დავიწყოთ თავიდან - თავი 9 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 9

2025-07-24 10:21:31+04:00

წინა თავი

გოგონას ჟრუანტელმა დაუარა. აბნევდა მისი გამოხედვა, უცნაურ შეგრძნებებს აღუძრავდა. რა საოცარია ეს ყველაფერი. კაცმა მოიტაცა, არ იცის, ვინ არის, რატომ აკეთებს ამას და იმის მაგივრად, რომ სძულდეს, ეზიზღებოდეს, სიმპათია უჩნდება მის მიმართ. ეს რა, სტოკჰოლმის სინდრომია? არა, ასე არ შეიძლება, ცოტა უნდა გამოაფხიზლოს გონება.

_ ახლავე მოაბრუნე მანქანა, შე დამპალო! _ ბოლო ხმაზე იყვირა წონასწორობადაკარგულმა და ისევ მხრებში ჩააფრინდა უცნობს.

მათემ კვლავ დაამუხრუჭა და ნახევრად შემოტრიალდა. კატომ ახლა უკეთ შეძლო მისი სახის დანახვა. ღმერთო, რა სიმპათიური ვინმეა! რა თვალები აქვს, ადგილზე გააშეშებს ნებისმიერ ქალს! როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ბოროტმოქმედი იყოს? იქნებ მართლა არაფერს დაუშავებს? იქნებ მართლა ხდება რაღაც ისეთი, რაც თვითონ არ იცის? შესაძლებელია… თუმცა, გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. როგორმე უნდა შეაშინოს ან დაანამუსოს.

_ მათე, გესმით მაინც, რომ დანაშაულზე მიდიხართ? რა გარანტია გაქვთ, რომ არ გიჩივლებთ? თუ ძალიან გინდათ ციხეში მოხვედრა? თქვენ ხომ არ იცით, მე როგორი ვარ!

_ ეგ არ მაღელვებს.

_ ესე იგი, შენ დემეტრეს მძღოლი არა ხარ. სწორად გამოვიცანი?

_ სრულებით. ღმერთმა დამიფაროს, მაგ პიჟონის მძღოლი ვიყო, _ ისეთი ზიზღით წარმოთქვა უცნობმა, კატოს გული დაუმძიმდა.

_ ანუ მასზე შურის საძიებლად მომიტაცე? ეს გინდოდა გეთქვა? თუ მე ვარ რამეში გარეული ან მამაჩემი? _ თანდათან შეაპარა.

_ მე შენ არაფერს დაგიშავებ, თუ ეს გაინტერესებს, _ მშვიდად უპასუხა, _ და ძალიან გთხოვ, ზედმეტ შეკითხვებს ნუ მისვამ. ცოტაც მაცალე და ყველაფერში გაგარკვევ, ხომ შეგპირდი?

_ არ შეიძლება, ცოტა ხნით გააჩერო მანქანა? ტუალეტში მინდა, _ შეეცადა, ჭკუა ეხმარა, იქნებ მოეტყუებინა უცნობი.

_ არ შეიძლება. უნდა მოითმინო.

_ მაგრამ რამდენ ხანს?

_ დაახლოებით კიდევ ორი საათი.

_ გაგიჟდი? ვერ მოვითმენ. თან მწყურია, პირი გამიშრა უკვე.

_ აი, მაგას კი მოევლება. აი, «ნაბეღლავი», დალიე, რამდენიც გინდა, _ ისე სწრაფად უპასუხა მათემ, თითქოს მის ამ თხოვნას ელოდაო და იქვე, წინა სავარძელზე დადებული მინერალური წყლით სავსე ბოთლი უკან გადმოაწოდა.

როგორც კი ბოთლს ხელი შეახო, კატოს ავის მომასწავებელმა აზრმა გაუელვა თავში. იარაღად ხომ არ გამოიყენოს ეს მძიმე ბოთლი? ერთს დაჰკრავს თავში და მორჩა, დამთავრდება… მაგრამ საჭე რომ ვერ დაიმორჩილოს და ავარია მოუვიდეთ? ორივე რომ დაიღუპოს? არა, სიკვდილი არ უნდა. რაც იქნება, იქნება, აჯობებს, ბედს დამორჩილდეს და დაელოდოს, რა იქნება შემდგომ.

