დავიწყოთ თავიდან - თავი 10 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 10

2025-07-25 10:23:15+04:00

წინა თავი

კატო უნებლიეთ დაჰყვა მის ნებას. შეშინებული გადმოვიდა მანქანიდან და ირგვლივ მიმოიხედა. დაბნელებულიყო. მხოლოდ მანქანის ფარები ანათებდა მიდამოს. ირგვლივ არაფერი ჩანდა, ერთი სახლის გარდა, რომლის ჭიშკართანაც ისინი იდგნენ.

როგორც კი კატომ ფეხზე დადგომა გადაწყვიტა, მაშინვე თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა. მათემ იმარჯვა, წელზე ხელი მოხვია და ხელში აიტატა.

_ არ ველოდი, მძინარე მზეთუნახავის ხელით ზიდვა თუ მომიწევდა, _ თბილად გაუღიმა.

გაღიმებასაც რომ ბედავს! _ წარბები შეჰყარა გაბრაზებულმა კატომ და გაძალიანება გადაწყვიტა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მათეს მძლავრად ჰყავდა ჩაბღუჯული.

_ ნუ მიწევთ წინააღმდეგობას, აზრი არა აქვს. შინ შეგიყვანთ და მერე როგორც გაგიხარდებათ, ისე მოიქეცით. ახლა რომ ხელი გაგიშვათ, შეიძლება ისევ დაეცეთ, ჯერ კიდევ სუსტად ხართ, ხომ ხედავთ, ჯერაც ვერ შეძელით გამოღვიძება. როგორც ჩანს, გიყვართ ძილი, არა? ძილისგუდა ხართ?

_ იმიტომ, რომ ეს ხელოვნური ძილი იყო, დამპალო! _ შეჰყვირა კატომ, _ ძილისგუდა თავი გაბია! _ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

_ მოიცა, მოიცა, თევზივით ნუ სხმარტალებ, თორემ ორივე დავეცემით, _ სიცილი აუტყდა მათეს, _ არაფერს გავნებ, მხოლოდ ოთახამდე მიგიყვან და ეგ არის.

_ რა ოთახამდე, ვის ოთახამდე, სად ვარ საერთოდ, რა მინდა აქ! ხელი გამიშვი, საზიზღარო, ახლავე ჩამომსვი ძირს, თორემ თვალებს ამოგთხრი! _ თავისას არ იშლიდა ქალი.

_ ო-ჰოოო! კატამ ბრჭყალებიც გამოაჩინა, _ ისევ გაიცინა მათემ, _ როგორც ჩანს, სიფრთხილე მმართებს. ვატყობ, თავის დაცვა მომიწევს.

_ გამიშვი ხელი, შენთან ერთად არსადაც არ წამოვალ!

_ მოგიწევს. ჯერ ერთი, აქ ახლომახლო ადამიანის ჭაჭანება არ არის. მეორეც, მოიღრუბლა და მალე ისეთ წვიმას დასცხებს, ძაღლს არ გააგდებენ კარში. მესამეც _ ვიცი, რომ მოგშივდა და არ ჯობია, ერთად ვივახშმოთ? რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება. ახლა მე უნდა მომენდო, სხვა გამოსავალი არ გაქვს.

_ მაქვს! მირჩევნია, დავსველდე და ფილტვების ანთება დამემართოს, ან ტყეში მგლებმა შემჭამონ, ვიდრე შენთან ერთად მარტო გავათენო ღამე უცხო სახლში. ამას ვერ ეღირსები!

ამასობაში მათემ ჭიშკარი შეაღო და თავისი მძიმე ტვირთით ნელა გაემართა სახლისკენ.

_ მაშინაც არ წამომყვები, მამაშენთან დარეკვის უფლება რომ მოგცე? _ შემპარავად შეეკითხა.

ამ სიტყვებზე კატო უეცრად მოეშვა და ისე მიეკრა მამაკაცის მკერდს, თითქოს მისი უკანასკნელი იმედი ყოფილიყო.

