„შიში, რომ საკუთარ ბალიშზე ტირილის ნაცვლად, იჯდა უცხო კაცის სახლში, მთელი სხეულით მისკენ გადახრილი, სახეზე მისი ხელი ეხებოდა და ეს ყველაფერი წამითაც არ უქმნიდა უხერხულობის ან უსიამოვნების შეგრძნებას“ - ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“ - Marao

„შიში, რომ საკუთარ ბალიშზე ტირილის ნაცვლად, იჯდა უცხო კაცის სახლში, მთელი სხეულით მისკენ გადახრილი, სახეზე მისი ხელი ეხებოდა და ეს ყველაფერი წამითაც არ უქმნიდა უხერხულობის ან უსიამოვნების შეგრძნებას“ - ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“

2025-07-15 17:14:48+04:00

ამონარიდი ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნიდან „ცდუნება“:

ზედმეტად მოსწონდა აქაურობა. აქაური ფერები, აურა, გარემო, ყველაფერი ისეთი სიმშვიდის მომგვრელი და შინაურული იყო, თავს მართლა ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. არც ფეხსაცმლის გარეშე, წინდებით სიარულის ერიდებოდა და დაბალფეხება მაგიდის ქვემოთ, ერთმანეთზე დალაგებული ფირფიტებიც ისე გადმოალაგა, ნებართვა არც უთხოვია. 

მასპინძელს გემოვნებაც ისეთი ჰქონდა, აივის შეეძლო, თვალდახუჭულს ამოერჩია და ნებისმიერი ფირფიტა დაედო ფირსაკრავზე. ნუთუ მართლა რეალური იყო ეს ადამიანი?!

ბოლოს მაინც ჯაზზე შეაჩერა არჩევანი. მშვიდად მოათავსა ფირფიტა და, საძინებლის კარს რომ მიუახლოვდა, დიდხანს არც შიგნით შესვლაზე უყოყმანია.

მინიმალისტურად მოწყობილი მყუდრო ოთახი დახვდა, ფანჯრის გვერდით მიდგმული განიერი საწოლით, მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული თაროებით; საწოლის გვერდით კი გარდერობი იდგა. ფანჯრები ფარდის გარეშე იყო და აქედანაც ისეთივე ლამაზი ხედი იშლებოდა, როგორიც მისაღები ოთახის მინის კედლიდან. 

– ფარდები გასარეცხი გაქვს? – გასძახა სამზარეულოში მყოფს. 

– საერთოდ არ მაქვს. 

მხოლოდ გაეცინა, აღარაფერი უკითხავს. სურათები – ჩარჩოების გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო – გამოუქვეყნებელი, ფანჯრები – უფარდოდ... ამ ადამიანს ნამდვილად ვერ გააკვირვებდა იმით, საკუთარ ნახატებს თვითონაც თავისთვის რომ ინახავდა და გაყიდვაზე კი არა, მათ გამოფენაზეც უარს ამბობდა. 

ოთახის თვალიერებას რომ მორჩა, შემდეგ ცოტახანს ჩამოჯდა, ხედით რომ დამტკბარიყო. საოცარ აურას ქმნიდა მუსიკა, მისაღები ოთახიდან რომ იღვრებოდა მთელ სახლში, ხელისგულივით გადაშლილი თბილისი კი კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა ამის ფონზე. 

ვერც მიხვდა, რამდენ ხანს იჯდა ასე, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, მუსიკა რომ შეწყდა – ფირფიტაზე ჩაწერილი მელოდიების რაოდენობა ამოიწურა. მეტად აღარ გაუჭიანურებია, სურათებიანი ყუთი უპრობლემოდ იპოვა და ისე გაბრუნდა მისაღებში, ძლივს მოითმინა, იქვე რომ არ აეხადა თავსახური. თუმცა უნდოდა, მყუდროდ მოკალათებულს, ყურადღებით დაეთვალიერებინა თითოეული ფოტო. 

ფირფიტა შეცვალა. შემდეგ რბილ იატაკზე, მუხლებზე დამდგარი, საკუთარ ფეხებზე დაჯდა და სანამ პირველ ფოტოს ნახავდა, უცნაურად აღელვებულს, სუნთქვაც კი შეეკრა. თვალები დახუჭა, თავსახური ახადა, პირველივე ფოტო აიღო და, თვალები რომ გაახილა, საკუთარ გაბრაზებულ, შეშინებულ, ტკივილიან, იმედგაცრუებულ, მიტოვებული ადამიანის მზერას გადააწყდა. ისეთი თვალები ჰქონდა, სანახევროდ წყლით, სანახევროდ კი ცეცხლით სავსე. ეს მზერა კანს აგიწვავდათ და ალბათ სწორედ ამიტომაც აღარ მორიდებია ირაკლი, რომ სრულიად უცნობისთვის გადაეღო ფოტო. 

