დავიწყოთ თავიდან - თავი 8 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 8

2025-07-23 10:16:51+04:00

წინა თავი

_ კატო, მძღოლი უკვე მოვიდა, შვილო, გელოდება! _ ჰოლიდან გამოსძახა მამამ, _ მზად ხარ?

_ ერთი წუთიიით! ახლავე გამოვალ, მა! _ აჩქარდა გოგონა, პომადა სწრაფად გადაისვა ტუჩებზე, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, კოსმეტიკის ჩანთა ხელჩანთაში ჩააგდო და ოთახიდან შურდულივით გამოვარდა.

_ დემე არ მოგყვება? _ დემნა წინ შემოეგება შვილს.

_ არა, საქმე აქვს. წეღან ველაპარაკე, მობილური სადღაც მივაგდე და ვერ ვპოულობო. თუ ვერ მივაგენი, შვიდზე მოგაკითხავ სახლშიო. ასე რომ, მე მოვბრუნდები. აბა, გკოცნი, მამიკო!

_ შენ იცი, შვილო.

_ შევცდი, უკვე რომ ჩავიცვი საღამოს კაბა. აჯობებდა, შინ მობრუნებულს გამომეცვალა, მაგრამ რაც არის, არის, მეზარება ახლა გამოცვლა.

_ იყოს, რა უჭირს მერე, არაფერი მოუვა. მთავარია, არ დაალაქაო, _ დემნამ გულში ჩაიკრა ერთადერთი ქალიშვილი და შეფიქრიანებული მზერა გააყოლა.

კატომ ფაციფუცით გაიარა ეზო, თან ცალი ხელით კაბის ბოლო ეჭირა, მიწამდე რომ დასთრევდა. ეშინოდა, ფეხი არ წამოედო ქსოვილისთვის.

_ ქალბატონო, ნუ ჩქარობთ, მგონი, არ გვაგვიანდება, _ გაისმა მამაკაცის ხმა.

კატომ მხოლოდ ახლა შეხედა საქმროს მძღოლს, მანქანასთან რომ იდგა. მაღალი, ელეგანტური მამაკაცი იყო, ლურჯი თვალებით. იმდენად მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა ამ კაცს, რომ შავი ელფერი დაჰკრავდა. გარუჯული სახე ისე სასიამოვნოდ ულაპლაპებდა, კატოს სურვილიც კი გაუჩნდა, მის სახეზე ალერსიანად ჩამოესვა თითები. ტუჩები? ლამაზად გამოყვანილი და გასაოცრად მსუბუქი… ეუცხოვა… ადრე სხვა გამოუგზავნა, რომელიც მართლა ჰგავდა მძღოლს. ეს კი ზედმეტად ფაქიზი ჩანს ასეთი თანამდებობისთვის. «რამსიგრძე ფეხები აქვს! ქალსაც კი შეშურდება», _ გაუელვა კატოს გონებაში და კიდევ ერთხელ ინტერესით შეათვალიერა უცნობი.

რა დროს ეგ არისო, თავი გადააქნია ბოლოს და მანქანას წინა მხრიდან მოუარა. მამაკაცმა დაასწრო და უკანა სალონის კარი გაუღო. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კატოს, რატომ უნდა ჩამჯდარიყო უკან, მაგრამ არაფერი თქვა, დაემორჩილა მძღოლის უსიტყვო ბრძანებას და ის იყო, მარცხენა ფეხის შედგმა დააპირა მანქანაში, რომ წაბორძიკდა და კინაღამ მიწაზე გაიშხლართა. კიდევ კარგი, მძღოლი იქვე იდგა და დროზე შეაშველა ხელი.

კატომ უეცრად იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა… და არა იმიტომ, რომ ლამის სამარცხვინოდ გაიშოტა ძირს, არამედ იმიტომ, რომ უცხო მამაკაცის ძლიერი ხელების შეხებამ ააღელვა. მსგავსი რამ აქამდე არასდროს განუცდია. რას ნიშნავს ეს? რა ემართება?