_ მართლა მეუბნები? არ მატყუებ?

_ მართლა გეუბნები, ოღონდ ჭკვიანად უნდა მოიქცე. შევთანხმდით, მზეთუნახავო? _ ალერსიანად უპასუხა მათემ და ოდნავ მოუჭირა ხელები მის სხეულს.

კატოს სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა და უცნაურად გაიტრუნა სრულიად უცხო მამაკაცის მკლავებში.

 

8 8 8

დემეტრეს ტელეფონის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა. სასიმამრო ურეკავდა. ერთიანად დაეძაბა სხეული, ნუთუ გამოჩნდა კატო? სად იყო? რას ჰგავს მისი საქციელი?

_ გისმენთ, ბატონო დემნა!

_ დემე, შვილო, ეს წუთია, დამირეკეს…

_ ვინ? რაო?

_ არ ვიცი, ვინ იყო, ქალაქის ტელეფონზე მელაპარაკა. კაცის ხმა იყო, სერიოზული, სოლიდური მამაკაცის. თქვენი ქალიშვილი უსაფრთხო ადგილას არის და არ ინერვიულოთო.

_ რას ნიშნავს უსაფრთხო ადგილას? ეს რა ხუმრობაა?

_ არა, რა ხუმრობა… კატოს სხვა უყვარდა და ვინც უყვარდა, იმასთან ერთად გაიქცაო. ბოლო წუთში გააკეთა არჩევანი და არ გაუბრაზდეთო. ამაღამ თვითონ დაგირეკავთ და ყველაფერს გეტყვითო.

_ რაა-ოოო?! _ საზარელი ხმით იღრიალა დემეტრემ, _ სხვა უყვარდაო? რა სისულელეა!

_ მეც პირველად მესმის, კაცო, მსგავსი არაფერი უთქვამს ჩემთვის. ის კი არა, ამ დილითაც ველაპარაკე, თუ რამე ხინჯი გაქვს გულში და ჩემი გულისთვის დგამ ამ ნაბიჯს, ჯერ კიდევ დროა და შეგიძლია გადაიფიქრო-მეთქი. არაო, თავი გაიგიჟა, მიყვარს დემე და ჩემი ნებით მივყვები ცოლადო. აბა, რა გითხრა, გაოგნებული ვარ! _ შეწუხებული ჩანდა სასიმამრო.

_ მაპატიეთ, ბატონო დემნა, მაგრამ თქვენს ქალიშვილს ბევრი რამის ახსნა მოუწევს ჩემთვის. ზეგ ჯვრისწერის ცერემონიალია დანიშნული, ქორწილს რესტორანში ვიხდი, მაგის წონა ფული მაქვს ჩაყრილი ამ საქმეში და ეგრე უნდა მომქცეოდა? ქვეყნის სამაიმუნო გინდათ გამხადოთ? ერთ საათში ჩემს მეგობრებთან უნდა წარმედგინა, ყველა გამეცნო… რა ვუთხრა მათ, საცოლე გამექცა-მეთქი? ამიხსენით, როგორ მოვიქცე? _ არ ცხრებოდა დემეტრე.

_ მესმის, შვილო, ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ რა გავაკეთო? მთელი საღამოა, გოგო ვერ მიპოვია, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგე და რა გითხრა? დაველოდოთ ჯერ, იქნებ დარეკოს და აგვიხსნას, რა ხდება. იქნებ რამე გაუგებრობაა? ან… პოლიციაში ხომ არ განვაცხადოთ?

_ არ ღირს! _ ცივად მოუჭრა სასიძომ, _ არანაირი სურვილი არ მაქვს, მთელი თბილისის სალაპარაკო გავხდე. რამეს მოვიფიქრებ ამ სიტუაციიდან თავის დასაძვრენად. თქვენ კი… ბატონო დემნა, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ამას არასდროს გაპატიებთ. კატო ჩემი ცოლი ვერასდროს გახდება!

