_ თქვი, რა გინდა, _ შერბილებული ტონით გაამხნევა მამაკაცმა, როცა მიხვდა, რომ კატო ყოყმანობდა, _ მითხარი და თუ ეს ჩემს ძალებს არ აღემატება, მე გავაკეთებ ამას შენთვის.
კატომ ნერვულად მოისვა ენა გამშრალ ტუჩებზე. მამაკაცი დაძაბული ყურადღებით აკვირდებოდა მისი ენისა და ტუჩების ყოველ მოძრაობას.
_ მინდა ეს ღამე შენთან გავატარო ისე, როგორც შეგვეძლო გაგვეტარებინა, სხვა ვითარებაში რომ გაგვეცნო ერთმანეთი… მინდა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მხოლოდ ერთი ღამე, მეტს არ გთხოვ…
თავიდან დავიწყოთ… კატომ ამოიკვნესა… ნეტავ, მართლა ყოფილიყო შესაძლებელი მათი ურთიერთობის თავიდან დაწყება. ნეტავ, შეიძლებოდეს ყველაფრის საწყის წერტილამდე დაბრუნება… რა თქმა უნდა, სულ სხვა გზით წარიმართებოდა მათი ნაცნობობა, სხვა სახელი დაერქმეოდა მათ ურთიერთობას. კატოს უკვე უყვარდა იგი, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან მსგავსი ადრე არასდროს არაფერი განუცდია. და თუ ეს სიყვარული უპასუხოდ დარჩება და მათეს იგი აინტერესებს, როგორც მხოლოდ სექსუალური პარტნიორი, კატო ამაზეც თანახმაა, ამითიც კმაყოფილი დარჩება, ოღონდ ახლა უარი არ მიიღოს მისგან.
_ და რა გინდა, ამ ერთ ღამეში მოხდეს? _ მათე ისე იქცეოდა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რა სურვილი ამოძრავებდა ქალს, არც სახის გამომეტყველებით გაუცია თავისი თავი და არც ინტონაციით.
_ რას იზამდი, ჩვენ რომ დღეს გაგვეცნო ერთმანეთი? _ კატოს საკუთარი ხმა ძლივს ესმოდა, _ რას მოიმოქმედებდი, სრულიად უცნობი ქალი აქ რომ მოგეყვანა ღამის გასათევად?
_ რას ვიზამდი?.. _ მათემ თვალი თვალში გაუყარა და ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა, _ ვახშამზე დავპატიჟებდი.
კატომ ამის გაგონებაზე ფერი დაკარგა. განხიბლული მიაჩერდა მამაკაცს, რომელმაც მკლავზე ხელი გამოსდო და სამზარეულოსკენ წაიყვანა.
_ და მერე? ვახშმის შემდეგ? _ კართან მისული კატო მოტრიალდა და წინ გადაუდგა.
ისინი დაჟინებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და ოდნავ ეხებოდნენ სხეულებით.
_ შემდეგ… ვიცეკვებდით, _ მათე უკვე ჩურჩულით ალაპარაკდა, _ ამიტომ ახლა მე ვახშამს მოვამზადებ, შენ კი წადი, ჩემი დის ოთახში შედი და გალამაზდი. იქ ყველაფერია საამისოდ.
კატომ წამით თვალები დახუჭა. მერე კიდევ ერთხელ ყრუდ ამოიკვნესა, თვალები გაახილა და უსიტყვოდ გაბრუნდა. მან უკვე იცოდა, რომელი იყო ნიცას ოთახი. კარგა ხნის წინ მოასწრო მისი დათვალიერება. ახლაც შევიდა, უშველებელი სარკის წინ დაჯდა და თავის ორეულს მიაჩერდა. რა გააკეთოს, რომ გალამაზდეს? თვალები დაიხატოს? ნიცას ტანსაცმელი ჩაიცვას? არა, ეს არ უნდა. სხვისი ტანსაცმლით მასთან არ გამოცხადდება. აი, თვალებს კი დაიხატავს, შეიძლება…
როცა სამზარეულოში შევიდა, მათეს უკვე მოესწრო სუფრის გაშლა. მან თავი ასწია და კატოს მიაჩერდა… მის მზერაში იმაზე მეტი იკითხებოდა, ვიდრე საჭირო იყო, თუმცა მამაკაცმა სიტყვებიც მიაშველა თავის მრავლისმეტყველ მზერას.
_ შენ ნამდვილი სრულყოფილება ხარ, _ გულწრფელად აღმოხდა, _ და თან ძალიან ლამაზი… იცოდი ეს?
