ერთი კვირა დაჰყვეს ბორჯომში. დღისით სეირნობდნენ. მათემ მთელი ხეობა მოატარა, ხან მთაში გაიყვანა, ხან ტყეში… საღამოს აივანზე დასხდებოდნენ და ათას რამეზე საუბრობდნენ, მაგრამ არც ერთი არ შეხებია მთავარ თემას _ ორივენი როგორ უხილავად მიილტოვდნენ ერთმანეთისკენ. ორივემ მშვენივრად იცოდა, როგორ სურდათ ერთმანეთი, მაგრამ ჯიუტად გაურბოდნენ ამაზე ლაპარაკს, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ ერთხელაც რომელიმე მათგანი ვერ გაუძლებდა ამ სიჩუმეს და ერთი მეორეს სიყვარულში გამოუტყდებოდა.
მეორე კვირა დაიწყო… მოსაღამოვდა. ცა შავმა ღრუბლებმა გადაფარა.
_ ამაღამ იწვიმებს, _ ხმადაბლა შენიშნა მათემ და გვერდით მჯდომ კატოს ირიბად გახედა.
_ ჰო, ძალიან დახუთული ჰაერია, _ ამოიოხრა მან და მოულოდნელად საშინელი შეკითხვა დასვა, _ როგორ გგონია, დემე საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე?
მათემ მძიმედ შეატრიალა მისკენ თავი. ერთხანს დაკვირვებით უყურა, მერე გაწელილად წარმოთქვა.
_ არა მგონია… ის ახლა ალბათ სხვა საქმით არის დაკავებული.
_ რა საქმით?
_ მაგალითად, თავისი ახალი ცოლით, რომელიც მისგან ბავშვს ელოდება.
კატოს გული დაუმძიმდა. რა საჭირო იყო ამწუთას დემეს ხსენება? რა სულელია!
_ კარგია, შენი და მაინც რომ იქნება ბედნიერია, _ თავისთვის ჩაილაპარაკა სევდიანად.
_ თუ მოინდომებ, შენც ბედნიერი იქნები, _ შეაპარა მამაკაცმა.
_ მე? შენ ასე გგონია? მას შემდეგ, რაც ასე უხეშად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი დამინგრიე? რა სასაცილოა! შენ შენს დას დაეხმარე, მაქსიმუმი გააკეთე მისთვის, მე კი… მე ვინ ვიყავი შენთვის? ერთი სრულიად უცხო ადამიანი, რომლის მომავალიც ფეხებზე გეკიდა. იქნებ მეც სიგიჟემდე მიყვარდა ის კაცი, გიფიქრია ამაზე? _ მიზანში მოარტყა ქალმა.
მათეს სიფითრემ გადაჰკრა სახეზე.
_ მაგრამ შენ ხომ მითხარი, სინამდვილეში არ მიყვარდაო? მომატყუე? _ ხმა შეეცვალა მამაკაცს.
_ არ მომიტყუებიხარ, მაგრამ შენ ხომ არ იცოდი ეს? რატომ გამიმეტე?
_ იმიტომ, რომ ნიცასგან ვიცოდი სიმართლე. ის ელაპარაკა დემეტრეს. მან უთხრა, რომ თქვენ ერთმანეთი არ გიყვარდათ, უბრალოდ, თქვენ შორის გარიგებას ჰქონდა ადგილი, რომ ეს მხოლოდ სარფიანი ქორწინება იყო მისი და მამაშენის მხრიდან. გასაგებია?
_ მაინც ველურივით მომექეცი. ნორმალური ადამიანები ასე არ იქცევიან. ეს პირუტყვული საქციელი იყო შენი მხრიდან, _ არ დაინდო კატომ.
_ პირუტყვული? ესე იგი, მე ველური და უხეში ვარ? _ მათე ისე დაიძაბა, ლამის შეიგინა.
_ როცა გაგიტაცე, ცუდად მოგექეცი? რამე გატკინე? შეურაცხყოფა მოგაყენე? თუ შეგაშინე, დაგემუქრე? მითხარი, არ დამიმალო… მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მე და შენ ერთად ვართ, ერთხელ მაინც გიგრძნია, რომ საფრთხეში ხარ? შენი სიმშვიდე ვინმეს დაურღვევია?
_ არა, _ ნირწამხდარმა კატომ თავი ჩაღუნა.
_ შენი ნებართვის გარეშე ერთხელ მაინც დამიკარებია შენთვის თითი? თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როცა შენ თავად გსურდა ეს?
_ შენ მე მომიტაცე, _ ჩაიბურტყუნა გოგონამ, რათა თავი ამით ემართლებინა.
_ მე უკვე აგიხსენი, რატომაც. ამაზე ჩემი დის სიკვდილ-სიცოცხლე იყო დამოკიდებული.
კატოს გული მოეწურა. ნუთუ მისი გულისთვისაც შეუძლია მათეს მსგავსი რამ ჩაიდინოს? ნეტავ ეგრე იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა მაშინ… ეჰ, ეს ყველაფერი ფუჭი ოცნებაა… მას მხოლოდ სექსუალურ პარტნიორად სჭირდება იგი.
_ ზრდილობის გამო მაინც მოგებოდიშა ჩემთვის, რომ მომიტაცე. მე ხომ არაფერ შუაში ვიყავი, _ ხავსს მოეჭიდა ქალი.
_ მომებოდიშა? რისთვის? _ ხმას აუწია მათემ, _ იმისთვის, რომ ჩავშალე ქორწილი, რომელიც შენ არ გინდოდა შემდგარიყო? იმისთვის, რომ ხელი შეგიშალე, ცოლად გაჰყოლოდი მამაკაცს, რომელიც არ გიყვარდა?
კატო სიტყვებს ეძებდა, რომ თავი გაემართლებინა, მაგრამ ვერ პოულობდა.
_ იქნებ მართლა გერჩივნა, დემეტრესთან დარჩენილიყავი? _ არ ჩერდებოდა მამაკაცი.
«და ჩვენ არასდროს შევხვედროდით ერთმანეთს?» _ ფიქრებში დაამატა კატომ.
_ არა! _ ხმამაღლა ესღა თქვა.
_ მაშინ არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას და წამითაც არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე!
ახლა კი ასწია კატომ თავი, თვალები რისხვით ანთებოდა.
_ სამაგიეროდ, მე ვნანობ! ვნანობ, რომ გაგიცანი. ისე მეშინია შენი, მარტო ვერ ვჩერდები იმ ოთახში, სადაც შენ ხარ და ამწუთას რომ მქონდეს არჩევანის უფლება, დემეს ცოლობას ვამჯობინებდი ისევ და ისევ! მინდა, საერთოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან და თავი დამანებო!
მათეს მოეჩვენა, რომ ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალეს. მიუხედავდ იმისა, რომ სავარძელში იჯდა, მაინც შექანდა.
_ ამ შემთხვევაში მე გავიზიარებ შენს სურვილს, _ ხმადაბლა წარმოთქვა აჭარხლებულმა და წამოდგა, _ გავალ, დაგტოვებ მარტო, თორემ ეს საუბარი ცუდად დამთავრდება. მერე კი ორივენი ვინანებთ, რომ თავი ვერ შევიკავეთ.
კატო უკვე ნანობდა, თავი რომ ვერ შეიკავა, მაგრამ გვიანღა იყო.
_ სანამ დავბრუნდები, შეგიძლია მოემზადო. ამაღამვე წაგიყვან შინ, მამაშენთან, _ ცივად გადმოუგდო მათემ და ოთახში შევიდა.
ხუთი წუთიც არ გასულა, რომ საშინელი თავსხმა წვიმა დაიწყო. ლამის ჩამოინგრა ცა. კატო სახლში შევიდა და მათეს დაუწყო ძებნა ოთახიდან ოთახში. ის არსად ჩანდა. გოგონა შეშფოთდა. ნუთუ გარეთ გავიდა? ასეთ ამინდში? სად წავიდა? ამ წვიმაში რა უნდა გააკეთოს?
