_ იმიტომ, რომ დემე მე ცოლობას მთავაზობდა, შენ კი… შენ… მე გარყვნილი ქალი არ ვარ, გესმის? და ასეთ გარიგებაზე არასდროს დავთანხმდები! შენს გეგმებში ხომ ეს ნაწილი არ შედის!
_ ეს გამორიცხულია! მე თავმოყვარე კაცი ვარ, სხვაზე დანიშნულ ქალს ცოლად ვერ შევირთავ.
_ მეც თავმოყვარე ვარ და ამიტომაც არ ვიყიდები, გასაგებია? და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს!
_ მშვენიერია… მეტჯერ აღარ შემოგთავაზებ, როგორც გინდა, _ ხელები გაშალა მათემ და ეშმაკურად ჩაიღიმა.
_ ახლა კი წამიყვანე სახლში!
_ ახლავე, გავალ, მანქანას დავქოქავ, _ კვლავ მშვიდად წარმოთქვა მამაკაცმა და გარეთ გავიდა.
8 8 8
მათე შეფიქრიანებული მართავდა საჭეს. კატოს თავი საზურგისთვის მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა. ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში გოგონამ პირველად იგრძნო შვება. საცაა, თბილისში შევიდოდნენ. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, სად ჩამოსულიყო. შინ მისვლა სიკვდილივით ეზარებოდა. მამისთვის ახსნა-განმარტების თავი არ ჰქონდა.
_ ო, ღმერთო, ამას ვერ გადავიტან, რა ვქნა? _ მისდა უნებურად აღმოხდა კატოს.
მათემ სვლა შეანელა და მოხედა.
_ გინდა გითხრა, რა ქნა?
_ მითხარი, _ დაღლილი ხმით უპასუხა, ახლა მისთვის ყველაფერი სულერთი იყო.
_ ჩემთან წამოდი დროებით, აგარაკზე, ბორჯომში ლამაზი სახლი მაქვს. თან დაისვენებ, თან მოიფიქრებ, რა უნდა გააკეთო.
_ ბორჯომში? შენ რა, დამცინი? _ თავი წამოსწია გაოგნებულმა, ასეთ წინადადებაზე დათანხმება თავში აზრადაც არ მოსვლია.
_ მშვენიერი აზრია, აბა დაფიქრდი?! სანამ თბილისში შევალთ, კიდევ გაქვს დრო, მოიფიქრო და აწონ-დაწონო. შენებს და მთელ ქალაქს მაინც ჰგონია, რომ ჩვენ ერთად გავიპარეთ. სულერთი არ არის, სად იქნები? მე თავს არ მოგაბეზრებ. პირიქით, ყველანაირად დაგეხმარები. გადაწყვიტე.
_ თანახმა ვარ, _ მოულოდნელად წამოიძახა გოგონამ.
მათემ დაამუხრუჭა.
_ მართლა?
_ ჰო, მართლა. ახლავე წავიდეთ.
_ კარგი, წავიდეთ. მეც თანახმა ვარ. ოღონდ შინ უნდა შევიარო, ტანსაცმელს გამოვიცვლი და შენთვისაც წამოვიყოლებ რამეს. ასე ხომ ვერ ვიქნებით.
_ როგორმე გავძლებ.
_ მაგაშიც მართალი ხარ. ბოლოს და ბოლოს, ჩემს ტანსაცმელს ჩაიცვამ… მაგრამ მე მაინც უნდა გავიარო. ფულიც უნდა ავიღო. დაგვჭირდება.
