დავიწყოთ თავიდან - თავი 1 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 1

2025-07-14 10:42:31+04:00

სხვა ნოველები 

ნიცამ შუბლიდან სათვალე ჩამოიწია და თვალები კვლავ დაუმალა მზეს. ნებივრად გაწოლილიყო შეზლონგზე. სიამოვნებდა, მცხუნვარე სხივები რომ ელამუნებოდა სხეულზე, კარგა გემრიელად შეეცვალა ფერი, კანი შოკოლადისფერი გაუხდა. აი, თვალები კი… ცოტა არ იყოს, ეწვის ბოლო დღეებში, ალბათ მზის ბრალია, ამიტომ აჯობებს, ხანდახან მოარიდოს ისინი მწველ სხივებს. უკვე მესამე კვირაა, აუზზე დადის, თან მარტო. არ უყვარს, როცა თან ვინმე ახლავს. აი, თამუნა დაჰყვებოდა შარშან და ლამის ტვინი გამოულაყა, იმდენს ყბედობდა. ღმერთო, რა ჭორიკანაა! მთელი თბილისის ამბები ზეპირად იცის _ მართალიც და ტყუილიც, გამოგონილიც და გამოუგონებელიც! ნიცას კი არავის პირადი ცხოვრება არ აინტერესებს, კარჩაკეტილ ცხოვრებას არის ჩვეული. სტუდენტობის დროსაც კი მხოლოდ ერთი-ორი ახლო მეგობარი თუ ჰყავდა, დანარჩენებთან «გამარჯობა-ნახვამდის» პრინციპით ურთიერთობდა. რა ქნას, ბავშვობიდან ასე გაიზარდა. ყველგან და ყოველთვის დედა დაჰყვებოდა თან, წამითაც არ უშვებდა არსად მარტო. უფროსი ძმაც, მათე, ისეთი მკაცრი ჰყავს, მტრისას! აქაოდა, ქალებს კარგად ვიცნობ, ვიცი, რისი მკისრებელნიც არიანო, გამუდმებით აკონტროლებდა. როდის სად მიდიოდა, რამდენი ხნით… შინ დროზე უნდა მოსულიყო, არავითარი დაგვიანება! უმამოდ გაზრდილ და-ძმას სხვა ახლობელი არავინ ჰყავდა, დედის გარდა, ამიტომაც მათე თავს ვალდებულად მიიჩნევდა, დის მეთვალყურეობა თავად ეკისრა, როგორც ოჯახის ერთადერთ უფროსს და მარჩენალს…

ჰო, მარჩენალს, რადგან ის ბიზნესმენია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენიც და დედას და დას არაფერს აკლებს. უფრო მეტიც, ზედმეტად ანებივრებს უმცროს დაიკოს _ საჩუქრები გინდა, სიურპრიზები, გასეირნებები, მოგზაურობა თუ სხვა ამგვარი რამ, იმ დოზით აქვს, რომელზეც სხვა გოგონებმა შეიძლება მხოლოდ იოცნებონ. ერთადერთი, რაშიც შეზღუდულია, თავისუფლად «მისვლა-მოსვლაა», განსაკუთრებით პაემანზე. ამაზე არც იწუხებს თავს ნებიერა გოგო, ჯერ არც ერთი მამაკაცი მის გულს არ გაკარებია. ოცდაერთი წლისაა და ჯერ ისეთი არავინ გამოჩენილა ჰორიზონტზე, რომ მისი გული აეფორიაქებინა.

ამ ფიქრებში იყო, რომ მოულოდნელად სახეზე ჩრდილი დაეცა. ზანტად გახილა თვალები… ვიღაც მამაკაცი დადგომოდა თავს. მზე ისე უჭყიტინებდა თვალებში, წესიერად ვერც გაარჩია მისი სახე, ამიტომ თვალები მოხუჭა და ისე ახედა უცნობს.

_ თქვენ მზეს მიჩრდილავთ, _ ცივად მოიშველია ცნობილი გამოთქმა, სათვალე მოიხსნა და უტიფრად აზიდა წარბები.

_ მზეს მე კი არა, თქვენი სათვალე გიჩრდილავთ, _ ნიშნის მოგებით უპასუხა მამაკაცმა და დოინჯშემოყრილმა გვერდზე გაიწია, _ აქ ადგილი თავისუფალია? ხელს ხომ არ შეგიშლით, შეზლონგი რომ გავშალო?