_ გმადლობ, _ მორცხვად ამოთქვა ქალმა და როგორც კი ჩაჯდა, მორიდებით გაუღიმა.

არავითარი რეაქცია, სრული უემოციობა… წარბიც კი არ შეტოკებია მამაკაცს არც მის სიტყვებზე, არც მის ღიმილზე. ასეთი შეუვალი და ცივი სახის ადამიანი ჯერ არ შეხვედრია კატოს. მამაკაცები პირიქით, მის დანახვაზე დნებოდნენ, ღიმილად იფრქვეოდნენ, კომპლიმენტებად იღვრებოდნენ. ეს კი… თითქოს მის წინ ლამაზი ქალი კი არა, პლასტმასის მანეკენი მდგარიყო…

მანქანა ნელა დაიძრა ადგილიდან…

 

* * *

ნახევარი გზა ისე გაიარეს, არც მძღოლს და არც კატოს კრინტი არ დაუძრავთ. ქალი ოდნავ შეშფოთებულიც იყო, ვერ გაეანალიზებინა, რამ დაამუნჯა, რატომ იმოქმედა უცხო მამაკაცის შეხებამ მასზე ასე. ის ხომ ჩვეულებრივი მძღოლი იყო და მეტი არაფერი? არც ის «ჩვეულებრივი მძღოლი» იღებდა ხმას, გეგონებოდათ, სრულიად გადაავიწყდა, მანქანის უკანა სალონში ბოსის საცოლე რომ ეჯდა.

_ აქეთ რატომ წამოვედით? _ იკითხა კატომ, როდესაც შეამჩნია, რომ ავტომობილმა დიღმის ტრასისკენ გადაუხვია.

მამაკაცმა პასუხი არ გასცა. გოგონამ წარბები შეყარა. «ეს კაცი ხომ არ მეკაიფება?» _ მწყრალად გაიფიქრა და უფრო ხმამაღლა დასვა შეკითხვა.

_ თქვენ გეკითხებით! აქეთ რატომ გადმოუხვიეთ?

უეცრად უკანა გზის საკონტროლო სარკეში მძღოლის ისარივით მომართულ მზერას გადააწყდა. გულმა ცუდი უგრძნო. რაღაც არ მოეწონა ამ მზერაში, თუმცა რა, ამის ახსნა გაუჭირდებოდა.

არადა, სრულიად უმწეო იყო. არც პასუხი აღირსეს და არც მანქანიდან გადასვლა შეეძლო.

_ ვინ ხართ? რა გინდათ? ახლავე გააჩერეთ მანქანა! _ იყვირა შეშინებულმა.

კვლავ ნული რეაქცია. თითქოს მისი ხმა არც არავის ესმოდა დედამიწის ზურგზე. ნუთუ მოიტაცეს? მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა მისი მოტაცება? იქნებ დემე გაეხუმრა? ცოტას შეაშინებს და მერე ბევრს იცინებს ამაზე. არა, გამორიცხულია.

მანქანამ კი უფრო და უფრო უმატა სისწრაფეს. ნამდვილი შიში მაშინ დაეუფლა კატოს, როცა მძღოლმა მცხეთას აუარა გვერდი და დასავლეთის ტრასას შლეგიანივით დააწვა.

_ აცნობიერებთ მაინც, რას აკეთებთ? _ კატო სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. იცოდა, რაც უფრო ჩავარდებოდა პანიკაში, მით მეტად დაძაბავდა სიტუაციას.

«საშიში არაფერია. ჯერ საგანგაშო არაფერი მომხდარა. შეიძლება ვიღაცაში შევეშალე. წყნარად უნდა ვიყო და გონივრულად გავერკვე სიტუაციაში», _ თავის თავს ამშვიდებდა გოგონა.

_ ხმა მაინც ამოიღეთ, რამე მაინც თქვით, დამუნჯდით თუ რა მოგივიდათ? _ კვლავ უცნობს მიუბრუნდა.

ის კი გაქვავებულივით იჯდა საჭესთან და დაძაბული სახით მხოლოდ წინ იყურებოდა.

