„ორ ლამაზ გოგოს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში ეპიზოდურად გაიელვეს, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათზე რომანებია დაწერილი“ - ვინ არის ახალი ავტორი, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ - Marao

„ორ ლამაზ გოგოს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში ეპიზოდურად გაიელვეს, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათზე რომანებია დაწერილი“ - ვინ არის ახალი ავტორი, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ

2025-07-15 10:48:09+04:00

მალე, გამომცემლობა „პალიტრა L-ი” ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“, გამარჯვებული ავტორების წიგნებს გამოსცემს. წელს, კონკურსს 3 გამარჯვებული ჰყავს: ალექსანდრე ელოშვილი, იზა ქავთარაძე და ტატო მოდებაძე, რომლის მოთხრობების კრებული Lactea Via ჟიურის რჩეული გახდა. 

ტატო მოდებაძემ თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. მას ბევრი ჰობი აქვს: პოლიტიკა, ისტორია, მუსიკა, ლიტერატურა, ფეხბურთი, რაგბი, სუმოები...  ჯერჯერობით უცოლო და ამავე დროს „ორი დანიელის“ ლიტერატურული მამაა, რომელთა დედებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ოდესღაც მათი რომანში არსებობა თეატრში ჟაკეტის გახდით დაიწყო.

აქამდე ტატოს მოთხრობებს მხოლოდ რამდენიმე ნაცნობი კითხულობდა და ისინიც გულს უკეთებდნენ (კრიტიკოსის ჩათვლით). თავად, პერსონაჟებს საჭმელს არ აჭმევდა, საკუთარ თავსაც მშიერს ტოვებდა და ბოლოს, ნაწარმოებსაც წვავდა —  „უცბად რომ ფეხები გავფშიკო და ჩემი ნივთები გასინჯონ, ასე არ თქვან, ალბათ ღმერთი არ არსებობს, თორე ეს ან აქამდე რატომ იყო ცოცხალიო“ - ფაქტია, ღმერთი არსებობს და კარგი რედაქტორიც ჰყავს, რადგან  Lactea Via დაწვას გადაურჩა და მეტიც, სულ მალე მკითხველის ხელში აღმოჩნდება.   

ასე რომ, გაიცანით ქართველი ბითლომანი იდეალისტი მწერალი, თვითირონიის და იუმორის შესანიშნავი გრძნობით, რომლის ნამუშევარს  მენტორმა, დავით გაბუნიამ  „როკენროლის სტილში დაწერილი“ უწოდა და ჩვენ ვერც შევედავებით. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, წიგნის გამოსვლას დაველოდოთ, გემრიელად წავიკითხოთ და შევაფასოთ. 

მანამდე, დავუსვათ რამდენიმე შეკითხვა ტატოს და ვნახოთ, როგორი პასუხებით დაგვაბნევს. 

- როგორ გაჩნდა ამ მოთხრობების დაწერის იდეა? რაიმე რეალური ამბები იყო ინსპირაცია, თუ ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია? 

tato_modebadze

ტატო მოდებაძე:  

- უმეტესობა, რა თქმა უნდა ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ინსპირაცია ნამდვილი ამბები იყო, ორ ლამაზ გოგოს, რომლებიც რეალური ადამიანები არიან და ჩემს ცხოვრებაში ეპიზოდურად გაიელვეს, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათზე რომანებია დაწერილი. ამ საქმეში მათ არაინფორმირებულობას ხელს უწყობს ის სამწუხარო გარემოება, რომ ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არც კი ვიცნობთ. ერთი მათგანის „შეცდომა“ ის იყო, რომ თეატრში ზუსტად იმ სპექტაკლზე იყიდა ჩვიდმეტი ნომერი ბილეთი, რომელშიც მე თექვსმეტი ნომერი ვიყიდე. ამას არ დასჯერდა და შუაგულ სპექტაკლზე ჟაკეტი გაიხადა! დამეთანხმებით, საკმარისზე მეტი მიზეზები მქონდა იმისათვის, რომ მასზე რომანი დამეწერა.

ალბათ ძალიან გაბრაზდებოდნენ, როცა გაიგებდნენ, თუ რა უცნაურ გარემოებაში გახდნენ მორიგეობით ჩემი ცოლები, ერთმა მიმატოვა და მერე აღმოაჩინა,რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ნამუსი აღმოაჩნდა და უკან აღარ დაბრუნდა, ორივეს თითქმის ერთდროულად ეყოლა შვილი და ორივემ ერთი და იგივე სახელი დაარქვა, ასე აღმოვჩნდი ჩემდაუნებურად ორი დანიელის მამა. და იმისათვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს თავს, ლუდის ბარში გავეშურე! რაც ხაზს უსვამს მთავარი პერსონაჟის სიბრძნესა და შინაგან მოწესრიგებულობას.

