დავიწყოთ თავიდან - თავი 3 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 3

2025-07-16 10:48:35+04:00

წინა თავი

_ ვიფიქრე, დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვბედავ… არ ვიცი, როგორ შეხვდება ჩემს წინადადებას. ცოტას თქვენც თუ წამეხმარებით… მერე მე ვიცი თქვენი პატივისცემა. როგორც შეგპირდით, ყველა ვალს დაგიფარავთ, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით…

_ ვიცი, ჩემო დემე, ვიცი. გუშინ კი არ გაგიცანი, ოქროს გული გაქვს. რა პრობლემაა, შე კაცო, დაელაპარაკე, წადით სადმე, დასხედით, მიიხედ-მოიხედეთ, გაისეირნეთ, ყავა დალიეთ, ჩემო ბატონო, აქეთური, იქითური… ხომ იცი, შეჩვევაა ყველაფერი. არა მგონია, უარი თქვას. შეყვარებული მაგას არ ჰყავს და საქმრო. მთელი წელია, გიცნობს, უცხო აღარ ხარ მისთვის, რატომ არ უნდა წამოგყვეს?

_ დღეს არ ველოდი, შინ თუ დამხვდებოდა, იშვიათად არის ხოლმე სახლში, როცა მე მოვდივარ…

_ ისიც ნერვიულობს ჩემს პრობლემებზე, წაუხდა ხასიათი, გარეთ გასვლაც აღარ უნდა. აქეთ აკითხავენ ხოლმე გოგოები, ყავას სვამენ და ჭორაობენ. თან ჩემი მარტო დატოვებისაც ეშინია. რა ვქნა, ჩემი ერთადერთი პატრონი ეს არის, ეგ და ჩემი და, ციცინო. იმას კიდევ, თავისი ოჯახი ჰყავს მოსავლელი, ჩემთვის სად სცალია? _ ხელები გაასავსავა დემნამ.

ამ დროს კატოც გამოჩნდა, თეფშებითა და დანა-ჩანგლებით.

_ კატო, გენაცვალე, რატომ წუხდები? არ გინდა არაფერი, თითო ჭიქას დავლევთ და მერე წავალ, დიდხანს დასარჩენად არ მცალია, _ ხარბად შეათვალიერა მამაკაცმა.

_ რაც მაქვს, გამოვიტან, საჭმელსაც და სასმელსაც და თქვენ რამდენიც გაგიხარდებათ, იმდენი მიირთვით, _ შეჰღიმა გოგონამ, _ მამას ისე უხარია ხოლმე შენი გამოჩენა, ყველაფერი ავიწყდება ქვეყანაზე. რას დალევთ, არაყს თუ ღვინოს?

_ არაყი გამოიტანე, საყვარელო, დემეს არაყი უყვარს, ვიცი მე, _ მერე დემეტრეს მიუბრუნდა, _ თან შებოლილი თევზიც მაქვს, ლუდიც არის მაცივარში… ასე რომ, მოვულხინოთ.

_ კატერინაც თუ შემოგვიერთდება… _ შეფარვით აღნიშნა დემეტრემ.

_ აბა რას იზამს, თევზი და ლუდი ყველაფერს ურჩევნია, მაგის გულისთვის უფრო ვყიდულობ, რომ იცოდე, _ მელოტ თავზე გადაისვა ხელი დემნამ და სუფრას გადახედა, _ ვერ არის მთლად მდიდრული პურმარილი, მაგრამ სამაგიეროდ, სული და გულია შიგ ჩაქსოვილი. იმედია, არ დამძრახავ.