«ნაბეღლავს» საცობი მოხსნა და სიამოვნებით დაეწაფა. მართლა როგორ მოწყურებია! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილია, გაზიანი სასმელი მაინც სასიამოვნოა, ყელი გაუსველა. ისე ხარბად სვამდა, ვერ მოზომა და წყალი ყელზე ჩამოეწუწა. ესეც ესიამოვნა.

_ უკეთ ხარ? _ თბილად ჰკითხა მამაკაცმა.

_ მეტი რომ არ შეიძლება! _ ამრეზით უპასუხა და ბოთლი წინა სავარძელზე დააგდო.

თითქოს უფრო მოცოცხლდა. დაძაბულობაც მოეხსნა და ხასიათიც კი გამოუკეთდა ოდნავ. ყოველ შემთხვევაში, წეღანდელი აგრესიისგან ნატამალიც არ დარჩა. ახლა კვლავ დაკითხის ხასიათზე დადგა.

_ შენ, როგორც ჩანს, პროფესიონალი გამტაცებელი არ უნდა იყო, არა? _ დამცინავი ტონი გაურია ხმაში.

_ შენ კი, როგორც ჩანს, ამ საქმეში მაგარი ექსპერტი უნდა იყო, _ მათემ სიცილი ვერ შეიკავა.

_ ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო, ისეთ მარტივ შეცდომებს უშვებ. ჯერ ერთი, შენი სახელი მითხარი, თუ რა თქმა უნდა, არ მომატყუე და მეორეც, სახე არ დამალე. ნებისმიერ დროს შემიძლია ამოგიცნო.

_ იქნებ არც არაფერში მჭირდებოდა ამის დამალვა? იქნებ მინდოდა კიდეც, გცოდნოდა, ვინ ვიყავი? _ შემოუბრუნა კითხვა მამაკაცმა.

კატო მისმა ნათქვამმა უარესად დააბნია.

_ რაღაც ვერ გავიგე, _ ხმადაბლა წარმოთქვა და უეცრად იგრძნო, რომ სიტყვების წარმოთქმა უჭირდა, თითქოს ენა გაუბრუვდა.

_ კატო, თუ შეიძლება, წამოწექი, ასე აჯობებს შენთვის, _ ურჩია მათემ.

გოგონას თვალები დაებინდა, წამწამები დაუმძიმდა. თითქოს რეაქციებიც შეუნელდა.

_ რა მიქენით? დასაძინებელი წამალი ჩამიყარეთ წყალში? _ ოდნავ გასაგონად ჩაიჩურჩულა ღონემიხდილმა.

 

* * *

კარი გაიღო და კაბინეტში გუჯამ შემოჰყო თავი, ხელები ერთიანად გამურვოდა. დემეტრემ გაკვირვებით შეხედა.

_ რა გჭირს?

_ საბურავი გამისკდა შუა გზაში და კინაღამ გადავყირავდი. ძლივს დავამუხრუჭე. ამის დედაც… ვერ წავიყვანე კატო. ხომ არ დაურეკავს?

_ არა, აბა საიდან! მობილური სადღაც დამრჩა და ვერ ვპოულობ… კი მაგრამ ვერ დამირეკე?

_ დამიჯდა ეს ოხერი, ვერ დავრეკე. თან ისეთ ადგილას ვიდექი… მთლად შუა გზაზე. სასწრაფოდ უნდა გადამეყენებინა გზის პირას. სანამ ვინმე გაიჩითა და მომეხმარნენ, დრო გავიდა. ვიფიქრე, თვითონ დაურეკავს და მოაგვარებენ მანქანის ამბავს-მეთქი. რაც შეეხება შენს ტელეფონს, ჩემთან არის, მანქანაში. დილით დაგრჩა. გავალ, შემოვიტან.

