ნიცა მთელი დღის განმავლობაში აფორიაქებული იყო. ცხრაჯერ გამოიცვალა სამოსი, რომ შესაფერისი ტანსაცმელი შეერჩია საღამოსთვის. ერთიანად ამოატრიალა თავისი გარდერობი. როგორც იქნა, არჩევანი საღამოს ფოსფორისფერ კაბაზე შეაჩერა, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეცვა და ისეთი კომპლიმენტები მიიღო, დღესაც არ ავიწყდება.
როცა თავის მოწესრიგებას მორჩა, სალონში გაქანდა თმის დასავარცხნად. დედას დაუბარა, ამაღამ გვიან მოვალ, ნუციკოს დაბადების დღეა და რესტორანში ვქეიფობთ გოგოებიო. ნათელამაც დაიჯერა, როგორც ყველა დედამ, რომელსაც თავისი შვილის ნათქვამში ეჭვი არასდროს ეპარება.
დემეტრემ სამ საათზე დაურეკა და შეახსენა, რა მოიფიქრე, ვხვდებით დღეს თუ არაო. ამანაც თანხმობა განუცხადა. შვიდ საათზე დათქვეს შეხვედრა სანაპიროს ერთ-ერთ რესტორანთან. ნიცამ, როგორც წესი და რიგი, ათი წუთით დააგვიანა. სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ის ქალი იყო და პირველი არ უნდა გამოცხადებულიყო პაემანზე. ოდნავ მოგვიანებით მისვლა ერთგვარი ჟესტი გახლდათ _ მამაკაცმა ხომ უნდა «წაუნერვიულოს» ცოტა, მით უმეტეს, როცა პირველად ხვდებიან ერთმანეთს, როცა ჯერ ურთიერთობა მხოლოდ «ჩასახვის» პროცესშია.
დემეტრე შესასვლელთან, ტროტუარზე იდგა და ადგილზე ცმუკავდა. ვერ იტანდა, როცა ქალი იგვიანებდა. ამას მაინცდამაინც მიჩვეული არ იყო. ქალები ისე მოიწევდნენ მისკენ და ისეთი მეთოდებით ცდილობდნენ მის შებმას, სიხარულით გამორბოდნენ მასთან შესახვედრად და დაგვიანება კი არა, ნახევარი საათით ადრეც კი მოდიოდნენ პაემანზე. ამან კი აცდევინა! ერთი ამ პატარა გოგოს დამიხედეთ, რამდენის უფლებას აძლევს თავის თავს! როგორ უბედავს მას, წარმატებულ ბიზნესმენს, ასე უდიერად მოექცეს? არა უშავს, მოვა დრო და ასწავლის ჭკუას. ნახავს, თუ აქეთ არ შეეხვეწება.
ამ დროს ტაქსი გაჩერდა, უკანა კარი გაიღო და.. ჯერ ქალის ულამაზესი ფეხი გამოჩნდა, მერე ხელი, ბოლოს კი ისიც გადმოვიდა… ისეთი ლამაზი იყო, მამაკაცი თვალს ვერ აშორებდა. ის კი არა, თავდაპირველად ვერც იცნო, ისეთი შეცვლილი ეჩვენა. პირველად ხედავდა ასეთ ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც რამდენჯერმე დაუნახავს. იმ დღეს კი, აუზზე, საერთოდ უმაკიაჟოდ იყო და სულ სხვანაირად გამოიყურებოდა.
გარუჯულ სხეულს საოცრად უხდებოდა ფოსფორისფერი. ღრმა დეკოლტე კიდევ უფრო აღმგზნებს და სექსუალურს ხდიდა ნიცას მოხდენილ ფიგურას. დემეტრე სწრაფად მიეახლა, გადაკოცნა და ხელი მსწრაფლ გაიკრა ჯიბეზე.
_ რამდენი გადაგიხადოთ? _ თავი ფანჯარაში შეყო და მძღოლს მიაჩერდა.
_ უკვე გადავიხადე, _ მომაჯადოებელი ღიმილით უთხრა ნიცამ და მამაკაცს მკლავზე წაავლო ხელი.
_ რატომ შემარცხვინე? _ იწყინა დემეტრემ.