_ დაახლოებით, _ მწარედ ჩაიღიმა გოგონამ და სკამზე ჩამოჯდა, თუმცა მამაკაცმა არ დააცადა, ხელი მაჯაზე წაავლო და ააყენა.
_ შენ მე ერთი ღამე მთხოვე და ვეცდები, ისეთი ღამე მოგიწყო, სამუდამოდ რომ დაგამახსოვრდეს ცხოვრებაში. ღვინოს დალევ? სითამამისთვის ერთი ჭიქა არ გაწყენდა.
_ სითამამე არ მაკლია, _ უტიფრად ჩახედა თვალებში კატომ და ტუჩები ვნებიანად შეარხია.
_ ესე იგი, არც ტანგოს ცეკვის გეშინია?
_ რატომ უნდა მეშინოდეს?
_ იმიტომ, რომ ტანგო ყველაზე იდუმალი და საშიში ცეკვაა. ის მთელ სხეულს აიტაცებს თავისი მელოდიით, შემდეგ კი სულის სიღრმეებს წვდება…
კატოს სადღაც შორიდან, ბუნდოვნად ჩაესმოდა მამაკაცის ხმა. საკუთარ მაჯისცემას საფეთქლებთან გრძნობდა, ყურებს კი გუგუნი გაუდიოდა. მოულოდნელად მათემ წელზე ძლიერად მოხვია მკლავი და მკერდზე მიიხუტა. მამაკაცს დიდხანს არ დასჭირვებია ქალის ტუჩების მოძებნა. მათ თავად მოძებნეს მისი ტუჩები.
_ შენთან მინდა, _ ამის თქმაღა მოასწრო კატომ და გონებაარეული შთაინთქა მამაკაცის გახურებულ ტუჩებში.
დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. ამწუთას სიტყვები სრულიად ზედმეტი იყო. მერე მათემ ხელში აიტაცა ქალი და საძინებლისკენ გაემართა, თან მთელი გზა თვალი არ მოუშორებია მისთვის.
_ ძალიან დიდხანს ველოდი ამ წუთებს, ლამაზო ქალო, _ ჩურჩულებდა მამაკაცი, _ ყოველი წუთი, ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდი, მაგრამ არ მქონდა უფლება, შენი სურვილის გარეშე გამეკეთებინა ეს. ახლა კი, პირობას გაძლევ, რომ ეს ღამე არასდროს დაგავიწყდება.
_ მაგრამ ცეკვა? _ ეშმაკურად დაეკითხა.
_ ეს მხოლოდ პატარა პროვოკაცია იყო, მეტი არაფერი, რა დროს ცეკვაა! _ მხურვალედ უჩურჩულა ყურის ძირში და მოთმინებადაკარგულმა საძინებლის კარი ფეხით შეაღო…
8 8 8
კატომ თვალები გაახილა. ვერ მიხვდა, ეძინა, თუ გონება დაკარგა. როცა თავს ძალა დაატანა და ცოტა აზრზე მოვიდა, შეამჩნია, რომ მათეს გვერდით იწვა, თავი მის მკერდზე ჰქონდა მიდებული, მისი სხეულის სიმხურვალეს და მისი გულის რიტმულ ცემას გრძნობდა. ეს ერთადერთი ხმა იყო, რომელიც სიბნელეში ესმოდა. ნეტარებით გაეღიმა. აი, ამას ერქვა ბედნიერება. ეს სწორედ ის იყო, რაც მას უნდოდა… მაგრამ რა სახელი შეიძლებოდა დაერქმია ამ ყველაფრისთვის? რას ნიშნავდა ეს ერთი ღამე? რაღაც მშვენიერის დასაწყისს თუ წამიერი ვნებათაღელვის დასასრულს? ქალი ამ შეკითხვას პასუხ ვერ სცემდა.
სასწრაფოდ დახუჭა თვალები, რომ ამწუთას ამაზე არ ეფიქრა. თუმცა, მაინც ვერ მოახერხა თავის შეკავება და თვალზე მომდგარმა ცრემლმა მათეს მკერდზე მოადინა წკაპანი. მამაკაცს ეძინა, ამიტომ მის პაწაწინა ცრემლს იგი არ შეუწუხებია. გოგონამ ღრმად ამოიოხრა, გვერდი იცვალა და შეეცადა, დაეძინა. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეზე არ ეფიქრა.
