დავიწყოთ თავიდან - თავი 13 - Marao

დავიწყოთ თავიდან - თავი 13

2025-07-29 10:22:57+04:00

წინა თავი

«ეს რა ჩავიდინე?» _ გაიფიქრა მათემ, როცა ვნების ბურანიდან გამოვიდა. «რას ვფიქრობდი, ამას რომ ვაკეთებდი? რა მეტაკა? ვინ ვარ ახლა მე, ზრდასრული, ჩამოყალიბებული მამაკაცი თუ სექსუალურად აღტყინებული მოზარდი, რომელსაც თავის შეკავება არ შეუძლია?»

თავიდანვე არ უნდოდა, ამ ისტორიაში გარეულიყო. ნიცას ბრალია! მან აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა. ახლა რა უნდა ქნას? როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი? ან როგორ დამთავრდება?

_ კრეტინი! ნამდვილი კრეტინი ხარ! _ ხმამაღლა შეუძახა თავის თავს და ოთახიდან გავიდა.

კატომ უხმოდ გააყოლა თვალი და ირონიულად ჩაიღიმა. მიხვდა, რომ მამაკაცმა ინანა თავისი საქციელი. თვითონ? რაოდენ საოცარიც უნდა ყოფილიყო, თვითონ არაფერს ნანობდა. ახლა იმაზეც თანახმა იყო, დემეტრეს ცოლად გაჰყოლოდა. რამდენიმე წუთის წინ მან სწორედ ის ნეტარება განიცადა, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდა. ახლა სულერთია მისთვის, რა მოხდება. მათე ალბათ სახლში დააბრუნებს, მერე კი სამუდამოდ დაივიწყებს. დაივიწყებს კი? მას შემდეგ, როცა ასე მოერგნენ ერთმანეთს? არა, არა! გული უგრძნობს კატოს, რომ ეს არ მოხდება.

მათე შემობრუნდა. სახე დამშვიდებოდა.

_ მაპატიე… ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ გპირდები, მეტად აღარ განმეორდება ის, რაც მოხდა, _ ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა მან.

_ გინდა თქვა, რომ ნანობ? _ დამცინავი გაუხდა ხმა კატოს.

_ ვნანობ? _ განმგმირავი მზერა ესროლა მამაკაცმა, _ მე არ მითქვამს, რომ ვნანობ. არც ერთი ნორმალური მამაკაცი არ ინანებს ასეთ რამეს. უბრალოდ, ის, რაც მოხდა, ბევრად ართულებს ჩემს სიტუაციას, ამაშია საქმე.

_ ართულებს? და რა სიტუაციაა ასეთი, იქნებ მეც ამიხსნა? _ ქალმა იდაყვებზე წამოიწია, არც უცდია შიშველი მკერდის დამალვა.

_ ამის დროც მოვა.

_ როდის? ბოლოს და ბოლოს, არ უნდა ვიცოდე, რა ხდება? თუ გიჭირს იმის აღიარება, რომ შენში მოულოდნელად აღძრულმა გრძნობამ შენი მზაკვრული გეგმები შეცვალა?

_ გრძნობამ? მერედა, ვინ ახსენა გრძნობა? მსგავსი არაფერი მითქვამს! _ ისე გულგრილად წამოთქვა მათემ, კატოს გული დაეთუთქა. მამაკაცის ყოველი სიტყვა კლავდა და ანადგურებდა. უნდოდა, რაღაცით გადაეხადა სამაგიერო და სიტყვებს დაუწყო ძებნა.

_ სხვათა შორის, არც მე. სიამოვნება მიიღე? ღმერთმა შეგარგოს! მამაკაცები ერთადერთნი არ ხართ, ვისაც სექსი სიამოვნებს! _ მთელი ხმით ყვიროდა კატო, _ ჩემთვისაც წუთიერი აფეთქება იყავი, მეტი არაფერი!

მათე გაშეშდა. წამიერმა სიფითრემ გადაუარა სახეზე. ერთხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ ჩუმი ხმით ალაპარაკდა.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. სინდისის ქენჯნა აღარ შემაწუხებს. კარგია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ორივესთვის უკეთესი იქნება, დავივიწყოთ, რაც მოხდა.

_ ეს საუკეთესო გამოსავალია, _ ჩამქრალი ხმით დაეთანხმა ქალი და ისე გამალებით შეუდგა ჩაცმას, თითქოს ავტობუსზე აგვიანდებოდა, _ თუმცა, არა მგონია, ასე ადვილად დამივიწყო, _ ნიშნის მოგებით დააყოლა ბოლოს.

_ გეთანხმები. ნამდვილად გამიჭირდება. ახლა ვხვდები, რატომ ჩქარობდა შენი საქმრო შენზე დაქორწინებას. შენ ისეთი ხარ ლოგინში, რომ ნებისმიერ კაცს დაავიწყებ თავს.

_ მე მასთან ლოგინი არ მქონია! _ სახე წამოეჭარხლა კატოს.

_ ახლა არ მითხრა, რომ ქალიშვილი იყავი და გაუპატიურება არ დამწამო, _ ჩაიცინა მათემ.

_ რაღაც ვერ გავიგე, _ აირიდა მისი შეკითხვა ქალმა, _ იმისთვის წამომიყვანე ამხელა გზაზე, რომ დემეზე შური გეძია? ეგ გინდოდა? ამის გამო მანერვიულე ამდენი?

_ ამის გამო არა და თუ მომისმენ, ყველაფერს აგიხსნი. დამალვას უკვე არა აქვს აზრი.

_ ყურადღებით გისმენ, _ კატომ ჩაცმა დაამთავრა და მათესკენ ნახევრად ზურგშექცეული კვლავ საწოლზე ჩამოჯდა.

მამაკაცმა მოყოლა დაიწყო. ბევრი თითქოს არც არაფერი ჰქონდა მოსაყოლი… ახსენა ნიცა, მისი დემეტრესთან ნაცნობობა, მერე ურთიერთობა, შემდეგ ამ ურთიერთობის ფინალი და ამ დროს კატოს საცოლის ამპლუაში გამოჩენა…

_ აი, სულ ეს იყო. ამის გამო მოხვდი ამ გაუგებრობაში, _ დაამთავრა მათემ მოყოლა.

_ ნაძირალა! _ ზიზღით ჩაილაპარაკა კატომ.

_ დიდი მადლობა, აშკარად დავიმსახურე, _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

_ შენზე არ ვამბობ, დემე ვიგულისხმე.

მათეს ღიმილმა გადაურბინა სახეზე. თითქოს შვებაც კი მოჰგვარა ქალის ნათქვამმა. გამოდის, მასზე არ ბრაზობს. ეს კარგია, ძალიან კარგი.

_ წამოდი, ვისაუზმოთ.

_ არ მშია, _ თავი გადააქნია კატომ.

_ მაშინ ყავა დავლიოთ.

_ ჰო, ყავას დავლევ… მერე მომცემ უფლებას, შინ დავბრუნდე?

_ მე თვითონ წაგიყვან, ხომ შეგპირდი, როცა ყველაფერი დამთავრდება, დაგაბრუნებ-მეთქი?

_ და რას გულისხმობდი ყველაფრის დამთავრებაში?

_ ამას მოგვიანებით გეტყვი. ახლა კი სამზარეულოში გავიდეთ.

მათემ თავად მოადუღა ყავა. ერთხანს უხმოდ სვამდნენ, მერე საუბარიც გააბეს.

_ დღეს ხომ დავბრუნდებით უკან? _ შეაპარა კატომ.

_ დღეს არა, ხვალ საღამოს… და ტყუილად არ სცადო ჩემი გადაბირება, არაფერი გამოვა. ხვალამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლით.

_ იქნებ ამიხსნა მაინც, რატომ მაინცდამაინც ხვალ? _ ცნობისმოყვარეობა კლავდა ქალს.

_ ამასაც ხვალ აგიხსნი. ხვალინდელი დღე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია… შეიძლება შენთვისაც, _ მრავალმნიშვნელოვნად დაამატა მათემ, _ ახლა კი შეგიძლია მამას დაურეკო და გაიგო, იქ რა ხდება. თუ კარგ ამბავს გამცნობს, იქნებ დღესვე დაგაბრუნო.

კატომ უხმოდ დაუქნია თავი და ხელით ანიშნა, ტელეფონი მომაწოდეო. მამაკაცმა მობილური გადააწოდა. გოგონამ ნომერი აკრიფა და დაელოდა.

_ მამა, როგორ ხარ?.. არა მიშავს, კარგად ვარ. თქვენთან რა ხდება? რა-ა? _ კატომ გაოგნებული მზერა მათეს მიაპყრო, _ რას მეუბნები, გაგიჟდი? არ არსებობს! ალო, ალო!

ქალს ტელეფონიანი ხელი უღონოდ ჩამოუვარდა კალთაში. სახეზე ფერი წასვლოდა.

_ რაო, მამაშენმა, რა ხდებაო? _ ფრთხილად ჰკითხა მათემ.