_ მიჩვეული ვარ, _ კვლავ შეჰღიმა გოგონამ და თავი კეკლუცად გადააქნია.
_ მეორედ ასეთი რამ არ გააკეთო, გასაგებია? _ დატუქსა მამაკაცმა.
_ ვეცდები, _ მორჩილად უპასუხა ნიცამ, ხელკავი გამოსდო და მასთან ერთად კიბეს თეძოების მედიდური რხევით აუყვა.
დემეტრემ თავმომწონედ შეაბიჯა დარბაზში მასთან ერთად. რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ მიაჩერდა ორივეს. უხაროდა მამაკაცს, ასე რომ მიიქცია ყურადღება. ეს აშკარად ნიცას სილამაზის დამსახურება იყო. «რომელი უკეთესია ნეტავ, ნიცა თუ კატო? მე რომ ორივე მომწონს? ჰოდა, ორივე ჩემი იქნება _ ერთი ოფიციალურად, მეორე არაოფიციალურად. ამის მეტი რა ვიცი?» _ ფიქრობდა თავისთვის კმაყოფილი ბიზნესმენი და თვალებით თავისუფალ მაგიდას ეძებდა, რომ მყუდროდ განმარტოებულიყო თავის ლამაზმანთან ერთად.
წყვილს ვიღაც გამოეგება, შინდისფერ პიჯაკში გამოწკეპილი მამაკაცი, შინაურულად მიესალმა დემეტრეს და ხელი მძლავრად ჩამოართვა. ცოტა ხანს ილაპარაკეს, მერე იგი წინ გაუძღვა ორივეს და სპეციალური სტუმრებისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მიაცილა.
ნიცა თვალს არ აშორებდა დემეს, დაკვირვებით ათვალიერებდა, რათა მიმხვდარიყო, რომელი ნაკვთი ალამაზებდა ასე მის სახეს. საბოლოო ჯამში დაასკვნა, რომ ეს მისი თვალები იყო. დიდრონი, ძლიერად გამოკვეთილი ხაზებით, ხშირი შავი წამწამებით დაჩრდილული ყავისფერი თვალები, რომელსაც ნებისმიერი ემოციის გამოხატვა შეეძლო.
_ იმედია, საჩქარო არაფერი გვაქვს, _ თქვა დემეტრემ და გამჭოლი მზერა ესროლა.
_ ძალიან ვერ დავაგვიანებ სახლში, არ მიყვარს უსიამოვნებები.
_ უსიამოვნებები ვისთან?
_ დედასთან… ძმასთან…
_ მამა?
_ მამა არ მყავს.
_ ვწუხვარ. მე შენ გამო ვამბობ, თორემ პირადად არსად მეჩქარება, _ მომნუსხველად გაუღიმა მამაკაცმა.
_ დიდი მადლობა, როცა დრო მოვა, არ მომერიდება, გეტყვი, _ თვალები ოდნავ მილულა ნიცამ და ისე უპასუხა.
უყურებდა დემეტრე ამ სიფრიფანა გოგონას და რაც მეტ დროს ატარებდა მის გვერდით, მით უფრო მოსწონდა. მოსწონდა, რადგან ნიცა უბრალო იყო, გულწრფელი და ბუნებრივი, ხელოვნური მანერებით არ ცდილობდა თავი მოეწონებინა. კატოც სწორედ ამით ხიბლავდა. მართალია, ის ოდნავ მაღალი იყო და უფრო გამომწვევი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ არც ნიცა იყო ნაკლები, იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელი ბევრად ბავშვურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. კატო კი უკვე ქალი იყო, ზრდასრული ქალი, მეტის მნახველი და გამოცდილებამიღებული.
რამდენიმე წუთში სუფრა გაივსო. ნიცა გაოცებული შეჰყურებდა კერძებს და უკვირდა, ნეტავ, რა საჭირო იყო ამდენის შეკვეთა, რომელი იყო მათ შორის ამდენი საჭმლის «გამსაღებელი».
_ არ მოგერიდოს, ეს ყველაფერი ჩვენია, _ ხარბად შეხედა დემემ.
