დავიწყოთ თავიდან - თავი 2 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 2

2025-07-15 10:30:20+04:00

წინა თავი

_ მაგრამ შემწვარი ნაყინიც ხომ არსებობს? თუ ჯერ არ გიგემიათ ამგვარი რამ? _ დემეტრე ფეხზე წამოდგა.

ახლაღა შეამჩნია ნიცამ, რომ მამაკაცი ძალიან მაღალი ყოფილა, განიერი მხრებით და დაკუნთული მკლავებით.

_ არა, არ მიგემია.

_ ჰოდა, დავაგემოვნოთ, რა გვიშლის ხელს? აქ, რა თქმა უნდა, არ ექნებათ «შემწვარ-მოხრაკული» ნაყინი, მაგრამ სადაც ექნებათ, იქ შეგვიძლია წასვლა, _ ახალგაცნობილი მიზანმიმართულად მიიწევდა მიზნისკენ.

_ არა, გმადლობ, არ მცალია, შინ მელოდებიან, _ შორს დაიჭირა გოგონამ.

_ მე დღევანდელი დღე არ მიგულისხმია, _ ცივი წყალი გადაასხა დემეტრემ მის უარს, _ დღეს არც მე მცალია. სხვა დროს იყოს, როცა ორივეს გვეცლება, კარგი?

ნიცა წამოწითლდა. კიდევ კარგი, გარუჯულია, თორემ ეგრევე შეეტყობოდა «ფერიცვალება».

_ არ ვიცი, ვნახოთ, _ უპასუხა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ.

მამაკაცს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ირიბად ჩაიღიმა და ბარისკენ გასწია დინჯი, მოზომილი და, ამავდროულად, მსუბუქი ნაბიჯებით.

ნიცა სიხარულით აღარ იყო. ისე მოეწონა უცნობი, რომ გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. აი, სწორედ ასეთ მამაკაცზე ოცნებობდა, სწორედ ასეთი წარმოედგინა თავისი მომავალი მეუღლე. რა ბედნიერებაა, რომ გაიცნო. ახლა მთავარია, თავი მოაწონოს, შტერი გოგოს შთაბეჭდილება არ დატოვოს და ყველაფერი არ გააფუჭოს. ნეტავ, პაემანს დღესვე დაუნიშნავს? და შემდეგ რა ქნას? დათანხმდეს? მერედა, მათე? უფროსი ძმა როგორ შეხვდება ამ ამბავს?

რა აუცილებელია, მას გააგებინოს? არ ეტყვის და ეგ იქნება, საიდან მიხვდება? აუზზე ხომ უშვებს უპრობლემოდ? თან, ბოლო ხანებში ცოტა მოადუნა ყურადღება მასზე, თავის საქმეებზეა გადართული. დედამ თქვა, სამსახურში სერიოზული პრობლემები შეექმნაო. კარგა ხანია, არ უკითხავს მათეს ნიცასთვის, როგორ ხარ, სად დადიხარ, რითი ერთობიო… ფულს ამოუდებს ხოლმე ღამღამობით, შინ გვიან დაბრუნებული და თვითონაც დასაძინებლად მიიჩქარის დაღლილ-დაქანცული.

ალბათ ესეც იღბალია. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ ნიცას დემეტრე გაეცნო და მათ შეხვედრებს მათე წინ არ აღდგომოდა.

_ სამივე მოვიტანე… რით დავიწყოთ? _ მამაკაცმა პლასტმასის სინი ძირს დადო და ხელები გაშალა, არჩევანი შენზე იყოსო, ანიშნა.

_ ცივი ყავით ჯობია დაწყება, ალბათ, _ თითები აათამაშა გოგონამ და ყავის ფინჯანი მოხდენილად დაიდო ხელისგულზე.

_ თითებიც… _ თქვა დემეტრემ და დაჟინებული მზერა ქალის მკერდზე შეაჩერა.

_ რა თითები? _ ვერ მიუხვდა ნიცა.

_ თითებიც ლამაზი გაქვთ და სხვა ბევრი რამეც, _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, თან მზერა არ მოუცილებია მისი გემრიელი მკერდისთვის.

ნიცა შეიშმუშნა. უნებლიეთ ფინჯნიანი ხელი მკერდზე აიფარა.