ნახევარი საათი უშედეგოდ ელოდებოდა მის გამოჩენას. როცა მამაკაცმა დააგვიანა, იქვე ჩამოკიდებული ვეებერთელა საწვიმარი მხრებზე მოიგდო და გასასვლელისკენ გაქანდა. მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე თავიდან ფეხებამდე გაწუწული მათე გამოჩნდა.
_ ღმერთო! როგორ დასველებულხარ! _ შეჰყვირა კატომ, _ არ გაცივდე!
_ რატომ, გეშინია, რომ თბილისამდე ვერ ჩაგიყვან?
_ მე არ მინდა თბილისში წასვლა! _ მსწრაფლ შეაგება პასუხი.
_ არ გინდა? რატომ?
_ იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ… ჯერ ცხელი წყალი გადაივლე და მერე ვილაპარაკოთ.
_ კარგი, ეგრე იყოს… შენც ხომ არ შემომიერთდებოდი? _ თვალებმოჭუტულმა გახედა.
_ არა, ჯერ ეგრე არ გავგიჟებულვარ, _ შორს დაიჭირა ქალმა.
_ მშიშარა! _ თავისთვის ჩაილაპარაკა მათემ და სააბაზანოს კარი შეიხურა.
8 8 8
_ აბა, მითხარი, რატომ გადაიფიქრე თბილისში დაბრუნება? _ მათეს ნახევრად შიშველ სხეულს ოხშივარი ასდიოდა, თან თმას პირსახოცით იმშრალებდა.
_ იმიტომ, რომ ჩვენ ერთი საქმე დაგვრჩა დასამთავრებელი, _ მორცხვად უპასუხა გოგონამ და მის შიშველ გულმკერდს თვალი მოარიდა.
მამაკაცმა მისი ნათქვამის აწონ-დაწონვა დაიწყო, თან ნება-ნება იკრავდა პერანგის ღილებს.
_ რა საქმე?
როცა მათემ ჩაიცვა და მისი შიშველი სხეული გონებას აღარ უბინდავდა, კატოს საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა. რამდენიმე წუთის წინ ისე ძლიერად მოუარა მისი ჩახუტების სურვილმა, ლამის მკლავებში ჩაუვარდა. ახლა კი, როგორც იქნა, შეძლო თავის მოთოკვა და თვალები დახარა. როგორც ჩანს, პირველს მას მოუწევს სიმართლის აღიარება. რა აზრი აქვს რამის დამალვას? ისედაც გაუბედურებულია მისი ცხოვრება. რაც იქნება, იქნება. ეტყვის, რომ მასთან უნდა და ამ აღიარებით გამოჩნდება, რა იქნება ხვალ, ზეგ, ან თუნდაც რამდენიმე წუთის შემდეგ.
კატომ ღრმად ამოიოხრა, თავი ასწია, თვალი თვალში გაუყარა მათეს და ხაზგასმით წარმოთქვა.
_ ეს ძალიან პირადული საქმეა… მე მინდა გამოსამშვიდობებელი ღამე მოვაწყოთ… მე და შენ… _ ამის თქმა და ხმა აუკანკალდა, რის გამოც იძულებული გახდა, ჩაეხველებინა.
მათემ თითქოს მწყრალად შეხედა.
_ რა თქვი, როგორი საღომოო? _ წარბები შეჭმუხნა პასუხის მოლოდინში.
_ გამოსამშვიდობებელი. არ მინდა, ასე დავცილდეთ ერთმანეთს.
_ აბა, როგორ გინდა?
_ მინდა, ერთი საქმე დავამთავროთ… _ ხმას მეტი გაბედულება შემატა კატომ, უფრო მძაფრად წამოუარა ვნებიანმა სურვილმა, _ მინდა, რომ… _ ამის თქმა და ენა დაება… როდის მოასწრო მათემ ასე ახლოს მოსვლა?
არადა, თავს დადებდა, რომ ორიოდე წუთის წინ მამაკაცი ლამის ოთახის ბოლოში იდგა. ახლა კი მისი სუნთქვა სახეში სცემდა. იგი თავის მომნუსხველ მზერას არ აშორებდა ქალს.
გაგრძელება იქნება