"იმ დღიდან "სუხიშვილები“ ჩემი ოცნება გახდა, უფრო სწორედ, ოცნება არა, მიზანი" - გაიცანით"სუხიშვილების" ახალი თაობის გამორჩეული სახე, თამარ ხურცილავა - Marao

"იმ დღიდან "სუხიშვილები“ ჩემი ოცნება გახდა, უფრო სწორედ, ოცნება არა, მიზანი" - გაიცანით"სუხიშვილების" ახალი თაობის გამორჩეული სახე, თამარ ხურცილავა

2025-07-15 15:49:07+04:00

თამარ ხურცილავას სახელი და გვარი საზოგადოებამ უკვე კარგად იცის. შთამბეჭდავი გარეგნობისა და კიდევ უფრო გასაოცარი ნიჭის თამარი მაყურებელმა არაერთ სარეკლამო რგოლსა თუ ფილმში იხილა. მან ძალები თეატრის სცენაზეც სცადა, მოგვიანებით კი შესაძლებლობები კულინარიულ შოუში მოსინჯა. 

  • ვიდეო კულისებიდან: როგორია "სუხიშვილების" უმშვენიერესი გოგონების სამზადის სცენაზე გასვლამდე - ის, რასაც მაყურებელი ვერ ხედავს 

თამარ ხურცილავა "სუხიშვილების" სოლისტი და ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მას ამ სტატიაში უფრო ახლოს გაიცნობთ. 

როგორ აირჩია პროფესია, როგორ მოხვდა "სუხიშვილებში" და როგორია მისი გავლილი გზა, ამის შესახებ თამარ ხურცილავამ "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:

khurtsilava 

თამარ ხურცილავა - "სუხიშვილების" გამორჩეული სახე 

"6 წლიდან ვცეკვავ. მახსოვს პირველი დღე, როცა ცეკვაზე მიმიყვანეს. არასდროს ვაცდენდი, ერთი დღე მახსენდება, როცა სკოლაში ბევრი სამეცადინო მქონდა და დედაჩემმა არ წამიყვანა რეპეტიციაზე. მძაფრად მახსოვს ეს შემთხვევა, ძალიან ბევრი ვიტირე, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა. 

არ ვიცი რა არის ცეკვა ჩემთვის, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან დიდ ბედნიერებასა და სიამოვნებას მანიჭებს. როცა ცეკვა დავიწყე, იმ დღიდან ჩემს ოცნებად იქცა "სიხიშვილები", უფრო სწორედ, ოცნება არა, მიზანი იყო. ვიცოდი, განცდა მქონდა, რომ მე აქ უნდა მეცეკვა.

  • "სუხიშვილების" ყველა დროის 5 გამორჩეული მოცეკვავე

13 წლის ვიყავი, როცა ბათუმში "სუხიშვილების" კონცერტს დავესწარი და ავტოგრაფისთვის მივედი სოლისტებთან. საუბარში ვახსენე, რომ ჩემი ოცნება იყო "სუხიშვილებში" მოხვედრა. პუსკა გამსახურდიამ მიმიყვანა ნინოსთან და ილიკოსთან კულისებში და უთხრა,  ეს ბავშვი ჩვენთან ცეკვაზე ოცნებობსო. 

ყოველთვის ვღელავ, ოღონდ ეს სასიამოვნო ღელვაა, ერთი სული მაქვს, სცენაზე გავიდე, დავიხარჯო, ვისიამოვნო და მაყურებელსაც ვასიამოვნო. 

იმდენად დიდი სურვილი მქონდა,ამ ანსამბლში მოვხვედრილიყავი, რომ ამ სურვილისთვის ყველაფერს ვაკეთებდი - შრომა ყოველთვის ფასდება. 

khurtsilava

პსუკა გამსახურდია და თეა დარჩია იყვნენ ჩემთვის შთაგონების წყარო. მინდოდა, მეც მათსავით ძლიერი და წარმატებული მოცეკვავე ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი, მათნაირი ვყოფილიყავი და დღეს მათთან ერთად ვცეკვავ. ეს ძალიან ემოციურია. 

  • გამორჩეული გარეგნობა, "სუხიშვილები" და სამსახიობო კარიერა - თამარ ხურცილავას პორტრეტი 

პუსკას ვკითხე, რა გრძნობაა, ბილბორდზე რომ ხარ-მეთქი, მითხრა, მოვა დრო, შენც ასე იქნები და აღარ გაგიკვირდებაო. მართლაც ასე მოხდა. 

რთულია, ამ საქმეს რამე შეუთავსო, მაგრამ სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული. ძალიან მიყვარს ხატვა, მომწონს ფოტოგრაფია, მიყვარს ჩემს 5 სფინქსთან და ერთ ძაღლთან ერთად ყოფნა. 

რაც შეეხება სამსახიობო სფეროს, თავი არ დამინებებია, მაქვს ხოლმე გადაღებები, ძირითადად რეკლამების, მათ შორის, საზღვარგარეთაც. თეატრში ვეღარ ვახერხებ ყოფნას, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება“, - ამბობს თამარ ხურცილავა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.