_ დიდად არ მშია, თან არც ისეთი მადიანი მჭამელი ვარ, _ დაიმორცხვა ნიცამ და მამაკაცს თვალი აარიდა.
რა ხდება მათ შორის? ყველაზე უბრალო სიტყვებიც კი კომპლიმენტებად ეჩვენება გოგონას, მისი შემთხვევითი მზერაც კი ატყვევებს და ბორკავს, თანაც იმდენად, თითქოს საშიშროების წინაშე იდგეს და ცხოვრება მუხთალ გამოცდას უმზადებდეს.
რამდენიმე სადღეგრძელო დალიეს… უფრო სწორად, მოსვეს, სასმისის დაცლით არც ერთი არ იკლავდა თავს. ნიცას დალევა არ უყვარდა, დემეტრე კი საჭეს მართავდა და დათრობას ერიდებოდა.
_ ხომ არ ვიცეკვოთ? _ ცოტა ხნის შემდეგ მშვიდად შეეკითხა დემე და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ვალსის მშვიდი მელოდია გაისმა. როგორც ჩანს, ჩქარი ცეკვები დიდად არ ეპიტნავებოდა.
_ ვიცეკვოთ.
ნიცა ბავშვობიდან ცეკვავდა, ამიტომ მისთვის მუსიკის რიტმებს აყოლა უცხო ხილი არ იყო, თუმცა დემეტრეც კარგი პარტნიორი გამოდგა. როგორც კი მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია, გოგონა მაშინვე მიხვდა, რომ მისი შიშნარევი წინათგრძნობა მართლდებოდა. იმდენად ძლიერად მიიზიდა ამ ახალგაცნობილმა უცხო ადამიანმა და იმხელა ცეცხლი დაუნთო ზურგზე, ნიცას სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა. მისი რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩენია მამაკაცს და კმაყოფილებით სავსე მზერით მიეალერსა.
ნიცა ყოველთვის ახერხებდა თავის მოთოკვას. როგორ სიტუაციაშიც უნდა ყოფილიყო, იშვიათად, თავისი გრძნობები გაემჟღავნებინა, მაგრამ ამწუთას უძლური აღმოჩნდა. კონტროლს ვეღარ უწევდა თავის ემოციებს და ცდილობდა, მზერა აერიდებინა მამაკაცისთვის, რათა მას არაფერი შეემჩნია. თან სიამოვნებდა, ასე ძლიერად რომ ჰყავდა დემეს ჩაბღუჯული, თან თრთოდა, ცოტა ნაადრევად ხომ არ მომდის გრძნობებს აყოლაო. მთავარი ის იყო, რომ ცხოვრებაში პირველად, ვიღაცის შეხებამ სიამოვნება მიანიჭა.
კვლავ სუფრას დაუბრუნდნენ და საუბარი განაგრძეს. დემე თვალს არ აშორებდა მტრედივით მოღუღუნე გოგონას, რომელიც, სრულიად შეუცნობლად, თითქოს ხაზგასმით უმტკიცებდა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის რაღაც უხილავი დამაკავშირებელი ძაფი არსებობს. უბრალო დაკვირვების შედეგად მიხვდა, რომ ამ ქალის ყველაფერი ხიბლავდა _ თუ როგორ მიჰქონდა ბოკალი ტუჩებთან, როგორ წრუპავდა შამპანურს, როგორ იცინოდა, როგორ ისწორებდა თმას, ნაბავდა თვალებს… თან ისე ბუნებრივად, რომ ლამის ნატრობდა, არასდროს დასრულებულიყო ეს პროცესი. თან ეს ხმა? მელოდიური, გულში ჩამწვდომი… «ალბათ კარგად მღერის», _ დაასკვნა ბიზნესმენმა.
8 8 8
ზუსტად თერთმეტ საათზე გამოვიდნენ რესტორნიდან. ნიცას შთაბეჭდილებებისგან ჯერ კიდევ თავბრუ ეხვეოდა. თითქოს ბურანში იყო, იმდენად უხაროდა, ასეთი ლამაზი საღამო რომ აჩუქა მისთვის უკვე სასურველად ქცეულმა მამაკაცმა.