- ელოდით ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებას? რას ნიშნავს ეს თქვენთვის? თუ წარმოგედგინათ თქვენი თავი მწერლის როლში? 

- სიმართლე გითხრათ, ველოდი, საკუთარ თავში დაურწმუნებლობით ნაწარმოები არ იქმნება, ვერაფერს დაწერ, თუ არ გჯერა, რომ რასაც წერ, რაღაც ძალიან კარგი და საინტერესოა. ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ თავი მწვანე კიტრად წარმოიდგინო, მითუმეტეს, რომ არსებობის ფორმებს შორის ადამიანი კიტრზე წინ დგას. უბრალოდ კარგად წერ, ესაა და ეს, და კარგად წერა კი მუდმივი სრულყოფის პროცესია, გუშინ დაწერილ რაღაცებზე დღეს მეღიმება, ხვალ ალბათ გამეცინება და მომავალში კი ვიტყვი, რომ ამას ასე არასოდეს დავწერდი. როდესაც ეს განცდა აღარ იქნება, კალამი უნდა გადადო და სხვა საქმე აკეთო.

მე რომ გამარჯვება მარგუნა, „პალიტრა L-მა“ ამით ბოთლიდან ჯინი ამოუშვა, პატარა ჯინი, მწვანე და მსუქანი, ხახვისებური თავით, წვრილი კისრითა და მოკლე ფეხებით, ჩემს გარშემო დახტის და ავითარებს მოსაზრებას, რომ მე ისევ უნდა ვწერო, გაჩერება არ ეგების... ეს ხუმრობით, ისე კი ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან დიდი სტიმული იყო, მე ვიტყოდი გადამწყვეტიც კი,  მაგალითისთვის: დედაჩემმა ჩემი ნოველა მას მერე წაიკითხა, რაც თავისმა დაქალმა უთხრა, მგონი შენმა შვილმა რაღაცა მოიგოო.

- თქვენს რომანში რომელიმე გმირი თქვენ ხომ არ გგავთ? თავად პრაგმატიკოსი ხართ თუ იდეალისტი? 

- ორივე ნოველაში მთავარი მოქმედი პირი მე თვითონ ვარ, რასაკვირველია, ვისარგებლე მწერლის ყოვლისშემძლეობით და საკუთარი თავი იმაზე უკეთესი გამოვიყვანე, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ვისკი, ლუდის პაბი, ბითლზი და როლინგ სთოუნზი, რაგბი და ფეხბურთი, ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ნაციონალიზმისა და ლიბერალიზმის რაღაც უცნაური ნაზავი, ეს ყველაფერი საკუთრივ ჩემია და რა თქმა უნდა, იდეალისტი ვარ. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყველაზე დიდი პრაგმატიზმი ლუდის ბარში ფეხბურთის ყურება მგონია. 

- თქვენი ავტობიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თქვენს მოთხრობებში იუმორი უხვადაა...   უნდა ვიცინოთ თუ ჩავფიქრდეთ? რა ჟანრს მიაკუთვნებდით და რას ნიშნავს რომანის სათაური - Lactea Via?  

- სიცილი და ფიქრი, თითქოს ერთმანეთს ხელს უშლის, მაგრამ ყოველთვის არა, მათი გადაკვეთის მცდელობა ძალიან ამბიციური ექსპერიმენტია და დიდ შინაგან რწმენას მოითხოვს, როგორც ამბობენ, ჩემს ნოველებში სიცილი აშკარა და თვალშისაცემია, თუმცა თუ მკითხველი აქ მხოლოდ იცინებს, ჩავთვლი, რომ ნაწარმოებმა ფიასკო განიცადა.

სათაურს რაც შეეხება, რამე ღრმა ფილოსოფიური შინაარსი მასში არ დევს, მთავარი მოქმედი გმირების დიალოგიდანაა ფრაზა „Via Lactea - რძიანი გზა, ძველი ბერძნები ჩვენს გალაქტიკას რძიან გზას უწოდებდნენ, მართლა რძეს ჰგავს ჩვენი ცხოვრება, თუ მაგრად და დიდხანს შეანჯღრევ, კარგი და ცუდი განცალკევდება. აი, ასე შეგვანჯღრია ჩვენ ოთხი ცხოვრებამ”.

