მეორე საღამოს დემეტრემ კატო დაპატიჟა რესტორანში. გოგონას უარი არ უთქვამს, თუმცა დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია მის წინადადებას. თუ დათანხმდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მამის თხოვნას არ გაუწია წინააღმდეგობა. ცოტათი მოსწონდა კიდეც მამის ახალგაზრდა მეგობარი, მაგრამ არა იმდენად, რომ ცოლად გაჰყოლოდა. დემე მისი გემოვნების მამაკაცი სულაც არ იყო. ისეთი, როგორსაც კატო ეძებდა თავისი სულის სიღრმეებში, ჯერ არ გამოჩენილიყო. თუმცა, რომ გეკითხათ, როგორს ეძებო, პასუხს ვერ გაგცემდათ.
_ ამას მაშინ მივხვდები, როცა შევხვდები, _ ეშმაკურად ჩაილაპარაკებდა ხოლმე დაქალებთან სასიძოების კანდიდატურების მორიგი გარჩევისას.
_ როგორ ფიქრობ, კატო, მე და შენ გამოგვივა რამე? _ დემეტრემ მისი ხელი ხელისგულში მოიქცია და ლოყაზე მიიდო.
გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სწრაფი, გულგრილი მზერა ესროლა მხოლოდ.
_ ამას ალბათ დრო დასჭირდება. დღეს ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, წმინდად წყლის ნაყვა.
_ გეთანხმები. თუმცა, მე ძალიან მომთმენი ვარ, ეს ჩემი საუკეთესო თვისებაა. თუკი რამეში ნამდვილი სპეციალისტი შეიძლება მიწოდოს კაცმა, მოთმინებით ლოდინია. ეს ჩემი სახასიათო თვისებაა. მახსოვს, თითების ოპერაცია რომ გამიკეთეს, კვირაობით ვიწექი და ველოდებოდი, როდის ავამოძრავებდი გაქვავებულ თითებს, როდის მომცემდნენ ამის უფლებას. შენთვის ნაცნობია ასეთი გრძნობა? თითქოს კოღოს ნაკბენი გექავება და უფლება არ გაქვს, მოიქავო, რათა არ გაგიღიზიანდეს. ვიცოდი, რომ დროზე ადრე თითებს ვერ გავარხევდი, თორემ სამუდამოდ გამიქვავდებოდა. სხეულს დრო სჭირდება, რომ ახალ მდგომარეობას შეეგუოს. ასევეა ნერვები და გრძნობები, მათაც სჭირდებათ დრო ცვლილებებთან, უცხო სხეულთან შესაგუებლად.
_ გეთანხმები… და ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო ამაზე ფიქრს.
_ გინდა, ჩემთან ამით დაკავდე?
_ რით? _ კატო გაფითრდა.
_ ერთმანეთის შეჩვევით. ვიაროთ ერთად, დავისვენოთ ერთად და შეჩვევაც მოვა.
კატომ შეუმჩნევლად ჩაიღიმა. ეს შვების ღიმილი უფრო იყო, ვიდრე სიამოვნების. კიდევ კარგი, სხვა რამე არ უთხრა ამ კაცმა, თორემ თავსაც გაუხეთქავდა. არადა, როგორი ქვეტექსტი დააყოლა შეკითხვას?! ეშმაკია, იცის, ქალებთან როგორ მოიქცეს.
დემეტრე რაღაც დროის განმავლობაში ჩუმად იჯდა და ქალს შესცქეროდა, შემდეგ კი ჰკითხა.
_ პასუხი ვერ დავიმსახურე? იქნებ დრო გჭირდება მოსაფიქრებლად?
_ ვერაფერს გეტყვი… არა იმიტომ, რომ არ მომწონხარ… მომწონხარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს სიყვარული არ არის. მე კი სიყვარულს ვეძებ.
_ მაგრამ იცი კი, რას ნიშნავს სიყვარული? გყვარებია ოდესმე ვინმე?
_ რა თქმა უნდა, მყვარებია… დიდი ხნის წინ.
_ მერე? რატომ არ შედგა თქვენი რომანი? რატომ არ შეგირთო ცოლად?