_ მომისმინეთ, _ კატო წინ გადაიხარა და მძღოლის სავარძელს თითებით ჩაფრინდა, _ თქვენ ნამდვილად ვიღაცაში გეშლებით. მე აქეთ არ მაქვს გზა, გასაგებია? თქვენ მე სილამაზის სალონამდე უნდა მიგეყვანეთ. გააჩერეთ მანქანა და უკან მიბრუნდით. გთხოვთ… არასწორი მიმართულებით მიდიხართ.

_ ვიცი, ქალბატონო, სადაც მივდივარ, _ როგორც იქნა, აღირსა უცნობმა პასუხი, _ და არაფერიც არ მეშლება. უბრალოდ, ის გზა, რომელსაც მე ვადგავარ, არ ემთხვევა იმ მისამართს, სადაც თქვენ უნდა მისულიყავით.

კატოს თვალები გაუფართოვდა. რას ნიშნავს ეს ყოველივე? რა ხდება? სიზმარშია თუ ცხადში?

_ თქვენ… თქვენ კანონს არღვევთ! _ ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრა.

_ არ ვარღვევ. საიდან დაასკვენით, რომ ვარღვევ? გადაჭარბებული სიჩქარით არ ვმოძრაობ, უსაფრთხოების ქამარი მიკეთია, ყველა კარი ავტომატურად არის ჩაკეტილი, რომ შემთხვევით, გადახტომის სურვილი არ გაგიჩნდეთ. მეტი რა გავაკეთო?

გოგონა გაფითრდა. ერთიანად აიტანა კანკალმა.

_ არ არღვევ? _ სრულიად გადაავიწყდა ზრდილობის წესები, _ შენი აზრით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქალი მოიტაცო, კანონის დარღვევა არ არის? ახლავე გააჩერე მანქანა! ახლავე! _ განწირულად იყვირა და მუშტები დაუშინა უცნობს.

_ გეყოფათ! ასე თუ გააგრძელებთ, ავარია არ აგვცდება. გინდათ, ორივე დავიღუპოთ? _ მისი შეჩერება სიტყვებით სცადა მძღოლმა.

_ შენ თუ დაიღუპები, დიდად არ ვინაღვლებ, ამიტომ სანამ უბედურება დამიტრიალებია, გააჩერე მანქანა, შე დეგენერატო! _ ახლა თმაში სწვდა მამაკაცს.

მოულოდნელად უცნობმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კინაღამ ხეს შეასკდა. ბოლო მომენტში რის ვაივაგლახით შეძლო საჭის მოტრიალება და მკვეთრად დამუხრუჭება.

_ რას აკეთებ, გაგიჟდი?! _ ახლა ის აყვირდა, _ სიცოცხლე მოგბეზრდა თუ რა? დაჯექი მანდ წყნარად და შენი ხმა არ გავიგონო, თორემ!.. _ ბოლო სიტყვები კბილებშუა გამოცრა.

კატოს ლამის გული წაუვიდა. საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა. ისე იყო სასოწარკვეთილი, არ იცოდა, რა ეღონა. უმწეოდ იყურებოდა აქეთ-იქით, მუდარით სავსე თვალებით შესცქეროდა გაბრაზებულ მძღოლს, რადგან ხვდებოდა, რომ ახლა მის გარდა არავის შეეძლო მისი გადარჩენა.

_ იცი მაინც, ვინ ვარ? იქნებ მართლა შეგეშალე ვინმეში?

_ არა, არ შემშლია, _ მშვიდად უპასუხა მამაკაცმა და კვლავ დაძრა მანქანა, _ შენ კატო არ ხარ? დემეტრეს საცოლე?

_ ჰო, მე ვარ… მაგრამ ასე რატომ მექცევი? ვინ დაგავალა? იცნობ დემეტრეს?

_ არ ვიცნობ და არც მაქვს გაცნობის სურვილი.

_ აბა ჩემგან რა გინდა? ვინმემ დაგიქირავა? მე მტრები არ მყავს.