_ ალბათ ტაქსით წავიდა. ვინ იცის, როგორი გაბრაზებულია. ოოჰ, შენ რა გითხარი, გუჯა, რა! ამიკლებს ახლა საყვედურით, რა შემოირიგებს იმას, _ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია დემეტრემ და გუჯა გავიდა თუ არა, ქალაქის ტელეფონს გადაწვდა.

ნომერი აკრიფა და დაელოდა.

_ ალო, ბატონო დემნა, როგორ გიკითხოთ?

_ დემე, შენ ხარ?

_ მე ვარ, კი… სახლშია კატო?

_ არა, სალონში წავიდა. მალე მოვა ალბათ, კარგა ხანია წასულია.

_ რითი წავიდა?

_ რითი-ი? როგორ თუ რითი, შენმა მძღოლმა მოაკითხა, გარეთ ელოდებოდა.

_ ჩემმა მძღოლმა? ვინ მძღოლმა… ჩემს მძღოლს მანქანა გაფუჭებია და ვეღარ გავედიო… ვერაფერი გავიგე, _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

_ აბა რა გითხრა, მეგობარო. ხუთი ხდებოდა, მანქანა რომ მოვიდა, კაცმა დაასიგნალა, კატო გავიდა, ჩაუჯდა და წავიდნენ. სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა შენი მძღოლი, უცხოს ხომ არ გაყვებოდა?

_ ვერაფერი გავიგე… კარგი, კარგი, ბატონო დემნა. რომ დაბრუნდება, დამირეკოს, საღამოს რესტორანში გველოდებიან და…

_ ვიცი, შვილო, ვიცი. როგორც კი მოვა, დავარეკინებ.

შეფიქრიანებულმა დემეტრემ საათს დახედა. შვიდი გამხდარიყო. ამდენ ხანს სალონში რას აკეთებს? ვის უნდა მოეკითხა ნეტავ? იქნებ რომელიმე მეგობარს დაურეკა, რახან გუჯამ დააგვიანა?

ამასობაში გუჯაც შემობრუნდა და მობილური მოიტანა.

_ ესეც დასატენია, დამჯდარა.

_ არა უშავს, დავტენი, _ უხალისოდ უპასუხა და უჯრა გამოაღო დამტენის მოსაძიებლად.

_ მე თავისუფალი ვარ? _ მძღოლი ერთ ადგილზე ცმუკავდა.

_ გამოცვალე საბურავი?

_ კი, როგორც იქნა, გამოვცვალე, ხვალ პროფილაქტიკაში გავიყვან და მარცხენა მხარეს ცოტას შევარემონტებ, შემეჭეჭყა ოდნავ, ბოძს გავკარი დამუხრუჭების დროს.

_ კარგი, წადი! _ ცივად გაისმა უფროსის ხმა.

მძღოლი გავიდა თუ არა, დემემ მობილური დასატენად შეაერთა და ერთხანს გაირინდა. ფიქრებმა კატოსთან გადაისროლა. «საინტერესოა, ვინ მოაკითხა… ან რატომ არ დამიკავშირდა? ბოლოს და ბოლოს, აქ მაინც დამირეკავდა. დავიჯერო, ასე ძალიან გაბრაზდა? არადა, დემნამ თქვა, ხუთი ხდებოდა, მძღოლი რომ მოვიდაო… გასაოცარია პირდაპირ».

ერთი ღრმად ამოიხვნეშა, ცოტა კიდევ შეიცადა და მერე მობილური ჩართო. არც ერთი ზარი არ იყო კატოსგან შემოსული. ამან უარესად გააკვირვა. სასწრაფოდ მოძებნა კონტაქტებში საცოლის ნომერი და დაურეკა. «მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან», _ მიიღო პასუხად რობოტი ოპერატორის ხმა.

_ ესეც ახალი ამბავი. ხომ მშვიდობაა ნეტავ? _ ცოტა არ იყოს, შეშფოთდა.

იმ სალონის ნომერი მაინც იცოდეს, იქ დარეკავდა. ხომ არ მიაკითხოს? ასე აჯობებს, მაგრამ დაუხვდება კი? თუ არადა, სახლში იქნება, იქ მაინც მიუსწრებს.