_ იმიტომ, რომ ის ცოლიანი იყო.
_ აჰა… გასაგებია, _ წამით სახეზე ჩრდილმა გადაურბინა მამაკაცს.
_ ეს შენთვის რამეს ნიშნავს? _ ცალი წარბი აუწია კატომ და დამცინავად გახედა.
_ რა გინდა გითხრა, კატერინა? შეგაქო? არჩევანი დაგიწუნო? მითხარი, რა გიყო, _ საოცარი იყო, მაგრამ დემეტრეს ხმაში სინაზე უფრო გამოსჭვიოდა, ვიდრე გაღიზიანება.
_ სინამდვილეში, არც ისე ცუდად მოვქცეულვარ, რომ ჩემი სიყვარულის ძველი ისტორია ვინმეს განხილვის და დამოძღვრის საგნად ვაქციო.
_ ეს არც მიფიქრია. შენი წარსული შენ გეკუთვნის, მე მასთან არაფერი მესაქმება.
_ მიხარია ამის მოსმენა, მე ჩემი წარსულით ვამაყობ, _ კმაყოფილებით დააქნია კატომ თავი.
მოულოდნელად მამაკაცს ხარხარი აუტყდა.
_ იამაყებ, ჰო, მაგრამ ჩემთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა დროსაც არ მაგრძნობინებ, რომ ცოლიან კაცებთან აბამდი რომანებს.
_ ჰმ… რა ტემპერამენტიანი ნათქვამია, _ დაიბოღმა კატო.
_ რატომ, ძალიან ახლოსაა სიმართლესთან? _ დემე დაიძაბა, _ ბევრი საყვარელი გყავდა, კატერინა?
გოგონას გული შეუტოკდა, ისე მწარედ მოხვდა მისი სიტყვები გულში. მის მზერას არ გამოპარვია, ბოღმის ნაპერწკლებმა როგორ გაუნათა მამაკაცს თვალები. მოეჩვენა, რომ მისი პოტენციური საქმრო ზედმეტად ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით. თავი ასწია და მრავალმნიშვნელოვანი მზერით შეხედა მამაკაცს, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს.
_ მე… მე მინდოდა მეთქვა, _ მისმა გამოხედვამ აშკარად დააბნია დემეტრე, _ ვიცი, ეს ძალიან ინტიმური საკითხია, მაგრამ თუ ერთმანეთის უკეთ შეცნობა გვსურს, ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ. შენ არ მოგსვლია თავში აზრად, გეკითხა ჩემთვის, რამდენი საყვარელი მყავდა?
_ ამის უფლებას თავს არასდროს მივცემდი, _ ნიშნის მოგებით უპასუხა კატომ, _ მე საყვარლები არ მყოლია, ამიტომაც, ძალიან გთხოვ, სხვა დროს ამ თემაზე არასდროს ჩამომიგდო საუბარი.
_ ისე მცირედს ითხოვ ჩემგან, უარის თქმას როგორ გავბედავ, _ ირონიულად შენიშნა მამაკაცმა.
_ უადგილოა შენი ირონია, _ არ დაუთმო ქალმა.
დემეტრემ თავბრუდამხვევი ღიმილი დაახვედრა მის ნათქვამს. გოგონას კვლავ უსიამოვნოდ შეუტოკდა გული.
_ სინამდვილეში პასუხი ძალიან გაინტერესებს, არა?
_ არა, არ მაინტერესებს და ნუ მაიძულებ, გავწითლდე, _ ჯიუტად დადგა თავისაზე კატო.
მან არ იცოდა, მათ შორის რომელმა დათმო პირველმა. ფიქრობდა, რომ თვითონ. ეს კი სინანულს გვრიდა. სულაც არ უნდოდა, ვინმესთვის რამე დაეთმო. ამ მხრივ ძალიან ამაყი იყო, მით უმეტეს, იმ ადამიანთან, რომელიც მისი გულის გათბობას ვერასდროს შეძლებდა.
_ მეც მყვარებია ოდესღაც… ღრმა ბავშვობაში, _ აღიარა მამაკაცმა, _ კარგი იყო, დღესაც სასიამოვნოდ მახსენდება.