_ ნუ ცხარობ, შვილო. ჯერ გავიგოთ, რა ხდება. იქნებ არც მთლად ცუდადაა საქმე? გოგოებთან გადავრეკავ კიდევ ერთხელ, იქნებ რამე ახალი გავარკვიო.

_ ჩემთვის სულერთია, რას გაარკვევთ და რას არა. აღარ დამირეკოთ! _ ცივად უპასუხა დემეტრემ და ყურმილი ბერკეტზე დაახეთქა.

8 8 8

მათეს სახეზე ელამუნებოდა კატოს აბრეშუმივით ფაფუკი თმა, ამავე დროს თავბრუს ახვევდა ქალის ნაზი სურნელი. მისდა უნებურად, უცნაურმა აზრმა გაუელვა გონებაში… იმდენად უცნაურმა, რომ მიხვდა, თავისი საქციელით ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ შეცდომას უშვებდა, რომლის გამოსწორება ძალიან გაუჭირდებოდა. უნდოდა, ეფიქრა, რომ მისი გახშირებული მაჯისცემა მხოლოდ იმის ბრალი იყო, ასეთი მძიმე ტვირთის ზიდვა რომ უწევდა ჭიშკრიდან სახლის ზღურბლამდე, თუმცა ხვდებოდა, რომ სულაც არ იყო ასე. მისი მამაკაცური ინსტინქტები სრულიად სხვა რამეზე მეტყველებდნენ.

კატო თითქოს უფრო მორჩილი გახდა, ძველებურად აღარ ეწინააღმდეგებოდა, აგრესიაც გაუქრა ნელ-ნელა. იქნებ იმიტომ, რომ მათე შეჰპირდა, მამასთან დარეკვის უფლებას მოგცემო? იქნებ მხოლოდ ეს არ იყო მისი მიწყნარების მიზეზი? იქნებ ქალსაც მოსწონდა მის მკლავებში გამომწვდევა? რას განიცდის იგი ახლა, ამწუთას?

რას და… კატერინასაც გასჩენოდა თავსატეხი. მას შემდეგ, რაც ეს მომხიბვლელი მამაკაცი «აღმოაჩინა», მიხვდა, რომ თავის თავს აღარ ეკუთვნოდა. დემეტრემ მისდა უნებურად გადაინაცვლა უკანა პლანზე და მისი მამაკაცურობა ერთიანად დაჩრდილა ამ ახალმა გაცნობილმა მოძალადემ, მაგრამ განსაკუთრებულად სიმპათიურმა მამაკაცმა.

_ მომისმინე, კატო, _ მათე ღრმად სუნთქავდა, _ მე ახლა ჩამოგსვამ და ძალიან გთხოვ, გაქცევა არ დააპირო. აზრი არა აქვს. ირგვლივ ნახევარ კილომეტრში არავინ ცხოვრობს, თან წვიმას აპირებს. შორს მაინც ვერ წახვალ და ისევ უკან მოგიწევს დაბრუნება. ამიტომაც შევთანხმდეთ, რომ მშვიდად იქნები და სახლში შემომყვები. პირობას გაძლევ, ცუდი არაფერი გემუქრება და ამ ღამეს მშვიდად, წყნარად გაატარებ. ხვალ კი… ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ.

_ კარგი, თანახმა ვარ, _ ძალიან ხმადაბლა უპასუხა ქალმა და ოდნავ მოეშვა, თითქოს მამაკაცის მკლავებიდან თავის გათავისუფლება ენანებაო.

