დავიწყოთ თავიდან - თავი 11 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 11

2025-07-26 10:27:04+04:00

წინა თავი

_ ყავას დავლევ! თანაც მაგარ ყავას, ორმაგი დოზით, _ სწრაფად დაეთანხმა კატო, ისიც იმიტომ, იქნებ ყავადალეულს ღამის გათევა არ გამიჭირდესო.

ნახევარ საათში სუფრა გაშლილი იყო. მსუბუქი ვახშამი გამოუვიდათ _ ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ყავა, ლიმონათი.

_ სულ ეს არის, სხვა არაფერი გვაქვს, _ ხელები მოიფშვნიტა მათემ და ხელით ანიშნა კატოს, სუფრას მივუსხდეთო.

თავიდან გოგონა ცოტათი გაინაზა, მაგრამ მალე სიმორცხვეც დაძლია და სიჯიუტეც და მადიანად მიეძალა საჭმელს. ბოლოს ერთი ფინჯანი მაგარი ყავაც დააყოლა. როგორც იქნა, გაიღიმა. ამ ღიმილმა თავბრუ დაახვია მამაკაცს, მერე კი გამბედაობა შეემატა და შემპარავად დაიწყო.

_ მინდა გაკოცო… _ ამ სიტყვებით წამოდგა, ქალს მიუახლოვდა, ნიკაპქვეშ საჩვენებელი თითი ამოსდო და თავი აუწია, რომ მის თვალებში ჩაეხედა, _ სიმართლე თუ გინდა, შენი კოცნის სურვილი დანახვისთანავე გამიჩნდა, მაგრამ თავი შევიკავე, რომ არ გამებრაზებინე. მერე კიდევ ერთხელ წამომიარა ამ სურვილმა, როცა ხელში აგიყვანე და ეზო გამოგატარე. ახლა კვლავ გამიმძაფრდა. ვნებიანი ტუჩები გაქვს, საოცრად სურნელოვანი სხეული და ულამაზესი თვალები. ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, ჩემი სურვილი დავიკმაყოფილო.

კატოს ხმა არ ამოუღია, სუნთქვაგახშირებული უსმენდა ქადაგად დავარდნილ გამტაცებელს. ისე სიამოვნებდა მამაკაცის სიახლოვე, უნდოდა, თვალები დაეხუჭა, მაგრამ ვერ ბედავდა, რათა თავი არ გაეცა.

_ და ეს შენც გინდა, ხომ მართალი ვარ? _ ჩახრინწული ხმით დაამთავრა მათემ.

_ არ გინდა, გთხოვ… _ ქალის მუდარა ჩურჩულით გაისმა.

კატო არ ჩაღრმავებია თავის სიტყვებს, თორემ მიხვდებოდა, რომ არ ღირდა, უცნობის სურვილს დაჰყოლოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი მხრიდანაც კოცნის სურვილი, სულაც არ აპირებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუკი მამაკაცი ამას მოისურვებდა.

მისი «არ გინდა» იმდენად მაცდუნებლად ჟღერდა, მათე ადვილად მიუხვდა გოგონას და ამით ისარგებლა. სანამ კატო კიდევ ერთხელ გააანალიზებდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ძლივს გასაგონად ნათქვამ არას, მამაკაცი ნელა დაიხარა მისკენ და ტუჩებში წვდა.

