თურქულ სერიალებზე საუბრისას დღეს შეუძლებელია არ ვახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და, ამავდროულად, ძლიერი მსახიობი - სინემ უნსალი. მან თავისი ბუნებრივი შესრულებით და გულწრფელი ემოციებით შეძლო, რომ მაყურებელთა გულში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა და თურქული ტელევიზიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ ჩამოყალიბებულიყო.
სინემ უნსალი დაიბადა 1993 წლის 21 ივნისს, იზმირში. მან დაამთავრა ესქიშეჰირის უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება სცენა და კამერის წინ ყოფნა იყო.
პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში მან 2017 წელს გადადგა, მცირე როლებით. თუმცა მისი თამაში იმდენად დამაჯერებელი და ბუნებრივი იყო, რომ მსახიობმა მალევე მიიპყრო პროდიუსერებისა და მაყურებლების ყურადღება.
სინემ უნსალის დედა ჩერქეზული წარმოშობისაა, ხოლო მამა – აზერბაიჯანელი. ეს შერეული ეთნიკური ფონი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ინდივიდუალური სტილისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში.
თავად სინემს უყვარს საკუთარ თავზე თქმა: "მე ვარ კავკასიელი, გოგონა კავკასიიდან.“ ეს მისთვის უფრო მეტია, ვიდრე წარმოშობის აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ იგი თურქეთში, კერძოდ, იზმირში გაიზარდა, მისი ეთნიკური იდენტობა მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
სინემ უნსალის კარიერის გარდამტეხი მომენტი გახდა ექიმ თურნას როლი სერიალში Mucize Doktor, რომელიც 2019 წელს გავიდა ეთერში. სერიალი დაფუძნებულია სამხრეთკორეულ დრამაზე და მოგვითხრობს ექიმის ისტორიას. სინემმა მის მშვენიერ კოლეგასთან, ტანერ ოლმეზთან ერთად, შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი და დაუვიწყარი წყვილი შექმნა.
მის მიერ შესრულებული თურნა არა მხოლოდ პროფესიონალი ექიმის, არამედ ქალის სიმბოლო გახდა - ძლიერი, თანაგრძნობით სავსე და ერთგული. მისი გამოხედვა, ტონალობა და სხეულის ენა იმდენად ორგანული იყო, რომ სერიალის წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ მასაც მიუძღვის.
სინემ უნსალი არ არის მსახიობი, რომელიც ეპატაჟით ან ხმაურიანი პერსონით გამოირჩევა. პირიქით - ის ხასიათდება სიმშვიდით, დახვეწილი ელეგანტურობით და სათნოებით. ეს სიჩუმე ეკრანზეც იგრძნობა - მისი გმირები ხშირად „მეტყველი თვალებით“ საუბრობენ და მაყურებელზე ზუსტად იმ გავლენა ახდენენ, რაც სიტყვებს აღარ საჭიროებს.
სინემი უკვე იქცა თანამედროვე თურქული ქალის ერთ-ერთ სახედ — განათლებული, დამოუკიდებელი, მორალურად მყარი და პროფესიონალი. მასში თანაბრად იკითხება სილამაზე და გონიერება, შინაგანი ძალა და მგრძნობელობა.
სინემ უნსალი ამჟამად განაგრძობს კარიერის განვითარებას თეატრსა და ტელევიზიაში. კრიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ხოლო მაყურებლები ელიან ახალ როლებს.
ამჟამად ის მსახიობ ბერქ ჯანქათს ხვდება, რომელიც სერიალ "Senden Önce“-ს გადაღებებზე დაიწყო. სინემმა თავადაც დაადასტურა ეს კავშირი და აღწერა, როგორც "ტკბილი ურთიერთობა.“სინემი აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. იგი გატაცებულია იოგითა და პილატესით, რაც ეხმარება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ასევე, ცნობილია, რომ ის დიდ ყურადღებას აქცევს ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესს. ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ უყვარს ცეკვა და პატარ-პატარა სიამოვნებები – ფილმის ყურება, წიგნების კითხვა და მშვიდი საღამოები მეგობრებთან ერთად. თურქულის გარდა, სინემი ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.