დავიწყოთ თავიდან - თავი 5 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 5

2025-07-18 11:05:25+04:00

წინა თავი

არ ახსოვს ნიცას, როგორ აღმოჩნდა ამ უზარმაზარ ოთახში. ახსოვს მხოლოდ ის, სასოწარკვეთილი რომ ჩურჩულებდა: «არ გინდა, გთხოვ, არა, დემე…» მაგრამ დემეს გაჩერება აღარაფერს შეეძლო. კარგა ხანს მის მკლავებში მოქცეული გოგონა უმწეოდ ფართხალებდა, სუსტ წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ წამით გაქვავდა, მერე კი, მოულოდნელად, თავადაც შემოხვია მკლავები მამაკაცს და მის ტუჩებში უგზო-უკვლოდ ჩაიკარგა.

დემეტრე სურვილისგან იწვოდა, თუმცა ცდილობდა, ვნებები ნებაზე არ მიეშვა, მაგრამ ქალის ტუჩები შეეხო თუ არა, თავგზა აებნა. აებნა, რადგან მიხვდა, რომ მას არა მხოლოდ ვნება, არამედ ყოველის შთანმთქმელი სიყვარული ეწვია, გრძნობა, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. განუმეორებელი სიამოვნებისგან აცახცახებულმა ნიცა ხელში აიტატა. მისი აბრეშუმივით სრიალა თმა მამაკაცს მკერდზე დაეფინა. ამან უფრო გაუმძაფრა სურვილი. უკიდურესობამდე აღგზნებულმა გოგონა საწოლზე მიაწვინა და კოცნით დაუფარა მკერდი, ყელი, სახე… ნიცამ ყრუდ ამოიკვნესა და სრულიად გადაავიწყდა ამქვეყნად ყველაფერი, სხეულიც აღარ ეკუთვნოდა მას, არც ერთი უჯრედი არ ემორჩილებოდა…

_ მიყვარხარ… მე შენ მიყვარხარ, _ ნიცას გახურებულ სხეულს წვიმის წვეთებივით ეცემოდა დემეტრეს ვნებიანად ნათქვამი ბგერები, _ უშენოდ არც ცხოვრება მაქვს, არც სიმშვიდე.

ნიცას გონება უფრო და უფრო ებინდებოდა. მისი სხეული, როგორც გვალვისგან გამომშრალი მიწა, ხარბად ისრუტავდა წვიმად ქცეულ ალერსს. იმ წუთას ნეტარების ბურუსში ჩაძირული მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა _ ყვარებოდა დემეტრეს და თავადაც ყოფილიყო შეყვარებული…

მერე დიდხანს იწვნენ გაუნძრევლად. ნიცა ისე ძლიერად ჩახუტებოდა მამაკაცს, თითქოს არაფრის დიდებით მისი ხელიდან გაშვება არ უნდაო. ერთი მხრივ ნანობდა, რაც მოხდა, მეორე მხრივ ბედნიერების განცდა არ შორდებოდა.

დემეტრე? ის მხოლოდ ნანობდა… როგორ ვერ შეიკავა თავი, როგორ ვერ გააკონტროლა სიტუაცია? თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა დაემართა, ასე უცნაურად როგორ დაიმორჩილა ამ პატარა გოგოსგან მომავალმა ცეცხლოვანმა მუხტმა! ისე სხვანაირად განეწყო ამ საყვარელი არსების მიმართ, სინდისის ქენჯნა იგრძნო, ასე რატომ მოვექეციო. და ცხოვრებაში პირველად ინანა, ქალი რომ არ შეეწინააღმდეგა მის სურვილს…

_ შენ მამაკაცთან არასდროს ყოფილხარ, არა? _ თითქოს თავის ფიქრებს გამოელაპარაკა დემეტრე, თან თითებს ნაზად უსვამდა შიშველ მკლავზე.

ნიცას ნეტარი, დამათრობელი ღიმილი გადაეფინა სახეზე.

_ არა, _ თავი გააქნია და ტუჩებით ოდნავ შეეხო მამაკაცის მხარს, _ არასდროს.

_ არ უნდა გამეკეთებინა ეს, _ ძლივს ისმოდა დემეს ჩურჩული.

_ ჰო, _ მოთენთილი ხმით დაეთანხმა ნიცა და უფრო მჭიდროდ ჩაეხუტა ახლა უკვე ნაცნობ და ახლობელ სხეულს, _ მაგრამ ეს უკვე მოხდა!

არადა, რა დიდხანს ელოდა ამ დღეს… ასეთ მოფერებას, ასეთ ალერსს… მისი ახლა უკვე საყვარელი მამაკაცი ამას ვერასდროს გაიგებდა.

_ არ უნდა გამეკეთებინა ეს, _ დაჟინებით გაიმეორა დემეტრემ.

_ რატომ ნანობ ასე? შემთხვევით ჩემი მიტოვება ხომ არ განიზრახე? _ თავი წამოსწია ნიცამ და მისი გრძელი, ფაფუკი თმა კიდევ ერთხელ მიელამუნა მამაკაცის გულმკერდს, _ ჯობია, ახლავე მითხრა, სანამ გვიან არ არის. თორემ მერე უარესად მეტკინება გული.

