"არ მინდოდა ვინმეს სახელის დარქმევა - ადამიანმა ისტორია თვითონ უნდა დაწეროს" - ნინო მუმლაძე დედობის, წონასთან ბრძოლისა და კარიერის შესახებ - Marao

"არ მინდოდა ვინმეს სახელის დარქმევა - ადამიანმა ისტორია თვითონ უნდა დაწეროს" - ნინო მუმლაძე დედობის, წონასთან ბრძოლისა და კარიერის შესახებ

2025-07-21 14:50:59+04:00

ნინო მუმლაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის მაყურებელმა წლების წინ გაიცნო, როცა ნინო აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა კომედიურ სერიალში. ნინო ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა - მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს. 

რონის, დედობის გამოცდილებისა და კარიერული სიახლეების შესახებ მსახიობმა "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:

mumladze

  • ნინო მუმლაძე დედის ამპლუაში 

"ბუნებრივია, რომ ცხოვრება ისე მეწყობა, როგორც რონის უნდა. რონი ახლა არის წლის და ერთი თვის. უამრავი სირთულე ახლავს დედობას, მაგალითად, დროსთან დაკავშირებით - შვილი როცა გყავს, ამ პატარა არსებისთვის ცხოვრობ. დრო, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი თავისთვის მქონდა, ახლა რონისთვის მაქვს. პატარა აღარ ვარ და მეგონა, რომ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე არ მოგიწევს ყველაფრის გამოცდა, მანამდე რთულია, რამე გათვალო. 

  • დედობა 39 წლის ასაკში და ოჯახური კადრები: ნინო მუმლაძე დედის ამპლუაში და ახალი ფოტოები პატარა რონისთან ერთად

შვილი და თეატრი ერთად თავიდან ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან რონი ჯერ კიდევ ლაქტაციაზე იყო, როცა სამსახურში დაბრუნება მომიწია. სწორედ მაშინ დავიწყე ორ სპექტაკლზე ერთდროულად მუშაობა, ორი პრემიერა გვქონდა, დილის 11-დან ღამის 11-მდე თეატრში ვიყავი. მანამდე ბავშვი სულ ჩემთან ყოფნას იყო მიჩვეული და როცა სახლში გვიან ვბრუნდებოდი, ფაქტობრივად, არ ეძინა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მიეჩვია. 

რონის სახელი მოუფიქრა მამამ. მე უფრო კლასიკური სახელების ვერსიები მქონდა. როცა სამშობიაროში შევედი და უნდა ჩამეწერა ბავშვის სახელი, იქაც ვორჭოფობდით. გამორჩეული სახელია, არ არის ხშირი. სხვა ენებზეც მარტივად გამოითქმის. არ მინდოდა ვინმეს სახელის დარქმევა, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანმა ისტორია თვითონ უნდა დაწეროს". 

  • ბრძოლა ჭარბ წონასთან

"წონას ახლაც ძალიან აქტიურად ვებრძვი, ეს ჩემი ცხოვრების მარადიული პრობლემაა. სულ მაქვს სურვილი, იმაზე ნაკლები ვიყო, რაც ვარ. მშობიარობის შემდეგ ვერ მოვაბი თავი, რომ ეს პროცესი დავიწყო".

  • მსახიობის ამპლუა 

მე, როგორც მსახიობი, უფრო მხატვრულ ფილმებზე ვოცნებობდი. უფრო საინტერესოა, როცა სრულფასოვანი როლის შექმნის შესაძლებლობა გეძლევა. ახლა სიამოვნებით მივიღებდი თანამონაწილეობას მხატვრულ ფილმებში. ძალიან ცოტა მსახიობი მეგულება, ვისაც უნდა, რომ მისი შვილიც მსახიობი იყოს, რადგან ეს არის ძალიან დაუფასებელი პროფესია", - ამბობს ნინო მუმლაძე. 

nino_mumladze

ნინო მუმლაძის ოჯახი და კარიერა 

ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია. 

  • ნინო მუმლაძე 39 წლის ასაკში დედობასა და ასაკის მატებაზე: "სულ მეგონა, რომ 40 წლის ასაკში ახალგაზრდობა მთავრდება, თუმცა დღეს ნათელი მაგალითი ვარ იმისა, რომ ამ ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება"

ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები". 

mumladze

2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილია. წყვილს ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია.

მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობდა მსახიობი.