_ დემემ წუხელ ვიღაც მოიტაცა და ხვალ ჯვარს იწერსო… შენ რამე იცოდი ამის შესახებ?

_ ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ შენი ყოფილი საქმრო რომ არამზადა იყო, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ახლაც არ გჯერა ჩემი?

_ ეს შეუძლებელია… რატომ მომექცა ასე? ან მამაჩემს რას ერჩოდა?

_ მამაშენი რა შუაშია? _ დაინტერესდა მამაკაცი.

_ არ მინდა ახლა ამაზე საუბარი… წავალ, ცოტა ხანს წამოვწვები, _ ჩურჩულით თქვა კატომ და მხრებჩამოყრილი გავიდა სამზარეულოდან.

 

 

მათეს მიხურული კარიდან კატოს კვნესისმაგვარი ხმა მოესმა. მიაყურადა. ქალი გულამოსკვნილი ტიროდა. მსწრაფლ შეაღო ოთახის კარი.

_ კატო! რა გატირებს?

გოგონამ ხმა არ გასცა, თავი გაიქნია მხოლოდ და კიდევ უფრო მოუმატა ტირილს. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ღაწვებზე.

_ ძალიან გთხოვ, ნუ ტირი. გინდა, კარგი ამბავი გითხრა? ახლავე შეგიძლია სახლში წავიდეთ. გაიგე?

ამ ამბავმა კატოს სულაც არ მოჰგვარა შვება. ადვილი სათქმელია, წავიდეს! სად წავიდეს? ვის მიადგეს? საქმრო დაკარგა. მამას რისთვის მიადგეს? უსიამოვნებების მოსასმენად? რა აუხსნას? როგორ იმართლოს თავი?

არც მათე იყო უკეთეს დღეში. სად უშვებს, რომ უშვებს? ხომ გრძნობს, რომ მისი გაშვება არ უნდა? უკვე ისე შეეჩვია, რომ მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია. თან ეს სინდისის ქენჯნაც რომ აწუხებს?! რა ჩაიდინა, რა ცუდად მოიქცა. კი ეუბნებოდა ნიცა, მაგ გოგოს არ უყვარს დემე, უბრალოდ, მამას ეხმარება და იმიტომაც მიჰყვება ცოლადო, მაგრამ თუ ასეა, ეს ტირილი რაღას ნიშნავს? იქნებ იმას ტირის, რომ მარტო დარჩა? რომ ყვარებოდა, მათესთან არ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა. ასე არ არის?

მამაკაცმა უკვე აღარ იცოდა, რა ეფიქრა. საშინლად დაიბნა.

_ ჭამე მაინც რამე, წუხელს აქეთ ლუკმა არ ჩაგსვლია პირში.

_ არ მინდა, არ მშია.

_ არ მშია! არ მშია! _ გამოაჯავრა მამაკაცმა, _ მაინცდამაინც უნდა დავარდე შიმშილისგან? თან ასე ნერვიულობ. ადექი ახლავე და ორი ლუკმა გადაყლაპე!

_ არა! არ მინდა! _ სასოწარკვეთილი ხმით იყვირა კატომ და კვლავ აღრიალდა.

_ ისევ ყველაფერს ართულებ, ნუთუ ვერ ხედავ? _ მისი დაყოლიება კიდევ ერთხელ სცადა მათემ, მიუახლოვდა და ნაზად ჩაიხუტა მკერდში, მერე კი ფაქიზად ამოუწმინდა ცრემლიანი თვალები.

კატო გაშტერდა. როგორი მზრუნველი იყო ამწუთას მისი გამტაცებელი, ამდენ სითბოს მისგან ვერც წარმოიდგენდა. მაშინვე შეწყვიტა ტირილი და სველი თვალებით მიაჩერდა.

_ აი, ასე უკეთესია. ახლა კი მითხარი, რატომ ტიროდი? უნდა გიხაროდეს, კი არ უნდა ტიროდე. შენ შეგიძლია მამასთან დაბრუნდე.

_ მარტო ამაში არ არის ჩემი პრობლემა.

_ აბა რა ხდება? არ გინდა შინ? არ მითხრა, რომ გიყვარდა ის არამზადა.

კატომ თავი გადააქნია. არ შეეძლო აეხსნა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის უკან დაბრუნებას. მამის პრობლემები პირდაპირ იყო დაკავშირებული მათესთან. თუკი იგი დემეტრეს ცოლი არ გახდებოდა, დემნა მათეს ვალებს ვერ გადაიხდიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მამამისი ციხეში უნდა წასულიყო.