_ ცოტა ხომ არ გაგვესეირნა? _ ფრთხილად შეაპარა დემემ და თავი არ მიუბრუნებია მისკენ, მხოლოდ თვალებით გახედა.
_ ცოტა შეიძლება, _ დაიმორცხვა ნიცამ და საკუთარი გულის ამბოხს ყური არ ათხოვა.
არადა, გული თითქოს პროტესტს უცხადებდა.
დემეტრეს კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მაგრამ არ შეიმჩნია. «ახლა რომ ვთხოვო, სიამოვნებით დამთანხმდება, ჩემთან წავიყვანო, სახლში და საწადელსაც ვეწიო, მაგრამ არ ღირს აჩქარება. ჯერ თავი უნდა შევაყვარო და მერე მივაღწიო ჩემსას. ბოლოს მივატოვებ და… მინდა მისი იმედგაცრუებული სახე და მდუღარე ცრემლები დავინახო. ეს მინდა!» _ თავის თავს ელაპარაკებოდა ფიქრებში, თან ნელი სვლით მიუყვებოდა გზას.
_ ნიცა, მე არ მინდა გეგონოს, რომ… _ პაუზა გააკეთა, _ ეს მხოლოდ გართობა არ არის და არ იფიქრო, რომ ჩვენი შეხვედრა არაფერს ნიშნავს… ანუ, არ მინდა, ჩემზე ცუდი წარმოდგენა შეგექმნას. მე შენ ძალიან მომწონხარ და მინდა დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა.
_ არ ვიცი… ვნახოთ, _ ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა აალებულმა გოგონამ და ფანჯარაში გაიხედა.
_ როცა პირველად დაგინახე აუზზე, მივხვდი, რომ ჩემი შენამდე ცხოვრება ერთი მთლიანი ტყუილი იყო და სხვა არაფერი. აქამდე ვერ ვამჩნევდი განსაკუთრებულ ნივთებს, ნებისმიერ სილამაზეს ისე ჩავუვლიდი გვერდით, თითქოს არც არსებობდა. შენთან შეხვედრამ კი ყველაფერი შეცვალა. ვიცი, რასაც ახლა გეტყვი, ძალიან ბანალური იქნება და ალბათ სხვა დროსაც ბევრჯერ მოგისმენია, მაგრამ მაინც გავიმეორებ _ შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მთელ ქვეყანაზე… და მინდა იცოდე: ის, რაც ახლა ჩვვენ შორის ხდება, დროებითი სასიყვარულო თავგადასავალი არ არის. გჯერა?
_ მინდა დავიჯერო, _ ჩაიჩურჩულა ნიცამ და მხრები აიწურა.
დემემ მანქანა მოულოდნელად გააჩერა და მისკენ შეტრიალდა, მხარზე მოხვია ხელი, თავისკენ მიიზიდა და ცხვირით მის თმაში ჩაეფლო, ბუმბულივით რბილსა და ფაფუკ თმაში.
ნიცა ერთიანად ათრთოლდა. მისი ყველაზე თამამი ფანტაზიების ახდენის დრო მოახლოებულიყო. რამდენი ხანია, ასეთ წუთებზე ოცნებობდა. თავი ოდნავ შეარხია და როგორც კი მამაკაცმა სახე სახესთან ახლოს მიუტანა, ტუჩები ოდნავ გააპო და მის კოცნას კოცნით უპასუხა.
დემეტრეს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. რაც მეტს კოცნიდა გოგონას, მით მეტად უმძაფრდებოდა მასთან სიახლოვის სურვილი. წუთების წინ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ გადაავიწყდა, წამით მოწყდა ქალის ტუჩებს და ვნებიანად უჩურჩულა.
_ გინდა, ჩემთან ავიდეთ? მე ძალიან მინდა. წამომყევი, გთხოვ… მხოლოდ ცოტა ხნით… სულ, სულ ცოტა ხნით… არ გაწყენინებ, კარგი? უარი არ მითხრა, თორემ გული მომიკვდება…
ნიცამ პასუხის მაგივრად მხოლოდ ამოიოხრა, ღრმად, მტკივნეულად…
გაგრძელება იქნება