კატოს პასუხი არ გაუცია. კარგა ხანს იმგზავრეს ასე უსიტყვოდ. ბოლოს მათემ თავის ქუჩაზე შეუხვია და სახლის წინ მოწყვეტით გააჩერა მანქანა, სხარტად გადავიდა და კატო მარტო დატოვა. ერთი კი გაუელვა გონებაში, რომ მოვბრუნდე და არ დამხვდეს, გავგიჟდებიო, მაგრამ სიამაყემ სძლია და არ დაუწყო გაფრთხილება, გაქცევა არ დააპიროო. თუმცა კატოს გაფრთხილება არ სჭირდებოდა. მას ამწუთას წასასვლელი არც არსად ჰქონდა. თანაც, უკვე იმდენად მოსწონდა მათეს სიახლოვე, რომ არც გასჩენია სურვილი, გაქცეოდა. მათესთან ერთად თუნდაც ქვეყნიერების დასასრულამდე წავიდოდა.
8 8 8
_ მიყვარხარ, მიყვარხარ… _ უკვე მერამდენედ იმეორებდა ნიცა ერთსა და იმავე სიტყვას და დემეტრეს მკერდში ძლიერად ეკვროდა, _ კარგია, რომ ასე გამოვიდა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაგეძლო უჩემოდ?
_ მეც ვერ წარმომიდგენია, სიხარულო. უბრალოდ, გარემოებამ მაიძულა, ასე მოვქცეულიყავი. ამ შეცდომას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებდი. ახლა ვგრძნობ, როგორი ბედნიერი ვარ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ, რა თქმა უნდა, შენს ძმას გადავურჩით.
_ ეგ საქმე მე მომანდე. მათეს ისე ვუყვარვარ, ჩემს წინააღმდეგ არასდროს წავა.
_ შენს წინააღმდეგ არ წავა, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ აუცილებლად გაილაშქრებს, ეს ზუსტად ვიცი. ამიტომ…
_ ნუ დარდობ, ხვალ ჯვარს დავიწერთ და მერე ხელს ვერავინ შეგვიშლის, _ ნიცამ თავი მამაკაცის ყელში ჩარგო და სიამოვნებისაგან დაიკვნესა.
_ როგორ გრძნობს თავს ჩვენი პატარა? _ მუცელზე შეავლო მამაკაცმა ხელი.
_ ის ჩემზე უფრო გახარებულია, _ გაიცინა ნიცამ, _ ახლა სამივე ერთად ვართო, მეუბნება.
დემეტრემ სიბნელეს გაუღიმა. მართლა შვებას გრძნობდა ამ გოგოს გვერდით, ბედნიერების შეგრძნება გონებიდან არ შორდებოდა.
რა თქმა უნდა, მათესთან დაკავშირებით ერთი მძიმე ბარიერის გადალახვა მოუწევდა, მაგრამ როგორმე უნდა გაეძლო. ახლა ესეც ნაკლებად აწუხებდა. ხვალ მძიმე დღე ელოდა. ბევრისთვის მოუწევდა ახსნა-განმარტების მიცემა, რატომ აღმოჩნდა პატარძლის ადგილზე ნიცა და არა კატო, ამიტომ რამე ისეთი უნდა მოეფიქრებინა, რომ სტუმრებს მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეპარვოდათ. სიმართლის თქმის ეშინოდა. როგორი სათქმელია, საცოლემ ბოლო დღეს გადაიფიქრა ჩემთან შეუღლება და სხვა კაცს გაეკიდაო? იცოდეს მაინც, ვინ არის ის სხვა კაცი, რომ ერთი გემრიელად მიბეგვოს და ცხვირ-პირი მოუნგრიოს… თუ პირიქით, მადლობა უნდა უთხრას, რომ უსიყვარულოდ ოჯახის შექმნას გადაარჩინა? არა, მართლა, რამ მიაღებინა ასეთი სულელური გადაწყვეტილება? იმან, რომ მათეზე შური ეძია? რატომ არ დაანებებს იმ კაცს თავს? მერე რა, რომ მასზე უკეთ უძღვება თავის ბიზნესს. თვითონაც, კეთილი ინებოს, გაანძრიოს თავი და მიხედოს საქმეს, რაღა კონკურენტის ჩაძირვაზე მუშაობს? რომ იცოდეს მათემ, მისი სეიფის დაცარიელებაში დემეტრეს ხელიც რომ ურევია, ამას არასდროს აპატიებს. ახლა რაღა იქნება? დემნა ფულს დემეს გარეშე ვერ დააბრუნებს, მათე ყველაფერს გაიგებს. ვინ იცის, ყოფილმა სასიმამრომ იქნებ ყველაფერი დაფქვას? მერე სად წავიდეს? როგორ შეხედოს ცოლისძმას თვალებში? არა, დემნა ამას არ იზამს. როგორმე უნდა გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. თუ მათე შეურიგდება მის სიძობას, იქნებ დაელაპარაკოს და შეაცოდოს კიდეც დემნა. ჰო, ეგრე მოიქცევა, რამეს იღონებს…
8 8 8
კატო გააოგნა მათეს კარმიდამოს სილამაზემ. ირგვლივ ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული. ეზოში ულამაზესი ვარდები ყვაოდა.
