იქ, ტორონტოში… - თავი 6 - დასასრული - Marao

იქ, ტორონტოში… - თავი 6 - დასასრული

2025-07-12 11:32:04+04:00

წინა თავი

ჯიბის ფარნის შუქმა თვალი მომჭრა. უნებლიეთ გვერდზე გავხტი, თანაც _ დროულად. ჩინელის გამოტყორცნილი დანა სულ რამდენიმე სანტიმეტრით ამცდა და ხეში ჩაერჭო. ჩინელის უკან კიდევ ერთი სილუეტი დავლანდე _ კიკინიანი ტიპი.

_ ადგილიდან არ დაიძრა! _ გავიგონე უეცრად ხმა.

ეს ჰარი ყვიროდა. იგი ჩემ ზურგს უკან იდგა. გაისმა სროლის ხმა და ჩინელი მოცელილივით დაეცა მიწაზე. ჰარიმ მეორეჯერაც გაისროლა, მაგრამ ააცდინა. კიკინიანმა დაასწრო, სანამ მესამედ გაისვრიდა და ჰარისკენ გაქანდა. მას ხელში ლაპლაპა დანა ეჭირა.

საშინელების მოლოდინში თვალები დავხუჭე… როცა გავახილე, ყველაფერი დამთავრებული იყო _ ჰარის ბანდიტისთვის ყელი გამოეჭრა.

_ კარგად ხარ? _ მკითხა მან.

პასუხი არ გავეცი. იგი დაიხარა და ბალახებში რაღაცას დაუწყო ძებნა.

_ რატომ დახოცე? _ რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, _ მე უკვე ვიცი, რომ «პროფესორი» შენ ხარ. იმ რუს გოგონას ჰქონდა შენი ნომერი. თავდაპირველად სათვალემ შეცდომაში შემიყვანა, თუმცა მერე მივხვდი, რომ ლინზებს ატარებ… რატომ დახოცე ისინი?

ჰარიმ თავი ასწია. დიდხანს და დაკვირვებით მიყურებდა. მერე პისტოლეტმომარჯვებული ჩემკენ დაიძრა.

_ დიდი ხანია, ამას მიხვდი?

_ ოთხი წუთის წინ, თორემ უფრო ადრე რომ მივმხვდარიყავი, არ მოვიდოდი.

_ და ამის მერე სერიოზულად ფიქრობ, რომ აქედან ცოცხალს გაგიშვებ?

პისტოლეტს თვალს არ ვაშორებდი. არ უნდა მეთქვა, რომ ეს ვიცოდი.

უცებ იქაურობა ისე განათდა, როგორც თეატრში, წარმოდგენის დაწყების წინ. ხეებს მიღმა პოლიციის რამდენიმე მანქანა დავინახე.

_ ჰარი! _ ყვიროდა ვიღაც, _ დააგდე იარაღი, ვერსად გაგვექცევი!

შეუმჩნევლად დავიწყე უკან დახევა, ფერდობისკენ, თან ტოტს ჩავეჭიდე, რომ არ დავგორებულიყავი. ჰარიმ ორჯერ გაისროლა. საპასუხოდ ისეთი ბახაბუხი ატყდა, შიშისგან მიწაზე გავერთხე და სახე ბალახში ჩავმალე. როცა სროლა შეწყდა, თავი ავწიე. ჰარი ჩინელის გვერდით ეგდო გულაღმა გაშოტილი…

რატომღაც, ჩემით არავინ დაინტერესდა. გვამები მოხვეტეს და მანქანებში ჩაყარეს. კიდევ რამდენიმე წუთი და იქაურობა დაცარიელდა. აუტანელმა სიჩუმემ მოიცვა ტყე. სირბილით გავედი ქუჩამდე. ყველა მანქანას ხელს ვუწევდი, მაგრამ არავინ მიჩერებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ ინდოელს შევეცოდე და ტორონტომდე ჩამომიყვანა…

მეორე დღეს იმიგრაციული სამსახურიდან ორი ტიპი მომადგა. მათ დეპორტაციის ბრძანება გადმომცეს, რომელიც იუწყებოდა, რომ ჩემი კანადაში დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ისინი უსაფრთხოების გარანტიას ვერ მომცემდნენ. ავუხსენი მოსულთ, რომ ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა და მეორე დღეს მივემგზავრებოდი.

8 8 8

აერპორტის მოსაცდელში ვიჯექი, ათიოდე წლის ბიჭი რომ მომიახლოვდა.

_ მის ელენა თქვენ ხართ? _ მკითხა მან.

თავი დავუქნიე.

_ მაშინ ეს თქვენ. _ და წითელი მიხაკების თაიგული გამომიწოდა.

_ ვისგან? _გავიკვირვე.

_ ერთი ბატონისგან, _ მიპასუხა ბიჭმა და ბრბოში გაუჩინარდა.

თავი ავწიე და უცებ ჰარი დავინახე. ის მეორე სართულზე იდგა და თვალს არ მაშორებდა. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი სახის დამახსოვრებას ცდილობდა ძალიან დიდი ხნით, მთელი ცხოვრება…

ხმაური, გადაძახილები, ფაციფუცი… უზარმაზარი აეროპორტის ყოველდღიური სუეტა თითქოს წამით მიყუჩდა. ჩვენ შევცქეროდით ერთმანეთს. განსაკუთრებით ლამაზი მომეჩვენა იმ წუთებში. მართლა ძალიან ლამაზი იყო.

თაიგული სავარძელზე დავდე, მხოლოდ ერთი ცალი მიხაკი ჩავიდე ლაბადის ჯიბეში.

_ მის, მოდიხართ? _ დამიძახა ამ დროს წვერმოშვებულმა მებაჟემ.

კიდევ ერთხელ გავხედე ჰარის და მებაჟისკენ შევტრიალდი.

_ ჰო, მოვდივარ…

 

ეპილოგი

წითურთმიანი გოგონა შპალერჩამოტყავებულკედლებიან ოთახში შევიდა და გაოცებულმა მიმოიხედა.

_ ეს რა, საღორეა? _ ხმამაღლა იკითხა.

საიდანღაც, სიბნელეს რეჟისორი გამოეყო.

_ ვიღებთ პირველ დუბლს, _ თქვა მან, _ შენ კოცნი პარტნიორს. ის კი დანას იღებს და გკლავს, გასაგებია?

_ რა, მართლა მკლავს? _ გადაიკისკისა გოგონამ.

_ ჩავთვალოთ, რომ მართლა. ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოვიდეს.

პროჟეტორები აინთო. კამერები ჩართეს. კუთხიდან შავნიღბიანი მამაკაცი გამოვიდა და წითურთმიანს ხელი მოხვია.

_ ოღონდ მაგრად არ მიჩხვლიტო, _ უჩურჩულა გოგონამ.

დანამ ჰაერში გაიელვა და წითურთმიანის ყელში გაიარა. იატაკი თბილმა, წებოსავით სქელმა სისხლმა დატბორა…

დასასრული