8 8 8
მეორე დილით მათე ტელეფონის ზარმა გააღვიძა. სასწრაფოდ წამოხტა ლოგინიდან და ოთახიდან გავარდა, არც ახსოვდა, სად დატოვა მობილურის აპარატი. ოფისიდან ურეკავდნენ, ფოსტით სერიოზული წერილი გამოგიგზავნეთ და კომპიუტერში ნახეთო, ატყობინებდა მდივანი.
მათემ კომპიუტერი ჩართო, ფოსტა გახსნა და ფაილი გადმოწერა. სანამ წაიკითხავდა, რა წერილზე და რომელ ანგარიშებზე იყო საუბარი, იქამდე პრინტერიც აამუშავა და ამობეჭდა, რათა უფრო გულდასმით ჩაეკითხა გზავნილი. კითხულობდა და თანდათან ექუფრებოდა სახე.
_ დემნა! _ შეჰყვირა უცებ, _ შენი დედაც, შე ნაძირალავ!.. და შენი აფერისტი შვილისაც!!!
სწორედ ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და ნამძინარევმა კატომ შემოჰყო თავი. ქალს მისი ხალათი შემოეცვა შიშველ ტანზე, თმა საყვარლად აბურდოდა. რომ არა შეტყობინება, რა გული მოუთმენდა მამაკაცს, ეს ნამძინარევი თვალები არ ამოეკოცნა და მის ვნებიან სხეულს არ დაწაფებოდა, მაგრამ ახლა, ამწუთას ისე იყო განრისხებული, ძლივს შეიკავა თავი, შუაზე არ გაეგლიჯა მისი ხაზინის გამქურდველის შვილი.
_ დილა მშვიდობისა, საყვარელო, _ კბილებშუა გამოცრა მათემ.
კატოს გულმა რეჩხი უყო. მიხვდა, რაღაც ვერ იყო რიგზე, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მაგრამ რა, ეს არ იცოდა.
_ რამე მოხდა? _ შიშნარევი ხმით იკითხა.
_ მოხდა? მეკითხები კიდეც? განა არ იცი, რა მოხდა? წაიკითხე ეს და მიხვდები! _ განრისხებულმა მათემ ლამის სახეში ესროლა თაბახის ფურცლები.
_ ღმერთო ჩემო, _ ჩაიჩურჩულმა გაფითრებულმა გოგონამ, როგორც კი კითხვა დაამთავრა.
_ ღმერთო ჩემო?! სულ ეს არის, რაც უნდა გეთქვა? _ უყვირა მათემ.
_ სხვა რა გინდოდა მეთქვა? _ კოპები შეკრა კატომ, _ რომ ეს ყველაფერი ტყუილია?
მათეს სახე მოეღრიცა.
_ შენ რა, იცოდი? იცოდი ეს ყველაფერი? _ მამაკაცი უკანასკნელ ხავსს ეჭიდებოდა, იქნებ კატოს არაფერი სცოდნოდა მამამისის მაქინაციების შესახებ.
_ ვიცოდი… ამიტომაც მივყვებოდი დემეს ცოლად. ის შეჰპირდა, გაფლანგული ფულის დაბრუნებაში მე ისე დაგეხმარები, შენი უფროსი ვერაფერს გაიგებსო. ის უფროსი თუ შენ იყავი, მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა შენი დის ამბავი მომიყევი. იქამდე არ ვიცოდი, ვინ იყავი.
_ მართლა? _ ზიზღით დაემანჭა მამაკაცს სახე, _ იმიტომაც დააპირე წუხელ ჩემი ცდუნება? გინდოდა, ამით მამაშენი გადაგერჩინა, არა? გეგონა, ამ ყველაფერს ვაპატიებდი მამაშენს მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგინში კარგი ხარ? მითხარი, მითხარი, შე… _ მაინც შეიკავა თავი, რომ ისეთი არაფერი წამოცდენოდა, რასაც მერე აუცილებლად ინანებდა.
_ წუხანდელი ღამე არაფერ შუაშია მამაჩემთან და შენს ფინანსურ საქმეებთან, _ მაქსიმალურად ინარჩუნებდა სიმშვიდეს კატო, _ ამასთან, მე მხოლოდ ერთი ღამე გთხოვე შენ და არა მთელი ცხოვრება. ის ღამე დამთავრდა და მასთან ერთად ჩვენი ურთიერთობაც. მე დღეიდან სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან. მამა აქ არაფერ შუაშია.