_ მე კი მეგონა, შენ საერთოდ არ იცოდი, რა არის სიყვარული, _ უკბინა კატომ.
_ რატომ გგონია? _ მსუბუქად ჰკითხა დემემ, _ სიყვარული ეს ის მდგომარეობაა, როცა საყვარელი ადამიანის ცქერისას გული გიჩერდება და ეჭვიანობ, თუკი შენი სასურველი ქალი იცინის და ეს სიცილი შენ არ გეკუთვნის.
_ შთამბეჭდავია! ასე მგონია, ახლაც შეყვარებული ხარ, ისეთი გრძნობით წარმოთქვი ეს ყველაფერი.
_ ასეც არის, მე ახლაც შეყვარებული ვარ, _ დაეთანხმა მამაკაცი.
_ მართლა? არ ვიცოდი… მერედა, რატომ ხარ ასეთ ნოსტალგიურ განწყობაზე? ისეთი სევდით ლაპარაკობ, გეგონება, უიმედოდ იყო შეყვარებული. ის რა, არ პასუხობს შენს გრძნობებს? არ გილაპარაკია მასთან ამ თემაზე?
_ ღმერთო ჩემო, რა მიამიტი გოგო ხარ, კატო! შენი აზრით, აბა სხვა რითი ვარ დაკავებული ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში? _ ამოთქვა დემეტრემ და ისეთი ვნებით სავსე მზერა მიანათა ქალს, მიხვდა, კატოსადმი ლტოლვამ ახალი ძალით რომ იფეთქა. ისე ძლიერად მოუჭირა ხელი შამპანურით სავსე ბოკალს, კინაღამ ხელში შემოეფშვნა.
_ არ გინდა, _ ცივად გაისმა კატოს ხმა, _ ეგ ზღაპრიდან წამოღებული მონოლოგია. მე კი ზღაპრების არ მჯერა.
_ და მაინც, ძალიან მინდა, ჩემი ცოლი გახდე.
_ აი, მაგას კი დრო გვიჩვენებს… გაგვიმარჯოს, _ გვერდულად ჩაიღიმა ქალმა, შამპანური კეკლუცად მოსვა და მამაკაცის თითებს დააშტერდა.
კარგა ხანს ათვალიერებდა კატო დემეტრეს ხელის ზურგზე და თითების ძირში გაბნეულ შავი თმის მსხვილ, მორკალულ ღეროებს. უეცრად გულში თუ სულში რაღაც უცნაურად შეერხა… მზერა მამაკაცზე გადაიტანა და ყურადღებით შეათვალიერა. «რა იყო ეს, რა მოხდა ჩემში?» _ ეკითხებოდა ფიქრებში თავის თავს, _ «ნუთუ სურვილი? ნუთუ ემოცია გამიჩნდა ამ კაცის მიმართ?»
არადა, დემეს მისი დასაწუნი მართლაც არაფერი სჭირდა. ის ყოველთვის იმ მამაკაცების რიცხვს ეკუთვნოდა, რომელზეც ქალები უიმედოდ ოცნებობენ. იქნებ სასმელმა იმოქმედა? როგორ სურდა ამწუთას კატოს, შამპანურისთვის დაებრალებინა ის სასიამოვნო თავბრუსხვევა, დემეტრეს თითების თვალიერებამ რომ გამოიწვია მასში. თუმცა, აშკარა იყო, ამ შემთხვევაში შამპანურს ტყუილად დასწამა ცილი. კატოს მოსწონდა იგი.