ის იყო, დემეტრეს პასუხი უნდა გაეცა, რომ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. დემნას ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ასე სჭირდა, როცა ვინმე რეკავდა, ეგრევე იზაფრებოდა. გამუდმებით იმის შიში ჰქონდა, სამსახურში მის მიერ გაფლანგული თანხის შესახებ უფროსს არ გაეგო და უსიამოვნება არ შეხვედროდა. როგორ უნდოდა, დროზე დაებრუნებინა სალაროდან გატანილი თანხა და დირექტორის ყურამდე არ მისულიყო მისი თავქარიანობის ამბავი, მაგრამ აბა, როგორ? ორმოცდაათი ათას ლარს თავმოყრა არ უნდოდა? ახლა დემეტრეს იმედიღა ჰქონდა. გარიგება შესთავაზა მამაკაცმა, შენი ქალიშვილი მომათხოვე და ვალს მე გაგასტუმრებინებო. ეჰ, ნეტავ მასზე იყოს დამოკიდებული კატოს გათხოვება, ნეტავ მის ჭკუაზე დადიოდეს ერთადერთი ქალიშვილი, მის ბედს მაშინ ძაღლიც არ დაჰყეფდა. თუმცა, გუშინ რომ ჩამოუგდო დემეზე ლაპარაკი, კატოს თითქოს არც გაჰკვირვებია. პირიქით, კარგი ტიპიაო, ასე თქვა. ასე ახალგაზრდამ როგორ ჭკვიანურად გაიკვალა გზა და ცხოვრება აიწყოო. იქნებ მის ქონებას მაინც დახარბდეს?

თვითონ მდიდარი არასდროს ყოფილა. ერთადერთი სახლი აქვს დიდი და ეგ არის მთელი მისი სიმდიდრე. კი უთხრა შვილმა, გავყიდოთ და ვალები გავისტუმროთ, რაც დაგვრჩება იმით ერთი პატარა ბინა ვიყიდოთო, მაგრამ ენანება მამისეული სახლი, როგორი წვალებით აშენებული. მეტი არც არაფერი აბადია ქვეყანაზე და როგორ შეელიოს? აი, კატო რომ დემეს გაჰყვებოდეს ცოლად, აშენდებოდნენ. ბიზნესმენი კაცია, საქართველოში ყველა იცნობს, სახლიც გადასარევი აქვს და კარიც. მის შვილსაც უპატრონებს და ვალებსაც დაუყვედრებლად დაუფარავს.

ეჰ, რამდენი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში. რაც ცოლი გარდაეცვალა, სულ უკან-უკან წაუვიდა საქმე. ჯერ იყო და, ლამის გალოთდა. სმა რომ გადააგდო, ნარკოტიკზე წაუცდა ხელი, ახალგაზრდობა გაიხსენა ბიჭმა, სტუდენტობის პერიოდში რომ ცუღლუტობდა! კიდევ კარგი, ავად გახდა და კატომ ექიმთან მიიყვანა, თორემ მთლად ჩაიძირებოდა. როცა გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, ყველა «სიკეთესთან» ერთად, ციროზის ნიშნებიც გაქვსო, მხოლოდ მაშინღა შეეშინდა. არადა, რა დროს ამ ხნის კაცის ნარკომანობაა, ორმოცდათვრამეტის არის უკვე. ზოგი ამ ასაკში ცხოვრებას იწყებს. ფაქტობრივად, ასეც გამოდის, ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს. და აგერ, სამი თვეა,  წამალს არ გაჰკარებია.

_ აბა! რას გაუმარჯოს? _ დემეტრემ არაყი ჩამოასხა და კატოს ანიშნა, ჩემ გვერდით დაჯექიო.

იმასაც არ დაუწყია განაზება, კეკლუცად გაუღიმა მამაკაცს და გვერდით მიუსკუპდა.

დემნა ჯერ კიდევ ტელეფონზე ლაპარაკობდა.

_ მამას არ დაველოდოთ? _ ჰკითხა კატომ და მხრით ოდნავ შეეხო.

_ რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი. უბრალოდ, მის მოსვლამდე რაღაც მინდა გთხოვო, _ დრო იხელთა დემეტრემ.

_ გისმენ, _ მზერა აარიდა კატომ, თითქოს მიხვდა, რა სათხოვარიც უნდა ჰქონოდა მამაკაცს.

_ შაბათს მინდა სადმე დაგპატიჟო, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

_ ხდება რამე? _ კატო შებოლილი თევზის გაფცქვნას შეუდგა.