მათეს კოცნამ იმაზე ძლიერად იმოქმედა კატოზე, ვიდრე მოელოდა. ერთიანად აუცახცახდა მხრები, მკერდი, მკლავები… მოეჩვენა, თითქოს მთელი სხეული ნაწილებად დაეშალა. გონება კი… გონება ორ ნაწილად გაეყო. ერთი სურვილისგან იწვოდა, მეორე კი საშინელ პანიკაში იმყოფებოდა. კატომ არ იცოდა, რომელი გაიმარჯვებდა ამ ჭიდილში. ბოლოს მაინც ვნებამ და სექსუალურმა შიმშილმა აჯობა. იმდენად მაცდუნებელი იყო მამაკაცის ცხელი ტუჩების შეხება, რომ ძალა არ ეყო, წინააღმდეგობა გაეწია. თანაც, იმხელა სიამოვნებას გრძნობდა, სულაც არ უნდოდა ამწუთას უარი ეთქვა ამ სიამოვნებაზე. ჭირსაც წაუღია დემე და მასთან მოსალოდნელი ქორწინებაც. მაინც არ უყვარს იგი. განა რა დაუშავდება ამ კოცნით? ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადოს ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.

_ ხედავ? _ ეჩურჩულებოდა მათე, _ მართლაც რაღაც ხდება ჩვენ შორის, უხილავი, გამოუცნობი. რაღაც ძალა გვეზიდება ერთმანეთისკენ. და ეს კარგია, ძალიან კარგი. გავიდეთ საძინებელში?

საძინებელშიო?!. კატო ახლაღა გამოერკვა ბურანიდან და მისდა უნებურად ხელი ძლიერად ჰკრა მამაკაცს.

_ ღმერთო, რას ვაკეთებ? ხელი არ მახლო! არ მომეკარო! ისიც კი არ ვიცი, ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან, აქ რისთვის მომიყვანე და… _ კატოს ცივმა ოფლმა დაასხა, აღელვებული ღრმად სუნთქავდა და ნელ-ნელა იხევდა კარისკენ.

_ კარგი, დაწყნარდი, შენი წყენინება არ მინდოდა, გეფიცები. ძალა ხომ არ დამიტანებია, რა მოგდის? ხომ გითხარი, ვინც ვარ. მათე ვარ, კიკნაძე, «კომპოუსის» ქსელების დირექტორი. მართლა ვიღაცა ხომ არ ვარ?

«კომპოუსის» ქსელების დირექტორიოოო?! კატოს თვალთ დაუბნელდა. ღმერთო! ნუთუ მართალს ამბობს? ნუთუ ეს ის კაცია, მამამისი რომ ძრწის მისი სახელის ხსენებაზე და რომლის ფულებიც გაფლანგა? ახლა რა ქნას? უთხრას, თვითონ ვინც არის? არა, რა სისულელეა! იქნებ იცის კიდევაც და არ ეუბნება? იქნებ სპეციალურად მოაწყო ეს გატაცება, რომ მამამისზე შური იძიოს? ალბათ გაიგო, დემნამ ფული რომ მოჰპარა და სამაგიეროს უხდის…

_ დამშვიდდი? მორჩა, აღარ გაგეკარები, ოღონდ პანიკები არ იყოს, კარგი? ყველაფერს ის ჯობია, მამასთან დარეკო და დაელაპარაკო. გინდა? _ მათეს წინ გაეშვირა ხელები და გოგონას დაწყნარებას ცდილობდა, _ აი, ჩემი მობილური, ოღონდ სახლის ნომერზე დაურეკე და არა მობილურზე. შევთანხმდით?.. ამ ზარით შენ საოცარი ამბების მომსწრე გახდები, დამიჯერე!..

 

 

დემეტრემ უხალისოდ შეაბიჯა რესტორანში. ათი წუთი დააგვიანა, თუმცა შეკვეთა მიცემული ჰქონდა და მეგობრები უკვე ელოდებოდნენ. ლადო, ვახო, ნინაკა და თამთა მაშინვე ფეხზე წამოხტნენ, როგორც კი ის დაინახეს.

_ დემე, რა მოხდა? რა ხმა გქონდა? ხომ მშვიდობაა? _ დააყარეს და დააყარეს, ერთმანეთს არ აცლიდნენ შეკითხვებს.

_ ცუდად მაქვს საქმე, ბავშვებო, _ ამოიგმინა დემეტრემ და მაგიდას მიუჯდა, _ ამეთესა ის ნაბოზვარი ქალი.