_ რა ლამაზია აქაურობა! _ თავი ვერ შეიკავა და აღფრთოვანებულმა შესძახა.
ორსართულიანი სახლი თოვლის თეთრ გორას ჰგავდა, ასეთივე თეთრი აივნითა და მოაჯირებით.
_ ჰო, მეც მიყვარს აქ ყოფნა, _ ღიმილით დაუქნია თავი მამაკაცმა და ქალს ჰოლში შეუძღვა.
რა საოცარი კაცია. არავითარი ტრაბახი, არავითარი სნობიზმი. ისე უბრალოდ მიიღო კატოს რეპლიკა, თითქოს მდიდრული სახლის კი არა, ერთი პატარა ქოხის მფლობელი ყოფილიყო.
სახლის დათვალიერების შემდეგ მათემ ცალკე საძინებელი გამოუყო სტუმარს, თუმცა ამან ვერ განმუხტა კატოს დაძაბულობა.
_ დარჩი, რამდენ ხანსაც მოგესურვება. აქ არაფერი დაგაკლდება. მე ვალში ვარ შენ წინაშე და მინდა გამოვისყიდო ის დანაშაული, რომლითაც გული გატკინე, _ მობოდიშება შეინიშნებოდა მათეს ხმაში.
გოგონას მამაკაცის «მონანიება» ორაზროვნად ეჩვენა. გარდა იმისა, რომ მართლა სურდა დახმარებოდა, მოსწონდა კიდეც მამაკაცს იგი. და კატო მიხვდა, მათეს ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა ყველაფერი ნათქვამი.
მისი წინასწარმეტყველება მომდევნო ერთ წუთში გამართლდა.
_ ისე, გულით გამიხარდებოდა, თუკი ჩემთან დიდი ხნით დარჩებოდი და… ერთმანეთს სიყვარულში შევეჯიბრებოდით, _ შემპარავად გააგრძელა მათემ, მერე კი სასწრაფოდ დაამატა, _ ოღონდ ეს შენი სურვილიც უნდა იყოს, მე არ გაძალებ.
«ღმერთო, ნუთუ ასეთი მიამიტია? რა ჰგონია, სულ რომ ვკვდებოდე მისი სურვილით, მივალ და ვეტყვი, შენთან დაწოლა მინდა-მეთქი?» _ შეუმჩნევლად ჩაიღიმა კატომ, ხმამაღლა კი საკმაოდ გულგრილად უპასუხა.
_ ძალიან დიდხანს მოგიწევს ლოდინი!
_ რატომ? _ მამაკაცი სულაც არ გაუღიზიანებია მის უარს, _ რისი გეშინია? საკუთარი სურვილების გამჟღავნების? როგორც ჩანს, გეშინია, აღიარო, რომ შენ ქალი ხარ, რომელსაც სექსუალური სურვილებიც აქვს და მოთხოვნილებებიც. ეს სირცხვილი სულაც არ არის!