ნიცა წამოჯდა და გულდასმით შეათვალიერა მოსული… ვაიიი! რა მაგარი ტიპია?! საიდან გაჩნდა? ასეთ მამაკაცს, სულ რომ შეავიწროვოს, როგორ ეტყვის უარს?!

_ თავისუფალია, რა თქმა უნდა, _ შეცბუნებულმა თავი დაუქნია და კვლავ გაწვა, ვითომ დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენას მასზე ეფექტი სულაც არ მოეხდინოს.

კარგა ხანს ესმოდა შეზლონგის ხრიგინის ხმა. შემდეგ კი, როცა ხმაური მიწყდა, ისეთი სიწყნარე გამეფდა მის ირგვლივ, გაუკვირდა კიდეც, ხომ არ გადაიფიქრა უცნობმა და სხვაგან ხომ არ გადაინაცვლაო. ოდნავ გაახილა თვალები და სათვალის ქვემოდან მალულად გაიხედ-გამოიხედა…

არა, აქ არის! ზუსტად მის გასწვრივ გაშოტილა! «აუ! რა ტანი აქვს! ალბათ სპორტსმენია! ცოტათი თომასაც კი ჩამოჰგავს… მაგრამ აა-რააა! ჩემი ძმა ბევრად უკეთესია… ვითომ?.. ჰო, რა ვიცი…»

_ კარგი «ზაგარი» გაქვთ, _ მოესმა მოულოდნელად უკვე ნაცნობი ხმა.

თითქოს რაღაც ამდაგვარს ელოდა, მაგრამ მაინც შეკრთა.

_ გმადლობ, _ ამჯერად თავაზიანობა გამოიჩინა და ტონი შეარბილა.

_ მე კი ნამზეური არასდროს მეტყობა, გოჭივით ვწითლდები მხოლოდ. არადა, მომწონს, როცა სხეული გარუჯულია, განსაკუთრებით ქალებზე, _ ენად გაიკრიფა უცნობი.

_ მაშინ ხელოვნური გასარუჯი საშუალებები უნდა გამოიყენოთ, უამრავი კრემი არსებობს, _ ურჩია ნიცამ.

_ არააა, გმადლობ, _ სასიამოვნო ბარიტონით გაიცინა მამაკაცმა, _ კრემებს და ეგეთ რამეებს არ ვწყალობ, ქალი ხომ არ ვარ, _ შორს დაიჭირა.

_ ეგ სხვა დანიშნულების კრემებია, _ ნიცასაც გაეღიმა.

_ ვიცი, მაგრამ მაინც არ მინდა, თხიპნას ვერ დავიწყებ… მგონი, დროა, ერთმანეთი გავიცნოთ. მე დემეტრე მქვია, შემოკლებით დემეს მეძახიან. თქვენ?

_ ნიცა…

_ ნიცა… ლამაზი სახელია, უცხო… არაქართული… იშვიათიც.

_ იშვიათი სულაც არ არის, ლამის მთელ თბილისს ჰქვია, _ არ დაეთანხმა გოგონა.

_ არ შეგეკამათებით, მაგრამ მე პირველად მესმის, სიმართლე გითხრათ.

_ ჰო, რა ვიცი, _ სივრცეს გაუღიმა ნიცამ და გვერდზე გადატრიალდა, რომ მამაკაცს მისი კმაყოფილი სახე არ შეემჩნია.

როგორ უხაროდა, ასეთი კარგი ტიპი რომ გაიცნო. არც უზრდელია, არც გოიმი. ძალიან თავაზიანი ჩანს, ინტელექტიც არ აკლია. ნეტავ, რას საქმიანობს?

თითქოს მის ფიქრებს ჩაწვდაო, მამაკაცმა «დროული» შეკითხვა დასვა.

_ მუშაობთ სადმე?

თან ისე მუსიაფოდნენ, რმ ერთმანეთს არ უყურებდნენ. შორიდან რომ შეეხედა ვინმეს, იფიქრებდა, ეს ორი ადამიანი თავის თავს ელაპარაკებაო.

_ ჯერ არა. წელს დავამთავრე სტომატოლოგიური, ამიტომ არ ვჩქარობ სამსახურის დაწყებას.

_ სტომატოლოგიური? კარგი პროფესიაა, მომწონს. ესე იგი, სიბერისკენ რომ წავალ, შეძლებთ, ჩემს კბილებს ბოძები შეუყენოთ, არა? _ კვლავ გაიცინა.

