ქართველი მსმენელი მარიამ ელიეშვილსა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს. მის სიმღერებთან ერთად, დიდ სიყვარულს იმსახურებს მისი ოჯახიც, განსაკუთრებით კი მომღერლის პირველი შვილი - საბა.
მარიამი და მისი მეუღლე, გიორგი მჭედლიშვილი გასულ წელს დაქორწინდნენ, ცოტა ხნის წინ კი პირველი შვილი შეეძინათ. მარიამი ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. როგორია მისთვის დედობის გამოცდილება და საქართველოსგან შორს ყოფა, ამის შესახებ „რადიო ფორტუნასთან“ ისაუბრა:
„ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ყველაზე საოცარი ეტაპია, ყველა ქალისთვის განსაკუთრებული პერიოდი და მადლობა უფალს, რომ მეც გავიზიარე ეს საოცარი გრძნობა. საბას გამოჩენამ ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი სიხარული შემოიტანა და კიდევ უფრო გაალამაზა ჩვენი ყოველდღიურობა. ახალბედა დედობა კი ენით აღუწერელი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის.
პირველი დღეები საკმაოდ რთული იყო, რადგან ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს, თუმცა, გააზრებული მაქვს, რამდენად დიდი ბედნიერებაცაა დედობა და ვცდილობ, მაქსიმალურად ღირსეულად გავუძღვე ამ საოცრად კარგ მდგომარეობას. ოჯახის წევრების გვერდში დგომამ კი უფრო შემიმსუბუქა ეს პერიოდი.
მეუღლე მაქსიმალურად ჩართულია ბავშვის მოვლაში, თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, როგორც უხერხდება. არის ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამა”, - აღნიშნავს მარიამ ელიეშვილი „რადიო ფორტუნასთან“.

მარიამ ელიაშვილის ოჯახი და კარიერა
მარიამ ელიაშვილი 1997 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მარიამმა დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს მიმართულებით, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე.
მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.

მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.
"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც."