კატო ლამის ჩაიკეცა. მის თავს ისეთი გუგუნი გაუდიოდა, თითქოს ათასობით ფუტკარი სკას დაეხვიაო. ამ კაცმა მამამისს ხომ გაუმწარა სიცოცხლე, ახლა ესეც არ იმყოფინა და კატოსაც გადმოწვდა. ახლა მისი უსაფრთხოება და შეიძლება სიცოცხლეც, მათეს ხელშია და მას შეუძლია იმაზე უარესი გახადოს კატოს ცხოვრება, ვიდრე აქამდე იყო. როგორც ჩანს, იგი უკვე ახერხებს ამას. ამას ჰქვია, ყველაზე საშინელი კოშმარი ცხადად ამიხდაო. არადა, რამდენიმე წუთის წინ მისმა კოცნამ ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებები აღუძრა. ნუთუ ის მათე და ეს მათე ერთი და იგივეა? როგორ შეიძლება ასე ხდებოდეს?
_ რა მოგივიდა, ლამაზო? ასე რატომ შეშფოთდი!
_ მეორედ არ დამიძახო «ლამაზო»! _ შესძახა კატომ, _ მე შენი ლამაზი არ ვარ, სახელი მქვია და იმით მომმართე!
მათე ნამდვილ შოკში იყო. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა უნდა დამართოდა გოგონას ასე მოულოდნელად. წეღან ლამის ჩაადნა მკლავებში, ახლა კი მტაცებელი მხეცივით აბრიალებდა თვალებს და ახლოს არ იკარებდა მამაკაცს.
_ აუუ! შენ ვინ ყოფილხარ! ამიხსენი მაინც, რა ჩავიდინე ასეთი? _ მათე ახსნა-განმარტებას ითხოვდა.
_ რა და შენ სპეციალურად მოაწყვე ეს გატაცება. გინდა დემეტრეზე შური იძიო, არა? გგონია, არ ვიცი, რომ კონკურენტები ხართ და შენ მის ჩაძირვას ცდილობ?
_ კონკურენტები? _ გაეცინა მამაკაცს, _ მის ჩაძირვას ვცდილობ მე-ე? ეს ვინ გითხრა, შენმა საქმრომ? კონკურენტები… ძალიან მსუბუქად არის ნათქვამი. მე კი არ ვძირავ მას, ის ცდილობს ჩემს ჩაძირვას, თუმცა ამის თქმას ახლა აზრი არ აქვს, შენ მაინც ვერ გაიგებ.
_ ვითომ რატომ ვერ გავიგებ?
_ იმიტომ, რომ შენს თვალში მე ნაძირალა ვარ, გამტაცებელი, ის კი ლეგენდარული საქმროა, წესიერი ადამიანი, რომელიც შენზე ზრუნავს. ასე არ არის?
_ დიახაც ასეა!
_ მაინც სასიამოვნოა, რომ გაგახსენდა შენი ძვირფასი საქმრო, იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ მისი არსებობა საერთოდ დავიწყებული გქონდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს.
_ შეყვიტე ჩემი დაცინვა! მომეცი ტელეფონი! ხომ შემპირდი, დარეკვის უფლებას მოგცემო, _ აკანკალებულმა კატომ ხელი წინ გაიშვირა.
მათემ უსიტყვოდ მიაწოდა მობილური. კატომ სახლის ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა.
_ სპიკერზე დააყენე, მე უნდა მოვისმინო, რაზე ილაპარაკებთ, _ მოსთხოვა მათემ და გოგონას გვერდით ამოუდგა.
კატომ მისი მოთხოვნა შეასრულა.
_ გისმენთ! _ გაისმა დემნას დაღლილი ხმა.
_ ალო, მამა, როგორ ხარ? _ ხმა აუკანკალდა გოგონას.
_ კატო, შვილო, ცოცხალი ხარ?
_ ჰო, მამა, კარგად ვარ, ნუ გეშინია.
_ უკვე ველოდებოდი შენს ზარს.
_ ელოდებოდი? რა იცოდი, რომ დავრეკავდი? _ გოგონამ ირიბად მათეს გახედა, თან იმან გააკვირვა, რომ მამამისი თავზარდაცემული სულაც არ ჩანდა.