თხუთმეტი წუთი კიდევ შეიცადა, რომ რამდენიმე ხაზით მაინც დატენილიყო ტელეფონი, მერე კი ლამის თავქუდმოგლეჯილი გავარდა კაბინეტიდან.

დემეტრე ცდილობდა, სწრაფად ევლო, მაგრამ ქუჩაში შექმნილი საცობი ამის საშუალებას არ აძლევდა. როგორც იქნა, მიაღწია სალონს. შესასვლელთან მიაყენა მანქანა და გადავიდა. ერთი სტილისტი ვიღაც მსუქან ქალს ვარცხნიდა, მეორე კი ტელევიზორს უყურებდა.

_ გამარჯობა ყველას! _ მიესალმა დემე იქ მყოფთ.

_ საღამო მშვიდობისა. მობრძანდით.

_ კარინა რომელია?

_ მე ვარ, _ ქერათმიანმა ქალმა ფენი გამორთო და დემეს მიაჩერდა, _ გისმენთ.

_ დღეს თქვენთან კატო იყო ჩაწერილი, ხუთზე უნდა მოსულიყო…

_ ა, კატია? ვიცი, ხო, უნდა მოსულიყო, ნო ნე პრიშლა. არ ვიცი, ალბათ გადაიფიქრა, _ გაიღიმა სტილისტმა.

_ არ მოსულა? დარწმუნებული ხართ? _ მამაკაცს უსიამოვნოდ შეუტოკდა გული.

_ აბა ხომ არ მოგატყუებთ ამხელა კაცს, რადი ჩევო…

_ კარგი, გმადლობთ, _ თავი დაუკრა დემემ კარინას და გავიდა.

ახლა უკვე მთელი სისწრაფით გააქანა მანქანა დემნას სახლისკენ. ზარის ღილაკს ერთი ათჯერ მაინც მიაჭირა თითი, სანამ ოჯახის უფროსი გაუღებდა. ისიც აფორიაქებული ჩანდა.

_ მოხვედით? ავნერვიულდი კაცი, _ ხელები გაშალა სასიმამრომ.

_ მარტო ვარ, ბატონო დემნა. არ გამოჩენილა?

_ არა, არ მოსულა. ხომ მშვიდობაა? იქნებ ჯერ არ დაუმთავრებია? _ ხმა შეეცვალა მასაც.

_ სალონში არც ყოფილა, იქიდან მოვდივარ. გავგიჟდები ახლა! რა მანქანა იყო, არ გახსოვთ? ან მძღოლის სახე თუ დაინახეთ, ან რამე… _ დაბნეული ლაპარაკობდა დემეტრე.

_ მე არც გავსულვარ. შავი კი იყო ის მანქანა, მაგრამ არ დავკვირვებივარ, რა მარკის იყო. მძღოლი გარეთ იდგა და ელოდებოდა. მერე უკანა სალონის კარი გაუღო, ჩასვა და წავიდნენ. კატო ნამდვილად იცნობდა იმ კაცს, თორემ გამორიცხულია, უცნობს არ ჩაუჯდებოდა მანქანაში.

_ როგორც ჩანს, სხვამ მოაკითხა. ჩემს მძღოლს აღარ დაელოდა რატომღაც. რამე ისეთი ხომ არ უთქვამს, ან სადმე უნდა გავიარო, ან ვინმეს უნდა შევხვდეო… _ საქმრო უკვე პანიკაში ვარდებოდა.

_ არა, შვილს გეფიცები, მსგავსი არაფერი. სალონში მივდივარო, იქიდან შინ დავბრუნდები და დემეს დაველოდები, საღამოს რესტორანში მივდივართ, მეგობრები უნდა გამაცნოსო.

_ დაქალებთან ხომ არ გაივლიდა?

_ იქნებ რამე სიურპრიზს გიმზადებს, ჰა? _ ხავსს მოეჭიდა დემნა.