8 8 8
დემეტრემ სახლამდე მიაცილა თავისი კატერინა და შინისკენ გაუდგა გზას. მერე მთელი ღამე ფიქრობდა… ფიქრობდა კატოზეც და ნიცაზეც. ორივე მოსწონდა, მისთვის ორივე მისაღები ვარიანტი იყო საურთიერთოდ, მაგრამ… და ამ «მაგრამ-ს» იმდენი რამ მოჰყვებოდა, მამაკაცს თავგზას უბნევდა. სიამოვნებით შეირთავდა ნიცას ცოლად, იმდენად ნაზი, ბავშვური და საყვარელი გოგონა იყო, მაგრამ მათესთან კონფლიქტები ამის გაფიქრების საშუალებასაც კი არ აძლევდა. რაც შეეხება კატოს, არც მის მიმართ გახლდათ გულგრილი, თუმცა ეს ქალი ნაკლებად «აწიოკებდა» მის გულს, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ჭკვიანი იყო და სასიყვარულო საქმეებში მეტი გამოცდილება ჰქონდა. ის კი ჭკვიან ქალებს გაურბოდა. იცოდა, მათგან სასიამოვნოზე მეტი უსიამოვნება იყო მოსალოდნელი. ყოველთვის ჩასაფრებული უნდა ყოფილიყო, მეტი სიფხიზლე გამოეჩინა, რომ რამე არ გამოპარვოდა ურთიერთობაში, რომ თუნდაც უნებლიე შეცდომის დაშვებით მოტყუებული არ დარჩენილიყო ცხოვრებაში.
თითქოს ორ ცეცხლს შუა მოექცა. თან მათეს განადგურებაც სურდა, თან ნიცას შენარჩუნებაც. თან დემნას დახმარებაც უნდოდა, თან კატოს დათრევაც. რომელი გაეკეთებინა და რომელი გადაედო განზე? ამის პასუხი არ ჰქონდა, გადაწყვეტილებას ვერა და ვერ იღებდა.
ბოლოს ნდომის სასწორმა მაინც კატოსკენ გადაიხარა. ამ შემთხვევაში ნაკლები პრობლემები იყო მოსალოდნელი. ბოლოს და ბოლოს, ცოლად უნდა. თუ გამოადგა და შეიყვარა, ხომ კარგი, თუ არადა, ერქვას ცოლი, დაჯდეს სახლში და ზარდოს შვილები. სხვა მეტი რა არის ცოლის მოვალეობა? ფინანსურად და მატერიალურად არაფერი მოაკლდება. ჰოდა, იქნება კმაყოფილი. ნიცას კი… ნიცას სხვანაირად მიხედავს. ის საყვარლის რანგში ეყოლება. ცივ ნიავს არ მიაკარებს. მოპარული სიყვარული უფრო ვნებიანია ყოველთვის, ვიდრე გამართლებული და მერე სახლში გამოკეტილი. სწორედ ამიტომ უფერულდება გრძნობა ცოლ-ქმარს შორის, ამიტომ ნელდება სიყვარული ოჯახური თანაცხოვრებისას.
კიდევ ცოტაც და ყველაფერს დაალაგებს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ახლა მთავარია, ნიცამ გაუგოს და ისტერიკა არ მოუწყოს. ის ჯერ კიდევ ბავშვია, როგორ მიიღებს მის წინადადებას? რომელ ქალს გაუხარდება, მისმა საყვარელმა მამაკაცმა უთხრას, ცოლად სხვას ვირთავ, მაგრამ შენთან მაინც დავრჩებიო? ამის მოხერხება არ იქნებოდა ადვილი.
8 8 8
საღამო ხანი იყო. ნიცა და დემეტრე სასტუმროს რესტორანში ისხდნენ და ღიმილით სავსენი შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში.
დარბაზში ცხელოდა, სიგარეტის ბოლით იყო იქაურობა გაჟღენთილი. ეს თავხედი ბოლი კი ნიცას ლამაზ თვალებს უწვავდა. მიუხედავად ამისა, გოგონა იმდენს მხიარულობდა, დემესთვისაც გადამდები აღმოჩნდა. მას ასე ბედნიერად კარგა ხანია, არ უგრძნია თავი. რაც მეტ დროს ატარებდა გოგონას გვერდით, მით უფრო მიიწევდა მისკენ, მით უფრო ვერ ელეოდა. არადა, გამოსავალს თითქმის ვერ ხედავდა. არც უნდოდა ახლა ამაზე ფიქრი. ამწუთას მისთვის მთავარი ის იყო, დარჩენილ დროში ისეთი სიამოვნება მიენიჭებინა ნიცასთვის, ცხოვრებაში არ დავიწყებოდა. უნდოდა, მის პატარა ანგელოზს სამოთხეში ჰგონებოდა თავი, წალკოტში, სადაც მოხვედრა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ჰმ! როგორ დაამახსოვრა თავი ამ მოკლე დროში ამ ცელქმა პატარამ? რა ჯადო აქვს ამისთანა მის გულუბრყვილო ღიმილსა და ნათელი სხივით მოსილ თვალებს? ამას დემე ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა.