_ თუ ჭკვიანად მოიქცევი და წყნარად იჯდები, არაფერს დაგიშავებ. ადგილზე რომ მივალთ, მერე მოგიყვები ყველაფერს, კარგი? ნუ გეშინია, ცუდი არაფერი გემუქრება.

_ ის მაინც მითხარი, სად მიგყავარ?

_ დაწყნარდი, ხომ გითხარი, არაფერი გემუქრება-მეთქი.

_ რატომ წამომიყვანე? მინდა ვიცოდე, რატომ აღმოვჩნდი შენს მანქანაში. ვინ დაგავალა ჩემი გატაცება? თუ ამის გამო მამაჩემს ფული გინდათ გამოსძალოთ, ტყუილად წუხდებით, მას კაპიკი არა აქვს, ყელამდე ვალებშია ჩაფლული. სხვა უნდა აგერჩიათ ვინმე.

_ არავის სჭირდება მამაშენის ფულები. არც კი ვიცი, ვისი შვილი ხარ. ადამიანურად გეუბნები, პანიკაში ნუ ჩავარდები. ისეთი არაფერია, ერთ ადგილას მივალთ, რაღაცებს აგიხსნი და აი, ნახავ, შენ თვითონ მეტყვი, რომ სწორად მოვიქეცი. ახლა ნურაფერს მათქმევინებ, კარგი?

_ ის მაინც მითხარი, რა გქვია?

_ მათე.

მათე? კი, როგორ არა, დაუჯერებს! მეტი საქმე არა აქვს. კაცი ქალს იტაცებდეს და ნამდვილ სახელს ეუბნებოდეს, ჯერ არ გაუგია. ან კი რატომ იტაცებს? სადღა ხდება ახლა ქალის მოტაცებები? რახანია, ის დრო წავიდა, ვერავის რომ ვერ ენდობოდი და უცხოებს სათოფეზე რომ ვერ გაეკარებოდი. ახლა სხვა ქვეყანაა საქართველო, მშვიდი, დემოკრატიული, ევროპული და ამერიკული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. თანაც, ფული არ მაინტერესებსო, აბა რა სიკვდილი უნდა? რა ქნას? ეს კარ-ფანჯრებიც ისე აქვს ბლოკირებული, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ გადახტება, ტყუილად ეჯაჯგურება სახელურს.

_ ამაოდ ირჯები, მაინც ვერაფერს გახდები. შენს ადგილას ბედს მივენდობოდი, _ ხმადაბლა თქვა მძღოლმა და სარკიდან გამოხედა.

_ ერთი ამას დამიხედეთ! თავხედობასაც რომ არ იშლის! ჯერ ერთი, უნდა იცოდე, ვის ელაპარაკები და შენობით ნუ მომმართავ! მეორეც, როგორ უნდა ვიჯდე მშვიდად, როცა არ ვიცი, ვინ ხარ, რა გინდა და საით მიგყავარ? _ მოთმინებიდან გამოვიდა კატო.

_ როცა ადგილზე მივალთ, გაიგებ, იქამდე კი ხმა გაკმინდე და ბუნების თვალიერებით დატკბი, გასაგებია? _ შეუღრინა მამაკაცმაც.

_ ოხ! ისედაც ვარ დამტკბარი შენი პატივისცემით! _ სარკასტულად უპასუხა და ტუჩი აიბზუა.

მამაკაცმა მისი ნათქვამი უკომენტაროდ დატოვა. ერთხანს ორივე მიჩუმდა. ამასობაში მანქანა ქართლს გაცდა და როგორც კი იმერეთის გზას დაადგა, მარჯვნივ გადაუხვია.

_ რა დაუფიქრებელი ვინმე ხარ, _ დამცინავად გაიღიმა კატომ, _ მე ყველა წარწერას ვიმახსოვრებ. ასე რომ, სადაც არ უნდა მიმიყვანო, იცოდე, რომ ყველაფრის საქმის კურსში ვიქნები. ეს არ გაშფოთებს?

_ უნდა მაშფოთებდეს? _ კიდევ ერთხელ შემოხედა უცნობმა სარკიდან.

გაგრძელება იქნება