ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზი დარასელია დაინიშნა. ლიზიმ ნიშნობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა. როგორც ვიგებთ რჩეულმა ხელი დაბადების დღეზე სთხოვა.
"ჩემი დაბადების დღე ყველაზე ლამაზ დღედ აქციე. არ არსებობს ამაზე დიდი საჩუქარი. ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ. ჩემთვის ეს დღე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღედ დარჩება. მადლობა ამ წამებისთვის, ჩემო სიყვარულო. მიყვარხარ მთელი გულით", - წერს ლიზი დარასელია და ნიშნობის კადრებს აქვეყნებს.
მშვენიერი მომღერლის რჩეული საბა ბალაძეა.
ლიზი დარასელია
ლიზი დარასელია ახალგაზრდა ქართველი მომღერალია. ის "ნიკოს შოუს ბენდის" ერთ-ერთი სოლისტია. ამასთან სულ ცოტახნის წინ გამოუშვა სსავტორო სიმღერა. როგორც ლიზი "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს საავტორო სიმღერის ქონა მისი ბავშვობის ოცნება იყო.

"უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, საავტორო სიმღერა მქონოდა და რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი. ჩემს სიმღერას ჰქვია „მერამდენე ღამე“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თამთა ჭელიძეს, რადგან ამ საქმის სულისჩამდგმელი სწორედ ის არის. ეს სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანზეა.
პარალელურად, „ნიკოს შოუს ბენდის“ წევრი ვარ და ამასთან ერთად, როგორც იცით, მყავს საკუთარი ბენდი, რომელიც ძალიან აქტიურია. ჩვენ ხშირად გვიწვევენ კორპორაციულ ღონისძიებებზე და ვცდილობთ, პოზიტივი შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენს ბენდს ჰქვია.
საავტორო სიმღერაზე ყოველთვის ვფიქრობდი და მიხარია, რომ გამომივიდა, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩემს გულშემატკივარს კიდევ ბევრი ნამუშევარი ელის. ახლა კიდევ ერთ საავტორო სიმღერაზე ვმუშაობ, რომელსაც ორ თვეში იხილავთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ," - ამბობს ლიზი ინტერვიუში.
ლიზი ასევე ბაბუა, ვიტალი დარასელიაზე საუბრობს. მისი თქმით ის ძალიან ამაყობს ამ ფაქტით.
"მე ყოველთვის ვიქნები ვიტალი დარასელიას შვილიშვილი. ამით ძალიან ამაყი ვარ. სიმღერას რაც შეეხება, მგონია, რომ ამ სფეროში, მე, როგორც ლიზი დარასელიამ, დავიმკვიდრე სახელი და უკვე მცნობენ, როგორც მომღერალს. ახლახან კიდევ „ქავერ შოუშიც“ მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მარცხსაც შევეგუე. ეს მარცხიც სასიკეთო აღმოჩნდა ჩემთვის. მას შემდეგ ბევრი კარგი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - ამბობს ინტერვიუში.