_ წამოდი, ვიცეკვოთ, _ მამაკაცმა ხელი გაუწოდა ნიცას.
იმანაც მორჩილად ჩაუდო თხელი თითები მამაკაცს გაშლილ ხელისგულში და დარბაზის შუაგულისკენ გაჰყვა. როდესაც კისერზე შემოაჭდო დემეტრეს თხელი მკლავები, მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. ეს დემეს სურნელმა დაახვია თავბრუ. და ახლა მან ხელი რომ მარცხენა ძუძუსკენ გამოიწვდინოს, იგრძნობს, როგორ უცემს ნიცას გული.
დემეტრე ზემოდან დასცქეროდა საყვარელ არსებას. მერე მსუბუქად შეეხო მის შეკრულ თმას, სარჭი გამოაცალა და როცა აბრეშუმივით ბზინვარე თმა გოგონას ზურგზე დაეფინა, ფრთხილად შეასრიალა თითები შიგნით.
როდის და სად დაიწყო ეს ყველაფერი? რა აძლევს მის ღიმილს ესოდენ მომაჯადოებელ ძალას? საბოლოოდ დაასკვნა, რომ სიგიჟემდე უნდოდა მასთან… და არამარტო ახლა უნდოდა, ხვალაც, ზეგაც, ყოველდღე… და უნდოდა არათუ შურის საძიებლად, ვიღაცისთვის სამაგიეროს გადასახდელად, არამედ თავისთვის, თავისი ცხოვრების გასალამაზებლად. «რას არ მივცემდი ახლა, ოღონდ ეს გოგო არაფერს ნიშნავდეს ჩემთვის», _ გაიფიქრა და ღრმად ამოიხვნეშა.
_ რა გჭირს? _ შესჩურჩულა ნიცამ.
_ შენთან მინდა, მეტი აღარ შემიძლია. წამო, ავიდეთ ნომერში და ცეკვაც იქ გავაგრძელოთ… საწოლში, _ ვნებიანი ღიმილით უთხრა და ტუჩებით მისი ყურის ბიბილოს მიელამუნა.
ნიცას ლამის გული წაუვიდა, ისე გააჟრჟოლა. ეს მამაკაცი თავს აკარგვინებდა. რა თქმა უნდა, თანახმა იყო, პატარა ლეკვივით უკან გასდევნებოდა, იქ, სადაც ის ეტყოდა, საითაც მიუთითებდა, თუნდაც ზღვაში გადამხტარიყო ან ცეცხლისთვის მიეცა თავი…
თვალებგაფართოებული იყურებოდა აქეთ-იქით. სასტუმროს ნომერში არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ფუფუნებაში გაიზარდა. ნეტავ იცოდეს მათემ, რას აკეთებს ახლა მისი საფიცარი და, სეირი აი, მაშინ იყო მოსალოდნელი. ნიცასგან, რომ იტყვიან, «ბუნდღაც არ დარჩებოდა».
დემეტრემ ლოგინი აშალა, ფარდები მჭიდროდ დახურა, ტელევიზორი ჩართო, დაბალ ხმაზე დააყენა და საწოლზე გადაწვა, თან კმაყოფილ მზერას არ აშორებდა ნიცას.
_ რა მაგარია! ძალიან მომწონს! _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა იგი.
_ მაშინ მოდი ჩემთან, წინ უფრო მეტი მოსაწონი რამ გელის, _ აბრეშუმის თხელ საბანს მაცდურად დაუტყაპუნა ხელი მამაკაცმა და სასურველი ქალი თავისთან მიიწვია.
გაგრძელება იქნება