_ ისეთი არაფერი, მინდა უფრო დავახლოვდეთ, დავმეგობრდეთ…

_ სიამოვნებით. მეც მინდა, უფრო ახლოს გაგიცნო. შენ… რამდენი წლის ხარ, დემე?

_ ოცდაცამეტის.

_ მართლა? საერთოდ არ გეტყობა… მე ოცდახუთის.

_ რვა წელი ყოფილა ჩვენ შორის სხვაობა. მგონი, კარგია, არა?

_ რისთვის? _ ჩამჭრელი კითხვა დასვა კატომ.

_ იმისთვის, რომ… _ ენა დაება დემეტრეს, _ იმისთვის, რომ… რა ვიცი, სამეგობროდ. უკეთ გავუგებთ ერთმანეთს.

_ ჰო, ალბათ… მაგას დრო გვაჩვენებს, _ გაურკვევლად გაიღიმა გოგონამ.

ამასობაში დემნაც მოვიდა.

_ ციცინო იყო, ოთხი ათას ლარს შემპირდა, ერთი წლით გასესხებო. ჩემს სიძეს მანქანა გაუყიდია და… ორ კვირაში მომიტანს.

_ რატომ ჩქარობთ, ბატონო დემნა? წლის ბოლომდე სალაროს აღრიცხვას არავინ ჩაატარებს. ბოლოს და ბოლოს, იქ თქვენ ხართ მთავარი ბუღალტერი და უთქვენოდ ვის აქვს უფლება, თანხები შეამოწმოს? იქამდე რაღაც გამოჩნდება.

_ მაინც მეშინია. ისეთი ცუდი მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, რომ… ვერ ხედავ, როგორი ეკონომიკური კრიზისია? რა ვიცი, მათეს როდის რა მოუფრინდება თავში. არ მინდა ამ ხნის კაცმა სირცხვილი ვჭამო… აბა, რა თქვით, რას გაუმარჯოსო?

_ ჩვენ გაგვიმარჯოს! _ წარმოთქვა დემეტრემ და ზეაწეული ჭიქა მასპინძლებს მიუჭახუნა.

კატოს არ დაულევია, დემნაც ცოტას სვამდა, ცუდად გახდომის ეშინოდა. სამაგიეროდ, დემეტრემ გაილაღა. ცოტა ხანში თვალები აუჟუჟუნდა და ისე გათამამდა, კატოს მხარზე მოხვია მკლავი და თითებით ყელზეც კი «წაეთამაშა». გოგონას ამაზე რეაქცია არ ჰქონია.

«თუ ეს ქალი ჩემი ცოლი გახდა, ბედნიერი კაცი ვიქნები. აბა, ამისთანა ანგელოზის ხელიდან გაშვება იქნება? ყველას შეშურდება ჩემი, ორმოცდაათი ათასის დედაც ვატირე… მაგრამ ისიც რომ კარგი «ხილია»? _ ფიქრებით ნიცას გადასწვდა, _ მენანება გასაწირავად. რაღა ამ გზით ვიძიო მის ძმაზე შური? იმ გოგომ რა დამიშავა? თუმცა, რა ჩემი ბრალია, თუ თავად წამოეგო ანკესზე? უპრობლემოდ დამთანხმდა პაემანზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იმასაც მოვეწონე. ვერც ვერავინ მიხვდება, რომ სპეციალურად დავუწყე შებმა. როცა ჩემსას მივაღწევ, სწორედ მაშინ დავქორწინდები კატოზე. აი, მერე დაიწყება, რაც დაიწყება! მაგარი ომი მელის! რას ვიზამთ, ბიზნესი ისეთი რამეა, მსხვერპლის გარეშე წარმატება არ იქნება. უნდა გავუძლო… როგორმე უნდა გავუძლო!» _ ფიქრებში წასულ დემეტრეს ღიმილი არ მოშორებია სახიდან, თან თითებს ნებიერად დაასრიალებდა კატოს მოშიშვლებულ მხრისთავზე…

გაგრძელება იქნება