დიუმას 4 მუშკეტერი არის ტემპერამენტის 4 ტიპი, ქოლერიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი, იგივე ლიტერატურული მეთოდია გამოყენებული ჩვენთან, მხოლოდ აქ ორი ქალია და ნაცვლად კოლაბორაციისა და მეგობრობისა, ცოლ-ქმრობა და დაპირისპირება გვაქვს.

თავიდან ერთ მხარეს ფლეგმატიკი და მელანქოლიკი არიან, მეორე მხარეს კი ქოლერიკი და სანგვინიკი, თუმცა სიტუაცია აირევა და ამრევები რა თქმა უნდა ქოლერიკი და ფლეგმატიკი არიან, რომლებიც ერთად აღმოჩნდებიან და წესით უპირობო გამარჯვება უნდა იზეიმონ, მაგრამ ძალიან მოულოდნელად საცოდავად მარცხდებიან.

- რა ასაკიდან წერთ? ეს თქვენი სადებიუტო წიგნია? გიყვართ წერა?- ჰობია თუ აპირებთ კარიერა მწერლობას დაუკავშიროთ? 

- 10 წლისამ დავწერე პირველად, მაგრამ ალბათ ხვდებით, იქ გამოსაქვეყნებელი არაფერი იყო, წერა შემდეგ 20 წლის ასაკში განვაახლე და არ ვარ დარწმუნებული, რომ 10 წლის წინანდელს რაიმეთი სჯობდა, გარდა იმისა, რომ რომანში მე თვითონ, ფიზიკურად გადავეშვი თავით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მსგავსად ჩემი პერსონაჟისა, 3 დღე მეც არაფერი ვჭამე. ამან ის მოიტანა, რომ სახლში დიდი ალიაქოთი ატყდა, ამან მგონი საბოლოოდ გააფრინაო (სამაგისო მონაცემები მანამდეც მქონდა) ასევე კარის მეზობელმა, ნელი დეიდამ იმხელა შოკი მიიღო, რომ 20 წელი ამერიკაშია და როცა რეკავს, დღემდე პირველი იმას კითხულობს, რას შვება ეგ ვაჟბატონი, ჭამს თუ წერსო? ცხადია იგულისხმება, რომ ორივე ერთად არ გამოდის.

ეგ ნაწერები მერე დავწვი, შემეშინდა, უცბად რომ ფეხები გავფშიკო და ჩემი ნივთები გასინჯონ, ასე არ თქვან, ალბათ ღმერთი არ არსებობს, თორე ეს ან აქამდე რატომ იყო ცოცხალიო.

საბოლოოდ, უკვე 35 წლის ასაკში ერთმა მეგობარმა მითხრა, მგონია რომ გამოგივა წერაო. მეც გადავწყვიტე, ახლა უკვე საბოლოოდ, ისეთი რაღაც დამეწერა, გამოქვეყნების ამბიცია რომ ექნებოდა, ისიც მესმოდა, რომ პირველივე კარგი ვერ გამოვიდოდა. როგორც წიგნი, Via Lactea სადებიუტო იქნება, მაგრამ ნოველები მანამდეც მაქვს დაწერილი. 

კარიერას რაც შეეხება, ალბათ დავრჩები „უიქენდების მწერლად“, ცხრიდან ექვსამდე თავის ძირითად საქმეს რომ აკეთებს. ისე, იქაური ამბები წერაში კიდეც მეხმარება, პერსონაჟები: სილიბისტრო მაისურაძე, პოსეიდონ ცანდიშვილი, (ამათ სახელები გადავუკეთე და ცეცხლებს ყრიან) ლექსო ბადაგაძე, სოსო დოლაბერიძე და ლაშა ცეცხლაძე რეალური ადამიანები, ჩემი მეგობრები არიან სამსახურში.

- რა ეტაპზეა ახლა თქვენი ნამუშევარი? როგორია მენტორთან მუშაობის პროცესი? ბევრი რამ შეცვალეთ თავდაპირველ ვერსიაში?  