_ ვინ ქალი, ვისზე ამბობ? _ ნინაკამ ლოყაზე შემოირტყა ხელი, თითქოს მიხვდა, ვისზეც იყო ლაპარაკი.

_ ჩემი ეგრეთ წოდებული საცოლე.

_ კატო-ო?! რას ნიშნავს აგეთესა? _ ლადო ახლოს მიუჩოჩდა ძმაკაცს.

_ არ ვიცი. სალონში უნდა მისულიყო თმის დასავარცხნად და გაქრა. არც იქ მისულა და ვერც ვერსად მივაგენით, ავაწრიალეთ მთელი თბილისი.

_ რას ამბობ, ადამიანო! პოლიციაში დარეკე? იქნებ ავარიაში მოყვა, საავადმყოფოები დაგვევლო, _ ახმაურდნენ ყველანი.

_ არა, რა პოლიცია, რის საავადმყოფო. ახლახან ველაპარაკე მამამისს და ისეთი ამბავი მითხრა, ლამის წნევამ დამარტყას.

_ რაო, რა გითხრა ამისთანა, დროზე გვითხარი, _ ვერ მოითმინა თამთამ და თავზე წამოადგა.

_ ვიღაც კაცმა დამირეკა და მითხრა, თქვენს ქალიშვილს სხვა უყვარდა და იმასთან ერთად გაიპარაო.

_ არ არსებობს! _ გაისმა მარჯვნიდან და მარცხნიდან.

_ არ შეგეშინდეთ, საღამოს თვითონ დაგირეკავთ და ყველაფერს გეტყვითო. რა ვქნა ახლა მე? _ ხელები უმწეოდ გაასავსავა დაწუნებულმა სასიძომ.

_ მოიცა, მოიცა! იქნებ ტყუილია ეს ყველაფერი? ხომ არ მოიტაცეს? იქნებ უყვარდა ვინმეს? ისეთი წესიერი გოგო ჩანდა, ამას როგორ იზამდა? _ კატოს მხარე დაიჭირა ლადომ.

_ მეც ეგრე მეგონა, წესიერია და ცოლად გამომადგება-მეთქი, _ ხელი ჩაიქნია დემემ, _ მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეში ჩამაგდო. რაც უნდა იყოს, აწი ზედმეტია მაგის ცოლად მოყვანაზე ლაპარაკი. შანსი არ არის, არ ვაპატიებ. მით უმეტეს, თუ ვიღაცამ მოიტაცა, სხვის მოტაცებულს და მობრუნებულს სახლში არ დავისვამ!

_ კარგი, რა, შენც რა გჭირს? ეგეთი რამეები როგორ უნდა თქვა? თუ გოგო თავის ნებით არ გაჰყოლია, რატომ არ უნდა აპატიო? _ გამოექომაგა საპატარძლოს თამთა.

_ მოიცა, რა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, თავისი ნებით გაჰყვა თუ არ გაჰყვა. ისე მშვიდად ჩაუჯდა თურმე მანქანაში, შენი მოწონებული. უცხო რომ ყოფილიყო, ან ისეთი ვინმე, ვინც ეჯავრებოდა, ჩაუჯდებოდა? რაღაც ხდება და არ ვიცი, რა. ჭკუაზე არ ვარ კაცი.

_ კი მაგრამ…

_ არავითარი კი მაგრამ! _ გააწყვეტინა დემეტრემ ვახოს, _ ახლა რა ვქნა, იმაზე ვილაპარაკოთ. დამეხმარეთ, როგორ მოვიქცე. ზეგ ჯვრისწერა მაქვს, რა გავაკეთო? სხვა უნდა მოვიყვანო ვინმე, ასე მოკლე დროში ვერაფერს შევცვლი.

_ ვაიმე, შენ რა გითხარი. ბოლოს და ბოლოს, გააფრთხილე შენი სტუმრები, ქორწილი გადავდე-თქო, რა მოხდება? _ ურჩია ნინაკამ.