_ რატომ ადრე არ მითხარი, შვილო, რატომ. ხომ გთხოვდი, თუ არ გიყვარს, ნუ გააკეთებ ამას ჩემი გულისთვის-მეთქი? რაში დაგჭირდა ეს მასკარადი? მე ხომ შენთვის დემეზე გათხოვება არ დამიძალებია.
_ მამა, მე… მე არ მინდოდა ასე, ჩემი ბრალი არ არის. აქ ერთ კაცთან ერთად ვარ ახლა…
_ ვიცი, შვილო, ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით. ძალიან გაბრაზდა დემეტრე, მაგრამ შეეჩვევა ალბათ. წეღან ველაპარაკე და მითხრა, ჯვრისწერას მაინც არ გადავდებო.
_ მაგრამ მე არ ვიცი, როდის დავბრუნდები.
_ საქმეც იმაშია, რომ სხვაზე აპირებს ჯვარის დაწერას, შენ შეგიძლია არ ინერვიულო. რადგან სხვა გიყვარს, იყავი მასთან, თუ მიგაჩნია, რომ უფრო ბედნიერი იქნები.
_ რას ამბობ, მამა, არაფერი მესმის! რა ბედნიერი, ვინ სხვა! დემეტრეს სხვა როგორ მოჰყავს, არ გამაგიჟო! კარგად ამიხსენი ერთი, რა ხდება!
_ მე რა უნდა აგიხსნა, აბა, მეგონა, შენ თვითონ ამიხსნიდი ყველაფერს.
_ მე აგიხსნიდი? მომისმინე, მანდ არის დემე? დამალაპარაკე ერთი!
_ აქ რა უნდა, შვილო, რესტორანშია თავის მეგობრებთან და ქეიფობს.
_ ქეიფობს? მე აქ ასეთ დღეში ვარ და ის ქეიფობს?! და სულ არ აწუხებს, მე სად ვარ და რას ვაკეთებ?! _ აღშფოთდა კატო.
მათე მშვიდად იდგა და ცხვირზე ხელს ისვამდა, თან ეშმაკურად ეღიმებოდა, მაგრამ როგორც კი კატომ სიტუაციის ახსნა სცადა, ეგრევე გამოსტაცა მობილური ხელიდან.
_ საკმარისია. უკვე იმაზე მეტხანს ელაპარაკე, ვიდრე საჭირო იყო, _ მკაცრად თქვა და ტელეფონი გათიშა.
_ მოიცა, გთხოვ, მალაპარაკე, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს! _ აყვირდა გოგონა.
_ არც იყო საჭირო. სათქმელი უკვე ითქვა. ხომ გაიგონე, რა თქვა მამაშენმა? იმ შენს დემეტრეს სხვაზე უნდა ჯვარი დაიწეროს. გაიგონე?
_ ეს სისულელეა, _ ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა.
_ რა მიამიტი ყოფილხარ… ის კაცი ასეთია, შენ კი ახლა იწყებ მის გაცნობას. იცი, რისი ბრალია ეს? თითქმის უცნობ ადამიანს რომ მიჰყვებოდი ცოლად, იმისი და კიდევ იმისი, რომ უსიყვარულოდ აპირებდი ოჯახის შექმნას.
_ შენ რა იცი, მე რას ვაპირებდი? _ განწირულად იყვირა კატომ, ძარღვები დაებერა ყელზე.
_ ამაზე მთელი თბილისი ლაპარაკობს. მამაშენმაც არ გითხრა წეღან? რა არის დასამალი? კარგი, დაწყნარდი და თუ ჭკვიანად მოიქცევი, მოგვიანებით კიდევ მოგცემ ერთხელ დარეკვის ნებას.
_ თუ ჭკვიანად მოვიქცევი, რას ნიშნავს? ვაკეთო ის, რაც შენ გსურს?
_ რა თქმა უნდა!
_ ვერ გავიგე, ამით რისი მიღწევა გსურს. რატომ მექცევი ასე?.. რას იგებ? ასე გინდა შური იძიო დემეზე? დაიმახსოვრე, თუ აქედან გავაღწიე, აუცილებლად გიჩივლებ.
_ არ მიჩივლებ, კატერინა. აგერ ნახავ!
_ ვნახოთ. ერთადერთი, იმ შემთხვევაში ვერ გიჩივლებ, თუკი მომკლავ. სხვანაირად არ აგცდება.
