დავიწყოთ თავიდან - თავი 7 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 7

2025-07-22 11:26:38+04:00

წინა თავი 

მზე კარგა ხნის ამოწვერილი იყო, ნიცამ დემეტრეს მკლავებს თავი რომ დააღწია და ტელეფონს გადაწვდა. საუზმე შეუკვეთა ორისთვის. როგორ სიამოვნებდა ეს პროცესი! ჭკუაზე არ იყო.

_ ერთი ბოთლი შამპანური, _ თან იცინოდა, თან შეკვეთას აძლევდა, _ შავი ხიზილალა, ორი მაგარი ყავა, ჰოლანდიური ყველი, კარაქი, ლიმონი და… რუხი პური არ დაგავიწყდეთ!

_ ღმერთო ჩემო! _ აღმოხდა მამაკაცს, _ რა ნაზავია!

გოგონამ ყურადღება არ მიაქცია მის ხუმრობით ნათქვამს, კვლავ ბალიშზე მიდო თავი და თითებით ფრთხილად შეეხო თავის ტუჩებს, უმოწყალო კოცნისგან რომ შესივებოდა.

* * *

უზარმაზარ სასტუმრო ოთახში ნამდვილი სამგლოვიარო განწყობილება შეინიშნებოდა. ნიცა გულამოსკვნილი ტიროდა… ტიროდა კი არა, მოთქვამდა, თითქოს ყველაზე ახლობელ ადამიანს უკანასკნელ გზაზე აცილებსო. დედამისიც იქვე იჯდა, თავჩაქინდრული და თვალებიდან გადმოსულ ცრემლებს თავშლის ბოლოთი იწმენდდა, თან საწყალობლად ოხრავდა. ერთადერთი მათე ინარჩუნებდა ოლიმპიურ სიმშვიდეს. ფანჯარასთან იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და პირმოკუმული გასცქეროდა საღამოს თბილისს.

_ მიშველე, მათე, გეხვეწები, მიშველე რამეეე! _ არ ჩერდებოდა ნიცა, _ მე ვერ გადავიტან ამას, თავს მოვიკლავ, ეს იცოდეთ ორივეეემ! გთხოვ, შეხვდი, დაელეპარაკე. არ შეიძლება ის სხვა ქალზე დაქორწინდეს, გესმის? ეს გამორიცხულია. მე ის მიყვარს და ვიცი, მასაც ვუყვარვარ. მანდ სხვა რაღაც ხდება, რასაც არ მეუბნება. გემუდარებიიიიიიიი!

_ მორჩი კივილს! _ როგორც იქნა, ხმა ამოიღო მათემ და დისკენ ზიზღნარევი სახით შემობრუნდა, _ მაგაზე მაშინ გეფიქრა, ლოგინში რომ უძვრებოდი უცხო მამაკაცს. მერედა ვის! იცი მაინც, ვისთან გორაობდი ამ ხნის განმავლობაში? კაცთან, რომელიც ვერ მიტანს, რომელიც ექვის წელია, მებრძვის და არ იცის, როგორ გამანადგუროს. რა გგონია, მართლა უყვარხარ? არ დაიჯერო! ჩემს ჯინაზე გააკეთა ეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მომაყენოს დარტყმა, მე გადამიაროს. გგონია, არ იცის, ჩემი და რომ ხარ? სპეციალურად მოგიჩოჩდა და აგირია თავგზა. შტერო, სულელო, ქათმისტვინა! ოდესმე დავა ეს შენამდე, თუ არა?! _ ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა უფროსი ძმა, როგორც ჩანს, მასაც უმტყუნა ნერვებმა.

_ არა, ტყუი! მას მე ვუყვარვარ, _ წამოხტა გამწარებული ნიცა, _ შენ რა იცი, რა არის სიყვარული, ცხოვრებაში ქალი არ გყვარებია! მას ცუდი არასდროს უკადრებია ჩემთვის. მას რაღაც სხვა პრობლემა აწუხებს და ვერ ამბობს, რატომ არ გინდა გაიგო?

_ არ უკადრებია, ჰო. მეტი რაღა უნდა ეკადრებინა? დაგაორსულა და გაგრიყა, მოგიშორა თავიდან. ამაზე მეტი რაღა უნდა გაკადროს, გოგო! კაცი რომ პასუხისმგებლობას გაექცევა, რა ჭკუა უნდა მოჰკითხო, მითხარი ერთი! რატომ არ გინდა შეიგნო, რომ მხოლოდ გასართობი იყავი მის ხელში და მეტი არაფერი! მე მას ვერ დაველაპარაკები, ასე არ დავიმცირებ თავს. არ გქონდეს ჩემი იმედი.

_ მათეეეეეეეე! _ უარესად აკივლდა ნიცა, გამოიქცა და ძმას ფეხებზე შემოეხვია, _ მიშველე, სიხარულო, გთხოოოვ!

მამაკაცმა თავი გადააქნია. უნდა მოიფიქროს რამე. მის ღვიძლ დაიკოს, პატარა და საყვარელ დაიკოს პრობლემა აქვს და როგორ არ უშველოს? მოიფიქრებს რამეს, აბა რას იზამს.