_ რა გადავდე-თქო, გოგო, შენ ქართული არ გესმის? სტუმრების ჯავრი იმდენად არ მაქვს, როგორც ხარჯის. ყველაფერი ნაყიდი მაქვს, რესტორანი დაბევებული, ფული გადახდილი. საქორწინო კაბა სახლში უგდია იმას, ათასი ევრო გადავიხადე. ბეჭედი და უამრავი სამკაული გაამზადა დედაჩემმა. რა ვთქვა, საცოლე გამექცა-მეთქი? ხომ მომეჭრა თავი?

_ სხვა რომ იშოვო, მაგით რას გამოასწორებ, თუ იცი? _ არ დაუთმო ნინაკამ, _ ვერ გაიგებენ, კატო რომ არ არის, თუ რა? უარესი სალაპარაკო გახდება.

_ არაფერიც არ გახდება. განა რამდენი იცნობს კატოს? უმრავლესობა აზრზეც ვერ მოვა, კატოს მოიყვანს ცოლად თუ ფოტინეს, დევდარიანს, _ დამამშვიდებლად გაისმა ვახოს სიტყვები.

_ მართალია ვახო, ვისი რა საქმეა, ვისთან დაიწერ ჯვარს? ორ დღეშიც შეიძლება სხვა შეგიყვარდეს. მთავარი ის არის, ვინ შეიძლება ასეთი შევარჩიოთ. შე ოხერო, დღე და ღამე ქალებში დაძვრები და ერთი ნორმალური არავინ იცი, ამ დროს რომ გამოგადგეს? სიყვარულს მოუკვდა პატრონი, რომ გიყვარდა, რა ხეირი დაგაყარა? მთლად ხელიდან ნუ იქნება წასული და მთლად მახინჯი და დანარჩენს მოევლება. ბოლო-ბოლო, გაშორდები ერთ თვეში და ეგ იქნება, _ შეაგულიანა ძმაკაცი ლადომ.

_ არის ერთი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, კატოზე მეტადაც მიყვარს და უფრო მეტ პატივსაც ვცემ, მაგრამ…

_ რა მაგრამ?

_ ისეთი ვიღაცის დაა, თვალის დასანახავად რომ გვეჯავრება ერთმანეთი, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი რომ გვაქვს გაჩაღებული.

_ ასეთი ვინ არის, ბიჭო, ნუ გამაგიჟე! _ ხელი ხელს შემოჰკრა ვახომ.

_ მათე… კიკნაძე.

_ მათე? «კომპოუსი?» უჰ, მეც არა ვთქვი, ვიღაც განგსტერი თუ არის-მეთქი. მაგაზე ადვილი რა არის, ძმაო. მათესთან მე ჩავაწყობ საქმეს. მთავარია, გოგო იყოს თანახმა. ხვალვე შეგარიგებთ ერთმანეთს, შენ მაგაზე არ იდარდო. ისე, ამბობენ, მაგარი ლამაზი და ჰყავსო, _ აქტიურობდა ლადო.

_ მაგარი ძალიან. თან ხასიათიც კარგი აქვს და რა ვიცი, ყველანაირად კარგია. თანაც ვუყვარვარ.

_ ჰოდა, გაგვიჩარხავს საქმე. უკეთესი საცოლეც კი არის, მე თუ მკითხავ. მიდი მერე, რას უცდი, დაურეკე, _ მხარზე ხელი დაჰკრა ვახომ.

_ დაურეკე და აქ დაიბარე, დანარჩენი ჩვენ ვიცით. ჩვენ მეორე ქალი მოვიტაცოთ და ქალების მოტაცების დღედ გამოვაცხადოთ დღევანდელი საღამო, _ გაიხუმრა ვახომ.

დემეტრემ საწყლად გაიღიმა და იმედმოცემულმა მობილურ ტელეფონზე ნიცას ნომერი აკრიფა.

გაგრძელება იქნება