მათე მოულოდნელად გაქვავდა. კატო სიმართლეს ამბობდა, ძნელი იყო მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა. თუმცა, გამორიცხული არაფერი იყო, ამიტომ ბოლომდე უნდა დარწმუნებულიყო, რომ გოგონა არ ატყუებდა.
_ იქნებ იმიტომ მოაწყვე წუხანდელი ღამე, რომ ამით მამაშენის ვალები გაგექვითა?
_ არა მგონია, იმდენი ვღირდე, რომ ამით შენი ვალი გავისტუმრო, _ თვალები ცრემლით აევსო კატოს, _ შენთან თუ დავწექი, მხოლოდ ერთი რამის გამო…
_ აბა, ერთი მითხარი, სხვა რა შედიოდა შენს გეგმებში? იქნებ კიდევ რამდენიმე ღამის ჩუქება ჩემთვის? თუ ასეა, თანახმა ვარ. გადავანაწილოთ მამაშენის გაფლანგული თანხა თითოეულ ღამეზე და ვნახოთ, რამდენი გამოვა, _ ტონს არ იცვლიდა მამაკაცი.
_ არა, მათე, ამაზე არასდროს დაგთანხმდები. მე არც იაფფასიანი კახპა ვარ და არც ვაჭარი, თანხის დაკლებაზე გეღრიჯო. ამის გამო არ დავწოლილვარ შენთან.
_ მაშინ მითხარი, რის გამო გააკეთე ეს, ვინ ხარ სინამდვილეში?
_ მე ქალი ვარ, უბრალოდ, შეყვარებული ქალი… მეტი არაფერი. ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, ჩემი სურვილი იყო და არასდროს განმეორდება. რაც გინდა, ის გააკეთე, თუ გინდა, ციხეში ჩასვი მამაჩემი, მე შენი მეტად აღარ დაგიწვები.
_ მერედა, მამაშენი?
_ ის გამიგებს. მე შვილი ვარ მისი. მერე რა, თუ სისულელე ჩავიდინე. სიყვარულს ჩვევია ასეთი სისულეები. შეიძლება არც გჯერა, რომ შემიყვარდი, მაგრამ ახლა ჩემთვის სულერთია, გჯერა თუ არა.
_ მაშინ გამოდის, რომ ორმა სულელმა ერთად მოვიყარეთ თავი, _ მათეს უცებ გაუნათდა სახე, მისი წეღანდელი მრისხანების კვალიც არ დარჩა, _ შენ მართალი ხარ, სიყვარულს ჩვევია სისულელეები. მეც ამან გამასულელა. სიმართლე გითხრა, შენი გამოცდა მინდოდა, ამიტომაც გელაპარაკე წეღან ასე ცუდად. მგონი, მეც მიყვარხარ, თუმცა ამწუთას მთლად ბოლომდე არ ვარ ამაში დარწმუნებული. დაივიწყე მამაშენი, მისი ვალებიც. ახლა ეს ნაკლებად მაღელვებს. მთავარი ის არის, რომ შენ არ მიგიღია ამ მაქინაციაში მონაწილეობა. დამნაშავე ისედაც დასჯილია და ამავდროულად, დასაჩუქრებულიც.
_ ამით რისი თქმა გინდა?
_ იმის, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი. მე რომ თავის დროზე გამეკონტროლებინა ჩემი საქმე, აქამდე არ მივიდოდი. ახლა უკვე საკუთარ თავს თუ დავსჯი, რა ხელი მაქვს ან მამაშენთან, ან დემეტრესთან. ერთი სიძეა ჩემი, მეორე შეიძლება… _ აქ მათე შეყოვნდა, თვალი თვალში გაუყარა კატოს და ხმადაბლა გააგრძელა, _ მეორე შეიძლება ჩემი სიმამრი გახდეს. რომელი ერთი დავსაჯო? და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა? გამორიცხულია… ჩემი წინადადებაა, კიდევ ერთხელ მივიღო შენი შემოთავაზება _ დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, იქნებ გამოგვივიდეს, რას იტყვი? _ ამ სიტყვებით იგი მიეჭრა ქალს, წელზე ხელი მოხვია და მის პასუხს არ დაელოდა, ისე დაეკონა ტუჩებზე.
კატოს გული უჩვეულო სიამოვნებით და სიმშვიდით აევსო. ეს დიდებული შეგრძნება იყო და ქალური ინტიუიცია კარნახობდა, რომ ამ შეგრძნებას იგი მათესთან ერთად ყოველ წუთს გამოცდიდა მთელი ცხოვრების მანძილზე…
დასასრული