_ კარგი, ნუ ტირი, _ მშვიდი ტონით უპასუხა, წამოაყენა და გულში ჩაიკრა, _ არსად არ გაგექცევა შენი დემე, შევეცდები რამეს.

8 8 8

კატო სარკის წინ იჯდა და სევდიანად ათვალიერებდა თავის ორეულს. შაბათს ჯვრისწერა აქვს, ის კი ვერა და ვერ ეგუება ამას. ორ დღეში გათხოვილი ქალის სტატუსი უნდა მიიკეროს, მას კი სულაც არ უხარია. არა იმიტომ, რომ დემეტრე არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ მოწონება არ არის საკმარისი ოჯახის შესაქმნელად. მთელი ცხოვრება გიჟურ სიყვარულზე ოცნებობდა, მამაკაცზე, რომლის დანახვაც გულს აუფორიაქებდა. დემე კი სულაც არ არის მისთვის ასეთი. რა თქმა უნდა, მოსწონს და სიამოვნებს კიდეც მის გვერდით ყოფნა, თავიც კი შეუძლია მოიწონოს სხვების წინაშე, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ელოდა, რასაც ნატრობდა.

მოულოდნელად დემნამ შემოაღო კარი.

_ რას შვრები, შვილო?

_ არაფერს, მამი, ვფიქრობ ჩემთვის, _ მსუბუქად ამოიოხრა ქალიშვილმა.

_ რამეს ხომ არ ნანობ, ჩემო პატარავ? თუ გაწუხებს ეგ ყველაფერი და მზად არ ხარ ოჯახის შესაქმნელად, ჯერ კიდე არ არის გვიან, ჯერაც შეიძლება უარის თქმა.

_ არა, მამა, არ ვაპირებ უკან დახევას. პატარა ხომ არ ვარ? ვიცი, რასაც ვაკეთებ. დემე სულაც არ არის ცუდი ბიჭი, მომწონს. შეიძლება ისე არ მიყვარს, როგორც უნდა მიყვარდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მერე და მერე უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს და სიყვარულიც მოვა. შევეჩვიე უკვე. ეს კი ცოტას არ ნიშნავს.

_ მე და დედაშენიც უსიყვარულოდ დავქორწინდით, მაგრამ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, შენც კარგად იცი. არაჩვეულებრივად ვუგებდით ერთმანეთს, მას ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი. უბრალოდ, არ მინდა ჩემ გამო დაიტანჯო. რაღაც ასე მგონია, თქვენი ქორწინება გარიგებას უფრო ჰგავს, ვიდრე სიყვარულით ოჯახის შექმნას, _ მამამ თვალი აარიდა ქალიშვილს.

_ გარიგებას მართლაც ჰგავს, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, რომ ეს ჩემი სურვილი კი არ არის, არამედ მისი. როგორც ჩანს, მართლა ვუყვარვარ, თორემ ქალების მეტი რა არის? რაღა მე დამეტაკებოდა? მით უმეტეს, ჩემგან არასდროს უგრძნია სიმპათია და გამოწვევა.

_ ვიცი, შვილო, ვიცი. სწორედ ამიტომ მედარდები. მინდა ბედნიერი იყო, ამიტომაც ვწუხვარ. არ მინდა ცხოვრება გაგიმწარო ჩემი ვალების გულისთვის.

_ მეორედ არ გამაგონო ეგ! მე ისე მიყვარს ჩემი თავი, ცხოვრებას არ გავიმწარებ. გგონია, არ ვიცი, როგორი ვარ და რად ვღირვარ? თავს არავის დავაჩაგვრინებ, შენ მაგაზე არ ინერვიულო.

_ მიხარია, ასე რომ ფიქრობ. დღეს რას აპირებ?

_ ხუთზე სალონში ვარ ჩაწერილი. დემე მძღოლს გამომიგზავნის. იქიდან რესტორანში მივდივართ, თავისი მეგობრები უნდა გამაცნოს.

_ კარგი, აღარ შეგიშლი ხელს. წავალ, წამოვწვები, მგონი, ისევ ამიწია წნევამ.

_ გითხარი, არ ინერვიულო-მეთქი, რა გჭირს? დალიე წამალი.

_ უკვე დავლიე, _ უპასუხა დემნამ და კარი ნელა გაიხურა.

8 8 8

_ გუჯა, მისი ნებისმიერი ნაბიჯი უნდა ვიცოდე, გესმის? _ მათე ტელეფონზე ლაპარაკობდა, თან ისეთი იდუმალი ხმით, თითქოს მოსისხლე მტერზე თავდასხმას გეგმავსო.

_ მესმის, ძმაო, არ არის პრობლემა, ყველაფერს მოვაგვარებ.

_ ორი დღე დარჩა, ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა!

_ ვიცი, ვიცი. როგორც კი რამეს გავიგებ, ეგრევე შეგატყობინებ.

_ მაგ ახვარის მობილურის ამბავიც უნდა მომიხერხო.