_ მაშ, როგორ შევთანხმდით? _ დემეტრემ სასწრაფოდ სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება, როცა შეატყო, რომ ქალს მისი «ხარბმზერაობა» არ გამოპარვია და უხალისოდ მოაცილა თვალი.

_ ჩემი აზრით, ჯერ ყავა, _ შეახსენა ნიცამ.

_ არა, მაგაზე არ გეუბნებით. შემწვარი ნაყინი როდის დავაგემოვნოთ? ხვალ? ზეგ?

_ არ ვიცი, _ დაიმორცხვა.

_ სამაგიეროდ. მე ვიცი. ხვალ საღამოს, ექვს საათზე. ეს კარგი დროა, სახლშიც არ დაგაგვიანდებათ და დედიკოც ვერ გისაყვედურებთ, აქამდე სად იყავიო. შევთანხმდით? _ დემეტრე ისეთი თავდაჯერებით ელაპარაკებოდა, ნიცას უკან დასახევი ყველა გზა მოეჭრა.

_ ვნახოთ, _ მაინც შეიკავა თავი.

_ მოიფიქრეთ, კი არ გაძალებთ… ტელეფონის ნომრები გავცვალოთ და შეგეხმიანებით.

გოგონამ უარი ვერ უთხრა… თუ არ უთხრა… თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მხოლოდ.

 

დემეტრემ ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და კარგა ხანს არ აუშვა. დემნა ასეთ დროს ყოველთვის სახლში იყო და ამიტომაც ეშურებოდა მის ნახვას, უნდა დალაპარაკებოდა, თანაც სასწრაფოდ. დროზე უნდა მოეგვარებინა გარიგების საქმე, რადგან დრო არ ითმენდა. თავისი ჩანაფიქრი აუცილებლად უნდა განეხორციელებინა. მისი ანგელოზივით ქალიშვილი ამ დროს შინ არ იქნებოდა, თორემ ამის იმედი რომ ჰქონოდა, კაკუნითაც დაკმაყოფილდებოდა. დიდხანს ლოდინი და ზარის გამეორება არ დასჭირვებია. კარი მალევე გაიღო და ზღურბლზე მასპინძელი გამოჩნდა.

_ ოოო! კაცურ კაცს გაუმარჯოს, კაცურ კაცს! დემეს ვახლავარ! მობრძანდი, მეგობარო, როგორ გამიხარდა შენი ნახვა, _ დემნამ ხელები გაშალა და მხიარული შეძახილით შემოიპატიჟა სტუმარი.

_ როგორ გიკითხოთ, ბატონო დემნა, ხომ ხართ მაგრად? _ დემეტრემ ხელი ჩამოართვა უფროს ადამიანს და ჰოლში შეაბიჯა, _ ჯანმრთელობის ამბავი როგორ არის, ხომ აღარ უჩივით ძველებურად?

_ ეეჰ, ჩემო დემე, ჯობდა ცოტა უკეთ ვყოფილიყავი, მაგრამ სადაა? ამ ვალებმა ისე გამანადგურა, მომსპო კაცი, ღამეები არ მძინავს. გული მიჩმახებს, გულიიიი! _ ხმამაღლა გაიცინა, _ დავბერდი უკვე, პატარა კი არ ვარ. ძველებურად აღარ მომდევს ჯანი.

_ ჯერ ადრეა სიბერე, ბატონო დემნა, ჯერ შვილიშვილები უნდა დაზარდოთ, რა დროს ეგ არის, _ გაამხნევა დემეტრემ და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს შეავლო თვალი.

_ აი, სწორედ მაგიტომ არ მინდა სიკვდილი ჯერ. ერთადერთი ქალიშვილი მყავს და მის შვილებს ხომ უნდა მოვესწრო, ა? თან არც ისე ბებერი ვარ, ბიჭო, ჯერ კიდევ შემიძლია რაღაც-რაღაცები, _ მუშტები მოკრივესავით აათამაშა მამაკაცმა და მოსულს თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

_ მეც მაგას არ ვამბობ? ცხოვრება წინაა, ბატონო დემნა, ვინ იცის, რამდენი ქალი ნატრობს თქვენისთანა მამაკაცის გვერდით ყოფნას, _ კვერი დაუკრა სტუმარმა.