_ არა, პატარავ, მე შენ არასდროს მიგატოვებ, _ სევდანარევი ხმით უპასუხა დემეტრემ, გოგონა თავისკენ მიიზიდა და ალერსის ბურანში კიდევ ერთხელ გაახვია.

8 8 8

მათეს გაუკვირდა, ნიცა ასე გვიან რომ დაბრუნდა შინ.

_ სად იყავი? _ ქვემოდან გახედა უმცროს დაიკოს.

_ დაბადების დღეზე, _ წაიდუდღუნა გოგონამ და ძმას თვალი აარიდა.

მათეს რაღაც არ მოეწონა… თავადაც ვერ ხვდებოდა, რა, მაგრამ რაღაც არ იყო მოსაწონი დის გამოხედვაში, მოძრაობაში, თვალებში… აფორიაქებული ეჩვენა, მზერაამღვრეული, მოუსვენრობისგან შეშფოთებული…

_ რაღაც ვერ გცნობ… მოხდა რამე? _ დაეჭვებით შეეკითხა.

_ არაფერი. უნდა მომხდარიყო რამე? _ ნიცა საშინლად დასჭიმოდა სხეული, ცდილობდა, რაც შეიძლება შორს მდგარიყო ძმისგან და მის დაჟინებულ მზერას გაქცეოდა.

_ დაანებე, შვილო, თავი, ერთხელ ამანაც გაიხაროს, სულ სახლში ზის, დაიღალა უსაქმურობისგან, _ ნათელამ ზურგზე ჩამოუსვა უფროს შვილს ხელისგული და პერანგს გარედან, მხარზე აკოცა, _ თქვენ გენაცვალოთ თქვენი დედა!

_ ჰო, სახლში ზის, როგორ არა! _ მათეს ხმა მოულბა, _ აუზს ეგ არ იკლებს და დაქალებში ქეიფს. კიდევ რას სჩადის, კაცმა არ იცის… ნუ აფარებ ხელს, დედი, რა, შენი ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება, მხარზე აქვს ენა გაგდებული! _ უეცრად გაღიზიანდა მამაკაცი.

_ მათე, რაღაც ვერ გცნობ ბოლო ხანებში, რა გჭირს? ხომ მშვიდობაა სამსახურში? _ შეშფოთდა ნათელა.

_ ისეთი არაფერი. მოევლება. ეს სად გარბის? _ მზერა ოთახიდან ფეხაკრეფით გამავალ ნიცაზე გადაიტანა.

_ სააბაზანოში, წყალი მინდა გადავივლო.

_ ჯერ წესიერად არ შემოსულხარ სახლში… რაღაც, არ მომწონხარ… _ გული ცუდს უგრძნობდა მათეს.

_ ეეეე! დაიწყო ახლა მისებურად! _ ხელი აიქნია ნიცამ და კარი სასწრაფოდ გაიხურა.

_ შეეშვი, ადამიანო, არ იცი მაგის ამბავი? ოცდაოთხი საათი წყალშია! რას აიჩემე? _ მსუბუქად დატუქსა დედამ ვაჟი.

_ ოოჰ, რა ვიცი, რა… აღრენილი ვარ.

_ რატომ, შვილო, რა მოხდა ამისთანა?

_ მგონი, გარღვევები მაქვს შემოსავლებში და ვერ ვხვდები, სად რა გამეპარა.

_ მერე? გადაამოწმე, შენს ხელში არ არის?

_ არის, მაგრამ ვერ მოვიცალე. ხვალ უკრაინაში მივფრინავ ერთი კვირით. რომ ჩამოვალ, მერე მივხედავ. ჯერ არ ვიცი, იქნებ არც მაქვს და ვცდები. ჯერ მხოლოდ ვეჭვობ და ვნახოთ, რა იქნება, _ მათემ თავი გადააქნია, ღრმად ამოიხვნეშა და მაგიდას მიუჯდა, _ მაჭამე რამე, დილიდან ლუკმა არ ჩამსვლია პირში.

_ ახლავე, დედი, ახლავე, ყველაფერი მაქვს, _ აფუსფუსდა ნათელა და სუფრის გაშლას შეუდგა.