_ ესეც ასეეე! _ შესძახა მათემ, როცა ტვირთი ძირს დაუშვა და კარი გააღო, _ ყველაზე ლამაზმა ქალმა ჩემი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ოოო! ეგ საკითხავია! შენ რომ ჩემი პატარძალი იყო ამწუთას, მე ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ… _ რა თქმა უნდა, მამაკაცმა იცოდა, ასე რომ ყოფილიყო, რასაც იზამდა. მისი სხეულიც კარგად გრძნობდა ამას, მაგრამ ისიც მშვენივრად უწყოდა, რომ გონების კარნახით უნდა ემოქმედა და არა გულის. ერთადერთი გონივრული გამოსავალი კი ის იყო ამ შემთხვევაში, დაეპურებინა მშიერი მძევალი და მეორე სართულზე, ცალკე ოთახში მოესვენებინა, თავად კი პირველსავე სართულზე «მყარად» ჩაკეტილიყო, რათა თავის სხეულსაც მორეოდა და უნებურად აღძრულ სურვილსაც.

_ მე შენი ცოლი არ ვარ და არც არასდროს გავხდები! _ დაიწყო კატომ, როგორც კი მათეს მკლავებისგან გათავისუფლდა, _ მე ჩემი სურვილით არავის მოვუყვანივარ აქ, მოტყუებით აღმოვჩნდი. ამიტომ, კეთილი ინებე და სულელური აზრები თავიდან მოიშორე, გირჩევ! თითის დაკარებაც არ გაბედო, თორემ…

_ თორემ რა? _ გულიანად გაიცინა მათემ, _ ცემას ხომ არ მიპირებ? იქნებ მოკვლას?

მისმა სიცილმა უარესად მოუშხამა გუნება. რა თქვა ასეთი სასაცილო? დეგენერატი! მან ჯერ კიდევ არ იცის, ვისთან აქვს საქმე.!

_ ისე, შენს ადგილას, მე ეგრე ვიზამდი, _ მოულოდნელად მათემ სერიოზული სახე მიიღო, _ თუკი გამოგივა, აჯობებს, მომკლა.

_ რა სისულელეა… იცი, რომ ამას არ ვიზამ, იმიტომაც მეუბნები.

_ პირადად მე ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, სიამოვნებით მოგაკვლევინებდი თავს, თანაც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი ამ ერთ ღამეს შენ გვერდით გავატარებდი, ერთ საწოლში.

_ ერთ ღამეს… _ კატოს ზიზღით აევსო თვალები, შეურაცხყოფისგან ნესტოები დაებერა, _ ხომ არ გაგიჟდითთთ… _ ენა დაება შეშინებულს.

_ მხოლოდ ერთი ღამე, კატო, მხოლოდ ერთი. რა მოხდება? მერედა, რა ღამე გვექნება! ზღაპრული, ჯადოსნური!

_ არ გაბედო! _ გაფითრებულმა ქალმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ხელები მომუშტა, თითქოს თავდაცვისთვის ემზადებაო.

მათეს კვლავ სიცილი წასკდა.

_ კარგი, მზეთუნახავო, დაოკდი. შენი სიტყვა ჩემთვის კანონია!.. გეხუმრე, ნუ შეშინდი, არაფერს ვაპირებ. მართლა მოძალადე კი არ ვარ, _ დამშვიდება დაუწყო მათემ.

ქალმა ირგვლივ მიმოიხედა. მშვენიერი სახლი იყო, გემოვნებით მოწყობილი. საინტერესოა, ასეთ ადგილას რისთვის დასჭირდა ასეთ მამაკაცს სახლის შეძენა? თუ ეს ერთ-ერთი მორიგი აგარაკია, რომელიც ისე, სხვათა შორის შეიძინა? ნეტავ, ფულიანია? მდიდარი? იქნებ სულაც არ არის მისი სახლი და ვინმეს სთხოვა, აგარაკი მათხოვეო? გამორიცხული არაფერია. დღეს, აბა, რომელი კაცია სანდო?

_ მე გავალ, მანქანაში რაღაცები მაქვს, შემოვიტან და ვივახშმოთ, კარგი? _ შემრიგებლური ტონით დაიწყო მათემ.

_ მე არ მშია!

_ ჩაისაც არ დალევ? ან ყავას?

გაგრძელება იქნება