– პირველივეს ამას გადააწყდი? – მოესმა ზურგს უკან, შემდეგ კი წინ ბლინებით სავსე თეფში დაუდო და ირაკლი აქაც ისე, ზურგზე გაწოლილი მოკალათდა მის გვერდით, როგორც მოედანზე იყო. 

– ბლინებსაც აცხობ?! 

– კი არ მომიტყუებიხარ, საკუთარი რესტორნის გახსნა მინდა-მეთქი, რომ გითხარი. 

– შოკოლადითაა? 

– შოკოლადით და ბანანით. მართლა... – ჩაეცინა და პირველი თვითონ მოკბიჩა, – არ მინდოდა, დღეს ეგ ფოტო გენახა. 

– აშკარად არ ღირდა, – ამოიოხრა თვითონაც და სანამ დანარჩენებს დაათვალიერებდა, დაეჭვებული სახით მოკბიჩა ბლინი, – მართლა გემრიელია! – თუმცა წამის შემდეგ თვალები გაუფართოვდა: – სერიოზულად, რა მაგარია! 

– რასაც ვამბობ, იმაზე ყოველთვის ვაგებ პასუხს, – ლოყები ჩაეჩხვლიტა ღიმილისგან და ცალ მხარზე დაყრდნობილი მისკენ გადაბრუნდა, – მოგიძებნო ის ფოტო? 

– შეიძლება, რომ შემდეგ სხვებიც ვნახო? 

– შეიძლება... ყუთი ერთიანად გადმოაპირქვავა, თუმცა, სანამ რომელიმე ფოტოს ამოატრიალებდა, ირაკლიმ დაასწრო, სწრაფადვე გაშალა და შემდეგ, უკან გაკეთებული წარწერით, მარტივად იპოვა ყველაზე მთავარი. 

– არ ვიცი, რამდენად ემოციურად აღიქვამ მოსმენილის შემდეგ, მაგრამ... 

– მაჩვენე! – შეაწყვეტინა და ბიჭის ხელში მოთავსებული სურათი თვითონვე გადმოაბრუნა.

წამიერად გაიყინა, როცა აღიქვა, რასაც უყურებდა. იქ, დინამოზე, იმ ადგილას რომ ისმენდა ყველაფერს, საიდანაც ეს კადრი გადაიღეს, ალბათ გონებამ დამცავი მექანიზმი აამუშავა და არც კი დაუშვია ასეთი რამ, თუმცა ახლა ნათლად უყურებდა ფოტოზე გამოსახულ საკუთარ თავს, როგორ კოცნიდა ანდროს... უყურებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თვითონ იყო და თან არც იყო. ისეთი უცნაური იყო. სულ სხვანაირად ჩანდა ირაკლის თვალით დანახული და სულ სხვანაირად ახსოვდა მაშინ, საკუთარი განცდილი. 

ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა, თუმცა იგრძნო, როგორ დაკარგა ფერი. ვერ მიხვდა, ნანახის ბრალი იყო, ემოციური ფონის, მთელი დღის დაგროვილი განცდების თუ, ზოგადად, მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობის, მაგრამ აშკარად ცუდად იგრძნო თავი და ისიც შეამჩნია, როგორ უყურებდა ირაკლი. სიტყვის თქმაც არ დასჭირვებია. რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებოდა გოგონას, თითქოს გონებაში უძვრებოდა ამ მზერით, შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით აიღო ფოტოები, დაუდევრად ჩაყარა ყუთში და ისე გაიტანა ოთახიდან, აღარაფერი უთქვამს. 

– მესმის, რატომაც არ გინდა შენი ფოტოების ჩარჩოში ჩასმა და, მით უმეტეს, მათი გამოფენა, – ვერც გააცნობიერა აივიმ, ისევ წამოიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ უკან რომ დაბრუნდა ირაკლი. 

მიხვდა, სპეციალურად რომ დაიგვიანა. იმასაც მიხვდა, რომ მიხვდა. ორივე მიხვდა... 

– გესმის? 

– მესმის. იმიტომ, რომ მგონია, ზუსტად ისევე უყურებ ამ საკითხს, როგორც მე. 

– რას გულისხმობ? 

– შენ ფოტოებს იღებ, მე – ვხატავ, – მხრები აიჩეჩა და დასავლეთის კედელზე ჩამოკიდებული სურათებისკენ გაიშვირა ხელი, – ამ ყველაფერს ჩარჩოში ვერ მოაქცევ. არ გამოვა. ვერ მიიტან სხვამდე იმ ემოციას, რასაც შენ იმ მომენტში გრძნობდი. 

– ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს ყველაფერს და, ზუსტადაც რომ გქონდეს გადმოცემული, ისე მაინც ვერ მივა, როგორც შენ გრძნობდი. არ არსებობს ორი იდენტური გრძნობა. 

– შეიძლება თქვან, რომ ესმით, მაგრამ... 

– მაგრამ არც მოგატყუებენ. მათ თავისებურად ესმით. სხვასაც ვერ მოსთხოვ, ზუსტად იმავენაირად იგრძნოს, როგორც შენ. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენზე ნაკლებად იგრძნობს. 

– ასეთი ზოგადი საუბრისას, ყოველთვის მგონია, რომ საბოლოოდ მაინც ჩემს ამბამდე მივდივართ. 

– იმიტომ, რომ ახლა შენს გონებაში მაგის მეტი არაფერი ტრიალებს. სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ, სხვა არაფერი გაინტერესებს, მაშინაც კი, როცა ცდილობ, რომ დაივიწყო, საკუთარ თავს უფრო მეტად ძირავ მაგ ყველაფერში და, საბოლოოდ, დავიწყების ნაცვლად, უფრო იღრმავებ იმ ჭრილობას, რომლის მორჩენასაც ცდილობდი. 

– და შესაძლებელია, რომ დავივიწყო? 

– ძალდატანებით, არა... უბრალოდ, უნდა მიუშვა... 

– ანუკი თავის ნებაზე მიშვებას ეკონომიკის რომელიღაც თეორიასთან აკავშირებს. 

– ადამ სმიტის „უხილავი ხელი“, – ჩაეცინა – და, რაღაც მხრივ, მართალიცაა. ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით. 

– და არც ჩვენი შეხვედრა ყოფილა შემთხვევითი? – უცნაური მზერით გახედა. იმ მომენტში ისე ახლოს იყო ამ ადამიანთან, ფიზიკურზე მეტად სულიერად, ისე ზუსტად აღიქვამდა მის ნათქვამს, რაღაც მომენტში აშინებდა კიდეც ეს სიახლოვე. 

– არც ერთი ადამიანი არ გვხვდება შემთხვევით. შენ, უბრალოდ, უმისოდ დარჩენის კი არა, უმისოდ დარჩენის შეგრძნების გეშინია. სიცარიელის. იმის გაცნობიერების, რომ აღარ გყავს. და ის დღე, როცა მიხვდები, რომ ადამიანის მიმართ, რომელიც ძალიან გიყვარდა, აღარაფერს გრძნობ, სულერთი გახდა შენთვის, ისიც კი აღარ გაღელვებს, როგორ იქნება, ყველაზე მძიმე იქნება შენთვის. და მნიშვნელობა არ ექნება, ამ დროს გვერდით ვინმე გეყოლება თუ არა. 

– ამით იმის თქმა გინდა, რომ შეიძლება მასზე მაშინაც კი ვიფიქრო, როცა სხვასთან ვიქნები? – ვერც მიხვდა, ისე გადავიდა ჩურჩულზე. 

– იცი, რა არის ყველაზე მძაფრი ემოცია? – ისე ბუნებრივად გადაუწია ჩამოშლილი თმა ყურს უკან, ოდნავაც არ გასდევდა ამ ყველაფერს ნაჩქარეობის ელფერი და არც აივი შემკრთალა.

მხოლოდ ეუცნაურა მისი გახურებული ხელის შეგრძნება საკუთარ კანზე. ვერაფერი უპასუხა. ყველაფერთან ერთად, შიშიც იგრძნო იმ მომენტში. 

შიში, რომ რაღაც ისეთს აბიჯებდა, რისთვისაც არ უნდა გადაებიჯებინა. 

შიში, რომ რაღაც ისეთს იშორებდა, რაც არ უნდა მოეშორებინა. 

შიში, რომ იმას ღალატობდა, რაც მისი აღარ იყო. 

შიში, რომ წარსულში არ ჩარჩა. 

შიში, რომ საკუთარ ბალიშზე ტირილის ნაცვლად, იჯდა უცხო კაცის სახლში, მთელი სხეულით მისკენ გადახრილი, სახეზე მისი ხელი ეხებოდა და ეს ყველაფერი წამითაც არ უქმნიდა უხერხულობის ან უსიამოვნების შეგრძნებას. 

– ტკივილი, – განაგრძო ირაკლიმ, მაგრამ სანამ კიდევ რამეს დამატებას მოახერხებდა, დაინახა, როგორ დაკარგა გოგონამ ფერი და, რამდენიმე წამში, მის მკლავებში ჩაესვენა გონდაკარგული.