მის ყოველ გაცინებაზე ნიცას ჟრუანტელი უვლიდა, იმდენად «საამური» სიცილი ჰქონდა უცნობს.

_ კბილებს სიბერემდეც სჭირდება მოვლა, _ შენიშნა.

_ ოოო! ეგ კი მართალია, მაგრამ თქვენ ჯერ ახალბედა ხართ, გამოუცდელი, ამიტომ არ გენდობით. მაინცდამაინც ჩემს კბილებზე გინდათ პრაქტიკა გაიაროთ? _ გაიხუმრა დემეტრემ, მისკენ გადმოტრიალდა და იდაყვს დაეყრდნო, თან გვერდულად გამოხედა გოგონას.

_ რა ეშმაკი ყოფილხართ, _ გადაიკისკისა ნიცამ და თვითონაც იცვალა მხარი.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა… გოგონა გაწითლდა, მამაკაცს კი კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე.

_ თქვენ რას საქმიანობთ? _ ახლა თვითონ შეეკითხა და მზერა აარიდა ახალგაცნობილს.

_ ისეთს არაფერს, მცირე ბიზნესით ვარ დაკავებული, _ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა სიმპათიური დემეტრე.

_ მცირე ბიზნესიც ბიზნესია.

_ გეთანხმებით… ლამაზი სხეული გაქვთ, _ უეცრად შეცვალა საუბრის თემა.

_ გმადლობ, _ ისეთი ტონით წარმოთქვა გოგონამ, ვერ შეატყობდით, ესიამოვნა თუ ეწყინა ქათინაური.

_ რატომ ასე? _ ჩაეკითხა მამაკაცი.

_ როგორ ასე? _ კითხვა უკან დაუბრუნა ნიცამ.

_ როდესაც ქალს კომპლიმენტს ეუბნებიან, ზოგადად, კმაყოფილების გამომხატველ მადლობას ამბობს, თქვენ კი… ალბათ მიჩვეული ხართ და თავიც მოგაბეზრეს კაცებმა, არა?

_ არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, თვითონ კომპლიმენტის დანიშნულება მაიძულებს, ურეაქციოდ დავტოვო ხოლმე ყოველგვარი შექება.

_ კომპლიმენტის დანიშნულება? და განა რა დანიშნულება აქვს ასეთი? ეს ჩემთვის რაღაც ახალია.

_ კომპლიმენტი იმისთვისაა, ასიამოვნო ადამიანს და იგი, ხშირ შემთხვევაში, შორს არის რეალობისგან.

მამაკაცმა გულიანად გადაიხარხარა.

_ კარგი რა, ნიცა… შენც ხომ კარგად იცი, რომ ჩემი ნათქვამი კომპლიმენტი, ამავდროულად, რეალობაცაა? ყველა ქალმა იცის თავისი თავის ფასი და თავისი სხეულის _ მით უმეტეს.

_ აჭარბებთ… _ შენიშნა ნიცამ, თან მაინცდამაინც არ ესიამოვნა, ასე უცებ რომ გაუშინაურდნენ და «შენობით» მიმართეს.

_ არ ვაჭარბებ, დედას გეფიცებით, _ მაქსიმალური გულწრფელობით თქვა დემემ და შეზლონგზე ჩამოჯდა, _ დალევთ რამეს?

_ მმმ… რა ვიცი, _ უხერხულად იგრძნო თავი.

_ ცივი წვენი, ცივი ყავა, ცივი ნაყინი… ან პირიქით, ეს ყველაფერი ცხელი, _ კვლავ გაიცინა.

_ ცივი ჯობია, _ გოგონამ ეშმაკურად მოწკურა თვალები და ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია, რომ ნეტარი ღიმილი დაემალა.

_ რატომ იღიმით? რომელმა მათგანმა გამოიწვია თქვენში ღიმილი, ცივმა ნაყინმა? _ ისევ «თქვენობითზე» გადავიდა მამაკაცი.

«როგორც ჩანს, დიდი «შებერტყილი» ვინმეა, შეატყო, მისი წეღანდელი გაშინაურება რომ არ მომეწონა», _ გონებაში გაუელვა ნიცას.

_ სწორად მიმიხვდით, _ თავი დაუქნია და ფეხები მუხლებში მოხარა, რადგან მზემ მწვავედ დააცხუნა მუცელზე.

გაგრძელება იქნება