_ კარგი ერთი, სადღა მაქვს მაგის ნერვები. ერთი ეს გოგო დამაბინავებინა ნორმალურად, ეს ვალებიც გამასტუმრებინა და დანარჩენი მერე ვნახოთ, მერე.

«ტყუილად წუწუნებს ეს ბებერი მგელი. ისეთი სახლი აქვს, რომ გაყიდოს, ვალებსაც გაისტუმრებს, ბინასაც იყიდის და შვილსაც სარფიანად გაათხოვებს. ეგ არის, რომ ხარბია ადამიანის ბუნება», _ გაიფიქრა დემეტრემ და კვლავ მალულად გახედა კიბეს, თითქოს ვიღაცის გამოჩენას მოუთმენლად ელოდებაო.

_ კარგ დროს კი მოხვედი, მეგობარო. კატოც შინ არის და რიგიანადაც მოგვემსახურება. ხომ იცი, ეგეთი რამეები როგორ ეხერხება. ყოჩაღი მყავს, _ კმაყოფილებით წარმოთქვა დემნამ და სტუმარს სკამი დაუდგა.

_ ვიცი, ვიცი, მართლაც საუცხოო ქალიშვილი გყავთ, _ მეოცნებე ხმით დაეთანხმა დემეტრე, დაჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო.

_ კატო! კა-ტო! _ გასძახა დემნამ.

_ მოვდივარ! _ მოისმა მეორე სართულიდან წკრიალა ხმა.

_ დროზე ჩამოდი, ნახე, ვინ გვესტუმრა!

მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოისმა და კიბის თავთან მაღალი, აშოლტილი, ყელმოღერებული ულამაზესი გოგონა გამოჩნდა, ჩალისფერი თმა გორგალივით დაეხვია კეფაზე და სარჭით იმაგრებდა.

_ უი! დემე! შენ ხარ? _ მამაკაცის დანახვაზე კატომ სწრაფად ჩამოირბინა წითელხალიჩადაფენილი საფეხურები, მოსულს ღიმილით მიეახლა და გადაკოცნა, _ რატომ მოგვანატრე თავი, ჰა?

დემეტრეს ქალის სიახლოვემ გული აუჩქროლა. მისი კოცნით თავბრუდახვეულმა ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა.

_ არ ვიყავი საქართველოში, ორი დღეა, რაც ჩამოვედი, საქმეები მქონდა.

_ როგორ მიდის შენი ბიზნესი? _ კატომ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა მამაკაცი.

_ გმადლობ, არა უშავს რა, არ ვემდური.

_ კატო, შემოგევლე, აბა, ერთი დატრიალდი შენებურად და გვიმასპინძლე, თუ ქალი ხარ, ამ ოქრო კაცთან სირცხვილი არ მაჭამო, _ დემნამ მხარზე გადახვია ხელი შვილს და გულზე მიიხუტა.

_ ახლავე, მამა, შენი თქმა რაში მჭირდება, _ გოგონამ ლოყაზე აკოცა მამას და გატრიალდა.

_ ბრწყინვალე ქალიშვილი გყავთ, _ შენიშნა დემეტრემ.

_ ამის იმედი მაქვს, ჩემო დემე, ეს თუ მომხედავს სიბერეში, თორემ…

_ ყოჩაღი გოგოა, ეგ არ შეეშლება. პირადად მე მოჯადოებული ვარ. ისე ძალიან მომწონს, ისე ძალიან, რომ…

დემნა მიუხვდა მამაკაცს და გამომცდელი მზერა მიაპყრო.

_ რა გითხრა, აბა! კარგი რომ არის ეს მამაძაღლი, თვითონაც იცის, ამიტომაც მაგის მოსაწონი კაცი არ დადის მთელ ქვეყანაზე, ვისი სახელიც არ უნდა უხსენო, ყველაზე ცხვირს იბზუებს.

_ ჩემზეც? _ ჩაურტყა დემეტრემ.

_ ერთადერთი შენ ხარ გამონაკლისი, ჩემო კარგო, შენზე არაფერს ამბობს, არც კარგს და არც ცუდს. უფრო სწორად, კარგს ბევრს ამბობს და ცუდს… აბა, რა გითხრა, ნაკლი შენ არ გაქვს, რომ დაგიწუნოს და ტყუილს ხომ არ იტყვის, _ გაიღიმა დემნამ.

გაგრძელება იქნება