"შეამჩნიეთ ხვიჩა კვარაცხელიას ეს ჟესტი, როცა მან გოგონების მხარდამჭერ გუნდთან გაიარა?" - ამ წარწეროთ აქვეყნებს ვიდეოს პოპულარული სპორტული ტიკტოკ გვერდი Russell Fearless.
"ვერავინ შეამჩნია, რომ მან ცოლის მიერ დადგენილი სამი წესი უნდა დაიცვას.
როდესაც ფეხბურთელები კალიფორნიაში ჩავიდნენ, გოგონათა მხარდამჭერმა გუნდმა წინასწარ მომზადებული ცეკვა შეასრულა. საინტერესოა, რომ როცა მისი თანაგუნდელები ამ ცეკვის დროს იღიმოდნენ და უყურებდნენ მოცეკვავეებს, კვარაცხელიამ თავი დახარა და გოგოებთან თვალით კონტაქტის დამყარება ვერ გაბედა. ამან ბევრი ადამიანი გააკვირვა. ზოგიერთმა გულშემატკივარმა მისი ჯენტლმენური საქციელი შეაქო, ზოგი კი ფიქრობდა, რომ მას სათანადო მანერები აკლდა. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც კვარაცხელია დაქორწინდა, მისმა მეუღლემ 3 წესი დაუწესა.
პირველი - ის სხვა ქალებთან დისტანციას ინარჩუნებს, რათა ცოლისადმი ერთგულება გამოხატოს. როგორც პოპულარულ მოთამაშეს, მას ბევრ ქალთან აქვს წვდომა და ვარსკვლავ სპორტსმენებს შორის ღალატი იშვიათი არ არის, ამიტომ მან ცოლის საკმარისი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
მეორე - კვარაცხელიამ ოჯახზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მიუხედავად თამაშებითა და ვარჯიშებით დატვირთული გრაფიკისა. მან მაინც უნდა გაატაროს დრო ოჯახთან, განსაკუთრებით ახალშობილ ვაჟთან, დამიანესთან.
მესამე - კვარაცხელიამ უნდა შეინარჩუნოს თავმდაბლობა. მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინტერვიუების დროს კვარაცხელია უნდა იყოს თავმდაბალი და თავშეკავებული, რათა შეინარჩუნოს როგორც საკუთარი, ისე საქართველოს დადებითი იმიჯი" - ნათქვამია ვიდეოში, რომელსაც Russell Fearless აქვეყნებს.
ცხადია, ვიდეო შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართველებისთვისაც. არაერთ უცხოურ კომენტართან ერთად, ქართველები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერს ხვიჩა კვარაცხელიას არა მეუღლე, არამედ რელიგია, კულტურა და აღზრდა ავალდებულებს. "ესენი სამეგრელოში არ ყოფილან, ყველა მეორე მამაკაცი ასეთია", "ხვიჩა კვარაცხელია თავად არის მეოჯახე, ცოლს ნუ დააბრალებთ", "უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს, ესაა და ეს", - ვკითხულობთ კომენტარების ველში.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წლეს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.
ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.