_ მაგას ეგეთები არ ეხერხება, თქვენც ხომ კარგად იცით თქვენი ქალიშვილის ამბავი, _ დამცინავად ჩაიღიმა დემემ და გატრიალდა, _ კარგი, წავალ მე და თუ დარეკოს ან გამოჩნდეს, უთხარით, რომ რესტორანში ველოდები, _ ყრუ ხმით დაიბარა და კიბეზე დაეშვა.

_ კარგი, შვილო, ვეტყვი, აბა რას ვიზამ, _ ხმა ჩაუწყდა შეშფოთებულ მამას და მანამ გასცქეროდა სასიძოს, სანამ ეს უკანასკნელი მანქანაში არ ჩაჯდა.

8 8 8

_ კატო… გაიღვიძეთ, კატოოო! _ ჩაესმა ძილში თითქოს ნაცნობი ხმა… ჩუმი, სექსუალური, ხავერდოვანი ბარიტონი.

საიდან ეცნობა ეს ხმა? ვინ აღვიძებს? არ უნდა ახლა გაღვიძება, ისე ტკბილად სძინავს.

_ კა-ტოო… _ კვლავ განმეორდა სასიამოვნო ხმა.

ეს მათე იყო, რომელიც მსუბუქად ეხებოდა გოგონას მკლავს და მის ბურანიდან გამორკვევას ცდილობდა. კატო ამწუთას მძინარე კატას ჰგავდა, გვერდულად რომ მიწოლილიყო მანქანის სავარძელზე და ხელისგული თავქვეშ ამოედო. მისი ტყვე ისე ნებიერად ფშვინავდა, დაენანა კიდეც გასაღვიძებლად, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

«რა უსუსური და დაუცველია ამწუთას», _ გაიფიქრა მათემ და გაეღიმა, _ «თან რა ლამაზი. არ მეგონა, ასეთი მომაჯადოებელი თუ იქნებოდა. რა გემოვნება ჰქონია იმ ახვარს! სცოდნია ქალების არჩევა!»

მათე კარგა ხანია, შოკში იყო. სწორედ იმ წუთიდან, როგორც კი პირველად დაინახა კატო. რას იფიქრებდა, მისი დის შემცდენელს მეორე «სამიზნეც» ასეთი ლამაზი თუ ეყოლებოდა. სრულყოფილი ქმნილება, _ ორი სიტყვით ასე შეაფასა თავის ფიქრებში დემეს საცოლე.

როგორც იქნა, გოგონა შეირხა. ნელა შეარხია ქუთუთები და თვალები ზანტად გაახილა. რაღაც ჩაიბურტყუნა გაუგებრად, მერე სახეზე მოისვა ხელი, გაიზმორა და მოულოდნელად შეშინებულმა დააჭყიტა თვალები.

_ შენ!.. ისევ შენ ხარ? რა მიქენი? სად ვარ? აქ რა მინდა? _ მაშინვე გაახსენდა მომხდარი და კითხვების სეტყვა დააყარა მამაკაცს.

_ გადმოდით მანქანიდან, მოვედით, _ მშვიდად უპასუხა მათემ და ხელი გაუწოდა.

_ სად მოვედით? რა გინდა ჩემგან? რა ჩამიყარე? რამე დამიშავე? _ ერთ კითხვას მეორით ცვლიდა კატო და შეშინებული კუთხეში იყუჟებოდა, თითქოს ამით თავის გადარჩენა შეეძლო.

_ არაფერი დამიშავებია, დაწყნარდი. აჯობებს, წამომყვე, თორემ აქ შეგცივდება.

_ დასაძინებელი წამალი ჩამიყარე, ხომ? ჩემი მოკვლა გინდოდა? _ არ ეშვებოდა ქალი.

_ არავითარ შემთხვევაში. მსუბუქი საძილე საშუალება იყო, არაფერს გიზამს. ვიფიქრე, ცოტას განიტვირთება-მეთქი, ძალიან იყავი განერვიულებული. მოდი, წამომყევი, რა. სახლში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, _ ამ სიტყვებით მათემ მაჯაში ჩასჭიდა ხელი და თავისკენ მოიზიდა.

გაგრძელება იქნება