექვა დავიწყე, თან ვითვლიდი, რამდენი წამი დამჭირდებოდა მანქანის დასაქოქად.
უეცრად გასროლის ხმა გაისმა და მანქანასთან მდგარი პოლიციელი უსულოდ დავარდა ძირს. თავი ავწიე და ქუჩის მეორე მხარეს, პისტოლეტით ხელში, ჩინელი შევნიშნე. არ მახსოვს, როგორ მოვსხლიტე მანქანა ადგილიდან…
კარგა მანძილი რომ გავიარე, სარკეში ჩავიხედე. პოლიციის მანქანის ანთებული ფარები თანდათან მიახლოვდებოდა. მოსახვევში ჭკუა ვიხმარე, მთელი ძალით დავაწექი პედალს და როგორც კი მეორე ქუჩაზე შევუხვიე, გაქანებული მანქანიდან ტროტუარზე ჩამწკრივებულ ბუჩქებში ვისკუპე. წამიც და «ვოლვო» ბოძს შეეჯახა. პოლიციელი ამან დააბნია, რის გამოც დამუხრუჭება ვერ მოასწრო და «ვოლვოს» ზედ შეასკდა. აფეთქების საზარელმა ხმამ ყურები დამიგუბა. ირგვლივ ყველაფერი შავი კვამლით დაიფარა.
8 8 8
დიმას ბუნაგს რომ მივაღწიე, უკვე შუაღამე იყო. მან გამიღიმა და ნამძინარევი ხმით მითხრა, ლოგინი გაშლილია და შეგიძლია დაწვეო. მინდოდა ბოდიში მომეხადა, რადგან ვიცოდი, დილით ადრე უნდა წასულიყო სამსახურში, მაგრამ ისე ვიყავი გასავათებული, ლაპარაკის თავი არ მქონდა.
დავწექი, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე დაძინება. თვალწინ «პროფესორის» ტელეფონის შვიდნიშნა ნომერი მიტრიალებდა. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ მისი ხმა სადღაც ნამდვილად მქონდა მოსმენილი, თანაც სულ ახლახან…
შვიდის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი. დიმა სამზარეულოში ტრიალებდა. მთელი ღამის უძინარი გალახულივით ვგრძნობდი თავს, მაგრამ ლოგინში მაინც ვერ გავჩერდი.
დიმა საუზმით გამიმასპინძლდა, თან მალულად ჩემს შიშველ ფეხებს არ აშორებდა თვალს. მერე ნაჩქარევად დამემშვიდობა და სამსახურში წავიდა. გასვლისას მომაძახა, ხვალ ვისვენებ და თუ გინდა, ქალაქს დაგათვალიერებინებო, მაგრამ უარი ვუთხარი, მუშაობას ვიწყებ და ვერ მოვიცლი-მეთქი. კარი გაიხურა თუ არა, ფეხებზე დავიხედე. ერთიანად დალილავებული მქონდა. ალბათ მანქანიდან რომ გადმოვხტი, ძლიერად დავეცი მიწაზე. იმ წუთებში ამაზე არც მიფიქრია. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მტკიოდა კიდურები.
8 8 8
მთელი დღე უაზროდ დავხეტიალობდი. მოსაღამოვდა თუ არა, «მანდარინისკენ» გავემართე. ეს ჩინური რესტორანი ნამდვილი გურმანებისთვის იყო. ვისაც ნოყიერად ჭამა უყვარდა, ყველა აქ მოდიოდა. მომსახურების სისტემას «შვედური მაგიდა» ერქვა. ერთხელ გადაიხდიდი და მერე რამდენსაც მოისურვებდი, იმდენს შეჭამდი, არავინ გაკონტროლებდა. კერძების უზარმაზარი არჩევანი იყო, ამიტომაც განსხვავდებოდა «მანდარინი» სხვა რესტორნებისგან. განსაკუთრებით ემიგრანტები სტუმრობდნენ აქაურობას, ძირითადად _ რუსები და პოლონელები.
სხვა დროს მეც სიამოვნებით მივივრთმევდი ჩინელების კერძებს, მაგრამ არა დღეს. მხოლოდ ფინჯანი ყავით შემოვიფარგლე.
ოფიციანტს შეკვეთა მივეცი და მის მოლოდინში ფანჯარაში გავიხედე. ცოტა ხანში მან ქაფქაფა შავი ყავა მომიტანა და მკითხა, კიდევ ხომ არ ვინებებდი რამეს. თავაზიანი უარით გავისტუმრე და დარბაზში მიმოვიხედე. მაგიდები სავსე იყო ჭამაში გართული ადამიანებით. ჰარი ჯერ არ ჩანდა.
ყავაში ორი პაკეტი შაქარი ჩავიყარე და კოვზით მორევა დავიწყე… დიდხანს ვურევდი… ჩამძინებია…
ოფიციანტის ხმამ გამომაფხიზლა.
_ უკაცრავად, მის, _ მომმართა ჩემკენ ოდნავ დახრილმა, _ ჩვენთან დაძინება არ არის მიღებული. და კიდევ… თუ თქვენ მის ელენა ხართ, მაშინ ტელეფონთან გთხოვენ.
ამის გაგონებაზე შევკრთი, მაგრამ მოვახერხე თავის ხელში აყვანა. ბოლოს და ბოლოს, ჰარის გარდა ვის უნდა ცოდნოდა, აქ რომ ვიყავი? ცახცახი დავიოკე და ბარისკენ გავემართე.
ჰარი იყო. იგი სწრაფად ლაპარაკობდა. დრო არ იცდის და ნახევარ საათში ბრემტონის გარეუბანის დასაწყისში დაგელოდებიო.
ჯიბეში ასი დოლარი მედო, დილით დიმას ვესესხე. ადგილზე დავბრუნდი, ყავა დიდი ყლუპებით ჩავისხი სტომაქში და ტაქსის დასაჭერად ქუჩაში გავვარდი.
ჩემი მაჯის საათი ზუსტად ცხრას უჩვენებდა. როგორც იქნა, მივაღწიე ბრემტონამდე. ეს სწორედ ის ადგილი იყო, საიდანაც გუშინ გამოვიქეცით. გზიდან გადავუხვიე და ტყეში ამოვყავი თავი. ნამდვილი ჩრდილოამერიკული ტყე იყო, ისეთი, კუპერი და მაინ რიდი რომ აღწერენ თავიანთ რომანებში, მაგრამ რომანტიკისთვის არ მეცალა. ბნელოდა, თუმცა სავსე მთვარე შეძლებისდაგვარად მინათებდა გზას. გონებიდან მაინც არ მშორდებოდა ის შვიდი ციფრი, «პროფესორის» ტელეფონის ნომერი. თითქოს ძალიან, ძალიან ნაცნობი ნომერი იყო და სულ მალე გამახსენდებოდა…
მოიცა! მოიცა! ეგ არის! უკვე ვიცოდი, ვის ეკუთვნოდა ეს ნომერი. გამოცანა ადვილი იყო, მაგრამ უფრო კოშმარული, ვიდრე წარმომედგინა.
გაგრძელება იქნება