კატომ თავი ასწია და მამაკაცს შეხედა… მაგრამ ვაი, ამ შეხედვას. მათეს ისეთი ზიზღი აღბეჭდვოდა სახეზე, გოგონას შეეშინდა.

_ მითხარი, გიყვარდა? _ მკაცრად გაიმეორა მან.

_ ამაში არ არის საქმე, _ ძლივს ამოთქვა კატომ, _ მას… მას ცოლი სჭირდებოდა. ამისთვის მე კარგი კანდიდატურა ვიყავი… ამიტომაც მთხოვა დახმარება.

_ რატომ მაინცდამაინც შენ?

_ მამაჩემსაც პრობლემები აქვს და ამ გზით მას დახმარება აღუთქვა. დემემ მემკვიდრეობა უნდა მიიღოს ბიძამისისგან, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი. ის კი არ ენდობა ძმისშვილს და შეპირებულია, როგორც კი ჩემს მოსაწონ ქალს ცოლად შეირთავ, მაშინვე დავწერ ანდერძს შენს სახელზეო, _ ტყუილს ტყუილზე აცხობდა კატო.

მათეს სახე გაუქვავდა. რა ადვილად გაუყიდია ამ გოგოს თავი! ვიღაცის ახირებების გამო ცხოვრება უნდა დაემახინჯებინა თურმე! კარგი უქნია, ჯვრისწერა რომ ჩაშალა!

_ და შენ რას მიიღებდი ამ ქორწინებისგან?

_ ფულს, _ მშრალად გასცა პასუხი.

_ ფულს… _ გაიმეორა მათემ, _ როგორც ვხედავ, შენ ფული გჭირდება, თანაც სოლიდური თანხა, არა?

_ ჰო. მამას ვალები აქვს და…

_ და დემეტრე ცოლობის სანაცვლოდ იმ ვალების დაფარვას შეგპირდა. სწორად გავიგე?

_ ასეა.

_ ესე იგი, შენ ის არ გიყვარდა?

_ არა, არასდროს.

მათემ შვებით ამოისუნთქა. მოულოდნელად უცნაური აზრი ამოუტივტივდა გონებაში.

_ არა უშავს. სამაგიეროდ, შეგიძლია სხვა კანდიდატურა იპოვო, რომელიც ქორწინების სანაცვლოდ გადაიხდის მამაშენის ვალებს.

_ რა თქვი?

_ გაუგებარი არაფერი. გაგიმეორო?

_ და რას მთავაზობ, იმ სხვა კანდიდატურაში შენს თავს მოიაზრებ?

_ რატომაც არა? მეც ბევრი ფული მაქვს. არ ხარ თანახმა?

_ შენ გინდა დამეხმარო? _ ხმადაბლა იკითხა, შემპარავი ხმით.

_ თუკი მოვრიგდებით…

_ ო! რას მთავაზობ, საინტერესოა! _ ჭარხალივით გაწითლდა კატო, _ გინდა, შენი საყვარელი გავხდე, არა? გინდა ჩემი სხეული იყიდო ვალების სანაცვლოდ? ამას მთავაზობ?

_ სიმართლე გითხრა, ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, მე ძალიან მომეწონა. უფრო მეტიც, აღტაცებული დავრჩი. ასეთი რამ ქალთან ჯერ არ განმიცდია. ამიტომ ნებისმიერ თანხაზე თანახმა ვარ. არ ვიცი, რას მოგვიტანს ეს ორივეს, მაგრამ ამწუთას მე მიღირს ამ თანხის გაღება.

კატოს სისხლი საფეთქლებზე მოაწვა. საშინლად შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნო თავი. შეეცადა, არ აფეთქებულიყო და უარესად არ გაეფუჭებინა სიტუაცია.

_ არ არის საჭირო შენი დახმარება. მე არ ვიყიდები.

_ მაგრამ შენ გამოუვალ სიტუაციაში ხარ.

_ შენგან არაფერი მინდა! არც ფული და არც სხვა რამ! შემეშვი!

_ მატყუებ… შენც მოგწონს ჩემთან, მაგრამ თავმოყვარეობა არ გაძლევს უფლებას, დამთანხმდე. ჩემთან კარგად იგრძენი თავი. მაშინ ამიხსენი, დემეს რატომ დათანხმდი? შენ ხომ არც ის გიყვარდა? თუ მასთანაც კარგად გრძნობდი თავს და მატყუებ?

_ საზიზღარო! მეორედ არ გაბედო, ეგეთი რამ მითხრა! _ იყვირა კატომ და წამოხტა.

_ რატომ, რატომ? _ მათე მშვიდად იყო.

გაგრძელება იქნება