- მენტორმა შუბი აიღო და იმით დაერია ჩემს ნაწარმოებში შემოპარულ სუსტ ადგილებს, ბანალურ სიუჟეტებსა და მდაბიო პასაჟებს. ისეთივე სასტიკი ბრძოლა გ- აუმართა, როგორიც გაიუს მარიუსმა ტრანსალპიურ გალიაში შემოჭრილ კიმბრებსა და ტევტონებს. არც მტერი დანებდა და დიდი შფოთი ატყდა, რომელშიც მენტორმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, სრული და უპირობო, ღირსეული და სახელოვანი. ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ  წიგნი მზადაა პაემანზე დაპატიჟოს თვით ისეთი ამაყი და უკარება ქალბატონი, როგორიცაა ქართველი მკითხველის ფაქიზი გემოვნება.  მენტორი დავით გაბუნიაა, რომელსაც ქართულ შემოქმედებით სამყაროში წარდგენა არ სჭირდება. სტილისტურად თითქმის არაფერი შეცვლილა, მაგრამ ერთი სიუჟეტი მთლიანად ამოვიღეთ, ნოველის საერთო ტემპს ანელებდა.

- რომელი მწერლის ბიბლიოთეკაში გენდომებოდათ, რომ თქვენი წიგნი მოხვდეს? როგორია თქვენი მოლოდინები წიგნის გამოსვლის შემდეგ? 

- ჩემი ლიტერატურული მამა ლუიჯი პირანდელოა, რომ არა ის, მე წერა შეიძლება არც დამეწყო, მაგრამ პირანდელო კაი ხანია ცოცხალი აღარაა და მიუხედავად იმისა, რომ უფალი მოწყალეა, არ მგონია ჩემი წიგნის წასაკითხად დიდი იტალიელი საიქიოდან გამოუშვას. ისე კი, ჩემს წიგნზე ყველაზე მეტად ლევან ბერძენიშვილის აზრი მაინტერესებს.

რაც შეეხება მოლოდინს, რატომღაც მგონია, რომ მკითხველს მოეწონება, ძირითადად დიალოგებია, რომლის კითხვა დამღლელი არაა, ბუნებისა და საერთოდ ყველაფრის აღწერა მკითხველის ფანტაზიას მივანდეთ. აქამდე ვინც წაიკითხა, ყველას მოეწონა, მხოლოდ ერთმა მითხრა, არ ვარგაო, მაგრამ ერთი თვის მიტოვებული ჰქონდა ხორცის ჭამა და მგონი უფრო მაგის ბრალი უნდა ყოფილიყო. მეტს ვერაფერს დავამატებ, საკუთარი ნაწარმოების შეფასება ცოტა უხერხული საქმეა. 

- როგორი სათაური მოუხდებოდა თქვენს ავტობიოგრაფიას, თუკი ოდესმე დაწერთ?

- ვენი, ვიდი, ვისკი.

- თუ მკითხველი ერთი წინადადებით უნდა დაარწმუნოთ, რომ Lactea Via წაიკითხოს — რას ეტყოდით? 

- დღევანდელი კაცობრიობის უპირველესი მტერი მონოტონურობა და მოწყენაა, Via Lactea-ს კითხვისას ყველაფერი შეიძლება მოახერხო, გარდა მოწყენისა, მენტორი ჩემს ნოველებს „როკენროლის სტილში დაწერილს“ უწოდებს, ამიტომ სხვა თუ არაფერი, თქვენს ნერვებს არაფერს დავუშავებ. 

დათო გაბუნია - ტატოს მენტორი

- როცა პირველად წაიკითხეთ ტატოს  ნაწარმოები რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რითიც  გამოარჩიეთ სხვა მონაწილეებისგან — თხრობის  სტილი, იდეა, იუმორი, თუ რაღაც სხვა? 

- პირველ რიგში, ეს არ არის ერთი ტექსტი, ეს არის მოთხრობების კრებული, რამდენიმე მოთხრობისგან შედგება. განსხვავებული რაც ჰქონდა, იყო განსაკუთრებული თვითირონიით გამორჩეული თხრობა. იუმორისტული ტექსტებია, შეიძლება ითქვას, რომ სატირულ ჟანრშიც გადადის. იუმორისტული ტექსტი თავისთავად არ არის გამონაკლისი, ასეთი ტექსტი ბევრია, მაგრამ რაც ძალიან განასხვავებს სხვა თანამედროვე ქართველი ავტორებისგან ტატოს მოთხრობებს, ეს არის თვითირონია. ეს იყო ნამდვილად გამორჩეული ფაქტორი. 

- თქვენი აზრით, რას შეჰმატებს ეს ნოველა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას?  რატომ უნდა წავიკითხოთ 

- იმის გარდა, რომ ძალიან ბევრს იცინებთ, განსაკუთრებით მამაკაცი მკითხველებისთვის იქნება თავისი ადგილის და კაცობის მიგნება, შეხედულებების  გადააზრების ძალიან მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს. 

R