_ ამცდება, კატო… და შენც იცი ეს… _ ხმადაბლა წარმოთქვა მათემ და გოგონას ქედზე ნაზად მოხვია ხელი.
* * *
დემეტრე თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ნიცას, რომელიც დაბნეული ხან მის მეგობრებს შეხედავდა, ხანაც მას.
_ ასე არაფერი გამოვა, _ ამოოხვრით თქვა ბოლოს გოგონამ და თავის თითებს ჩააჩერდა.
_ რატომ, ნიცა, რატომ, საყვარელო? _ დემემ მის წინ დაიჩოქა და ხელებში წვდა.
_ იმიტომ, რომ… ჴ თვალები ცრემლით აევსო გოგონას, _ იმიტომ, რომ ის არის შენი საცოლე და არა მე! _ შეჰყვირა ატირებული ხმით.
_ აღარ არის, გაიგე, ადამიანო, აღარ ა-რ-ი-ს! _ მამაკაციც აყვირდა, _ ეს შეცდომა იყო და ვაღიარებ. ბოდიშიც ხომ მოგიხადე? მივხვდი, რომ მხოლოდ შენ მიყვარდი და მას ზურგი ვაქციე. მინდა, შენ გახდე ჩემი ცოლი. ნუთუ ასე ძნელია ამის დაჯერება? _ მხრებში ჩააფრინდა მამაკაცი ქალს და შეაჯანჯღარა.
_ ძნელია, რადგან შენ ჩემი სიყვარულის გამო არ იქცევი ასე. უბრალოდ, სირცხვილი არ გინდა ჭამო შენს ნათესავებთან, _ ირონიულად უპასუხა ნიცამ და თვალი თვალში გაუყარა.
_ ახლა კამათის დრო არ არის, _ ჩაერია მათ ლაპარაკში ნინაკა, _ დროა, კაბაზე ვიზრუნოთ. ნიცა, ხვალ გავიდეთ მე და შენ მაღაზიებში და შევარჩიოთ რამე ან ვიქირაოთ, კარგი?
_ რა უნდა იქირაოთ, იყიდეთ, ფულის პრობლემა სულაც არ მაქვს, _ დემეტრე წამოდგა, მუხლები დაიბერტყა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა, _ შევთანხმდით, ნიცა?
_ არ ვიცი… ჩემი ძმა გაგიჟდება, მის უკითხავად რომ გავთხოვდე.
_ მე დაველეპარაკები შენს ძმას, _ თავი გამოიდო მამაკაცმა.
_ ვერ დაელაპარაკები, არ არის თბილისში, ერთი კვირა არ იქნება. ვერც დედას ვეტყვი ჯერ.
_ მაშინ… მაშინ გეგმა ნომერი ორი განვახორციელოთ, _ წამოიძახა ლადომ, _ ამაღამვე მოგიტაცებთ და გიყარონ მერე კაკალი. ერთს აყვირდებიან და მალევე ჩაჩუმდებიან.
_ ეგ საუკეთესო გამოსავალია. ვერც შენ მოგედავებიან ვერაფერს და სანამ მათე ჩამოვა, ჯვარიც დაწერილი გექნებათ, _ მხარი აუბა თამთამ ლადოს.
_ არ ვიცი, _ თითქოს ბედს შეურიგდა ნიცა, _ ასე უცებ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, _ ჩურჩულით დაამთავრა სათქმელი, თან გულში უხაროდა, მათეს გეგმამ რომ გაამართლა.
_ მორჩა, საქმე მოგვარებულია. ახლა ქეიფის დროა. ამაღამ დავურეკავთ დედაშენს, ვეტყვით, რომ მოგიტაცეს, ხვალ კაბას გიყიდით და ზეგ ჯვარს დაგწერთ. რა მაგრები ვართ?! ჰა, ბიჭებო, რას იტყვით? დასხედით და დავლიოთ, რა. თუ ქეიფია, ქეიფი იყოს! _ ომახიანად შესძახა ვახომ და ღვინის ჩამოსხმას შეუდგა.
8 8 8
კატომ თვალები გაახილა და გაოცებულმა მიმოიხედა ირგვლივ. ეუცხოვა ოთახი. აქ საიდან მოხვდა? სად არის? ოჰ, ღმერთო! რა საშინელი სიზმარი ნახა! მაგრამ…
_ მათე! _ მისდა უნებურად, მთელი ხმით იყვირა.