_ შენ მაგის დარდი ნუ გექნება, ყველაფერს გავაკეთებ. ხომ იცი, ვალში ვარ შენ წინაშე.

_ ოღონდ, მთავარია, შენ არ დაიწვა.

_ არ დავიწვები, ვიცი, რასაც ვაკეთებ.

_ კარგი მაშინ, შენს ზარს დაველოდები. მთავარია, მისი სადმე წაყვანა გთხოვოს, სხვა არაფერი მინდა. მერე მე ვიცი.

_ გასაგებია.

მათემ ტელეფონი გათიშა, თავზე შემოიწყო ხელები და ჩაფიქრდა. რა დღეში ჩააგდო ამ ცინგლიანმა გოგომ, ლამის არის, ბოროტმოქმედი გახადოს. მაგრამ რა ქნას, ისე უყვარს თავისი პატარა და და ისე შესტკივა გული მის უბედურებაზე, ყველაფერს იღონებს, რომ ბედნიერი გახადოს. რაც იქნება, იქნება. თუ ციხეში უწერია თავის ამოყოფა, ეგრე იყოს. მოხდეს, რაც მოსახდენია. იქნებ მოახერხოს ისე, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ეს გუჯაც ღმერთმა გამოუგზავნა. სრულიად შემთხვევით შეხვდა ერთხელ ქუჩაში ყოფილ თანაკლასელს და სწორედ მაშინ გაიგო, რომ იგი დემეტრესთან მუშაობდა მძღოლად. წუხელ გაახსენდა და ამიტომაც შეეხმიანა. არადა, გუჯა მართლაც ვალშია მის წინაშე. ერთხელ სიკვდილს გადაარჩინა მათემ. ფლატეზე ფეხი დაუსხლტა გუჯას და მდინარეში გადავარდა. ცურვა არ იცოდა და მათემ იმარჯვა. დაუფიქრებლად გადაეშვა ადიდებულ მღვრიე წყალში და ძლივძლივობით გამოიყვანა გონდაკარგული ბიჭი ნაპირზე. გუჯას ეს არასდროს დავიწყებია. ამიტომაც შეპირდა დახმარებას.

ნახევარი საათიც არ გასულა მამაკაცების სატელეფონო საუბრიდან, რომ მათეს გუჯას მესიჯი მოუვიდა: «დღეს საღამოს სილამაზის სალონში აპირებს წასვლას. წესით, მე უნდა გავიყვანო. ისე მოვახერხებ, ვითომ ავარიაში მოვყევი და მის ტელეფონსაც დავაზიანებ. დანარჩენი შენ იცი. ხუთს რომ თხუთმეტი დააკლდება, კატოს სახლთან უნდა იდგე. ჩემზე არ იდარდო, ვერავინ ვერაფერს გაიგებს და დამაბრალებს. გუჯა».

მათემ მადლობის სიტყვები აფრინა სკოლის მეგობართან და კმაყოფილმა სივრცეს გაუღიმა. დადგა სამაგიეროს გადახდის ჟამი. ახლა ნახოს დემეტრემ, მათ შორის რომელი უფრო ძლიერია. ისედაც ძალიან დაღალა ამ კაცმა. უკვე მერამდენე წელია, ებრძვის მის ბიზნესს, ვინ იცის, რამდენჯერ გადაიკვეთა მათი გზები. მართალია, დემეტრემ ერთხელაც ვერ შეძლო მისი დაჯაბნა, მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც, ცოტა «უკან დაიხია» მათეს შემოსავლებმა. ეს მთავარი ბუღალტერიც რომ ავად გაუხდა და არ დადის სამსახურში? დემნას რაღა დაემართა? რაღა ახლა გახდა ცუდად? ამის გამო შედარების აქტები ვერ გადაამოწმა. ბუღალტრის გარეშე ვერაფერსაც ვერ იზამს. უნდა დაელოდოს მის გამოჯანმრთელებას. რაღაც ისე ვერ არის საქმე მის ფირმაში, როგორც უნდა იყოს. სწორედ ეს აფიქრებს. ვინ იცის, იქნებ სულაც დემეტრეს ხელი ურევია მისი ბიზნესის «უკუსვლაში»? გამორიცხული არაფერია. მაგასაც მოუვლის. ჯერ ეს საქმე ჩაამთავროს, როგორც საჭიროა და დანარჩენს მერე მიხედავს.

ცოტა არ იყოს, აღელდა. შეეცადა, ხელში აეყვანა თავი. განერვიულებული ჩანაფიქრს ვერ განახორციელებდა. თან ისე უნდა მოაწყოს ყველაფერი, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. ოპერაცია მარტომ უნდა ჩაატაროს, რათა სხვა არავინ გარიოს საქმეში.

ცოტა ხნის შემდეგ მოადგილე დაიბარა, მითითებები მისცა. უთხრა, შეიძლება რამდენიმე დღე არ ვიყო და მიხედე აქაურობასო. მერე სეიფიდან ფული გამოიღო, კაბინეტი ჩაკეტა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოფისი.

გაგრძელება იქნება