8 8 8

ბედნიერებისგან ამღერებული ნიცა ქაფით სავსე უზარმაზარ ჯაკუზში გაწოლილი ნებივრობდა. იგი საბოლოოდ დამშვიდდა და გადაწყვიტა, არ დაეტანჯა თავი უაზრო ეჭვებით და წინათგრძნობებით. დღევანდელი დღე გაცოცხლებული ზღაპარივით იყო, დაუჯერებელი თავგადასავალი ისეთ მამაკაცთან, როგორზეც თუ იოცნებებდა მხოლოდ. ამწუთას სულაც არ ნანობდა იმას, რაც მოხდა. თითქოს ჰოლივუდური ისტორია გადახდა თავს, რომელიც ზეგ უნდა გაგრძელებულიყო. ერთი ღამე ფეშენებელურ სასტუმროში გავატაროთო, სთხოვა დემემ. სპეციალური პერსონალი მოგვემსახურება, ნომრამდე მიგვაცილებენ, იქ შამპანურს, ყვავილებს და სიმყუდროვეს დაგვახვედრებენ, მერე კი ვახშამსაც მოგვართმევენ და მთელი ღამე ჩვენი იქნებაო. «ღმერთო, ნუთუ ეს ყველაფერი ცხადია? იქნებ სიზმარში ვარ? იქნებ მელანდება? მეშინია, საგიჟეთში არ ამოვყო თავი!» _ ხანდახან უსიამოვნო ფიქრებიც გაჰკრავდა გულში.

დიდხანს დაჰყო აბაზანაში. როცა ნებივრობით გული იჯერა, პირსახოცი შემოიხვია ტანზე და შიშველი გამოტანტალდა ჰოლში. მათე უკვე დაწოლილიყო… დედაც. ფენი ჩართო და თმა გაიშრო, თან თავისთვის ღიღინებდა. ფენის გუგუნში მისი ღიღინის ხმა არ ისმოდა, მაგრამ ახლა ეს სულაც არ ადარდებდა. მთავარი ის იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა. დავარცხნას მორჩა და კარისკენ გაემართა, რათა შემოსასვლელში შუქი ჩაექრო. მოულოდნელად კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა. მოულოდნელობისგან შეკრთა. მართალია, არავის ელოდებოდა, მაგრამ მოულოდნელი სტუმრები მათ ოჯახში იშვიათობა არასდროს ყოფილა. ამიტომ არც უკითხავს, ვინ არისო, ისე არხეინად გამოაღო კარი, რომელიც ჯაჭვზე იყო დამაგრებული.

ელდა ეცა, როცა ზღურბლს იქით მოღიმარ დემეტრეს შეეფეთა. ღაწვები აუფორაჯდა, თან შიშისგან ელეთ-მელეთი დაემართა, მათემ არაფერი გაიგოს და თავისი ოთახიდან არ გამოვიდესო.

«რა მემართება? რამ დამაბნია ასე საშინლად? ალბათ იმან, რომ პრაქტიკულად, შიშველი ვარ», _ გაიფიქრა ათრთოლებულმა, თუმცა დემეს იგი უფრო «შილიფადაც» ჰყავდა ნანახი, თან სულ რამდენიმე საათის წინ.

_ გვიანი სალამი პატარას, _ ჩახრინწული ხმით დაიჩურჩულა მამაკაცმა.

_ ღმერთო, აქ რა გინდა? _ უფრო გაიფიქრა ნიცამ, ვიდრე იკითხა, იმდენად ხმადაბლა გამოუვიდა.

_ რა ლამაზი ხარ!.. _ თვალები თეატრალურად დააჭყიტა დემემ, _ მომენატრე და მოვედი. წამით მაინც რომ არ მენახე, მოვკვდებოდი.

გოგონას გულმა გამალებით დაუწყო ცემა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა _ მამაკაცი უკვე ნანობდა იმას, რაც დღეს საღამოს ჩიდინა. ახლა ალბათ იმიტომ მოვიდა, რომ დარწმუნებულიყო, ნიცაც განიცდიდა თუ არა მომხდარს, როგორ ხასიათზე მყოფი გაუღებდა კარს. ამას მიხვდა თუ არა, მაშინვე უდარდელად გაიღიმა და ჩურჩულით უთხრა.

_ სულაც არ ვარ ლამაზი.

_ ასე გგონია? მაშინ ზეგ საღამოს, როცა სასტუმროში შევხვდებით, ოფთალმოლოგს გამოვიძახებ, რომ შენი მხედველობა შეამოწმოს, კარგი?

ნიცას მაშინვე მოეხსნა დაძაბულობა, მოეშვა და გაიცინა კიდეც, მერე უეცრად ისევ დაეჭიმა სხეული.

_ ძალიან გთხოვ, წადი, თორემ შეიძლება ჩემი ძმა გამოვიდეს და…

_ და რა?

_ მომკლავს!

_ თითსაც ვერ დაგაკარებს.

_ ძალიან გთხოვ, წადი… შენ არ იცნობ მას.

_ კარგი, უკვე შემეშინდა, _ მოგუდულად გაიცინა დემემ, _ უნდა მენახე. თან ზუსტად ვიცოდი, კარს შენ რომ გამიღებდი, თუმცა არ მეგონა, თუ ამ ფორმაში გიხილავდი… შეუდარებელი ხარ… გკოცნი… გავიქეცი, _ ჩქარ-ჩქარა მიაყარა მამაკაცმა აალებულ გოგონას და კიბეზე დაეშვა.

ნიცამ კარი ჩაკეტა და თვალებდახუჭული კედელს მიეყრდნო. სახეზე მაცდური ღიმილი არ შორდებოდა…

გაგრძელება იქნება