კარი მსწრაფლ გაიღო და ზღურბლზე მათე გამოჩნდა.
_ დილა მშვიდობისა, კატერინა, მოხდა რამე?
_ ააა! _ ამოიკვნესა ქალმა, _ მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო…
_ მეც მესიზმრე წუხელ, მზეთუნახავო, თანაც ძალიან ლამაზად.
ესიზმრა, კი, როგორ არა! საზიზღარი! როგორ უნდა, რომ თავგზა აუბნიოს!
_ მე არ მითქვამს, მესიზმრე-მეთქი! _ გამოცრა კბილებშუა, _ მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო-მეთქი! _ თან შფოთავდა კატო, თან თვალს არიდებდა მამაკაცს, რათა არ გაეცა ის მოულოდნელად დაუფლებული გრძნობა, მისმა გამოჩენამ რომ გამოიწვია.
საინტერესოა, რას უფრო ემალება იგი? მათეს თუ თავის თავს? რამ მოაწონა კაცი, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო? იმის მაგივრად, რომ ეზიზღებოდეს, სძულდეს, მის მიმართ საპირისპირო გრძნობა გაუჩნდა. მსგავსი რამ დემეტრესთან არასდროს განუცდია.
მათე მიუახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
_ იმედია, კარგად გეძინა… რატომ გაქვს ასეთი შეშფოთებული სახე? ღამით არავის შეუწუხებიხარ, რამდენჯერმე დაგხედე კიდეც. ბავშვური უმანკოებით გეძინა. ახლა რატომ ღელავ? თუ ნებას მომცემ, სიამოვნებით დაგამშვიდებ, გულში ჩაგიკრავ და მოგეფერები.
_ ტყუილად გაქვს ამის იმედი! _ გაწიწმატდა კატო, _ გგონია, პირველივე თითის გატკაცუნებაზე ნებისმიერი ქალი კისერზე შემოგახტება? არც მთლად ეგეთი გადასარევი ხარ!
_ ცდები, ჩემო კარგო! სხვა ქალი არაფერში მჭირდება მაშინ, როცა შენ მყავხარ გვერდით. მე ამიერიდან ერთადერთი ქალი მჭირდება, ერთადერთი და განუმეორებელი. და ეს შენ ხარ! იმედია, შენც ხვდები ამას და არ ხარ წინააღმდეგი.
კატომ თვალები დახუჭა. რომ ეთქვა, წინააღმდეგი ვარო, ყალბად გამოუვიდოდა, ამიტომაც დუმილი არჩია. მისი თვალები ვეღარ მალავდნენ სიმპათიას, რომელიც მათეს მიმართ გაუჩნდა ბოლო თვრამეტი საათის განმავლობაში.
_ შენი სიტყვებით აღფრთოვანებული უნდა დავრჩე? _ კატო თავის აგრესიულობას ფარის მაგივრად იყენებდა, რომ თავი არ გაეცა. არ უნდოდა, მამაკაცის მომნუსხველი ხმა გაეგონა, ხმა, რომელიც ჟრუანტელს გვრიდა და თავბრუს ახვევდა, _ ვერ ეღირსები!
_ მერედა, როგორ ვეღირსები. მე ხომ ვიცი, რომ შენც მოგწონვარ. ამას შენს თვალებში ვკითხულობ და გირჩევნია, არაფერი მითხრა. აზრი არა აქვს, _ ამ სიტყვებით იგი ლოგინზე გადაწვა და მკლავი კატოს სხეულს გადააჭდო.
_ არ მომეკარო! არ მომეკარო, გესმის? _ აკივლდა ქალი, თუმცა მის სხეულს სრულიად საპირისპირო რეაქცია ჰქონდა.
_ უკვე მოგეკარე, _ ჩურჩულით წარმოთქვა მათემ და ხელები გაუკავა, რათა მის ტუჩებს ადვილად მისწვდენოდა.
_ გამიშვი, ხელი გამიშვი, გთხოვ… _ სასოწარკვეთილი ჩურჩულებდა კატო და თავს აქეთ-იქით აქნევდა, რომ მამაკაცის კოცნა აეცდინა, მაგრამ ნელ-ნელა ძალა გამოეცალა და მოეშვა…
გაგრძელება იქნება