ეს უკვე სერიოზული გამოწვევა იყო და მასზე პასუხის გაცემა კატოს გაუჭირდა. არადა, უნდა ეპასუხა, თორემ მათე ჩათვლიდა, რომ მართალი იყო. ერთხანს ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია, ჩაახველა და გაბედულად დაიწყო.
_ მე არ მაშინებს ჩემი სექსუალური სურვილები და არც მათი გამომჟღავნების მრცხვენია. უბრალოდ, ჩემი საქმეა, ვის ავირჩევ პარტნიორად, როდის და სად.
მათემ წარბები აზიდა. საინტერესოა, თუ ამჩნევს ეს საოცარი არსება, რა ემართება მას, როცა იგი მის მკერდს უყურებს ან თვალებში შესცქერის? ალბათ ხვდება, იმიტომაც არის დიდგულზე.
_ ამიტომაც აირჩიე პარტნიორად დემეტრე?
_ მე მასთან არ ვწოლილვარ! თითიც კი არ დაუკარებია ჩემთვის არასდროს! _ გაკაპასდა კატო.
_ ცოტა ძნელი დასაჯერებელია ეგ, _ მშვიდად მიუგო მათემ, _ ჯერ ერთი, ვერც ერთი ნორმალური მამაკაცი, თუკი ორიენტაციაგამრუდებული არ არის, გულგრილად ვერ ჩაგივლის გვერდით და მეორეც… რაღაც არ მახსოვს, ქალწული ყოფილიყავი…
_ და ეს იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ყოველ შემხვედრს დავუწვე?
_ მე ეგ არ მითქვამს და ჩემი სიტყვების გადათამაშებას ნუ ახდენ!
_ მე არაფერს ვახდენ. რაც მითხარი, ის გავიმეორე. ჰო, ქალიშვილი არ ვარ, მაგრამ არც ბოზი ვარ! ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი მყავდა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავი და არც მიცდია, მიმეტოვებინა ოდესმე. დაქორწინება კი ვერ მოვასწარით, თუმცა შენ ვერასდროს გაიგებ ამას.
_ მაპატიე… არ ვიცოდი, _ მოიღუშა მათე, სინდისის ქენჯნამ კიდევ ერთხელ დარია ხელი, დაუმსახურებლად მოექცა ქალს… უკვე მერამდენედ.
_ არა უშავს… ძალიან გთხოვ, დამტოვე მარტო… _ ჩურჩულით ამოთქვა კატომ და თვალები აუცრემლიანდა.
მამაკაცს ხმა არ ამოუღია, უსიტყვოდ გავიდა საძინებლიდან.
კატოს ცრემლები წასკდა. არა იმიტომ, რომ თავის პირველ და ერთადერთ სიყვარულს მისტიროდა, არამედ იმიტომ, რომ მომავლის იმედი დაკარგა.
მათე ხმაურით შემოიჭრა მის ცხოვრებაში და სწორედ ამით შეძლო ქალის გულის დატყვევება. ჰო, დატყვევება. მიუხედავად იმისა, რომ თავის გამტაცებელს სულ ორი დღე იცნობდა, ხვდებოდა, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული. ასეთ რამ ადრე არასდროს განუცდია. ასე არასდროს არც ერთ მამაკაცს არ აუტკივებია მისი გული. ის კი ისეთ რამეს სთავაზობდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. ფულზე ვერ გაიყიდებოდა, არც ის უნდოდა, თუნდაც საყვარელი ადამიანის ხასა გამხდარიყო, ამას ვერ დაუშვებდა. უფრო სერიოზულს მათე კი მას არაფერს შესთავაზებდა. თუმცა, უსიყვარულოდ დემეს ცოლობას მათეს საყვარლობა ერჩივნა.
ეს ცხადზე ცხადი იყო.
გაგრძელება იქნება